Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაღაზია ციხეში - შეზღუდული მრავალფეროვნება

17 დეკემბერი 2015
ციხეში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, ვერც სავაჭრო ცენტრებში ივლი ტანსაცმლის შესარჩევად და ვერც ბაზარში - ახალი ბოსტნეულისთვის ; ყველა საჭირო ნივთს თუ პროდუქტს ვერც ამანათით შემოგიგზავნიან. ზოგს არც არავინ ჰყავს, რომ შემოუგზავნოს. ელემენტარული საჭიროების დაკმაყოფილების - ჰიგიენური საშუალებების, ჩაის, ყავისა და სიგარეტის მისაღებ ერთადერთ საშუალებად დაწესებულების მაღაზია რჩება.

სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ბევრი  დაწესებულების მაღაზიაში ელემენტარული საჭიროების  ნივთებიც არ აქვთ. თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მაღაზიების მომმარაგებელი კომპანია შეიცვალა, ვითარება გამოსწორდა.

გლდანის #8 დაწესებულება.  ფერადი კორპუსები, მათი ერთი დიდი ეზო.  მის შუაგულში, ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე, სამზარეულოს გვერდით დაწესებულების მაღაზიაა  მოწყობილი. ჩვეულებრივი მაღაზიისგან არჩევნის  სიმწირესთან ერთად ისიც განასხვავებს, რომ მსჯავრდებულებს შიგნით შესვლა აკრძალული აქვთ. სიებითა და ბარათებით ხელში მცირე ზომის ოთხ ფანჯარასთან სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მსჯავრდებულები რიგ-რიგობით იკავებენ ადგილს. 

მაღაზიაში პროდუქტებსა თუ ჰიგიენურ საშუალებებზე წასვლა ყველა მსჯავრდებულს არ შეუძლია. #8 დაწესებულების დირექტორი გვიხსნის, რომ  ამჟამად იქ 2250-მდე მსჯავრდებული და ბრალდებული იმყოფება. მაღაზიაში მათი უსისტემო, მოუწესრიგებელი სიარული კი არეულობისა და რიგების  მიზეზია. ამიტომ  მაღაზიაში წასვლის უფლება მხოლოდ სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ მსჯავრდებულებს აქვთ. ფლიგელების მიხედვით დაყოფილი პატიმრები სასურველი პროდუქტების სიას ადგენენ და მათი ფლიგელის მომსახურე მსჯავრდებულს  ბარათებთან ერთად ატანენ.

დაწესებულების მაღაზიაში უკანა კარიდან, სამზარეულოსა და საწყობის გავლით შევდივართ. ოთახში ქაოსია. მსჯავრდებულთა მომსახურებაზე ფანჯრებს აქეთ რამდენიმე ადამიანი ზრუნავს. ნაწილი სიაში მითითებულ პროდუქტს უყრის თავს, ნაწილი კი კომპიუტერთან მის აღრიცხვასა და თანხის გადახდას უზრუნველყოფს.  მაღაზიის მენეჯერი ნინო ღუღუნაძე გვიხსნის, რომ დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ასეთი დატვირთვით მუშაობენ.

მაღალი, თითქმის ჭერამდე მიღწეული თაროები ჩაით, ყავით, მურაბებით, სიგარეტებითა  და ჰიგიენური საშუალებებითაა სავსე, მაცივრები კი - რძის პროდუქტებითა და ძეხვეულობით. ერთი შეხედვით, დაწესებულების მაღაზიაში ყველა საჭირო პროდუქტით თუ ნივთით მარაგდება, თუმცა მწირი არჩევნით.

იქ თუნუქის შეფუთვით ვერაფერს იპოვით. ეს მომმარაგებელი კომპანიისთვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. რათა შემდგომში პატიმრებმა ის სხვა დანიშნულებით, ვინმეს ან საკუთარი თავის დასაზიანებლად არ გამოიყენონ.

