Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოპულისტური ტოტალიტარიზმი

29 დეკემბერი 2015

ვაღიარებ, ტერმინების  რაღაც აბრაკადაბრა გამომივიდა სათაურად. მაგრამ რატომაც არა? სიტყვები ცოცხალი ორგანიზმებივით არიან, ცოცხალი ორგანიზმები კი  ეპოქისა და კონტექსტის მიხედვით იცვლიან როგორც ფორმას, ისე შინაარსს და მკვიდრდებიან მორიგ კონტექსტის ცვლილებამდე. ხანდახან ერთიანდებიან, როგორც ჩემი სათაურის შემთხვევაში და სრულიად მოულოდნელ ახალ ეფექტს იძლევიან, რომელიც ხანდახან კიდევ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მათი კლასიკური კომბინაციები. მეტიც, ხშირად ისინი სერიოზული ნაშრომებად, თეორიებად  გარდაიქმნებიან ხოლმე… მათ ლოკალური და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფებისა და ომების გამოწვევაც კი შეუძლიათ. ფაქტობრივად სიტყვა ატომურ ბომბზე უარესია -  ის  ღილაკზე თითის დაჭერას ყოველთვის რამდენიმე წუთით უსწრებს წინ.

ლინგვისტური კურიოზები ყველა ენაში გვხვდება. ყოველი ჩვენგანი თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალჯერ მოსწრებია ახალი სიტყვების დაბადებასა და სიკვდილს, მათ შორის ყველაზე გამძლეთა  ტრანსფორმაციას და სხვა, უკვე დამკვიდრებული სიტყვის სინონიმად კლასიფიკაციას. ეს განუწყვეტელი პროცესია და რაც არ უნდა ვიბრძოლოთ ენის სიწმინდისათვის, მისი შეჩერება, როგორც ცნობილია - შეუძლებელია. მით უკეთესი!  წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ისევ ჩვენი შორეული წინაპრებივით სულ რამდენიმე ბგერითა და ყმუილით გავიდოდით იოლად.

ეს პროცესი ხშირად საკმაოდ თავშესაქცევი და კომიკურიც არის. სიტყვების ტრანსფორმაციის მიზეზი სრულიად მოულოდნელი მოვლენა შეიძლება გახდეს.

და მათი ავტორები ყველაზე ხშირად ჟურნალისტები ხდებიან. ჩვენს დროში ბავშვმაც იცის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ენა ხშირად  ისე უსწრებს წინ, რომ როდესაც ეწევიან, თავად ვეღარ ცნობენ საკუთარ ენას, მაგრამ არ იმჩნევენ - საერთოდ არშემჩნევის დიდოსტატები არიან, განსაკუთრებით საკუთარი პასუხისმგებლობის.

ერთ-ერთი ასეთი მორიგი ტრანსფორმირების პროცესში მყოფი სიტყვა, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი კონოტაცია შეიძინა და რომელიც განუწყვეტლივ გვესმის ათასნაირ კონტექსტში, არის პოლიტიკური ტერმინი - პოპულიზმი.

ეს ტერმინი ფრანგულ ენაში ერთი საუკუნის წინ, რუსული სოციალიზმის სპეციფიკურობის შესახებ გამოქვეყნებულ ტექსტებში, კერძოდ  მე-19 საუკუნის სამოციანი წლებში ცნობილი რუსული “ნაროდნიკული” მოძრაობისა და იდეის  ფრანგულად თარგმნის მცდელობისას მოხვდა გზააბნეული სპერმატოზოიდივით.  უნდა ითქვას, ნაროდნიკული მოძრაობა მართლაც პოპულისტური იყო, ისევე როგორც რუსული სოციალიზმი, რომელმაც თავისი ყველაზე მახინჯი პოლიტიკური ნაყოფი მსოფლიოს ბოლშევიზმისა და საბჭოთა კავშირის სახით მისცა. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პოპულიზმის ნაყოფია ფაშიზმი, ნაციზმი… ხოლო კიდევ უფრო სამართლიანები თუ ვიქნებით  -  ნებისმიერი პოლიტიკური მოძრაობა  განსაკუთრებით ოპოზიციაში ყოფნისას! პოპულიზმის მთავარი უტოპიური ინგრედიენტები ხომ ხალხის უანგარო სიყვარული, მასების ნების უზენაესობა, მათი კეთილდღეობისათვის უანგარო და თავდაუზოგავი ზრუნვა, კორუმპირებულ ელიტებთან  ბრძოლა და რაღა თქმა უნდა მგზნებარე პატრიოტიზმია!… ამ ყველაფერს კი,  მოგეხსენებათ, სხვადასხვა პროპორციით ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტული კოქტეილი შეიცავს. ამდენად მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა  ჩვენი თანამედროვე სამყაროს არსებობის არსს - პროპაგანდის იდეას მიაგნეს, უნდა ითქვას, რომ პოპულიზმი, მიუხედავად მისი ძალიან უარყოფითი კონოტაციისა და დემაგოგიასთან ტოლობის ნიშნისა, ნებისმიერი პარტიის მთავარი იარაღია  პოლიტიკური  ბრძოლის ველზე. თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მისი ძალიან საშიში გვერდითი ეფექტები ვლინდება. ამიტომ ჭკვიანი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოსვლისას ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინა საარჩევნო პოპულიზმი რაც შეიძლება შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს დიამეტრულად განსხვავებული მწარე რაციონალიზმით, განსხვავება კარგსა და ცუდ, თუ გნებავთ ჭკვიანსა დაა უტვინო პოლიტიკოსს შორის სწორედ ამ  ფოკუსის ოსტატურად ჩატარების უნარშია.

პოლიტიკოსი,  რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც აგრძელებს წინასაარჩევნო პოპულისტური ფანტაზმებით მოღვაწეობას, ადრე თუ გვიან იძულებული ხდება, ხშირად საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი,  მათ დასაცავად ავტორიტარულ მეთოდები გამოიყენოს, ნელ-ნელა ჯერ მორცხვ დიქტატორად, შემდეგ კი ნამდვილ თავისი ქვეყნის ამბიციების  შესაბამის   ტირანად გადაიქცევა და  ზუსტად ისევე ცუდად დაამთავრებს, როგორც, მაგალითად, დაამთავრა  მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ვერაფრით შეელია თავისი ცხრაწლიანი  აბსოლუტური მმართველობის პერიოდში ინფანტილურ პოპულიზმს.

