Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი უშიშროების ძველი საშიშროებები

29 დეკემბერი 2015
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოების კრიტიკის საგნად იქცა. ამიტომ უწყების რეფორმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურებმა დანაპირები ორი წლის შემდეგ გაიხსენეს და 2014 წლის ბოლოს შსს-ს რეფორმირება დააანონსეს, თუმცა ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დახურულ და ფართო კომპეტენციის მქონე უსაფრთხოების სამსახურში უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ.

უშიშროებისა და შს სამინისტროების გაყოფა პირველი შემთხვევა არ არის. ისინი საბჭოთა კავშირის დროს და შემდგომშიც, 2004 წლამდე ცალ-ცალკე უწყებებად არსებობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უშიშროებისა და შს სამინისტროები გაერთიანდა და სათავეში ვანო მერაბიშვილი ჩაუდგა. შსს-ს ჭარბი ძალაუფლება სწორედ ამ მოვლენის შედეგია, რადგან უწყებამ ერთდროულად საპოლიციო და უსაფრთხოების დაცვის ფუნქციების კისრებით ფართო უფლებები მიიღო.

შსს-ს რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების უფლება-მოვალეობების გამიჯვნა იყო. ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების უწყებათაშორისმა კომისიამ მოამზადა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 50-ზე მეტ კანონში ითვალისწინებდა ცვლილებებს. პარლამენტმა კანონი 2015 წლის ივლისში დაამტკიცა და სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრემიერის შეთავაზებულ კანდიდატს ნდობა გამოუცხადა. ახლად შექმნილი უწყება, ვახტანგ გომელაურის მეთაურობით, მუშაობას 1 აგვისტოდან შეუდგა.

კანონის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მასში ისეთი ქვედანაყოფებია გაერთიანებული, როგორებიცაა: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, კონტრტერორისტული ცენტრი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, სპეციალური ოპერაციებისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები რეფორმას შსს-ს მექანიკურ გაყოფას უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამით არაფერი იცვლება. უწყების ფართო უფლება-მოვალეობებში კი ისინი თვითნებურად მოქმედებისა და უფლებამოსილების გადაჭარბების რისკს ხედავენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონი კარგი იდეის ცუდად განხორციელების მაგალითია“ _ ასე აფასებს შსს-ს რეფორმას 14 არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ახლად შექმნილი უწყების ძირითად პრობლემად, ჭარბ ძალაუფლებასთან ერთად, გაუმჭვირვალობასაც ასახელებენ.

უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა, გასაიდუმლოებულია კონკრეტული დეპარტამენტების თანამშრომელთა რაოდენობა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი დებულებები.

„მასზე მონიტორინგი და მისი საქმიანობის შემოწმება ძალიან ჭირს. ამიტომ გვინდა, მის მოქმედებას მაქსიმალურად მკაფიო სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდეს, რაც გარე კონტროლის საშუალებას შექმნის“, _ აღნიშნავს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMჩ) წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

თუმცა უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი დეპარტამენტების შესახებ ძირითადი ინფორმაციის გასაიდუმლოება სრულიად ნორმალურია და ეს ამ ქვედანაყოფთა საქმიანობითაა განპირობებული, მაგრამ ხელოვნურად ხომ არ არის გაზრდილი თანამშრომელთა რაოდენობა და ზედმეტ ანაზღაურებას ხომ არ იღებენ ისინი, ამ საკითხების გარკვევა პარლამენტის ნდობის ჯგუფს სამსახურის უფროსთან შეუძლია.

უწყებასთან დაკავშირებული მეორე პრობლემა ფართო კომპეტენცია და ჭარბი ძალაუფლებაა. ამასთან, გაუგებარია, თუკი მისი და შსს-ს გაყოფის მიზანი მათი ფუნქციების გამიჯვნა იყო, მაშინ რატომ აქვთ მათ მსგავსი უფლებები. მაგალითად, შსს-ს მსგავსად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ისეთი სპეციალური საშუალებების გამოყენება შეუძლია, როგორებიცაა: წყლის ჭავლი, ხელკეტი და სხვა.

ამასთან, უსაფრთხოების სამსახურს ერთდროულად კონტრდაზვერვითი და საგამოძიებო ფუნქცია აქვს.

არასამთავრობოთა განმარტებით, კანონი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომელიც ნათლად განსაზღვრავს, რომ შიდა უშიშროების სამსახურებს გამოძიებისა და პირის დაკავების უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხეს ქმნის. ეს უფლებამოსილებები ექსკლუზიურად პოლიციას უნდა ეკუთვნოდეს.

რაც შეეხება კონტრდაზვერვით საქმიანობას, მისი ძირითადი მიზანი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და საფრთხეების პრევენციაა. ამ ამოცანების შესასრულებლად კი მას ისეთი ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების უფლება აქვს, როგორებიცაა: აუდიო-ვიდეო ჩაწერა, ფარული კინო-ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერებისა და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, ელექტრონული თვალთვალი და საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი.

თუკი რეფორმამდე შსს-ს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს სასამართლოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა სჭირდებოდა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ამის კეთება ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეუძლია, მაშინ, როდესაც უწყების მიერ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ზემოხსენებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის პროკურატურის ზედამხედველობა და სასამართლოს ნებართვაა საჭირო.

„ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება და, როგორც წესი, მოსამართლის ბრძანებას არ საჭიროებს, გარდა ელექტრონული თვალთვალისა და საფოსტო კორესპონდენციის კონტროლისა“,- აღნიშნულია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში.

