Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა, პატრიარქს კი...

15 დეკემბერი 2015

მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა, პატრიარქს კი ერთისაც და მეორისაც! - ალბათ ასე კითხულობენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სახარების ტექსტს. თორემ სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონდეს პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე ხელისუფალთა შორის ბოლო დროს წამოჭრილ სჯა-ბაასს?

“პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი ადამიანები და ალბათ, ხელისუფლება დააყენებს ამ საკითხს“, - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 2015 წლის 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში პატიმარი ქალების მონაწილეობით გამართული სპექტაკლის დასრულების შემდეგ. ვიდეოჩანაწერზე აღიბეჭდა, რა მყისიერად დაუკრა კვერი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა  სულიერ მამას. პრემიერის თავის ერთი დაქნევა იყო და პატრიარქის ნათქვამს საკანონმდებლო ინიციატივის სამზადისი მოჰყვა -კონსტიტუციაში სათანადო ცვლილების შეტანაზე მხურვალე მსჯელობა დაიწყო.

საპატრიარქომ მეორე დღესვე, 6 დეკემბერს, პატრიარქის სიტყვები განმარტა, როგორც „სოლიდარობის, მათი (პატიმარი ქალების) დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა“. მაგრამ პატრიარქის „აზრიც“ საკმარისი აღმოჩნდა, რათა მინისტრები ამ აბსურდულ საკითხზე  გულდასმით დაფიქრებულიყვნენ და ხმამაღლა გამოეხატათ თავისი აღტაცება და ენთუზიაზმი.

მაგალითად, სასჯელაღსრულების მინისტრმა თქვა: „მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი, ვინ არის. ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება".

ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ზაქარია ქუცნაშვილი, პირდაპირ ეთერში  გვარწმუნებდა, რომ  პატრიარქს თავისი საერო ავტორიტეტის საფუძველზე უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, რათა „კათალიკოს-პატრიარქის მოთხოვნით პრეზიდენტმა მოახდინოს შეწყალება და ეს მოთხოვნა აპრიორი საკმარისად ჩაითვალოს შეწყალებისთვის“. მათ კი, ვინც ამ ინიციატივის წინააღმდეგი იყო ზაქარია ქუცნაშვილმა ეკლესიის მოძულეები უწოდა და ჰუმანური აქტის წინააღმდეგობაში დაადანაშაულა.

ახლა კი, როცა მთელი ეს დელირიუმი ჯერჯერობით თითქოს უკან მოვიტოვეთ, ხსენებული წამოწყების სამართლებრივი, ნორმატიული საფუძვლები მიმოვიხილოთ.

პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებას, შეიწყალოს მსჯავრდებულები, ორი ძირითადი ნორმატიული საფუძველი აქვს: 1) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ პუნქტი, რომელიც პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციურ უფლებას ანიჭებს (73-ე მუხლის პირველი ნაწილი პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ამომწურავი ჩამონათვალია); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი -  „შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ“.

ინდივიდუალურად განსაზღვრული პირი - სწორედ ეს არის ცნება, კონცეპტი, რომელიც შეწყალებას ამნისტიისგან გამოარჩევს. თუკი ამნისტიის დროს  პენიტენციალურ დაწესებულებას მსჯავრდებულთა განუსაზღვრელი ჯგუფი ერთი ზოგადი კრიტერიუმით აღწევს თავს, შეწყალების შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრული პირი, მსჯავრდებული, თავისუფლდება საკუთარი ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, მისი პირადი საქმის ძირეული შესწავლისა და ანალიზის შემდეგ.

თავად შეწყალების წესს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის ბრძანებულება №120 არეგულირებს, რომლის მიხედვით შეწყალების კომისია რეკომენდაციას უწევს მსჯავრდებულს,  ხოლო ბრძანებულების მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი ”საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“, - ანუ პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს ესა თუ ის მსჯავრდებული.

ახლა კი შეწყალების პროცედურაში პატრიარქის სავარაუდო ადგილს დავაკვირდეთ: შეწყალების უფლება მსჯავრდებულს ავტომატურად წარმოეშობა პრეზიდენტის ბრძანებულების მე-2 მუხლში ჩამოთვლილი გარკვეული წინაპირობების შესრულების/დადგომის შემთხვევაში, რა დროსაც იგი უშუალოდ, წერილობით მიმართავს პრეზიდენტს. ერთადერთი რამ, რაც სახელმწიფოს მეთაურსა და მსჯავრდებულს შორის არის მოქცეული  ისევ სახელმწიფო ინსტიტუტი - შეწყალების კომისიაა, რასაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ნომინალური მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში წმინდად პრაქტიკული თვალსაზრისითაც სრულიად უადგილოა პატრიარქის რეკომენდაცია - იგი პროცესს გააჭიანურებს და სხვა არაფერი იქნება, თუ არა ზედმეტი რგოლი ბიუროკრატიული  სისტემის ჯაჭვში. მეტიც - კონსტიტუციის პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეთა, ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. სოციალური სახელმწიფო კი არის სახელმწიფო, რომელიც იქმნება და ფუნქციონირებს ხალხის მიერ და ხალხისთვის. ანუ ესაა სახელმწიფო, რომელშიც დაუშვებელია ხელისუფლებასა და ხალხს შორის რამე სახის ინსტიტუცია შუამავლად გვევლინებოდეს, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღდეგ გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