როგორც ჩანს ზოგიერთ შემთხვევაში ეს მავნე ჩვევას - პოლიტიკური ტოქსიკომანიის სახეს იღებს და ეს ვირუსი ყველა ქვეყანაში ერთნაირად მუშაობს.

სწორედ ამ “ავადმყოფობის” მიზეზით  იქნებოდა საშიში  საფრანგეთში ჟან მარი ლეპენის - ფრანგული ნაციონალური ფრონტის დამფუძნებლისა და პოლიტიკური პოპულიზმის ნამდვილი კლასიკოსის ხელისუფლებაში მოსვლა. საბედნიეროდ მან ეს ვერ შეძლო - იძულებული გახდა სიბერის გამო  პოპულიზმზე ხელოვნური სუნთქვასავით მიერთებული თავისი პარტია საკუთარი ქალიშვილისთვის  გადაებარებინა. მან კი  მამის პოპულისტურ მეთოდებში მნიშვნელოვანი “პროგრესიული” ცვლილებები შეიტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ ახლახან, დეკემბრის შუა რიცხვებში  მაინც დამარცხდა რეგიონალურ არჩევნებში. რადგან პოპულიზმი არა მარტო დემაგოგიასთან ასოცირდება, არამედ ირაციონალურთან, გაურკვევლობის შიშთანაც. ექსპერიმენტთან, რევოლუციასთან. ადამიანებს კი რევოლუციისა, ისეთ სტაბილურობას მიჩვეულ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, ეშინიათ. ცხოვრება  ძნელია, მაგრამ არც ისეთი, რომ დღეს არსებული ის კეთილდღეობა დაიდოს სასწორზე,  რომელსაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ნერწყვმომდგარი შეჰნატრის.

სწორედ ამ შიშმა გააერთიანა ფრანგები 2004 წელს, როდესაც მამა ლე პენის წინააღმდეგ მიცემული ხმები ჟაკ შირაკის 84% აქტივში ჩაიწერა. სწორედ ამიტომ დამარცხდა დღეს  მარინ ლე პენის პარტია საფრანგეთის უკლებლივ ყველა რეგიონში კუნძულების ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხმა ნაციონალურ ფრონტს არასდროს მიუღია.

ლე პენების ოჯახური პარტია  გაიმარჯვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს. ამის შანსი თეორიულად, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ის ძალიან, ძალიან მცირეა და არა იმიტომ, რომ ეს პარტია განსაკუთრებულად ბოროტი პარტიაა - უფრო იმიტომ, რომ ორი, ცენტრთან ყველაზე ახლოს გამაგრებული წამყვანი პარტიები, სოციალისტები და ახლახან რესპუბლიკელებად გადანათლული მემარჯვენე “გაერთიანებული სახალხო მოძრაობა”  (UMP), ჟან მარი ლე პენის მიერ  პოლიტიკური მეცნიერების რანგში აყვანილ პოპულიზმს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ისე  ოსტატურად და უტიფრად იყენებდნენ, რომ რეგიონალური არჩევნები, რომელიც საფრანგეთში 2015 წლის დეკემბერში ორ ტურად ჩატარდა, პოპულისტური სოფიზმის ფესტივალს დაამსგავსეს. ფრანგული პოლიტიკური სპექტრი მარინ ლე პენთან ბრძოლაში თავად გადაიქცა ლე პენად და უცხო, შეუიარაღებელი თვალითა და ყურით ძნელი, ხანდახან არც ისე ადვილი გასარჩევი გახდა ერთმანეთისგან მათი  პოლიტიკური გემოვნების რიტორიკა. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ფრანგულ პოლიტიკურ გასტრონომიულ სამზარეულოში ჩახედულთათვის მაინც შესამჩნევი იყო მარინ ლე პენისა და მისი გუნდის  პოპულიზმის ხელოვნების ფლობის  უმაღლესი პილოტაჟი. ისინი ისევ  თავისუფლად და ვირტუალურად ნავარდობდნენ საკუთარ კლასიკად ქცეულ ემიგრაციისა და ჩაკეტილი საზღვრების კონცეფციებში, აგრეთვე თავიანთ პოლიტიკურ  მოწინააღმდეგეთა  წინა საარჩევნო ტრადიციულ და დემაგოგიურ ხარისხში აყვანილ საბრძოლო ელემენტებს შორის, როგორიც არის უმუშევრობა, ადამიანის უფლებები, ძმობა ერთობა და თავისუფლება და ხანდახან  ჟანა დარკიც.

სოციალისტები და რესპუბლიკელებიც  ნაციონალური ფრონტისთვის აწაპნილ საზღვრებზე კონტროლის აღდგენის, მოქალაქეობის ჩამორთმევისა და სხვა ვინტეიჯი  იდეებით ცდილობდნენ ამომრჩევლის მანიპულირებას, ამომრჩეველი კი თავის მხრივ გათამამდა და კაპრიზული ხასიათიც გამოავლინა. ამის სტიმული მას, რა თქმა უნდა, 13 ნოემბრის ტერაქტმა მისცა, რომელმაც ბევრ პოლიტკორექტულ კომპლექსს ახსნა ტაბუ.

