Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ აკონტროლებს ქართულ წიაღისეულ რესურსებს1

15 დეკემბერი 2011

 

2011 წლის 3 ოქტომბერს, ლიცენზიის მოსაპოვებლად ბუნებრივი რესურსების სააგენტოში გამართულ აუქციონზე მხოლოდ ორი კომპანია გამოცხადდა. შპს "კავკასიის სამთო ჯგუფი" და შპს"ანგლო-ჯეორგიან მინინგ ქომპანი"  ერთმანეთს დაახლოებით 40-50 წუთი ეპაექრებოდნენ.  აუქციონზე ფასების აწევის თითო ბიჯი 500 ათასი ლარი იყო.  საბოლოოდ,  ლიცენზია 93.5 მილიონ ლარად გაიყიდა.

ლიცენზიის ახალ მფლობელზე  მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი 100%-იანი დამფუძნებელი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიაა.

ოქროს, სპილენძის, ბარიტის და პოლიმეტალების საბადოებით სარგებლობის ლიცენზია, საერთო ფართობით 187,823,53 ჰექტარი ბოლნისის ტერიტორიაზე, აუქციონამდე თვენახევრით ადრე, 30 აგვისტოს დარეგისტრირებულმა კომპანიამ  შპს "კავკასიის სამთო ჯგუფმა" შეიძინა.

როგორ გამოითვალეს საწყისი ფასი - 30 მილიონი ლარი?

ლიცენზიის შეძენით დაინტერესებულმა მესამე ინვესტორმა, აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ინვესტორი, რომელსაც კონფიდენციალურად დარჩენა სურს, თავდაპირველად ლიცენზიის საწყისი ფასით დაინტერესდა. როგორც თავად ამბობს, მან  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს, ნინო ენუქიძეს  ჯერ კიდევ აგვისტოში, ანუ მაშინ  მიმართა, როდესაც სამინისტრომ ლიცენზიის გაყიდვის შესახებ, ის-ის იყო, განაცხადა.

"ლიცენზია ჯერ 120 მილიონი ლარი დაგვიფასეს, შემდეგ 30 მილიონზე ჩამოვიდნენ", - ამბობს ბრიტანელი ინვესტორი, -"თუმცა, ზუსტად არ ვიცი, როგორ გამოითვალეს ფასები. მაღალი ფასი თავიდან, ალბათ, იმიტომ დაასახელეს, რომ აუქციონამდე სხვა ინვესტორების შეშინება სურდათ".

რა პრინციპით  დათვალა სამინისტრომ ლიცენზიის საწყის ფასად  30 მილიონი ლარი?"თქვენ ძალიან რთულ კითხვას სვამთ", - ამბობს ნინო ენუქიძე "ლიბერალთან" საუბარში და ლიცენზიის ფასის დადგენის ფორმულას ხსნის.

მისი თქმით, დათვლის დროს, ფორმულაში შემდეგ ძირითად ცვლადებს ითვალისწინებენ:  მოსაკრებლის ოდენობას, წიაღის მოცულობას და რესურსით სარგებლობის ვადას. წიაღის შესწავლა ჯერ კიდევ დაუსრულებელია, ანუ არ არის ცნობილი, ზუსტად რა ოდენობის წიაღისეულის შემცველია საბადოები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  ლიცენზია მიეკუთვნება ე.წ. P, ანუ პროგნოზული საბადოს კატეგორიას. იმის გამო, რომ საბადო დაუძიებელია, ენუქიძე ამბობს, რომ საბჭოთა დროიდან შემორჩენილი მონაცემებით ისარგებლეს.

არსებობს ლიცენზიის საწყისი ფასის გამოთვლის მეორე წესიც: სალიცენზიო საბადოს ერთი ჰექტარი მრავლდება 500 ლარზე.  ლიცენზიის საწყისი ფასი ამ შემთხვევაში არ ემთხვევა რეალობას: 30 მილიონი ლარი - საბადოს ფართობის 500 ლარზე ნამრავლს ბევრად ჩამოუვარდება.

"საინტერესოა, საიდან მოვიდა ეს ფასი", - ინტერესდება მათიას ჰუთერი, არასამთავრობო ორგანიზაცია"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი, რომელიც ლიცენზიის გაყიდვის პროცესს აკვირდებოდა. "მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს აუქციონი იმისათვის კი არ გამართულა, რომ სახელმწიფოს მაქსიმალური მოგება მიეღო, არამედ იმიტომ, რომ წინასწარ არჩეული ხალხი გაეყვანა აუქციონზე."

