Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს გე(რ)ები თავშესაფრის ძიებაში

27 ოქტომბერი 2015
ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოება ცდილობს იმის გააზრებას, რომ ლგბტ ადამიანები მისი ნაწილია, რომ ისინი მასთან ერთად თანაცხოვრობენ. საზოგადოების ჰომოფობი ნაწილი მუშტებს იქნევს. „არაჰომოფობი“ ნაწილი კი ამაზე არააგრესიულად, მაგრამ არცთუ დაბალ ხმაზე, გაკვირვებული კითხულობს: „რაც უნდათ ის ქნან, მაგრამ მე რატომ მენახვებიან? იყვნენ ერთად საწოლში და სახლში. ვინ უვარდებათ?“ უცნობი ფაქტია, მაგრამ ბევრ მათგანს სახლი, რომელში გამოკეტვისკენაც მოუწოდებენ, სწორედ ორიენტაციის გამო არ აქვთ.

თავშესაფრები სჭირდება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს: დევნილების სხვადასხვა ნაკადს, რომლებიც ქვეყანაში სხვადასხვა კონფლიქტებისა და სტიქიის დროს გაჩნდა; სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან გამოსულ პრობაციონერებს, რომლებიც პატიმრობის შემდეგ ოჯახებმა არ მიიღეს, გაუჭირდათ სამუშაოს პოვნა და უსახლკაროებად იქცნენ; ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, რომლებიც პარტნიორს გამოექცნენ და მოსახლეობის სხვა კატეგორიებს. თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთი (ქვე)კატეგორიაა ლგბტ ადამიანები. მათ საცხოვრებლის დატოვება თავიანთი სურვილის წინააღმდეგ სწორედ ორიენტაციის გამო უხდებათ. ახალგაზრდებს ოჯახებიდან ან აგდებენ, ან ძლიერი წნეხის არსებობის გამო თვითონ მოდიან. ბინის დამქირავებელ ლგბტ ადამიანებს ხანდახან სახლის პატრონი სთხოვს, ბინის დატოვებას, რადგან მათ გამო მუქარებს იღებს.

უსახლკაროებთან ბანაკში

2015 წლის ზამთარში არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ დაუკავშირდა ორი ახალგაზრდა გეი, რომლებიც ზამთარში უსახლკაროდ დარჩენილნი მეტროში ატარებდნენ მთელ დღეს, რათა არ გაყინულიყვნენ. „იდენტობის“ წევრებმა ისინი მოსკოვის გამზირზე გაშლილ უსახლკაროთა კარვებში გადაიყვანეს. იქ მცხოვრებთა აგრესიამ მათი მიღება ძალიან გაართულა. ამ კარვებში 200 ადამიანამდე ცხოვრობს. მათ 80%-ს მაინც შეადგენენ 50 წელს გადაცილებული, ციხიდან გამოსული ადამიანები, რომელთაც 10-20-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გარეთ არავინ და არაფერი დახვდათ. ადმინისტრაციის წევრებმა სოციალურ მუშაკებს აუხსნეს, რომ ამ ბიჭების მიმართ ისინი გამოხატულად აგრესიულები იქნებოდნენ.

ადმინისტრაციამ და „იდენტობის“ წევრებმა ერთად გადაწყვიტეს ბექასა და მისი მეგობრის ქალების კარავში შეშვება. ამ კარავში მცხოვრებლებთან მოსალაპარაკებლად მთელი დღე დასჭირდათ. ორმა ბიჭმა 2015 წლის იანვრიდან აპრილის ბოლომდე იცხოვრეს კარავში. შემდეგ ერთი სხვა ქალაქში გადავიდა, ბექა ქურდიანი კი ამ დრომდე მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობს. „იდენტობის“ სოციალური მუშაკი ამბობს, რომ პირველ ხანებში ადმინისტრაციის წევრი, მთავარი კოორდინატორი, ზურა ისაკაძე მათ ღამეებს უთევდა, რათა ბანაკში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.