მოკლედ, საფრანგეთის 2015 წლის დეკემბრის რეგიონალური არჩევნები ერთობ და განსაკუთრებით  სევდიანი საყურებელი იყო სწორედ პოპულისტური პათეტიკის უკიდეგანო მასშტაბის გამო. თუმცა, თუ ამერიკელი ლე პენის - რესპუბლიკელი ლიდერის დონალდ ტრამპის მზარდ რეიტინგს გავითვალისწინებთ, ის, რასაც  ევროპაში მემარჯვენე რესპუბლიკელებიც კი ჯერ კიდევ ლამის ნეოფაშიზმად თვლიან, მათივე ამერიკელი პოლიტიკურად თანამოაზრე რესპუბლიკელებისათვის, როგორც ჩანს, მემარჯვენე პოლიტიკური გემოვნების ჩვეულებრივი გამოვლენაა და ეს ძალიან, ძალიან ცუდი პრეცედენტია მსოფლიოსათვის იმ შემთხვევაშიც კი, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შანსები საეჭვო რომ იყოს... და ამის დასტური თუ გნებავთ ჩვენი საქართველოა, სადაც დასავლური პოპულიზმის  მახინჯი ანარეკლი, გამდიდრებული ეროვნული მიგნებებით, უკვე კარგა ხანია ზეობის მწვერვალზეა. მეტიც, პოპულიზმი ჩვენში კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის საზღვრებს, ის განსაკუთრებით ბოლო წლებში  პრაქტიკულად საყოფაცხოვრებო, სოციალურ და რელიგიურ ფენომენად იქცა. ამის მიზეზი პირველ რიგში ჩვენი პლაგიატი ბუნებაა - ჩვენ ყოველთვის ისე მოხერხებულად ვბაძავთ იერარქიულ უფროსებს, როგორც უნიჭო თამადის ბრიყვულ სადღეგრძელოს უნიჭო თანამესუფრეები... კიდევ უფრო კარგად ვბაძავთ “გოგოლის რევიზორებს”, რომლებზეც უბრალოდ ბიოლოგიური მოთხოვნა გვაქვს, ისინიც დედამიწის სხვადსხვა კუთხიდან ჩამოსულნი, სახე გაბრწყინებულნი არასოდეს მთავრდებიან... ჩვენ მათ ისე მალე, ისე ბეჯითად ვემსგავსებით!... რიტორიკით, მანერებით, ჩაცმის სტილით და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გემოვნებითაც კი. მერე, მას შემდეგ რაც ჩურჩხელებით და ტყლაპებით დატვირთულ გამოუძინებელ  “რევიზორებს” ქართული მულტიელიტა დილის  4 საათზე თბილისის აეროპორტში გააცილებს -  იმავე წუთს იწყება ეს ერთმანეთის მიმბაძველობა, სულ ახლახან გაზეპირებული ტერმინებით თავის მოწონება და  შეჯიბრი, ახალაღმოჩენილი ფასეულობების რელიგიური, დოგმატური ერთგულება  და ერთმანეთის ეჭვით თვალთვალი..

ამის შემდეგ საყოველთაო პოპულიზმსა  და მიმბაძველობაში ებმება ქვედა ეშელონი,  მერე კიდევ უფრო ქვედა და იწყება ეროვნული სახალხო პერფომანსი! -  ტელევიზიით გაგონილ სიტყვებითა და  მათი წარმოთქმის მანერებით ვამდიდრებთ, “პეწს” ვმატებთ საკუთარ პოპულიზმს და  სილასავით ვაწნით ერთმანეთს, ვასწავლით ბავშვებს, ვამბობთ სადღეგრძელოებს, ვუყვებით გაკვირვებულ უცხოელებს...

საბოლოოდ  პოპულიზმის ეტიმოლოგია ჩვენს ქვეყანაში სრულიად გროტესკულ კონოტაციას იძენს - აქ თავად  ელიტა, რომელიც პრინციპში პოპულიზმის სამიზნეა, გამოდის რაღაც აბსტრაგირებული ელიტასთან მებრძოლის როლში. აგინებს, ლანძღავს მას ხალხის სახელით!  ზუსტად ისევე, როგორც პოპინტელექტუალები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ქართული სპეციფიური კონოტაციით მათი სტატუსი მასებს უკვე აღიზიანებს. ამიტომ მომენტს არ უშვებენ ხელიდან “ვიღაც არარსებულ ინტელექტუალებს” რომ არ გაჰკრან კბილი… ასეა, პოპმომღერლები ერთმანეთს პაპსავიკობაში სდებენ ბრალს, კურტიზანები - კურტიზანობაში, ყოფილი კომკავშირის აქტივისტები ერთმანეთის წითელ წარსულს დასცინიან,  მსუქნები ერთმანეთის ღიპს, დიდცხვირიანები სხვების დიდ ცხვირს და ა.შ… რაც მთავარია ეს ყველაფერი სამშობლოს უნაზესი სიყვარულითა და მედგარი თავდადებით ხდება!

ქართული ელიტა საერთოდ თევზივით არის, ვერაფრით ვერსაიდან ჩაავლებ ხელს -  აუცილებლად გაგისხლტება. შენც არ გამოეკიდები, რადგან იქვე უამრავი ასეთი ელიტა ფართხალებს ეროვნულ სოციალურ და პოლიტიკურ  გემბანზე, მორიგს დასწვდები... ისიც გაგისხლტება... მერე კიდევ სხვას... ქართული ნებისმიერი ტიპის და ორიენტაციის  ელიტის  თავისებურება ის გახლავთ, რომ ის ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკებითა და მათთან დაახლოებული პირებით კომპლექტდება და პერიოდულად დროის რაღაც მცირე მონაკვეთში ერთიანდება.  ამასთან, რამდენადაც ჩინოვნიკობა და ბედნიერება წარმავალია, საქართველოში ბოლო 50 წლის განმავლობაში იმდენი ელიტა შეიცვალა, რომ ძალიან წყალწაღებული უნდა იყო, თუ ოდესმე რომელიმეს მაინც არ მიეკუთვნებოდი, სულ ცოტა ორი სამი თვით მაინც!

ყველაზე გამძლე, რა თქმა უნდა, საბჭოთა ელიტა იყო, ის თითქმის საბჭოთა ბურჟუაზიადაც კი ჩამოყალიბდა - არც არის გასაკვირი, სტაბილურობა ელიტების კონსერვაციის საუკეთესო  პირობაა.

შემდეგ  გახსოვთ ალბათ… წვეროსანთა და მანდილოსანთა ელიტა შემოქანდა ცეცხლითა და მახვილით! მერე რეიბანებიანი და ტყავისჟილეტიანი “ბოიშვილი ვიყო” ელიტა, მერე, წითელპიჯაკიანი ვერსაჩეს ელიტა…

