Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მადლობა ბატონ გოგი თოფაძეს

18 ნოემბერი 2015

სრულიად ფეისბუქმა (ქართულად პირწიგნაკი) გული მოიოხა, ბოლი ამოუშვა და  გაჩუმდა. თემა აგორდა, საზოგადოება აღელდა და მერე სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. ულვაშებიანი ფოტოები აღარ ვრცელდება. აღარც რეპრესირებულთა სტატისტიკური მონაცემები შემხვედრია. შეწყდა გოგი თოფაძის კრიტიკა, რომელმაც ინტერვიუში თქვა, რომ  სტალინი „იყო ერთ-ერთი დიდი მოღვაწე“ და რომ  „სტალინი ქართველი კაცისთვის ყოველთვის საამაყოა“. აღშფოთებამ გაიარა, ხოლო თოფაძის ნათქვამმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი უსუსურობა წარსულის შეფასებასა და გააზრებაში.

მთავარი პასუხი სტალინიზმის გააზრებისას არის ის, რომ რეჟიმმა  მილიონობით ადამიანი დახვრიტა და ამიტომაა ის საშინელი. სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა თოფაძე, რომ იოსებ ბესარიონის ძე, პირველ რიგში, მასავით მილიონერებს და ბურჟუებს დახვრეტდა. ისიც პოტენციური მსხვერპლია სტალინური რეპრესიების, ამიტომ ამ მოვლენის უნდა ეშინოდეს.

საბჭოთა ისტორიის გააზრება საზოგადოებაში არ ხდება. სამწუხაროდ, მას ამის უნარი არ შესწევს.  არ არსებობს თავისუფალი სივრცე და ინსტიტუტები მის გასაანალიზებლად. ის მხოლოდ და მხოლოდ რეაგირებს, როდესაც ეტყვიან, რომ მხოლოდ მსხვერპლი არ არის.  ჩვენი რეფლექსია წარსულისადმი მხეცის რეფლექსიას ჰგავს: ვწევართ ჩრდილში, კომფორტულად, იდილიაში და მხოლოდ მაშინ ვავლენთ იმპულსებს, როცა ვინმე ჰარმონიას დაგვირღვევს. საზოგადოებას საკუთარი წარსულისადმი აგრესიული ამნეზია სჭირს.  მას ყველაფერი დაავიწყდა და ეს კომფორტულ მდგომარეობაში ამყოფებს. მაგრამ თუ შეახსენებ, აუცილებლად თავს დაგესხმება და გაგთელავს.  საბჭოთა ისტორია წარსული ვერ გახდა. ის ისევ ცოცხლობს ჩვენში და მასთან განშორება ვერ შევძელით. იმ დონეზეც კი, რომ თოფაძისნაირი ოდიოზური ფიგურის არასერიოზულ ნათქვამზე ყურადღება არ გავამახვილოთ.  დრო და კამათი უფრო მეტად საჭირბოროტო საკითხს დავუთმოთ. თუნდაც სტალინიზმის გააზრებას, ციფრებს, მოვლენებს, ჩვენი დისკურსი შევქმნათ, თოფაძისას არ ავყვეთ.

ისტორიის გააზრება „მენეჯერულად გაზომვადი“ შედეგი არ არის. მასზე საუბრის დაწყება არ ნიშნავს რამდენიმე წელიწადში წერტილის დასმას და თქმას, რომ მორჩა, გავიაზრეთ ისტორია, სტალინიზმში მეტი არაფერი ხდებოდა.  ფიქრი ისტორიაზე ხანგრძლივი პროცესია და მას ფინიშის ხაზი არ აქვს.  ბრიყვულია  თავგამოდებული რბოლა საბოლოო წერტილამდე პირველი მისვლის იმედით.  