გაყიდული ლიცენზიების ახალი და ძველი მფლობელები

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წიაღსარგებლობის ორი ლიცენზიის აუქციონის შესახებ განცხადება 2011 წლის 16 აგვისტოს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა. სამინისტრომ აუქციონზე საქართველოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ორი - N 0730 და N 00632 - ლიცენზია გაიტანა. ორივე მათგანი სააქციო საზოგადოება"მადნეულს" 2011 წლის მარტში ჩამოერთვა. ამ კომპანიის მართვასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნაყოფიას სახელი. მისი სახელი, აგრეთვე, ასოცირებულია მხატვრულ ფილმ"აგვისტოს 5 დღესთანაც".

"მადნეულისათვის" ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზად  სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა დასახელდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, ლიცენზიის მფლობელი 5 წლის განმავლობაში არ ატარებდა საძიებო სამუშაოებს, გეოლოგიურ კვლევებს და არ დაუმტკიცებია მარაგები. სამინისტრო თვლის, რომ ამის გამო "გაუმართლებლად ზიანდებოდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები".

სააქციო საზოგადოება "მადნეული" წიაღისეულის მოსაპოვებელი ორი ლიცენზიიდან ერთ-ერთს ხელმეორედ დაეუფლა.  ლიცენზია 26 სექტემბერს გამართულ აუქციონზე კომპანიამ 9 მილიონ ლარად ისე შეიძინა, რომ კონკურენტი არ ჰყოლია.

მეორე, დიდი ლიცენზია შპს "კავკასიის სამთო ჯგუფმა" იყიდა. ამ კომპანიის 100%-იანი მფლობელი და დამფუძნებელი კვიპროსში დარეგისტრირებული კომპანია Pamtilon Holdings Limited-ია.

კომპანიის დირექტორი გეოლოგი ჯონდო შუბითიძეა. სამეწარმეო რეესტრში კომპანიის რეგისტრაციის ადგილად მითითებულია ყიფშიძის ქუჩა 6, ბინა 64.

მისამართს ვაკის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ავყავართ. კრემისფრად შეღებილ რკინის კარზე "ბურჯანაძე-შუბითიძე" აწერია.   ბინა ამჟამად გაქირავებულია, ბინის მოიჯარეებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ბინა შპს"კავკასიის სამთო ჯგუფის" იურიდიული მისამართია.

საჯარო რეესტრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზების საშუალებით მხოლოდ რამდენიმე გარემოება დადგინდა: პირველი, აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 1963 წლის  21 დეკემბერს დაბადებულ მოქალაქე ნანა ბურჯანაძეზე. სავარაუდოდ, იგი შპს "კავკასიის სამთო ჯგუფის" დირექტორის ჯონდო შუბითიძის ოჯახის წევრია, რადგან თავად ჯონდო შუბითიძეც,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამავე ბინაშია ჩაწერილი.

[pagebreak]

"კავკასიის სამთო ჯგუფმა" "იცოდა, რას ყიდულობდა"

რისკები სამთო მოპოვებით ბიზნესს ყოველთვის ახლავს. ამიტომ, სანამ კონკრეტულ ბაზარზე შესვლას გადაწყვეტენ, კომპანიები "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის"  პრინციპს ირჩევენ. ახალ ბაზარზე შესვლამდე, ბიზნესმენები ყურადღებით აკვირდებიან ქვეყნის ბიზნესგარემოს და კანონმდებლობას. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო დიდი ხნის მანძილზე ბჭობს, უღირს, თუ არა ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე ინვესტიციის დაბანდება.

"კავკასიის სამთო ჯგუფმა" ეს გადაწყვეტილება მოკლე ხანში მიიღო. მათ მიერ შეძენილი ლიცენზიის ერთ-ერთი პირობა კი, მეორე ინვესტორის აზრით, რისკიანია. ლიცენზიის პირობების მე-8 პუნქტში ჩაწერილი პირობის თანახმად, რამდენიმე წლის განმავლობაში, ინვესტორმა სალიცენზიო ტეროტორიაზე არსებული 6 საბადო დეტალურად უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, კონკრეტულად თუ რა ოდენობის წიაღისეულია მის სალიცენზიო ტერიტორიაზე.  თუ აღმოჩნდება, რომ ტერიტორია უფრო ძვირია, ვიდრე საწყის სალიცენზიო ფასში იყო გათვლილი, ინვესტორს სხვაობის დასაფარად ფულის მეორედ გადახდა მოუწევს. თუ საბადოს ღირებულება ნაკლები აღმოჩნდა,  ფასში განსხვავებას სახელმწიფო არ იხდის.