ყველამ თავისი  ლინგვისტური  ინვესტიცია შეიტანა ქართულ ენაში. უამრავი ახალი გაქართულებული სიტყვა გაჩნდა - ნამდვილი ბარბარიზმების რევოლუცია დაიწყო... მე თვითონ ვარ მოწმე, 1991 წელს წასული, როდესაც  უკან  პირველად - 95 წელს დავბრუნდი, უამრავი სიტყვა არ მესმოდა, მიუხედავად იმისა რომ ვგრძნობდი - ბევრს ფრანგული ძირიც კი ჰქონდა... კაცმა რომ სთქვას,  ეს არც არის გასაკვირი. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლის პარალელურად ქართული  ენა თავად გმირულად იბრძოდა გადარჩენისთვის, ხან რომელი კოლონიზატორის ენასთან  უწევდა შეკედლება, ხან რომელთან..  ამას ისე შევეჩვიეთ, რომ რუსული იმპერიიდან თავის დაღწევის შემდეგ თითქოს განთავისუფლებულ ენას ისევე გაუჭირდა კოლონიზატორის გარეშე,  როგორც ადამიანებს და თავად მოძებნა  ახალი ლინგვისტური კოლონიზატორი - ამერიკულ ინგლისურს აეკიდა... თან მთელი თავისი რუსული, თურქული, სპარსული ძველმანებით გამოტენილი ლექსიკონი - სკივრებით, ჩემოდნებითა და ბოხჩებით. ამას კიდევ იმ ქვეყნებიდან ასხლეტილი და საქართველოში დაკარგული ტყვიასავით  მოხვედრილი ბრმა სიტყვები და ტერმინები დაემატა -   სადაც  ჩვენი ახლობლები არიან ემიგრირებულნი… ანუ თითქმის მთელი მსოფლიოდან... შედეგად  მარტივი სიტყვები და  ტერმინები საქართველოში ისეთ მნიშვნელობებს იძენენ, რომ ხშირად თავის ორიგინალურ ვერსიასთან საერთო აღარაფერი რჩებათ - ზუსტად ისე, როგორც დასავლელი დეპრესირებული მატლი ზამზები, რომლებიც ჩვენს კურთხეულ სამშობლოში პეპლებად ტრანსფორმირდებიან ხოლმე…

ბოლო წლებში ამ ხელოვნურმა ენამ ისე მიგვაჩვია ჩვენი ფანტაზმების რეალობად გასაღებას, საკუთარი აგრესიისა და სისასტიკის ხალხის ნებითა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვით შენიღბვამ,  რომ  საზღვარს  ირეალურთან მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც ის უკვე გადალახული გვაქვს  და საკუთარ დემაგოგიაში ისე მივექანებით, როგორც კონჩალოვსკის აწყვეტილი მატარებელი, რომლის  შეჩერება ზებუნებრივ ძალებსაც აღარ ძალუძთ.

2. NGO ტოტალიტარიზმი

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  პოლიტიკურ ტერმინი - პოპულიზმი ლამის საყოფაცხოვრებო მოხმარების სიტყვად იქცა. მან ელეგანტურად ჩაანაცვლა ძველი ქალაქური ტერმინი “პონტები” რომელმაც “თანამედროვე გამოწვევებს” ვერ გაუძლო. ამიტომ  დღეს ჩვენ ყველანი  “პოპულისტები” ვართ : ხელისუფლება, მისი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაშასადამე ევროპელებიც და “ზნაჩიტ”  რუსებიც, რა თქმა უნდა, გვაქვს ნაკურთხი რელიგიური პოპულიზმი, ამასთან ყველა კონფესიის, მართლმადიდებლურიდან დაწყებული ბაბტისტურ- ევანგელისტურით დამთავრებული, ათეისტური კაპასი პოპულიზმი, საავტორო კინოს გრძელი მდუმარე  კადრივით მოსაწყენი - ინტელექტუალური პოპულიზმი, აგრეთვე კულტურული, საპურმარილო, სამარხვო, შინაურული, ქუჩური... გვაქვს   ჰომოფობური, ლგბტ, ფემინისტური  პოპულიზმების მთელი გამა.. თუმცა ეს უკანასკნელები შეგვიძლია ზოგადად გავაერთიანოთ ყველაზე ძლევამოსილ - NGO პოპულიზმში (NGO არასამთავრობო ორგანიზაციის ინგლისური აბრევიატურაა, მისი ქართული ვერსია  “ასო”, განსაკუთრებით მრავლობითში  ცოტა არ იყოს ორაზროვნად ჟღერს... შესაძლოა ამიტომაც ვერ დამკვიდრდა ტერმინად).

ამ უკანასკნელთ განსაკუთრებული როლი აქვთ შესრულებული ქართული ლინგვისტური  ცელქობების მომრავლებაში. მათი   აგრესიული პოპულიზმი ბევრად აღემატება თავიანთი დასავლელი კოლეგებისას. ქართულმა არასამთავროებმა ფრანგული  ნაციონალური ფრონტისა არ იყოს, პოპულიზმი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების რანგში აიყვანეს და თვითონაც უკან მიჰყვნენ როგორც  ამ მეცნიერებათა ექსპერტები.

ალბათ შენიშნავდით - კითხვა რომელიც წლების განმავლობაში ასე აწუხებდა ტანჯულ ქართველ ტელემაყურებელს, თუ ვინ არიან ეს ყოვლისმცოდნე  „ექსპერტები”, სად იღებენ განათლებას, სად ყალიბდებიან, რა არგუმენტით აჰყავს ისინი მედიას ამ რანგში.. აი ეს კითხვები უკვე დაახლოებით ორი-სამი წელია აღარ ჩნდება. დღეს უკვე ბავშვმაც იცის, რომ  ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წევრები კი - სპეციალისტები. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მზარეული, პოლიციელი, ექიმი, კალატოზი… საკმარისია რაიმე  არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნათ, მაშინვე შესაბამისი  დარგის ექსპერტად გადაიქცევით… მაგრამ, ტელეექსპერტის სფეროს გარდა, არსამთავრობოებმა თავიანთი ენით ნამდვილი პოპულისტური სუბკულტურა შექმნეს.  დღეს ქართველი პოეტები, მწერლები, არტისტები და მუსიკოსებიც იმავე ტერმინოლოგიით საუბრობენ, როგორითაც მათი “NGO” ამხანაგები - მაგალითად:  სათაური  ლიტერატურულ ჟურნალში “თანამედროვე ქართული პროზა - XXI საუკუნის გამოწვევები”,  ან ლექცია თემაზე : “თანამედროვე ქართული პოეზია და თანამედროვე გამოწვევები!” კიდევ მრავალი სხვა..."გამოწვევებზე" ერთნაირად გიჟდებიან  სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდული ფრთის  ენთუზიასტები და “ალტერნატივშიკი” პოეტები და მუსიკოსები... წარმოგიდგენიათ? არტურ რემბოსთვის რომ გეკითხათ, რა გამოწვევების წინაშე დგახარო... ან გალაკტიონისთვის… თუმცა გალაქტიონი ალბათ უფრო  გაიგებდა.. ის კი არა  შეიძლება “ლეჩკომბინატის”  ფანჯრიდან გადახტომა გადაეფიქრებინა... ასეთ დროს ხომ იცით, ერთი პატარა ხუმრობაც საკმარისია ადამიანის გადასარჩენად - იქნებ მეტი იუმორით შეეხედა თავისი არსებობისათვის, რომელმაც მაშინდელი გროტესკული წითელი პოპულისტური  ეპოქის “გამოწვევებს” და საბჭოთა ტერმინებს ვერ გაუძლო... თუმცა ამ ერთი ნახტომით ქართული პოეზია კი გადაარჩინა…