ბექა ქურდიანი 18 წლისაა და არ მალავს თავის ჰომოსექსუალობას. მისი ჰომოსექსუალობა ვერ მიიღო მამამ, რომელიც „ტრადიციული ადამიანია“. სახლიდან ორ წელიწადზე მეტია წამოსულია: „მამაჩემი სულ მეკითხებოდა, რატომ არ მიყვარს სპორტი, უაზრო რაღაცებზე ჩხუბობდა. ქალაჩუნას მეძახდა. როდესაც გაიგო, რომ გეი ვარ, მითხრა, აქ ნუღარ მოხვალ, წაეთრიე, მე არ მჭირდება შენნაირი შვილიო... ოღონდ უფრო ცუდი სიტყვებით. სახლიდან ნივთების წამოღებაც კი ვერ მოვასწარი. მასთან ლაპარაკი არ მინდა. არ მინდა, რომ ასეთი მამა მყავდეს. არასდროს ყოფილა ჩემთან თბილი. მისი არც ფული მინდა, ერთადერთი ჩემი ნივთები მჭირდება, მაგრამ ვერ მივდივარ, მეშინია“.

სახლიდან წამოსვლის შემდეგ მეგობრის სახლში ცხოვრობდა. როდესაც მისი მეგობარი სხვაგან გადავიდა, ბექა ხშირად რჩებოდა ქუჩაში. ცდილობდა ღამე ქალაქის ცენტრალურ და ყველაზე კარგად დაცულ ქუჩებში გაეთენებინა. ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად დამდგარა საფრთხის წინაშე: „შუაღამისას მთვრალ ბიჭებს დაუწყიათ გინება, ზოგი გამომკიდებია, თმებში მოუკიდიათ ხელი, წიხლი ამოურტყამთ. მე გავქცეულვარ, თუმცა ძალიან მკაცრი ძალადობის შემთხვევა არ მაგონდება“.

ბექა ქურდიანისთვის ბანაკში ცხოვრება რთულია. ხალხის აგრესიული განწყობის ატანა ყველაზე მეტად პირველ ხანებში უჭირდა. მისთვის ბევრჯერ მიუყენებიათ სიტყვიერი შეურაცხყოფა: „ორ თვეზე მეტია აქ ვარ. ძალიან მიჭირს შეგუება იმ სიბინძურესთან, რომელიც აქ, ამ კარვებშია. ბევრი ვერ მიტანს. ზოგი ბისექსუალია, ვიცნობ ერთი-ორს, ვისაც უნდა ჩემთან რაღაც და არ გამოსდის. დორიან გრეი არ ვარ, მაგრამ ამათ მაინც ვჯობივარ. სამაგიეროდ, კოორდინატორებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უფროსებით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი კაცია ზურა [ისაკაძე], მაგრამ უფულობას და იმას, რომ აქედან ხშირად ვერ გავდივარ ტირილამდე მივყავარ. ძალიან ხშირად მაქვს სტრესი. რატომ უნდა ვიყო ასე?“

ბექას კარავში, ისევე როგორც ყველა დანარჩენ კარვებში, ექვსი ორსართულიანი საწოლი დგას და რვა ადამიანი ცხოვრობს. შუქი მხოლოდ ერთი პატარა ღრიჭოდან შემოდის. არეულობაა და აქეთ-იქიდან მოხუცების კვნესა ისმის. ბექას საკუთარი შემოსავალი არ აქვს: „კარვის პირობებში მუშაობა შეუძლებელია. არ მაქვს საშუალება, თავს ისე მივხედო, რომ სამსახურში წავიდე - ტანსაცმელი მქონდეს ან ფორმაში ვიყო. ნორმალური პირობები რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი“.

საქმე ის არის, რომ მოსკოვის გამზირის ბანაკებში საველე პირობებია. ბანაკის სხვა წევრებიც ამბობენ, რომ უკიდურესად რთულია ადამიანმა სამსახური იშოვო და იქ შესაბამის ფორმაში მიხვიდე, რადგან ჭირს ჰიგიენის დაცვა, რეჟიმის შენარჩუნება, წვიმასთან გამკლავება.

დევნილებთან სკოლაში

მარი კაიშაური, 34 წლის ფსიქოლოგი/ქორეოგრაფი/ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი - ლესბოსელია. ის მეგობრებისა და ნაცნობების დიდ წრეში ყოველთვის „გენდერ-ნეიტრალურად“, მისი სიტყვებით კი, „სრედნი როდად“ ახდენდა თავის იდენტიფიცირებას.

მარი კაიშაურს დედა სამი წლის წინ გარდაეცვალა. მან ინსულტი გადაიტანა. რვა თვის განმავლობაში მკურნალობა ძალიან ძვირი დაუჯდა. ყველაფრის გაყიდვა მოუხდა. ბოლოს იპოთეკაში ჩადებული ბინა ჩამოართვეს.