ერთ-ერთი კედლის სულ ბოლო თაროზე ციხის მაღაზიაში  ყველაზე ნაკლებად წარმოსადგენი ნივთი - პლაზმური ტელევიზორი - დევს. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ტექნიკის შეძენის სურვილით ციხის ადმინისტრაციას  განცხადებით მიმართოს. თანხმობის შემთხვევაში ის მას სამი დღის შემდეგ მიიღებს.

მაღაზიით სარგებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიეტაზე არიან ან მარხვას ინახავენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს და პარასკევს დაწესებულებაში სამარხვო კერძები მზადდება, მმარხველთათვის საჭირო პროდუქტის შეძენა მაღაზიაშიც შესაძლებელია.

მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით,  პროდუქტებიდან პატიმრები ყველაზე ხშირად ჩაის, ყავას, სიგარეტსა და სატელეფონო ბარათებს ყიდულობენ. მთელი თვის განმავლობაში მათ მაღაზიაში 500 ლარის დახარჯვა შეუძლიათ, რაშიც არ შედის ერთჯერადად ტექნიკაში გადახდილი თანხა. პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად მიხანაშვილის ინფორმაციით, ეს თანხა ლოგიკურად განისაზღვრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებელია ლიმიტის გაზრდა.

„500 ლარზე მეტი რაში უნდა დასჭირდეთ, როცა მათ სახელმწიფოს ხარჯზე საკვები ისედაც მიეწოდებათ. ეს არის დამატებითი საგნების შეძენის შესაძლებლობა, მაგალითად, ჰიგიენური საშუალებებისა და ა.შ.  თუმცა ახლანდელი ლიმიტი არ ნიშნავს, რომ ამით დამთავრდა და მეტი აღარ იქნება“, - ამბობს მიხანაშვილი „ლიბერალთან“.

ევროპული ციხის წესების თანახმად, პატიმარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, შეიძინოს ან სხვა საშუალებით მიიღოს საქონელი, საკვების და სასმელის ჩათვლით, იმ ფასებში, რომელიც თავისუფალ საზოგადოებაში არსებულ ფასებს ბევრად არ აღემატება.

მიხანაშვილი ამბობს, რომ ეს კომპანიის მიმართ ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომლესაც ის  კარგად ასრულებს. ამას ადასტურებს მაღაზიის მენეჯერიც.

რაც შეეხება მაღაზიის მომარაგებას, ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ნინო ღუღუნაძე ამბობს, რომ პროდუქტების ვადებს თავად აკონტროლებს და ვადაგასულ საქონელს კომპანიას უკან უბრუნებს.

მსჯავრდებულებს მაღაზიით სარგებლობის უფლება სასჯელაღსრულების  მინისტრის 2011 წლის ბრძანებით მიეცათ. თუმცა ამის მიუხედავად, რამდენიმე თვის წინ მათ ეს შესაძლებლობა  მაღაზიების არასათანადო მომარაგების გამო ეზღუდებოდათ. იქ ელემენტარული საჭიროების  ნივთებიც არ იყიდებოდა. პრობლემური იყო პროდუქტის ვადების საკითხიც.

ეს პრობლემები სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში არაერთხელ მოხვდა. ჯერ კიდევ ზაფხულში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებში აღნიშულია, რომ მაღაზიების არასათანადო მომარაგებისა და პროდუქტებზე ვადების დაცვის პრობლემა მწვავედ იდგა #2, #3 და #7 დაწესებულებებში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებთან საუბრისას მსჯავრდებულები უკმაყოფილებას მაღაზიაში არსებული პროდუქციის სიმწირის გამო გამოთქვამდნენ.

მაღაზიაში პროდუქციის ნაკლებობას  #7 დაწესებულების თანამშრომლებიც ადასტურებდნენ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული პრობლემა  სატელეფონო ბარათების დეფიციტი იყო, რის გამოც პატიმრები ოჯახებთან დარეკვას ვერ ახერხებენ.