თუმცა კონტრაზვერვის სამსახურის საქმიანობა გასაიდუმლოებულია და არავინ იცის, რას აკეთებს ის, როცა დანაშაულის ნიშნებს აღმოაჩენს, როდის იწყებს ინფორმაციის მოძიებას და როდის გადადის უკონტროლოდან ჩვეულებრივ გამოძიებაზე.

„როცა ასეთი დაბალი სტანდარტით და ასე უკონტროლოდ შეგიძლია მასალის მოპოვება, ასეთი ინფორმაციის კონკრეტულ საქმეში გამოყენება ძალიან მარტივია“, _ აღნიშნავს სოფო ვერძეული „ლიბერალთან“ საუბრისას.

EMჩ-ის წარმომადგენელი პოლიტიკური ნების შემთხვევაში უწყების ბოროტად გამოყენების რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, მით უფრო, უახლოესი წარსულის გათვალისწინებით. ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სატელეფონო ჩანაწერებმა, ასევე, ფარული კადრებით შანტაჟის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუჩინა ეჭვი, რომ უხილავი თვალისა და ყურისგან დაცული არავინაა.

შსს-ს რეფორმა არაფერს ცვლის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, სერგო რატიანისთვისაც. მისი თქმით, გაყოფილი უწყება საბჭოთა კავშირშიც არსებობდა და შევარდნაძის დროსაც, მაგრამ ეს არ მიუთითებდა იმაზე, რომ უწყება დემოკრატიულ სახელმწიფოს რამენაირად შეესაბამებოდა. სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლებას შსს-ს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა სურდა, ქმედითი კონტროლის მექანიზმი და ფარული მოსმენების შესახებ განსხვავებული საკანონმდებლო ნორმა უნდა შეექმნა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე თვალთვალი და დევნა ევალება. მისი თქმით, უწყება პოლიტიკური დევნისთვის დაგეგმილ ბევრ ღონისძიებას აკონტროლებს. ამის მაგალითად რატიანს პარტიის ათეულობით ოფისზე თავდასხმა მოჰყავს და ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ან წინასწარ არ იცოდა ამის შესახებ, ანუ თავის საქმეს ვერ აკეთებს, ან ეს მის მიერვე იყო დაგეგმილი.

უმცირესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიტიკური პარტიების გარდა, საფრთხეს რიგით მოქალაქეებსაც უქმნის, რადგან, თუკი ძლიერი პოლიტიკური ძალა დაუცველია, მით უფრო დაუცველია ჩვეულებრივი მოქალაქე.

სერგო რატიანი გამოსავალს საპარლამენტო კონტროლის დაწესებაში ხედავს.

„რა აჩერებს ჭარბ ძალაუფლებას _ ოპოზიცია, ხელისუფლების დანაწილება და გამჭვირვალობა ანუ მედიის ჩართულობა. ეს არის მექანიზმები დემოკრატიულ საზოგადოებაში. დღეს ისინი არ მუშაობს, რადგან სისტემა მორღვეულია. ყველაფერს მართავს არაფორმალური პირი, რაც არღვევს ინსტიტუციებს“,- აღნიშნავს სერგო რატიანი.

თუკი უსაფრთხოების სამსახური ჩვენივე დასაცავად გვისმენს, გვითვალთვალებს, ჩვენ შესახებ ყველანაირ ინფორმაციას აგროვებს, მაშინ სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის და რამდენად შესაძლებელია ორივეს დაცვა.

ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ერთ პინაზე ადამიანების უსაფრთხოება დევს, მეორეზე _ ამ ადამიანების უფლებები. თუკი სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელთა ნება არსებობს, მათ ამ ორ დილემას შორის უწევთ გავლა. ლალიაშვილის შეფასებით, ეს ძალიან რთულია, რადგან, როგორც კი იზრდება ადამიანების უსაფრთხოება, იკლებს მათი თავისუფლება და უფლებები. მას მაგალითად მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როცა ეფექტიანობა გაიზარდა, მაგრამ უკუპროპორციულად შემცირდა ადამიანის უფლებების დაცვა, თუმცა აღნიშნავს, რომ, სირთულის მიუხედავად, ოქროს შუალედის დაცვა შესაძლებელია.

ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, შსს-ს რეფორმით მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ერთის ნაცვლად ორი ბუღალტერი, ორი გარაჟის დირექტორი ჰყავთ, ორი ლოჯისტიკის სამსახური აქვთ; თუკი ხელფასს იღებდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ახლა ორჯერ იმდენი ადამიანი იღებს.

მისი შეფასებით, რეფორმის ავტორებმა ვერც რეფორმის კიდევ ერთ მიზანს, უწყების დეპოლიტიზებას მიაღწიეს, რადგან თავად ამ უწყებების ხელმძღვანელები მაინც „ერთი დირიჟორის ერთი ხელის აქნევით ხელმძღვანელობენ“.

შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის დუბლირებული უფლებამოსილებების, ახლად შექმნილი უწყებისთვის მინიჭებული ფართო კომპეტენციისა და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებული კვლავ მოუგვარებელი პრობლემების გათვალიწინებთ, გაუგებარია, რას ემსახურებოდა შსს-სგან ამ უწყების გამოყოფა. ჩნდება განცდა, რომ ეს იყო რეფორმა რეფორმისთვის და არა რამეს შესაცვლელად და ვითარების გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯი.

სამსახურის ფართო კომპეტენციისა და მისი უკონტროლო მუშაობის გათვალისწინებით, ახლად შექმნილი უწყება, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, უფლებების დარღვევის რისკს უფრო აჩენს, ვიდრე დაცვის მოლოდინს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^