ამბობს, რომ მისი, როგორც ლესბოსელის დევნა 17 მაისის აქციის დარბევის შემდეგ დაიწყო. იმ პერიოდში ქალაქის ცენტრში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მას ამ ბინის დატოვებაც მოუხდა, რადგან დევნიდნენ აქციაში მონაწილეობის გამო. ნაქირავები ბინის პატრონი მრავალგზის იღებდა სახლის გადაწვის მუქარებს, რადგან სახლს ჰომოსექსუალ ადამიანს უთმობდა. ამიტომ სახლის პატრონმა მას ბინის დატოვება სთხოვა. ამის შემდეგ დიდი ხანი ვერ ქირაობდა ბინას და თვეების განმავლობაში მეგობრებთან რჩებოდა: „17 მაისის შემდეგ საერთოდ არ მაძლევდნენ ბინას ჩემი ვიზუალის გამო. ეჭვით მეკითხებოდნენ ვისთან ერთად ვაპირდებდი ცხოვრებას“.

ამჟამად ის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაშია „შეჭრილი“, სადაც დევნილთა 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. რვა თვეა უკვე აქ არის. შეჭრისთანავე იქ მცხოვრებ დევნილებს მის მიმართ აგრესია გაუჩნდათ : „ჯერ ის მომენტი იყო, ქალი ხარ, კაცი ხარ, რა ხარ?“ - ხსნის კაიშაური. ამბობს, რომ ისინი ნელ-ნელა შეაგუა თავის ნეიტრალურ გენდერს და ორიენტაციას. სკოლაში მას ხალხი თბილად ხვდება და ესალმება: „ეს ახლა, -ამბობს ის, - მანამდე ჩემს კარს ცეცხლი წაუკიდეს“.

როდესაც თავშესაფარში მივიდა მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ იქ მისნაირისთვის ადგილი არ იყო. თუმცა კაიშაური არ წამოსულა და რამდენიმე ხნით მოცდა არჩია. მას განსხვავებული ადამიანის მოსვლით გაღიზიანებული სამი მცხოვრები დახვდა და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა: „ხელი არ მომხვედრია, სულ წიხლით მცემეს, _ ამბობს სიცილით, - შობის წინა დღეები იყო, 2015 წელი. ორი კაცი და ერთი ქალი იყვნენ. სანამ გახურებული ვიყავი ტკივილი ვერ ვიგრძენი. პოლიციაში რომ გადაგვიყვანეს, იქ ვეღარ გავიარე. რამდენიმე დღე საავადმყოფოში, შემდეგ კი სკოლა/თავშესაფარში თითქმის ერთი თვე ვიწექი“.

მარი კაიშაური სკოლის ოთახში კატასთან ერთად ცხოვრობს. ორი დივანი, ერთი საწოლი და სამზარეულოს მცირე აღჭურვილობა მისი მიტანილია.

„ნელ-ნელა სიტუაცია დალაგდა, რადგან სახალხო დამცველის აპარატი დამეხმარა. თეორიულად ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მათი ავტორიტეტი გამომადგა. შევიტანე განაცხადი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ყურადღება მოვითხოვე. მანამდე პოლიციასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. მათ განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადააგზავნეს და ისინი (პოლიციელები) უცებ ტოლერანტულები, შემწყნარებლები გახდნენ... მათი (სახალხო დამცველის) ჩარევა რომ არა, შეიძლება პოლიციას საცხოვრებლიდან გამოვეგდე, იმხელა ზეწოლა იყო ჩემზე. შეიძლება არავინ გამოგაგდოს, მაგრამ ისეთებს გეტყვიან, თვითონ გამოხვალ. პოლიციისთვის არ დამიმალავს რომ ლესბი ვარ, ამის გამო მათ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. ადამიანს, რომელსაც არ აქვს სახლი და არის გეი უკიდურესად დაჩაგრულია. ბულინგის მსხვერპლი ხდება ყველასგან. ახლა აქ ჩემი ცხოვრება კარგად მიდის. ზოგიერთი აქ მცხოვრები მართლა ძალიან საყვარელია. ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ. ჩემ გვერდით დადგომა შესაძლებელია ჩემმა ცემის ფაქტმა განაპირობა, - „ქალზე ხელი როგორ ასწიეს?“ - ყველას გაუკვირდა. ამ საქმეზე კი გამოძიების პროცესი მიმდინარეობს.

