Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ახალი „კონსტიტუცია“

20 ნოემბერი 2015
თბილისს მალე ახალი „კონსტიტუცია“ ექნება. კონკურსში გამარჯვებულმა გუნდმა წელიწად-ნახევარში მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს. კანონის ძალის მქონე დოკუმენტმა შემდგომ წლებში ქალაქგანვითარების წესები უნდა დაადგინოს - ნებისმიერი მშენებლობა, წამოწყება, ინვესტიცია, იდეა თუ სტრატეგია სწორედ ამ გენგეგმის შესაბამისი უნდა იყოს, მის მოთხოვნებს პასუხობდეს. თუმცა გამარჯვებული გუნდის მიმართ ბევრი კითხვა დაისმის, რომელთაგან უმთავრესი ისაა,  იქცევა ეს გეგმა თბილისის  განვითარების წინაპირობად თუ პირიქით, ხელს შეუშლის მას.

„პანორამა თბილისი“, მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი, 130 მეტრი სიმაღლის მშენებარე ნაგებობა იმელის შენობის უკან - ამ პროექტებს თბილისის მცხოვრებთა ნაწილი ქალაქის ისტორიული ზონისთვის შეუფერებლად, მეტიც მისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა იმელის შენობის უკან 35-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს, მირზა შაფის ქუჩაზე 25 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის „სამეფო ბაღების“ განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულომ უკვე დაამტკიცა; „პანორამა თბილისისთვის“ საჭირო ტერიტორიებზე კი უკვე განთავსებულია ბანერები, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია.

ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ის პროექტებია, რომლებიც ქალაქს ემუქრება და რომელთა შესახებაც ინფორმაცია მეტ-ნაკლებად მაინც გვაქვს, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს კიდევ სხვა მსგავსი დაგეგმილი პროექტებიც. ელისაშვილს ეჭვი ეპარება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გამარჯვებული გუნდი წარმოადგენს, იყოს ისეთი, როგორიც ამ რთულ ვითარებაში ქალაქს სჭირდება.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების კონცეფციების შესარჩევად კონკურსი მაისში გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა 11-მა საპროექტო გუნდმა მიიღო, მეორე ეტაპზე 6 მათგანი გადავიდა, საბოლოოდ კი პირველი სამი ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.

გამარჯვებული იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქია“, რომლის შემადგენლობაშიც, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რამდენიმე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაცია შედის. მათ შორის: ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „Albert Speer & Partners  GMBH“, „sarl-atelier alfred peter pausagiste“, „dr.brenerlngenieurgesellshaft mbh“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, CENN - caucasus environmental NGO network. კონსულტანტები: „steinbeis beratungszentren gmbh“, შპს „თბილისი ჯგუფი“ და „fraunhofer“-ის ინსტიტუტი.

ელისაშვილი შიშობს, რომ თუკი აქამდე პრობლემური, ქალაქისთვის შეუფერებელი პროექტების განხილვისას ქალაქის ხელისუფლების მთავარი არგუმენტი გაუმართავი კანონმდებლობა და რეალობის შეუსაბამო გენერალური გეგმა იყო, ახლა ასეთი პროექტები შესაძლოა, კანონის ფარგლებში მოექცეს და „კანონიერი გახდეს“. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად სამართლებრივი ბერკეტები აღარ იარსებებს.

„თუ მანამდე რაღაც ირღვეოდა იმიტომ, რომ არ არსებობდა კარგი კანონი, ახლა გვიპასუხებენ, რომ ეს დარღვევა აღარაა და ის გენერალურ გეგმას შეესაბამება. ფაქტობრივად, კანონით დამტკიცდება ისეთი ოდიოზური პროექტები, როგორიცაა „პანორამა თბილისი“. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. სამწუხაროდ, მსგავს დიდ პროექტებთან დასაპირისპირებლად სამართლებრივი არგუმენტები ვეღარ გვექნება“, _ ამბობს ელისაშვილი.