ბრიტანელმა ინვესტორმა, რომელმაც აუქციონის მესამე მონაწილედ დარეგისტრირება გადაიფიქრა,  თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად სწორედ ეს, მისი აზრით, უსამართლო  პირობა დაასახელა. "გადახდის ეს მეთოდი აფერხებს წარმატებულ სამთო მოპოვებას და ქვეყანაში ახალი ფინანსური ნაკადის შემოდინებას", - ამბობს იგი.

ამ ერთი შეხედვით არასახარბიელო პირობებს არ შეუშინებია შპს "კავკასიის სამთო ჯგუფი". კომპანიამ ლიცენზიის შესაძენად  ათობით მილიონი ლარი გაიღო.  საგულისხმოა თარიღებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასეთი მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ არაბუნებრივად მოკლე დროში მიიღო.

1. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ აუქციონის შესახებ განცხადება 2011 წლის 16 აგვისტოს გამოაცხადა.

2. ცამეტ დღეში, ანუ 2011 წლის 29 აგვიტოს  დარეგისტრირდა ახალი შპს "კავკასიის სამთო ჯგუფი".

3. დაახლოებით ერთ თვეში, ანუ 2011 წლის 3 ოქტომბერს "კავკასიის სამთო ჯგუფმა" ლიცენზიაში 93.5 მილიონი ლარი გადაიხადა.

"ვინც გაიმარჯვა, თავიდანვე ძალიან თავდაჯერებულნი იყვნენ, ფასს უყოყმანოდ სწევდნენ და სწევდნენ. რაც არ უნდა ყოფილიყო, მზად იყვნენ, რომ გადაეხადათ",  - ამბობს ლაშა გოგიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის ანალიტიკოსი, რომელიც აუქციონს ესწრებოდა."მეორე კომპანიის წარმომადგენლები კი უფრო ყოყმანობდნენ, ღირს თუ არა ამდენი თანხის გადახდა. შიგადაშიგ, რამდენიმე წუთით  აუქციონი წყდებოდა და მეორე კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთში თათბირობდნენ."

რატომ იყო ინვესტორი ასე თავდაჯერებული და რატომ  სწევდა ფასს უყოყმანოდ? მით უმეტეს, ეს ლიცენზია შესწავლა-მოპოვებაზეა, ანუ ინვესტორმა ზუსტად არ იცის, კონკრეტულად რა რაოდენობის მოგების მოტანა შეუძლია საბადოს.  ამ კითხვაზე ზუსტი და დადასტურებული პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომელიც სიტუაციის ირაციონალურობას რაციონალურ ჩარჩოში აქცევს. ამ ვარაუდის თანახმად, "კავკასიის სამთო ჯგუფი",  მართალია, უცხოური კომპანიის მიერ 100%-იანი წილით დარეგისტრირებული იურიდიული პირია, მაგრამ სინამდვილეში მის უკან ისევ ძველი, საქართველოს სამთო-მოპოვებით  საქმიანობაში ჩართული ბიზნესწრე დგას.

არის თუ არა კავშირი "კავკასიის სამთო ჯგუფსა"  და სააქციო საზოგადოება"მადნეულს" შორის? ამ შეკითხვაზე დადასტურებული პასუხის გაცემა, ოფშორის დახურული სისტემის გამო,  შეუძლებელია.

"გამარჯვებული ინვესტორის თავდაჯერებულობა მაფიქრებინებს, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, თუ რას ყიდულობდნენ.  ყველა სერიოზულ კომპანიას 6 კვირაზე ბევრად მეტი დრო სჭირდება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ნიშანდობლივია ისიც, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი აუქციონის გამართვის შესახებ სამინისტროს ვებგვერდიდან, საიტის განახლების რეჟიმში, დროდარო ქრებოდა. არც საერთაშორისო რეკლამა ყოფილა. ორი ოქროს ლიცენზია გაყიდეთ და ორი კომპანია გყავდათ აუქციონში მაშინ, როცა საერთაშორისო ბაზარზე ლითონების ფასი რეკორდულად მაღალია", ამბობს მათიას ჰუთერი,"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი.