ქუჩაში და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში

ცხადია, თავშესაფარში ცხოვრება და ჰომოორიენტაცია ჰქმნის ნაზავს, რომელზე ღიად საუბარსაც ცოტა თუ ბედავს. 23 წლის ნინომ (სახელი შეცვლილია) ანონიმურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა განსაკუთრებული სირთულეები ახლავს თავშესაფარში ცხოვრებას, როდესაც ახალგაზრდა, უსახლკარო და ლესბოსელი ხარ.

ძმისთვის არასდროს უთქვამს, რომ ლესბოსელია, მაგრამ ძმა მას ეჩხუბებოდა ჩაცმის სტილისა და შეხედულებების გამო. მის წინაშე შეგნებულად აგინებდა ლგბტ თემს, ღიად ეუბნებოდა, რომ ეჭვი ჰქონდა მასზე. ემუქრებოდა - „ბარემ ისიც მითხარი, რომ გოგოები მოგწონს და დღესვე მოგკლავ!“ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა _ სახლიდან წამოვიდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში ღამეებს ან გარეთ ათევდა, ან სხვადასხვა მეგობართან რჩებოდა რამდენიმე ხნით. როდესაც ვინმესთან უწევდა დარჩენა, ყოველთვის შეჰქონდა თავისი წილი სახლის ბიუჯეტში: „ჩემი მეგობრებისთვისაც სასარგებლო ვიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავრეკავდი. ფული როცა არ მქონია, არც დამირეკავს“.

ღია ცისქვეშ ღამე დარჩენა ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა: „ვიფიქრე, რა მოხდა, ფეხით სიარული მიყვარს, თან მუსიკას მოვუსმენ-მეთქი... აი, სიცივე რომ აგიტანს, თან ქარი რომ ქრის და თან რომ გეძინება... ვეცადე წამოვწოლილიყავი, მაგრამ გავიყინე. სიარული დავიწყე, მაგრამ მანქანები მიჩერებდნენ და მძღოლები ჩაჯდომას მთავაზობდნენ“. 

1 თვის განმავლობაში ელოდა ძალადობის მსხვერპლის სტატუსს. შემდეგ კი 2014 წლის ზაფხულში, სამ-ნახევარი თვის განმავლობაში იცხოვრა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. იქ ცხოვრებამ დეპრესიული ფონი გაუძლიერა. თავშესაფარში ასაკით ყველაზე პატარა იყო, დანარჩენები, საშუალოდ 40 წლის ან უფროსი ქალები იყვნენ, რომლებიც ქმრების მსხვერპლნი გახდნენ. მართალია, მხოლოდ ორ ადამიანს უთხრა, რომ ლესბოსელია, მაგრამ იცოდა, რომ მთელი თავშესაფარი მის ზურგსუკან მას ლანძღავდა, რამაც მისი თავშესაფარში ცხოვრება გაუსაძლისი გახადა.

როდესაც ლგბტ ადამიანები თავშესაფრის მაძიებელნი ხდებიან, დაახლოებით მსგავს მძიმე გამოცდილებას იზიარებენ.

სტატუსები და პროცედურები

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ სოციალური მუშაკი, ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ გეი ახალგაზრდას ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე ვარიანტი აქვს: გახდეს უსახლკარო; იცხოვროს მეგობართან, შეყვარებულთან; ან იძულებით გაიჩინოს პარტნიორი, რომლის ჭერქვეშაც იცხოვრებს. უსახლკაროდ დარჩენის შემთხვევაში ადამიანს თავშესაფარში მისვლა უხდება. „იდენტობას“ ლგბტ ადამიანების უსახლკარობის, სახლიდან გამოგდების ან წამოსვლის რაოდენობის შესახებ სტატისტიკა არ აქვს. მაგრამ ქეთი ხუციშვილის თქმით, წელიწადში მათ ორგანიზაციას მსგავსი პრობლემით საშუალოდ ათი გეი მიმართავს. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით ეს რიცხვი ათზე ბევრად მეტია. „იდენტობის“ გეითავშესაფრის მაძიებელი ბენეფიციარებიდან წელიწადში საშუალოდ ორი „უსახლკაროა“, ხოლო დანარჩენი რვა - „ძალადობის მსხვერპლი“. სტატუსის მიხედვით „იდენტობა“ მათ თავშესაფრებში ამისამართებს. უსახლკარო ადამიანი მოსკოვის გამზირზე განლაგებულ კარვებში მისამართდება. არსებობს „ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარიც“, საქმე ის გახლავთ, რომ „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყოს ძალადობის ადგილას, ძალადობის წყაროსთან, იქ, სადაც მასზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური წნეხია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი ამ კატეგორიაში ვერ შევა. „უსახლკაროს“ სტატუსს „ძალადობის მსხვერპლის“ სტატუსი სჯობს, რადგან ამ სტატუსის მფლობელები უფრო კეთილმოწყობილ თავშესაფარში ცხოვრობენ.