როგორც ცნობილია ენა, ლაპარაკის მანერა ადამიანის გარეგნულ ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს. ასე იყო, მაგალითად, წელში მოხრილი, საკუთარ გაწვრილებულ ხმასავით გაწელილი  ძველბიჭების 70-იან ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე მოკლე სლოგანის “ჯოს” მსგავსად მოკლე წვეროსნების ეპოქაში… მაგრამ ასე არ არის დღეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელიც პლაცენდაში მოხვდა, სწრაფად განაყოფიერდა და თავად გადაიქცა ელიტად.  პატარა ბურჟუა ნჯოელის ფენომენი პრინციპში სულაც არ არის რაიმე განსაკუთრებული ქართული ნოუჰაუ -  ყველაზე ღარიბ  მესამე ქვეყნებში, სადაც დამსაქმებლები ძირითადად დასავლური ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჰუმანიტარული მისიები  არიან, დაახლოებით იგივე, საშუალო ყოყლოჩინა ფენის წარმოქმნის  ფენომენი დიდი ხანია შეინიშნება.

როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მიდიან და მართვას ადგილობრივ “დათრენინგებულებს” უტოვებენ, აქ უკვე იწყება  ის, რაც დაიწყო ერაყში, როდესაც დაბომბილი ქვეყანა ადგილობრივი სახელდახელოდ მომზადებული კადრებისა და არმიის იმედზე დატოვეს ამერიკელებმა - საქართველოს შემთხვევაში პოპულისტური ტოტალიტარიზმი - რომლის დროსაც უკვე ვეღარავინ ხვდება,  ვის რა უფლება აქვს კანონიერად და საბოლოოდ უფლებას მოიპოვებს ის, ვისაც მეტი ძალა აქვს - მეტი ძალა კი აქვს იმას, ვინც ყველაზე კარგად იყენებს ხალხის ნებით ელიტებთან ბრძოლის ხელოვნებით მანიპულაციების მეთოდებსა და ხერხებს, ვისაც უკვე მოპოვებული აქვს ეს მრისხანე და თავზარდამცემი - სამოქალაქო სექტორის მანდატი, რომელიც ყველა კარებს აღებს და ქვას ქვაზე არ ტოვებს!

საქართველოში  ოცი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომელსაც ყოველ წელს 1200 ემატება, და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა უფლებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების  ფუნქციონირების  მონიტორინგს ეწევა. ისინი თავის თავს მოფერებით “უფლებადამცველებს” უწოდებენ.. უცნაური ტერმინია არა? რაღაც ტერმინატორსა და შესანიშნავი შვიდეულის კოვბოის შორის... რასაც გინდა მოარგებ - ნებისმიერ უმცირესობასა თუ უმრავლესობას, ნებისმიერ რელიგიასა თუ სოციალურ ფენას და, რაც მთავარია, პროფესიას… არასამთავრობოებმა ფაქტობრივად პროფესიული სინდიკატების, გნებავთ პროფკავშირების როლიც მოირგეს და  ეს ყველაფერი ერთად ადამიანის უფლებების ამაღელვებელი დროშის ქვეშ გააერთიანეს...

საერთოდ - ქართველების ერთ-ერთი საყვარელი პროფესიაა შემმოწმებელი. უნდა აღინიშნოს, ძალიან კარგადაც გამოსდით. იყო ასეთი ორგანიზაცია სსრკ-ის დროს - მრისხანე სახელი -  ობხს - ერქვა. ფაქტობრივად ეკონომიური კგბ იყო, საქმოსნების, ანუ ახლებურად  ბიზნესმენების მთავარი რისხვა… ნახევარი საქართველო ოცნებობდა ამ ობხს-ში სამსახურის შოვნას, მეორე ნაკლებად “კვალიფიციური”  ნახევარი  კი - ავტოინსპექციაში მოხვედრაზე. ალბათ ხვდებით არა “ჩრდილოვან ეკონომიკასთან” და საგზაო ხულიგნებთან ბრძოლის ჟინის დასაკმაყოფილებლად.  ჩემი აზრით, საქართველოში  NGO- ბიზნესის ასეთი თავბრუდამხვევი გაფურჩქვნა  სწორედ  ობხს-ის გამოყოლილი გენის დამსახურება, ერთგვარი რეინკარნაციაა. სხვანაირად ძნელი ასახსნელია, თუ როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი უპოვარი და გაჭირვებულია, სადაც მოსახლეობის ტრაგიკულად დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებობს -  არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი  და განსაკუთრებით ტელევარსკვლავი ნჯო - ბურჟუაზია სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლით და გეოპოლიტიკითაა დაკავებული, ხოლო  მოგვიანებით, ადრე თუ გვიან თავიანთ ამბიციურ და აგრესიულ  ჰუმანიტარულ-კანცელარიულ  კარიერას დიდ პოლიტიკაში აგრძელებენ. მათი არასამთავრობო საქმიანობა ერთგვარი ბილეთი, საშვია სამთავრობო საქმიანობაში მოსახვედრად. ეს უკანასკნელი კი ჯერჯერობით მაინც ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება ჩვენს სამშობლოში.

სულ ახლახან  საზოგადოების ვირტუალურად აქტიური ნაწილი უზომოდ აღაშფოთა თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის  კალკულაციამ, რომელის მიხედვით  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების უფასო კვების რაციონში, ჯანმრთელობისათვის საკმარისი კილოკალორიებისთვის გამოყოფილი თანხა 1 ლარი და 18 თეთრი სრულიად საკმარისია. რა თქმა უნდა,  განსაკუთრებით და პირველ რიგში  აღშფოთების ავანგარდში  მესამე სექტორის  ელიტა და მასთან დაახლოებული ფეისსაზოგადოება გახლდათ. თითქმის მთელი კვირა  სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ტელეარხების ცნობილ ტოკშოუებში ძალ ღონეს, ცოდნასა და  შარმს არ იშურებდნენ იმის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, რომ ამ მთავრობას ადამიანი როგორც ასეთი -  ფეხებზე კიდია და საკუთარი პრემიების მეტი არაფერი ადარდებს.