ხელოვნებათმცოდნე განმარტავს, რომ მის ეჭვებს პარალელურად მიმდინარე პროცესებიც ამყარებს: უკვე დაწყებულია და ნოემბერში უნდა დასრულდეს მუშაობა ძველი თბილისის განვითარების კონცეფციაზეც, პროექტს განვითარების ფონდის დაკვეთით „ჯეოგრაფიკი“ ახორციელებს.

„ისეთ პირობებში, როდესაც დაკვეთა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიის გადახედვა და გასაგებია, რომ სია გადაიხედება შემცირების და არა გაზრდის კუთხით; როდესაც საუბარია იმაზე, რომ ზონირების თვალსაზრისით თბილისის ისტორიული ზონის საზღვრები შემცირდეს და გადაიხედოს, საუბარია, დარჩეს თუ არა K 2 კოეფიციენტების ანუ სართულიანობის „ყიდვის“ შესაძლებლობა, ამ ყველაფრის ფონზე არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ ეს არ იქნება ქალაქის საჭიროებებზე მორგებული დოკუმენტი, ის მოერგება კონკრეტულ პირებს, ინვესტიციებსა და სურვილებს“, _ ამბობს ელისაშვილი.

„კონკრეტულ ინვესტიციებსა და პირების სურვილებზე“ საუბრისას „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი აქცენტს მეტწილად „პანორამა თბილისზე“ აკეთებს. ამ ეჭვებს კი გამარჯვებული კონცეფციის თანაავტორთა მოსაზრებები უღრმავებს. საქმე ისაა, რომ არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ (გენგეგმის პროექტის თანაავტორმა) ჯერ კიდევ კონცეფციაზე მუშაობის დასრულებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სოლოლაკის ქედი, ადგილი სადაც „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი ნაწილი უნდა აშენდეს, ისტორიული ზონა არ არის და ამ თემის ირგვლივ ვნებათაღელვა უსაფუძვლოა. კოჯრის ახალი გზის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ავტორი გია ჭანიშვილიც ამბობდა, რომ საცხოვრებელ ზონაში განაშენიანების ცვლილება ყოველთვის შესაძლებელია. ჭანიშვილი გენგეგმის კონცეფციის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის თანაავტორია.

„გუნდი, რომელიც ამბობს, რომ ისეთი ოდიოზური პროექტი, როგორიც „პანორამა თბილისია“, ქალაქისათვის სასურველი და მისაღებია, ბუნებრივად აჩენს კითხვებსა და ეჭვებს.ეს უკვე არის არაპროფესიული მიდგომა იმ საკითხის მიმართ, რომელზეც საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია. მერაბ ბოლქვაძისა და გივი შავდიას პოზიციები გასაგებია, ისინი ხომ „პანორამის“ პროექტის თანაავტორებიც არიან, მაგრამ ასეთი ქაოტური, გაუმართლებელი მშენებლობების კანონში მოქცევით ეს დოკუმენტი დააზარალებს მთელი ქალაქის განვითარებას“, _ განმარტავს ელისაშვილი.

ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, არქიტექტორი გიორგი მეძმარიაშვილი გენერალური გეგმის განახლების პროცესს ნაჩქარევს და გაუაზრებელს უწოდებს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში ქალაქი ქაოსურად ვითარდებოდა, როდესაც თითოეული კონკრეტული ტერიტორიისთვის ფუნქციური ზონის და დასაშვები მოცულობის ცვლილება ხდებოდა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება შედეგს ვერ მოგვიტანს.

„როდესაც აბსოლუტურად განცალკევებულად მიმდინარეობს მუშაობა ძველი თბილისის განვითარების კონცეფციაზე, თბილისის გენგეგმაზე გამოცხადდა კონკურსი, შემდეგ კი - მთლიანად ქვეყნის სივრცით მოწყობაზე, შეუძლებელია ქალაქის განვითარების სწორი დაგეგმვა. ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა მივიღოთ ამ ქალაქისგან, არ შეგვიფასებია რეგიონების პოტენციალი, არ შეგვიფასებია ცალკეული უბნების შესაძლებლობები, ამ ფონზე ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, ფარსი მგონია“, - ამბობს მეძმარიაშვილი.