ლიცენზიის ძველი მფლობელი, სააქციო საზოგადოება "მადნეული" რუსულ კომპანია გეოპრომინინგ-ს ეკუთვნის. გეოპრომინინგ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია დაფუძნდა 2001 წელს სახელწოდებით "შტანტონ ექუიტიეს ქორპორატიონ". 2005 წლის ნოემბერში კომპანიამ შეიძინა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება"მადნეული".  ერთ თვეში ამავე კომპანიამ შეისყიდა საქართველოს ოქროს დამამუშავებელი კომპანია შპს "კვარციტი" და საყდრისის საბადოს ლიცენზია ბოლნისში, დაბა კაზრეთში.  2007 წელს კომპანიამ შეიცვალა სახელი და მას გეოპრომინინგ-ი ეწოდა. საქართველოს გარდა, კომპანია ოქროს საბადოებზე ლიცენზიას ფლობს სომხეთში.

კომპანიის რვაკაციან დირექტორთა საბჭოს წევრი არის ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი. თუმცა, კომპანიის ვებგვერდზე არ არის მითითებული, თუ როდის შევიდა იგი გეოპრომინინგ-ის დირექტორთა საბჭოში.

გეოპრომინინგ-ის საკუთრებაა სს "მადნეული", რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  პარლამენტარ კობა ნაყოფიას სახელს უკავშირდება. 2004-2008 წლებში ნაყოფია სააქციო საზოგადოება "მადნეულის" გენერალური დირექტორი იყო, ხოლო 2006-2008 წლებში - შპს"კვარციტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2008 წელს კობა ნაყოფია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. შპს "გოლდინვესტმა", რომლის 100%-იანი დამფუძნებელი კობა ნაყოფიაა, ინვესტიცია ჩადო მხატვრული ფილმის "აგვისტოს 5 დღის" შექმნაში. ეს ინფორმაცია მან თავად დაადასტურა 2010 წელს სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას (ჟურნალისტური ვიდეოგამოძიება "მოწამლული მაშავერა").  ამ პროექტთან კავშირის დასტურად გამოდგება საქართველოში ფილმის პრეზენტაციის ის რამდენიმე დღეც, როდესაც ნაყოფია უცხოელ კონოვარსკვლავებს მასპინძლობდა.

სწორედ ასეთი წარსულის გამო, სკეპტიკოსებს არ სჯერათ, რომ სახელისუფლებო ელიტა კობა ნაყოფიას  ოქროს მოპოვების ბიზნესიდან გამოაძევებდა. სფეროში ჩახედული კონფიდენციალური წყაროები "ლიბერალთან" საუბრისას გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაყოფიას კი არა, რუსულ საწარმოს ჯეოპრომინინგ-ს დაუპირისპირდა. ლიცენზიების ჩამორთმევით ქართული ოქროს მოპოვების ბიზნესიდან ნაყოფია კი არა, რუსული კაპიტალი გაისტუმრეს.

დარჩა თუ არა  ნაყოფია ოქროს მოპოვების ბიზნესში? ანუ, დგას თუ არა იგი  შპს "კავკასიის სამთო ჯგუფის" უკან? ამ შეკითხვაზე დადასტურებული პასუხის გაცემა, ისევ და ისევ, დახურული ბიზნესდოკუმენტაციის გამო, შეუძლებელია.

[pagebreak]

წიაღისეულის მოპოვების  საკანონმდებლო რეგულაციები

მთელ მსოფლიოში სამთო მოპოვებაზე კონკურენცია იზრდება. აქედან გამომდინარე, ინვესტორები ფრთხილად ირჩევენ იმ ქვეყნებს, სადაც ინვესტიცია უნდა ჩადონ. ყურადღებით ეცნობიან ქვეყნის კანონმდებლობასაც. ქვეყნებიც, თავის მხრივ, მთელ რიგ კანონმდებლობასა და რეგულაციებს აწესებენ, რათა უცხოელი ინვესტორი საკუთარ ტერიტორიაზე გააკონტროლონ.

ზოგი ქვეყანა ბუნებრივ რესურსებს საკუთარ კანონმდებლობაშივე "სტრატეგიულად მნიშვნელოვან" აქტივად აფასებს. ამის მაგალითია რუსეთი.