„ძალადობის მსხვერპლის“ სტატუსის ყველაზე სწრაფად მიღება შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგაა შესაძლებელი. ქეთი ხუციშვილს მაგალითად მოჰყავს გეი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ მამა მოკვლით ემუქრებოდა. შესაბამისად, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გასცა და პირი „იდენტობამ“ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანა. სამაგიეროდ, დამცავი ორდერის გაცემისა და სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის პროცედურებმა შეიძლება დიდი დრო წაიღოს - ამიტომ ახალგაზრდა ძალადობის წყაროსთან ხანგრძლივად დარჩენას რისკავს.

ლგბტ - საქართველოს სახალხო პოლიტიკის გერი

საქართველოში დემოგრაფიის ლგბტ სეგმენტს არასამთავრობო ორგანიზაციები „მშობლობენ“. ცალკე საკითხია - როგორ. იქნებ „შვილობილი“ სეგმენტის ინტეგრირების ნაცვლად მათი მარგინალიზება მოახდინეს; ან კამპანიები სწორად ვერ წარმართეს; ან არასამთავრობოების ვალი იმ დრამატული მიდგომების გაქარწყლება იყო, რომელიც საზოგადოებას ჰომოორიენტაციის ადამიანების მიმართ აქვს. მათ კი დრამა უფრო გაამძაფრეს და გაუცხოება გააღვივეს. მაგრამ უდავოა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლგბტ ადამიანებისთვის მრავალი ღონისძიება და სხვადასხვა სამუშაო შეასრულეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ პროექტებს შორის იყო თავშესაფრის გახსნა, რომელიც მათ უსახლკარო ბენეფიციარებს (უმეტესად გეი ადამიანებს) ჭერს მისცემდა და ძირითად ადამიანურ მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებდა. გაჩნდა შანსი ლგბტ უსახლკარო ადამიანების დაბინავებისა და მათთვის სიძულვილისა და ძალადობის არიდებისა, რომელთაც ისინი ოჯახში, ქუჩაში და თავშესაფრებში აწყდებიან. პროექტი არ განხორციელდა. დავით სერგეენკომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიიჩნია, რომ „იდენტობა“ ვერ შეძლებდა თავშესაფრის სტანდარტების დაკმაყოფილებას. ასევე, საპატრიარქოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „იდენტობა“ახალგაზრდობის გარყვნას აპირებდა. ამ განცხადების შემდეგ პოტენციური თავშესაფრის მეზობლად მცხოვრებლებმა მრავალგზის დარეკეს „იდეონტობაში“ და მუქარის ტონით აუკრძალეს მათ თავშესაფრის გახსნა.

აქედან გამომდინარე, თავშესაფრების მაძიებელთა/მცხოვრებთა ლგბტ კატეგორია ყველა თავშესაფრისთვის მიუღებელი რჩება და მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფება. აშკარაა, საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი სურვილის მიუხედავად, არ შესწევთ ძალა მოსახლეობის გეინაწილი უსაფრთხოებითა და საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყონ. სახელმწიფო კი მათ მფარველობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გაუწევს. მედია მონიტორინგის ექსპერტსაც კი გაუჭირდება გაიხსენოს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, პოლიტიკოსს საჯარო გამოსვლისას წარმოეთქვას სიტყვები - „გეი“, „ლესბოსელი“, „ტრანსგენდერი“, და მით უმეტეს „ბისექსუალი“ (სექსუალური ორიენტაცია, რომელიც არასერიოზულობად, გარყვნილებად, ჩამოუყალიბებლობად, სიხარბედ განიხილება). შეიძლება ითქვას, რომ თუ ვერ აგინებენ, მაშინ არც აინტერესებთ - შესაბამისად, ლგბტ პრობლემები ძალიან შორს დგას ქვეყნის რომელიმე სახალხო პოლიტიკის ნაწილად ქცევისგან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...
17 აპრილი
17 აპრილი

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სო ...

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე. რა ნიშნავს ...

მეტი

^