(ყოველთვის მიკვირდა, რატომ ხდება, რომ სოციალური დახმარების ხარისხი ყოველთვის რეგიონალური და არა სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრება, თითქოს თბილისელს მეტი ან ნაკლები კილოკალორია სჭირდებიოდეს, ვიდრე, ვთქვათ, ზუგდიდელს, ან ხაშურელს, მაგრამ  ეს სხვა პრობლემაა, ამისთვის უფლებადამცველებს ჯერ არ სცალიათ, თუმც კი იკვლევენ  თუ რატომ ეტანება თბილისს “სოფელი”).

მაგრამ დავუბრუნდეთ  არასამთავრობოებს, მხოლოდ ამჯერად  საფრანგეთში.

ვისაც დასავლეთში უცხოვრია, ალბათ ხშირად წააწყდებოდა სუპერმარკეტების შესასვლელებთან სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების  ყველა ასაკის, სქესისა და  ორიენტაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საკვებ პროდუქტებს აგროვებენ მათთვის, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება.

ისინი სპეციალურ პარკებს  სთავაზობენ მარკეტში შემოსულ კლიენტებს, თუ სურვილი გაქვთ თქვენთვის ნაყიდი პროდუქტების პარალელურად, ბრინჯს, მაკარონს, კონსერვს, ბოსტნეულს, ხორცს, შაქარს, ყავას, შოკოლადს, პირადი ჰიგიენის საგნებს... იყიდით, ჩააწყობთ ამ პარკებში და გამოსვლისას დაუბრუნებთ  ამ ხალხს.

საფრანგეთის ყველა დიდ რეგიონს  თავისი  სპეციალური საკვები პროდუქტების ბანკი აქვს. ეს არის უზარმაზარი საათივით ორგანიზებული  სასაწყობო ტერიტორიები, სადაც  პერმანენტულად გროვდება და ხარისხდება მთელი ეს პროდუქტი. მათ შორის თქვენ მიერ ნაყიდი სუპერმარკეტში. შემდეგ ის ნაწილდება სხვადასხვა - სახალხო მაშველთა, წითელი ჯვრის, კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა ასოციაციებში... მათი რიცხვი დაახლოებით ხუთი ათასია. ისინი უკვე დისტრიბუციას ახდენენ სპეციალურ პუნქტებში, ეგრეთ წოდებულ, “გულის რესტორნებში”, რომელიც მთელ ქვეყანაშია და, რა თქმა უნდა,  ქუჩაში, ადგილზე - ყველაზე უპოვართათვის...

უკვე ოცდაათი წელია, ზემოთ ხსენებული ბანკები ყოველი წლის ნოემბრის ბოლო უიკენდზე ატარებენ საყოველთაო საკვების მარაგის შეგროვების აქციას. რომელშიც მონაწილეობას 125 000 მოხალისე იღებს: უფროსკლასელები, სტუდენტები, პენსიონერები, აგრეთვე აქტივისტები. აქცია საფრანგეთის დაახლოებით 9000 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება.

წელს, ნოემბრის ბოლო უიკენდზე, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო თბილისის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თეთრებს, წიწიბურას მარცვლების რაოდენობასა და კალორიებს, აგრეთვე საკრებულოს წევრი ქალბატონის ჰუმანურობის ხარისხს  ითვლიდა, ფრანგულ “არასამთავრობოების” მიერ ორგანიზებულმა ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქეებმა სახელმწიფოს დახმარების გარეშე 12 ათასი ტონა საკვები პროდუქტი შეაგროვა, რაც 200 მილიონი რაციონის ეკვივალენტია წლის განმავლობაში… მედიამ ფართოდ გააშუქა ეს მოვლენა და კიდევ ერთხელ შეახსენა ადამიანებს, რომ საშუალო ფრანგი წელიწადში დაახლოებით 20 კილოგრამ საკვებ პროდუქტს ყრის იმ დროს, როდესაც  ათასობით მათ თანამემამულეს არ ჰყოფნის შემოსავალი, რომ ნორმალურად გამოიკვებოს თავი.  ეს აქცია ნოემბრის ბოლოს -  სწორედ შობის წინ ტარდება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი საშუალოდ რამდენ კილოგრამ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს ატანს ნაგავს  საშუალო ქართველი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით შობა-ახალი წლის გასტრონომიულად აღვირახსნილ დღეებში... მათ შორის ისინიც, ვინც საკრებულოს მიერ გამოყოფილ წიწიბურას კალორიებს ითვლიდა… ეჭვი მაქვს 20 კილოგრამს ბევრად უნდა აღემატებოდეს. ეს ცალკე სერიოზული მსჯელობის საგანია.

ალბათ  საქართველოშიც არსებობენ ასეთი ორგანიზაციები, თუმცა მე არასდროს არ შემხვედრია - არც სუპერმარკეტის შესასვლელებში, არც ქუჩაში… ერთხელ გადავეყარე მხოლოდ სპორტულად გამოწყობილ  საშუალო ასაკის მაღალ ქერა მამაკაცს, რომელმაც ასფალტზე წამოწოლილ უსახლკარო კაცს პლასტმასის ჭიქაში სუპი დაუსხა თერმოსიდან და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას, გარეგნულად ჩრდილო ამერიკელს ჰგავდა.

ქართულ მედიასა და ტელევიზიას მხოლოდ კონტროლიორი არასამთავრობოების წარმომადგენლები უყვართ და აინტერესებთ. ისინიც დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ნებისმიერ დებატში, რასაც არ უნდა ეხებოდეს თემა. ადრე ტელევიზორში მოლაპარაკე ყოვლისმცოდნე ქალებისა და მამაკაცების გამოსახულების  ქვეშ ნდობისთვის “ექსპერტის” სრულიად სასაცილო ტიტული სავსებით საკმარისი იყო, ახლა  ისეთი გროტესკული დასახელებების არასამთავრობოების სახელების მთელი გამა დაემატა, რომ სპეციალური განმარტებითი ნჯო ლექსიკონი თუ არ შევქმენით მალე ქართული ენის ცოდნა აღარ იქნება საკმარისი არა მარტო მათი ნალაპარაკევის, არამედ მათი მრისხანე სტატუსების დასადგენად.