„სტაბილურობიდან მდგრადობამდე“ - „მომავლის ქალაქის ხედვა 2030“ ექვსი ნაწილისგან შედგება - ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ურბანული გეგმარება, ეკონომიკა, ურბანული ეკოლოგია, გეოსაინფორმაციო სისტემები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი გეოგრაფია. თითოეული ნაწილი ამ სფეროს განვითარების ზოგად, სასურველ მიმართულებებს განსაზღვრავს.

გენგეგმის კონცეფციის ავტორთა აზრით, თბილისის კონკურენტუნარიანობის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ინფრასტრუქტურა, რამდენად განვითარებულია საქალაქო მომსახურება, როგორია საცხოვრებელი გარემოს ხარისხი და მეორე მხრივ, შეუძლია თუ არა ფუნქციურად ქალაქს, გახდეს საერთაშორისო ბიზნესის განთავსების ადგილი, ინოვაციური საქმიანობის ცენტრი, საკომუნიკაციო ქსელის კვანძი, კულტურის საერთაშორისო ცენტრი თუ სხვა.

ყველაზე დიდი უკმაყოფილება არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ აქტივისტთა ჯგუფებში პროექტის ავტორთა ურბანული განვითარების ხედვამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, პროცესი ჯენტრიფიკაციის გზით უნდა წარიმართოს. ქალაქის ცენტრალური ნაწილის ურბანული ფორმისა და სტრუქტურის განვითარების ნაწილში ავტორები ამბობენ, რომ ქალაქი ისტორიული შრეების გარეშე არ წარმოადგენს განსაკუთრებული ინტერესის სფეროს.

„ქალაქის ცენტრალური ნაწილი უნდა განვიხილოთ და განვავითაროთ როგორც მრავალშრიანი „ტექსტი“, რომელშიც ქალაქის არამატერიალური სიმდიდრე (ისტორიისა და კულტურის სახით) აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული ეკონომიკური მიზნებისათვის.“

აქვე ვკითხულობთ:           

„ძველი უბნებისა და ქალაქის ცენტრის რეგენარაციისა და მასში სოციალური შემადგენლის ცვლილება ჯენტრიფიკაციის ფორმატში უნდა წარიმართოს. თანამედროვე ევროპული ტრენდი „ახალი შუა საუკუნეები“ ერთ-ერთი მიღებული პრინციპია ასეთი რეალებისათვის. აღნიშნული გულისხმობს შენობების შერეული ფუნქციებით დატვირთვას, ადამიანის თანაზომადი მასშტაბის გარემოს შექმნას. განაშენიანება უნდა იყოს დაბალ და საშუალოსართულიანი. მომავალი ეკუთვნის ჰუმანისტურ, სასიცოცხლო ენერგიით სავსე, მაღალი სიმჭიდროვის, განტვირთვისა და რეკრეაციის საშუალებებით დაბალანსებულ ქალაქებს და საქალაქო უბნებს. გარემოს ხარისხი და ქონების ღირებულება ასეთ უბნებში მნიშვნელოვნად იზრდება და მიმზიდველია ე.წ. „კრეატიული კლასისათვის“.

ავტორების მტკიცება, რომ ჯენტრიფიკაცია თანამედროვე ევროპული მიდგომაა, გაუგებარია სხვა სპეციალისტებისთვის. ცირა ელისაშვილის განმარტებით, ჯენტრიფიკაციის დროს მკვიდრი მოსახლეობა ტოვებს საცხოვრებელ ადგილს, ამ შემთხვევაში ისტორიულ ქალაქს და მის ნაცვლად იქ შედის ახალი კაპიტალი და ფინანსურად უფრო მაღლა მდგომი ფენა.