2008 წელს რუსეთმა მიიღო ე.წ. "სტრატეგიული სექტორის კანონი"  -  იგივე "კანონი 57" და "კანონი 58".  ეს ორი კანონი ერთობლიობაში მუშაობს ბუნებრივი რესურსების მოპოვების მარეგულირებელ მანამდე მიღებულ სხვა კანონებთან ერთად. საბოლოო ჯამში, რუსეთის საკანონმდებლო სივრცე რუსეთის ბუნებრივ რესურსებში ინვესტირების მსურველებს მკაცრ რეგულაციებს უწესებს.

"კანონი 57"-ის თანახმად, ბუნებრივი რესურსების სფეროში მიმდინარე პროცესებს, მაგალითად, ინვესტორის მიერ განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებს, აგრეთვე, მთლიანად მის ეკონომიკურ საქმიანობას აკონტროლებს "უცხოური ინვესტიციების სამთავრობო კომისია", რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ კანონის თანახმად, უცხოელ ინვესტორს ფედერალური მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების მხოლოდ მცირე წილის, უმეტეს შემთხვევაში 10%-ის, ფლობა შეუძლია.  ნებისმიერი კონტროლი, რომელიც 10 %-ზე მეტია, საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას.

"58-ე კანონი" ფედერალური მნიშვნელობის საბადოებად მიიჩნევს შემდეგი ბუნებრივი რესურსების მარაგებს: ურანს, ბრილიანტს (განსაკუთრებით, სუფთა დაუმუშავებელ კვარცს), ნიკელს, კობალტს, ტანტალს, ბერილიუმს, ლითიუმს   და პლატინის ჯგუფის ძვირფას მეტალებს.  ასევე, საბადოებს, რომლებიც შეიცავს  70 მილიონ ტონა ამოსაღებად ვარგის ნავთობს, 50 მილიონ კუბურ მეტრ გაზის საბადოს,  ოქროსა და სპილენძის კლდოვან საბადოებს შესაბამისი მოცულობის დაძიებული საბადოებით. საზღვაო აკვატორიას, ტერიტორიულ ზღვებსა და რუსეთის ფედერაციის კონტინენტურ შელფს.

რუსეთი, როგორც არალიბერალური ეკონომიკის ქვეყანა, ბუნებრივია, ზედმეტად ერევა არამხოლოდ წიაღისეულის, არამედ ზოგადად დიდი ბიზნესის საქმიანობაში. მისი გამოცდილება, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სანიმუშო ნამდვილად არ არის. თუმცა, რამდენადაც არალიბერალურია რუსული კანონმდებლობა, იმდენად სუსტ და ზოგ შემთხვევაში ბუნდოვან რეგულაციებს შეიცავს ქართული კანონმდებლობა.

გეოლოგი ივანე შველიძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ ტერმინებით, არამედ შინაარსითაც, საქართველოს კანონი "წიაღის შესახებ" მოძველებულია.  "ავიღოთ სათაური - კანონი წიაღის შესახებ. რა არის წიაღი? წიაღი არის ყველაფერი, რაც მიწის ქვეშაა. უცხოელი ამას ვერ იგებს, რადგან იყენებს ტერმინს: მინერალ რესოურსე", -  ამბობს იგი.

შველიძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივ რესურსებს ამ კანონმდებლობაში სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს და როცა ლიცენზია სხვისდება, სახელმწიფომ  მარაგების გარკვეული ნაწილი, შავი დღისთვის, შემოინახოს.

"ვართ სახელმწიფო, შეზღუდული ბუნებრივი რესურსებით. 30 წლით რომ გავცემთ ლიცენზიას, როგორც სახელმწიფო, რას ვიტოვებთ? უნდა შემოვიდეს სახელმწიფო რეზერვის ცნება, რომელიც უფლებას მისცემს სახელმწიფოს, რომ ნებისმიერი საბადოდან 25% შემდგომი განვითარებისთვის დაიტოვოს".

საქართველო, რუსეთისგან განსხვავებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ლიცენზიის შეძენას არცერთი ქვეყნის ბიზნესისათვის, მათ შორის,  ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვისაც, არ ზღუდავს.  როგორც წესი, ხშირად ასეთი კომპანიების მეწილეები დაფარულია. უცნობია, მათი გამოცდილებაც სამთო მოპოვების სფეროში. საქართველოს საკანონმდებლო რეგულაციები საზოგადოებას  წიაღისეულის ლიცენზიებით მოსარგებლე კომპანიების  გაკონტროლების სუსტ მექანიზმებს უტოვებს.