გახსოვთ ჰიჩკოკის ჩიტები? მათი შემზარავი ხმაური… მათი ბრჭყალებიან-ნისკარტიანი სისასტიკე… ფრინველების ფობია… არსებობს ასეთი დაავადება.

ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დაავადებულია NGO ფობიით. მათ არავინ მიიჩნევს “არასამთავრობო” ორგანიზაციებად. პირიქით, დარწმუნებული ვარ, გამოკითხვა რომ ჩატარდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ სწორედ სამთავრობო, პოლიტიკურად, ფინანსურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებად თვლის.  რაც ძალიან ცუდია. ჰიჩკოკის ჩიტების სისასტიკე არ არის არგუმენტი ზოგადად ჩიტების სიძულვილისათვის, მაგრამ როდესაც ფობია ჩნდება, მერე ძნელია ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. არა და  ფაქტია:  მსოფლიო გაცილებით დაუნდობელი, სასტიკი და უსამართლო იქნებოდა არასამთავრობო ინსტიტუციების  გარეშე… და ძალიან დასანანია, რომ ამის დამტკიცება საშუალო ქართველისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება,

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა  ინსტიტუცია, არც არასამთავრობო სისტემაა იდეალური. ის ისევე ექვემდებარება კონტროლსა და კრიტიკას. როგორც ნებისმიერი სხვა  ინსტიტუცია. მეტიც მათი კრიტიკა - აუცილებელია, რომ ისინი რაღაც რელიგიურ სექტებად და მაფიოზურ კლანებად არ გადაიქცნენ, ამის  მაგალითები უამრავია მთელ მსოფლიოში - ადმიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახელით იმდენივე ბოროტებაა ჩადენილი, რამდენიც ღმერთისა და სამშობლოს სახელით -  ადამიანები სხვისი ბავშვების მკვლელობას საკუთარი ბავშვებზე ზრუნვით ვამართლებთ - ასეთია ჩვენი ბუნება.

საქართველოში არასამთავრობოთა ინსტიტუცია სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგას, რადგან მათი დიდი ნაწილი მარტივ პოპულისტურ რიტორიკაზე დაფუძნებული ოპორტუნიზმით არა მხოლოდ საკუთარი თავის, ზოგადად იმ ფასეულობების დისკრედიტაციას ეწევა, რომლებიც მათივე პოპულიზმის მთავარ შემადგენელ ინგრედიენტებს წარმოადგენენ - ეს პირველ რიგში არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სხვა.. და სხვა.

ქართული არასამთავრობოების დიდ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ძირითად კრიტერიუმებთან, რომელითაც განსაზღვრულია საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტალური კონცეფცია: არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა ასრულებდეს სამუშაოს მატერიალური და კარიერული ბენეფიტისთვის, ის უნდა იყოს ფინანსურად და პოლიტიკურად სრულიად დამოუკიდებელი. და მისი არსებობის არსი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა უნდა იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი კრიტერიუმები უაღრესად თავმდაბალი და სიმპათიურია. და ის ორგანიზაციები, რომელთა მოღვაწეობა სწორედ ამ ოთხ კრიტერიუმს ეფუძნება, ბევრ კეთილ და სასარგებლო საქმესაც აკეთებენ. ასეთები ალბათ საქართველოშიც არიან, მაგრამ  გამუდმებით  ტელეპროჟექტორების  კონტრაჟურში მყოფი ნჯო-თანავარსკვლავედის ფონზე არასდროს არ ჩანან.

ამიტომ სიღარიბითა და საკუთარი ისტორიული მისიით  ქანცგაწყვეტილი ქართველების ეს უბედური თაობა ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ზუსტად ისე მსჯელობს, როგორც ევროპული ფასეულობების შესახებ -  ნაციონალური მოძრაობის მათრახიანი და ცინიკური  “ევროპული” ორიენტაციის შემდეგ -  უკიდურესად უარყოფითად, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ აღარც მსჯელობს. მათ დიდი ხანია,  ტელეეკრანის გლუვი და ცივი  ზედაპირიდან გამოიტანეს ბრტყელი  დასკვნები… და თავად გახდნენ ირონიულები და ცინიკურები. ამის შედეგად ეს უაღრესად სასარგებლო და საჭირო ინსტიტუცია და მასთან ასოცირებული დასავლური  ფასეულობები, რომლებზეც მათ  დამფუძნებლებს რაღაც  მამლაყინწური, გაპოპულისტებულ - “ გაპაპსავებული” ექსკლუზივი აქვთ  ხელში ჩაგდებული და რომელსაც წვეტიანი კბილებითა და ბრჭყალებით იცავენ,  -  საქართველოში ფაქტობრივად სრულიად დისკრედიტირებულია.

არასამთავრობოების დიდი ნაწილი  სწორედ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტებს წარმოადგენენ, ან უკეთეს შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკური მომავლისათვის ნიადაგს ამზადებენ. მათი რიტორიკის სპექტრი კონტექსტის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება. თუმცა ძალიან ადვილად შესამჩნევი სიყალბე, რომელიც ამ რიტორიკას ახლავს თან, დროთა განმავლობაში იწვევს აგრესიას მათ  და, შესაბამისად,  იმ ფასეულობების მიმართ, რომელთა დამახინჯებული პოპულიტური ინტერპრეტაცია მათ ძირითად საყრდენს წარმოადგენს. ამასთან საკმაო სოლიდარობა აკავშირებთ ერთმანეთთან, რადგან იციან, რომ ცალ-ცალკე ნებისმიერი მათგანის ფასი კაპიკია, ამიტომ  ისინი ყოველთვის ერთსულოვნად  ცდილობენ მათი აგრესიული დემაგოგიის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლად  წარმოაჩინონ. ამით სინამდვილეში  ევროპული ფასეულობების იმ ნარჩენების დისკრედიტაციასაც ახდენენ, რაც თავად ნჯო-მენტალიტეტის ფუძემდებელ ნაციონალურ მოძრაობასა და მის საკვირველ ლიდერს სასწაულით გადაურჩა.