გენგეგმის კონცეფციის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე მიუთითებს ქალაქმგეგმარებელი ლუკა ბაქრაძეც. ბაქრაძე კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პროექტის თანაავტორიცაა. მისი თქმით, პროექტი, რომლის მთავარი ხედვითაც, ქალაქი ჯენტრიფიკაციის გზით უნდა წავიდეს, გამორიცხავს იმას, რომ ამ პროექტს ხელს აწერდნენ უცხოელი ექსპერტები, რომელთაც პროექტის ავტორები ამაყად ასახელებენ.

„ჯენტრიფიკაცია სოციალურად აბსოლუტურად არაჯანსაღი პროცესია. ეს გულისხმობს მოსახლეობის სეგრეგაციას ფინანსური ნიშნით, მდიდრებისა და ღარიბების უბნების ჩამოყალიბებას. ეს კი სწორედ იმ დროს, როდესაც მაგალითად გერმანიაში ქალაქგეგმარებისა და პოლიტიკის დონეზეც გაწერილია არაერთი ინსტიტუციური მექანიზმი იმისათვის, რომ ეს პროცესი როგორმე თავიდან იყოს აცილებული“, _ განმარტავს ქალაქმგეგმარებელი. ბაქრაძე ამბობს, რომ ქალაქგანვითარების თანამედროვე პრინციპები, მათ შორის გერმანიის სამოქმედო დოკუმენტები ეფუძნება „სათუთი განახლების“ მიდგომას, რომლის ამოსავალი წერტილიც ადგილობრივი მოსახლეობის იმ ადგილას შენარჩუნებაა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ამასთან, ასეთი პროცესი ხანგრძლივ პერსპექტივაშიც შექმნის პრობლემას, რადგან ამ უბნებიდან განდევნილი მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალფასიან უბანში გადასახლდება, სადაც გაიზრდება კრიმინალის რაოდენობა და საბოლოოდ ეს ქალაქს ბევრად მეტი დაუჯდება.

რამდენად ეთანხმებიან გერმანელი ავტორები ქართულ გენგეგმაში წარმოდგენილ ჯენტრიფიკაციის მოდელს - ამ კითხვით „ლიბერალმა“ Albert Speer & Partners  GMBH-ს წერილობით მიმართა, სტატიის მომზადების პროცესში პასუხი არ მიგვიღია.

„ხედვა 2030“ სატრანსპორტო პრობლემასაც ვრცლად განიხილავს. ავტორებს უმთავრეს გამოწვევად ტრანზიტული მოძრაობა მიაჩნიათ, ცენტრის ფუნქციონირების გაუმჯობესების აუცილებელ პირობად - სწორედ ტრანზიტის შეზღუდვა და ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გატანა. დოკუმენტის თანახმად, არსებული მაგისტრალი უაღრესად ართულებს შიდა საქალაქო კავშირებს, სარკინიგზო მომსახურების ობიექტები კი განლაგებულია ქალაქის მეტად ღირებულ ტერიტორიებზე და ამ მიზეზების გამო ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანაზე საუბრის განახლება აუცილებელია.

ლუკა ბაქრაძისთვის ეს აზრიც მიუღებელია, მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყველა ევროპული ქალაქი ცდილობს, სარკინიგზო ტრანსპორტზე გადავიდეს, მოხერხებულობის, ეკოლოგიურობისა და ხელმისაწვდომობის გამო, გაუგებარია, რატომ მიაჩნიათ პროექტის ავტორებს გამოსავლად ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გატანა.

ცირა ელისაშვილი კი ფიქრობს, რომ გენგეგმის ზოგიერთ ნაწილზე კამათი და კონსენსუსი შესაძლებელია, მაგრამ ჯენტრიფიკაციის დადებით ტენდენციად განხილვა წარმოუდგენელია:

„არჩევანი, რომლითაც ამ გუნდმა გაიმარჯვა, შეიძლება ქალაქს დიდ პრობლემად ექცეს“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^