საზოგადოებას საბჭოთა ისტორიის გააზრების უნარი და  ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია.   ეს პოსტკოლონიური ერის სინდრომია, რომელიც დღემდე მისტირის მეტროლიას. ვერ წარმოუდგენია მის გარეშე ცხოვრება, ვერ დაივიწყა  და ვერ გახდა თავისუფალი. ის დღემდე ბავშვურად ეჯიჯღინება ყოფილ ცენტრს  და ამოწმებს - სჯობნის თუ არა, გაუსწრო თუ არა. სამყაროს აღქმა ყოფილი მეტროპოლიიდან იწყება და იქვე მთავრდება.  მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. უჭირს  დაშვება, რომ დროა შენი საქმე თავად აკეთო. პასუხისმგებლობა აიღო ისტორიის გააზრებაზე. ყოველდღიური შეჯიბრება კი იქ გაბრუნებს, საიდანაც გგონია, რომ გამოხვედი.  ეს არ ნიშნავს ნოსტალგიას 37-მანეთიან ფრენებთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობა ყოფილ ცენტრთან კავშირის გარეშე ვერ წარმოგიდგენია. სტალინიზმის და საბჭოთა ისტორიის გააზრების რუსეთთან მიბმა კი ამის ყველაზე კარგი მაგალითია. ისტორიის გაანალიზება არ ძალუძს საზოგადოებას, რომელსაც  კოლექტიური კომპლექსი აქვს მეტროპოლიასთან. საბჭოთა წარსულის გააზრებისას დომინანტური დისკურსისგან განსხვავებული აზრის მქონე -  „რუსეთუმე“, ხოლო თანხმობაში მყოფი „პრადვინუტი“ „მედასავლეთე“ ხდება.  მსგავსი წინასწარ გამზადებული აზრი კი ისტორიის გააზრების მცდელობას დასაწყისშივე აშთობს.

საზოგადოება არ არის მზად, მიიღოს ახალი გამოწვევები სტალინიზმის შესახებ. მას ძალიან უჭირს გააცნობიეროს, რომ სამეცნიერო კვლევა  გულისხმობს - გამოქვეყნდეს ის, რაც არ ვიცით; იტყვიან იმას, რაც არ მოგვწონს; ყურადღება გამახვილდება იმაზე, რაც ჩვენთვის მტკივნეულია. კარგი ნაშრომი ვერ აამებს ან ხელისუფალს ან  საზოგადოებას. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველაზე ხშირად სტალინიზმის გააზრებას ის ადამიანები უშლიან ხელს, რომლებიც ტელევიზიებით და სხვადასხვა მედიის საშუალებით ამ საკითხზე საუბრობენ. მათ კომპეტენცია და ცოდნის დონე საკმაოდ ზედაპირული აქვთ. მათ უბრალოდ აქვთ კლიშე და აკვიატებული იდეა სტალინიზმის გააზრებისა.  ეს უკანასკნელი განსხვავებულ აზრზე აგრესიულად რეაგირებს,  როცა მასში გამოთქმული მოსაზრებები არ ემთხვევა გაბატონებულ დისკურს. ისინი აუცილებლად ისაუბრებენ „ჩრდილოეთის“ ინტერესების სასარგებლოდ დაწერილ კვლევაზე. სტალინიზმის გააზრების სივრცე ჩაკეტილი და ელიტარულია.

ადამიანს, რომელსაც ამ  პრობლემაზე მოუნდება მუშაობა, უნდა ჰქონდეს მზაობა - აიტანოს და არ გაბრაზდეს  „კრემლის აგენტის“, რუსეთუმეს“ იარლიყიმიკრობის გამო. უნდა შეძლოს მისი მოთმენა და ატანა. უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გაირიყება საზოგადოებისაგან.

სტალინიზმის, როგორც ეპოქის შესახებ, ბევრი დოკუმენტი არქივებში ინახება. იქ მუშაობას ცალკე პრობლემები ახლავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, რომელიც ორ ძირითად სტრუქტურას ყოფილი კგბ-ისა და ყოფილი კომუნისტური პარტიის არქივს აერთიანებს, ერთი გვერდის ასლის გადაღებაც, ფოტოს გადაღებაც საკუთარი ფოტოკამერით და სკანირებაც 3 ლარი ღირს. ამ ფასთაღრიცხვაში წარმოუდგენელია დოკუმენტები მოიძიო და გადაიღო. ეროვნული არქივი კი ნახევრად გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა, რომელშიც ძალიან რთულია მიხვდე, რა არის ხელმისაწვდომი და რა არა. უნივერსიტეტებში არ არსებობს პროფესურა, ვინც ახალი თაობის სტუდენტებს ამ ეპოქის საკვლევად გაზრდის. ჟურნალისტები ამ საკითხებით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როცა ხმაურის ატეხვა შეიძლება. 

ერთადერთი, რაც მსგავს საკითხებს აქტუალურს ხდის, ამგვარი განცხადებებია. მაშინ გაახსენდება ის ყველას, რამდენიმე დღით ან საათით. მერე ისეც მიჩუმათდება და მიიკარგება. ამიტომ მადლობა ბატონო გოგი ამ საკითხზე არასერიოზული კომენტარისთვის. სამწუხაროდ, სხვა შემთხვევაში და სხვა დროს საბჭოთა წარსული ჩვენ არ გვახსოვს. 

 


 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^