შეწყალება ინდივიდუალური აქტია, რომელსაც მსჯავრდებულის პირადი საქმის გულდასმით შესწავლა უსწრებს წინ. სეკულარულ სახელმწიფოში დაუშვებელია, რომ ეკლესიას მსგავს ინფორმაციასთან ჰქონდეს წვდომა! შსს სტრუქტურებთან თანამშრომლობა ხელსაყრელი არ იქნება არც თავად ეკლესიისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში КГБ-ის აგენტებით კომპლექტდებოდა და ამის გამო სახელგატეხილი იყო.

ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აღტყინება კიდევ ერთ კონსტიტუციურ ღირებულებას, თანასწორობის პრინციპს არღვევს, რომელიც კონსტიტუციის მე-14 მუხლშია გადმოცემული. კონკორდატით ისედაც დისკრიმინაციულად პრივილეგირებულ, უთანასწოროდ საკეთილდღეო მდგომარეობაში არხეინად მყოფი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერისთვის ამ სახის უფლებამოსილებისა და პრივილეგიის მინიჭება კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოში რელიგიური თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ უამისოდაც სავალალო მდგომარეობას.

არ აქვს მნიშვნელობა, რას მიაწერა საპატრიარქომ ილია II-ის მოთხოვნა - მთავარია და ფაქტია, რომ მისმა სიტყვებმა საგანგაშო რეზონანსი გამოიწვია მთავრობასა და ხელისუფლებაში. ყველამ ნათლად დავინახეთ პოსტსეკულარული ყოფის მთელი უბედურება, ყოფისა, რომელშიც ხელისუფლების ლეგიტიმურობა ასე ძლიერად არის დაფუძნებული რელიგიურ პოპულიზმზე.

გოგი ცხადაია თავის ნაშრომში „პოსტსეკულარიზმის გლობალური მანიფესტაციები“ აღნიშნავს, რომ „კონსტიტუციური წყობილების დაფუძნების მცდელობა საქართველოში დროის მხოლოდ ძალზე მცირე მონაკვეთში შეიმჩნეოდა და ის ისევე სწრაფად შეიცვალა ნაციონალისტურ-რელიგიური რიტორიკით, როგორც საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარი - ნაპოლეონის დიქტატურით”.  სწორედ  ეს ნაციონალისტურ-რელიგიური რიტორიკაა დღეს „ქართლის ჭირი“. არც დიდი სიბრძნე და არც ენამჭევრობა არ სჭირდება იმის გაცნობიერებას, რომ ეს ტენდენცია საქართველოს სახელმწიფოს სასიკეთოს არაფერს უქადის. თუ დღეს პატრიარქისთვის შეწყალების უფლებამოსილების საკითხზე მოწონებით ვმსჯელობთ, ვინ იცის, მალე მართლმსაჯულების ალტერნატიულ ფორმად ორდალის, ანუ „ღვთის მსჯავრის“ შემოღებაზე დავიწყოთ ფიქრი. რა ბედენაა, პატრიარქი შეიწყალებს თუ ღმერთი „განსჯის“?!

აბსურდული და დრამატულია ის, რაც საქართველოში ხდება, კვალიტატური სიმრავლე, ანუ კონსტიტუციურ-სამართლებრივი ღირებულებები, სეკულარიზმის იდეალები და სხვა სიკეთენი კვანტიტატური სიმრავლის, ილია II-ის ეროვნული ავტორიტეტის წნეხის ქვეშ ითელება. შევახსენებ ხელისუფლებას, რომ დემოკრატია ეს არ არის უმრავლესობის მმართველობა. დემოკრატია თანასწორობაზე დაფუძნებული წყობაა, სადაც უმცირესობაც და უმრავლესობაც ეკვივალენტურია. დაუშვებელია უმრავლესობის ავტორიტეტის უმცირესობის ავტორიტეტად ხელდასხმა.

გამოსავალი? გამოსავალი კი ერთია, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იკითხეთ კონსტიტუცია, სახარებაც იკითხეთ, თუ ღმერთი გწამთ, და ანებეთ თავი ბოდვას! ბოდვას შეეშვით ბოლოს და ბოლოს...

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^