„დაწესებულებაში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში დაწესებულების მაღაზიის არასათანადო მომარაგების გამო პატიმრებს არ აქვთ სიგარეტი, ჩაი, ყავა, ჰიგიენური საშუალებები, ვენტილატორი და სხვა საჭირო პროდუქცია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

2015 წლის პირველ აგვისტომდე პენიტენციური დაწესებულების მაღაზიებს კომპანია შპს GMM ამარაგებდა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი, 24 აგვისტოდან, ის აუქციონზე გამარჯვებულმა კომპანია შპს „კალინა ჯორჯიამ“ ჩაანაცვლა. პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მას შემდეგ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში ნახსენები პრობლემები თითქმის სრულად აღმოიფხვრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კომპანია შპს GMM-მა 2014 წლის 5 თებერვლიდან 2015 წლის 21 იანვრამდე 83 ტენდერში მიიღო მონაწილეობა. აქედან 41-ში გაიმარჯვა. ის ხშირად იმარჯვებდა ისეთ ტენდერებში, რომლებიც კვებით ან პროდუქტით უზრუნველყოფას ეხებოდა.

შპს GMM-ის არასათანადო მომსახურებასა და პროდუქტების დეფიციტზე გლდანის #8 დაწესებულების დირექტორიც და მსჯავრდებულებიც საუბრობენ. ციხის დირექტორის თქმით, ვადაგასული პროდუქციის გამო მათ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმეს, თუმცა აგვისტომდე არაფერი შეცვლილა.

ს.გ. წელიწადი და სამი თვეა სასჯელს გლდანის #8 დაწესებულებაში იხდის. ის სამეურნეო ნაწილში მუშაობს და ყოველთვიურად ხელფასის სახით 160 ლარს იღებს. ამბობს, რომ ოჯახის წევრები თანხას გარედანაც ურიცხავენ, თუმცა ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკუთარი ხელფასიც ჰყოფნის.

მსჯავრდებული მარხვას ინახავს, ამიტომ მისთვის სამარხვო პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ის წინა კომპანიის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ სანთლის, ნახშირის, საკმეველისა და კალმის ყიდვაც კი შეუძლებელი იყო. 

„ოღონდ რამე პროდუქტი შემოსულიყო და ვადას აღარ ვაქცევდით ყურადღებას“, - ამბობს ს.გ. „ლიბერალთან“ საუბრისას.

იმავეს აღნიშნავს მსჯავრდებული დ.გ. , რომელიც სასჯელს 2015 წლის 23 თებერვლიდან იხდის.  მას პატიმრებისთვის  დიეტური საკვების დარიგება ევალება  და ამაში 160 ლარს იღებს. წინა კომპანიის მომსახურებით ისიც უკმაყოფილოა. ამბობს, რომ მაშინ არც პრესაზე მიუწვდებოდათ ხელი და არც აუცილებელ პროდუქციაზე.

რატომ არ დაეკისრა შპს GMM-ს სანქცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაერთხელ დარღვევისთვის? ზვიად მიხანაშვილი ამბობს, რომ  სანქციამდე საქმე არ მისულა. პრობლემის გამოვლენისას ისინი კომპანიას მის აღმოფხვრას სთხოვდნენ. სიტუაცია  ეტაპობრივად სწორდებოდა, მერე ისევ ირეოდა ყველაფერი და ასე გადიოდა დრო.

დაწესებულების მაღაზიების პრობლემების გამოვლენის მიზნით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა დაწესებულებაში ლოკალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც მაღაზიების ფუნქციონირებას მონიტორინგს გაუწევენ და ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირებას მოახდენენ. ამასთან, მიხანაშვილის ინფორმაციით, პერიოდულად უწყება მაღაზიის შესახებ ინფორმაციას მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისგანაც იღებს.  

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

შეტევა საუდის არაბეთზე: ვინ ატკაცუნებს ფ ...

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხე წამოიშვა მას შემდეგ, რაც პროირანულმა იემენურმა დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატით & ...

მეტი

^