3 ოქტომბრის აუქციონის დროსაც, ინვესტორებს სახელმწიფოს წინაშე მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენა ევალებოდათ. თუ ფიზიკური პირი მიიღებდა მონაწილეობას აუქციონში, პირადობის მოწმობას მიიტანდა,  იურიდიულ პირებსა და ინდმეწარმეებს კი - მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და ავანსად გადახდილი 200-ლარიანი სალიცენზიო მოსაკრებლის ქვითრის წარდგენა ევალებოდათ.

აუქციონში შეტანილი დოკუმენტაცია უპასუხოდ ტოვებს არსებითი ხასიათის შემდეგ შეკითხვებს - ვინ არიან ახალი მყიდველები? რა გამოცდილება აქვთ, რა სახის ადამიანური და ტექნიკური რესურსი გააჩნიათ? როგორ გააკონტროლებს ქვეყანა მათ ფინანსურ ტრანზაქციებს?

"ქართული სამთო მრეწველობის  ბიზნესი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის გამჭვირვალობით. პრობლემა ის კი არაა, შემოდიან თუ არა ამ ბიზნესში ოფშორული კომპანიები. რომელი კომპანიაც არ უნდა შემოვიდეს,  ქვეყანას უნდა ჰქონდეს კანონმდებლობა, რომელიც აიძულებს კომპანიებს, იყვნენ ღია და გამჭვირვალე, გამოაქვეყნონ საკუთარი ფინანსური ნაკადი, გადაიხადონ გადასახადები", - ამბობს მათიას ჰუთერი

ლითონებზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ლითონი  ისეთსავე ადგილს იკავებს, როგორსაც საკრედიტო ბარათი. ლითონია აიპოდში, ყოველდღე მუსიკით რომ გვატკბობს და სათვალეში, საგნების უკეთ  აღქმაში რომ გვეხმარება. ლითონი, გნებავთ მეტალი, მნიშვნელოვანია ეკონომიკაშიც. მსოფლიო ბაზარზე ლითონებზე მოთხოვნა მზარდია, ბუნებაში დამარხული მარაგები - შეზღუდული და ამოწურვადი, კარიერები - ძველი და გაღარიბებული,  მოთხოვნა-მიწოდება - დაუბალანსებელი, ლითონზე ფასები -  მეტ-ნაკლები ჩავარდნებით, მზარდი.

ლონდონის ლითონების ბირჟის კვირეულზე ინვესტორების ხმაური არ წყდება. ტაბლოზე ახალი ციფრის გამოჩენას ბიზნესმენები ხმაურითა და ხელების ქნევით ხვდებიან. აზიის აღმავალი ეკონომიკის ქვეყნებში: ჩინეთში, ინდოეთში ლითონებზე მოთხოვნა იზრდება. "ლითონები მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია", - ასე ასრულებს თავის რეპორტაჟს ლონდონის ლითონების ბირჟის კვირეულიდან ხავიერ ბლასი,"ფაინენშალ თაიმსის" ჟურნალისტი.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამ მოვლენებს ლითონების მოსაკრებლებზე ფასის გაზრდით ეხმაურება. ბუნებრივ რესურსებზე მოსაკრებელი საქართველოს მთავრობამ 2011 წლის ოქტომბრიდან გაზარდა. მოსაკრებელი, ანუ გადასახადი ბუნებრივ რესურსზე, ამ შემთხვევაში, ერთ გრამ ოქროზე თუ მანამდე 0,9 ლარი იყო, ოქტომბრიდან 3 ლარი გახდა. ერთ ტონა სპილენძზე - 136 ლარიდან 255 ლარამდე გაიზარდა.

"სამთო მოპოვებითი მრეწკინროსს გოლდ ქორპორატიონ-ის დირექტორი, კანადელი ბიზნესმენი ტაი ბერტი, რომელიც რუსეთში ოპერირებს და გასულ წელს ნაშრომი გამოაქვემინერალ ეხპლორატიონ ანდ დეველოპმენტ ინ რუსსია". - "ჯერ ამხელა ფართობი უნდა შეისწავლო, რომ საბადოს მიწები ეკონომიკურ ლოტებად აქციო".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^