ყოველივე ამას კი რა თქმა უნდა სჭირდება ენა, რომელიც თავისთავად ჩამოყალიბდა  დემაგოგიის რეალობასთან  ბრძოლის ქარ-ცეცხლში.

ზოგადად პოპულიზმი პროპაგანდისგან იმით განსხვავდება, რომ  ალიბის მოპოვებისთვის, რაღაც დოზით უშვებს განსხვავებული აზრს, მეტიც - თავადვე იკვებება ამ განსხვავებული აზრით, მის არსებობას იყენებს მათ წინააღმდეგ, ვისგანაც ეს აზრი მოდის… მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. სანამ  ზამზა -  მატლიდან ტოტალიტარულ რკინის  პეპლად არ გადაიქცევა და  თავის ტრანსფორმირებულ მახინჯ ფასეულობებს არ მოახვევს  თავს - მისი ფრთებქვეშ შეყუჟულ, ბუნებით კონფორმისტ და შემგუებელ  საზოგადოებას ძალითა და ტერორით.

ეს ერთგვარი თუთიყუშის სუბკულტურის ენაა. ის ნულოვანთა თაობის გასულ ათწლეულში ჩამოყალიბდა, რომელშიც ფაქტობრივად არაფერი საინტერესო, თვითმყოფადი არ შექმნილა: არც კულტურა და არც მისი ალტერნატივა, ეს იყო სრული დეკადანსის ათწლეული, როდესაც 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა ინერციით გადმოსული  კინეტიკური ენერგია ისე უიმედოდ ჩაკვდა, რომ  თითქოს სამყაროს ყველაზე ფუნდამენტალური კანონის საწინააღმდეგოდ, პოტენციურშიც კი ვერ გადაიზარდა. ნულებიდან აღმოცენდა ახალი ბასრნისკარტ-ბრჭყალება ადამიანი გუგულების  ნულოვანი ენერგია, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ის, რასაც ალტერნატივაც კი არ სჭირდება, რადგან არაფერი არ არის, ნულიანთა დეკადანსიდან ჩვენ მივიღეთ ნული... არაფერი და მხოლოდ “აურზაური ამ არაფრის გამო”.

მე საფრანგეთში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის მეორე მანდატის შუა პერიოდში გადმოვედი საცხოვრებლად. რამდენიმე წელიწადში, როდესაც მიტერანი ჟაკ შირაკმა შეცვალა, ერთმა ჩემმა მეზობელმა მოხუცმა კაცმა ამიხსნა, თუ რატომ გაუჭირდება საფრანგეთს კიდევ კარგა ხანს იმ ნეხვიდან ამოძრომა, რომელშიც, მისი აზრით,  თოთხმეტწლიანი მმართველობის შედეგად ყელამდე ჩასვეს სოციალისტებმა.

-  ახალგაზრდები -  მითხრა - “იმის ნაცვლად რომ ფიქრობდნენ რაიმე ახალი საქმის წამოწყებაზე, რისკს იღებდნენ, რაიმე მომგებიანი იდეების განხორციელებას ცდილობდნენ,  ფიქრობენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ რამდენიმეწლიანი სავალდებულო განათლების კურსი და  როგორმე  ფუნქციონერები გახდნენ ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომ დარჩენილი ცხოვრება გარანტირებული ხელფასი ჰქონდეთ!

მართლაც, საფრანგეთში  ფუნქციონერის სამსახურიდან გაშვება არც დღეს არის ადვილი საქმე. სერიოზული, ლამის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა უნდა დაუშვას და თან უნდა დამტკიცდეს კანონის სრული დაცვით. ოთხმოცდაათიანებში კი თითქმის წარმოუდგენელი იყო. ასეთ დანაშაულებს ფრანგი ფუნქციონერები არ, ან თითქმის არ სჩადიან.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი მართლაც ერიდებოდა რისკს და ცდილობდა  ჩინოვნიკის გარანტირებულ პოსტზე მოწყობილიყო. ეს თაობა დღეს ორმოცი-ორმოცდაათი წლისაა. ჩემი მეზობელი მოხუცი კარგა ხანია გარდაიცვალა. ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის კუთხით კარგისკენ - ნამდვილად არა. და ეს არ არის მხოლოდ  პრეზიდენტებისა და მთავრობების  ბრალი.  მე მგონია, რომ ჩემი მოხუცი მეზობლის  ბრაზიან მსჯელობაში იყო სიმართლისა და წინასწარმეტყველების მარცვალი.

საქართველოში მსგავსი პოსტსაბჭოთა პარაზიტების  ფენა ნულოვანი წლების დასაწყისში არასამთავრობოებმა შექმნეს: ალბათ  გახსოვთ - სააკაშვილის ხელისუფლების თითქმის მთელი ელიტა არასამთავრობოებიდან იყვნენ გამოსული - გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი… ღმერთო ჩემო!  ახლაიებიც კი უფლებადამცველები იყვნენ! და მგონი მათი ლუკა ბრაზი -  მეგის ქარდავაც!

თანამედროვე გამოწვევებთან მებრძოლი წარმატებული ახალგაზრდის სახე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტი გახდა.

დანარჩენები წარსულში ჩარჩენილი ლუზერებად კლასიფიცირდნენ, რომლებიც ამ ენთუზიასტ ნეო კომკავშირელების ყამირის  გასატეხად მიმავალ  “მატარებელს ჩამორჩნენ!”... დიახ სწორედ ასე უწოდებდნენ  ბლაგვნისკარტა გუგულები... არშემდგარებს, დაბოღმილებსა და ლუზერებს. ძალიან ფასობდა მაშინ ეს სიტყვა ქართული პოლიტიკურ-სოციალური ელიტის ლექსიკაში. ის მაშინვე წარმატებულის და "შემდგარის" პოზიციაში გაყენებდა - საკმარისი იყო მხოლოდ სწორად წარმოგეთქვა  ეს ექვსასოიანი სიტყვა და მორჩა! მიშას "კუკუშკას" საერთო ვაგონში ცალ ფეხზე დასადგომი ადგილი გარანტირებული გქონდა.

იმ წლებში ზოგიერთი ნაცნობი ხშირად  მეკითხებოდა,  რატომ არ ვხსნიდი რაიმე არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში?… "ლაპარაკი კარგად გეხერხება და წერა!"   - ზუსტად ასე მეუბნებოდნენ…  სიმართლე გითხრათ ვერც კი ვიგებდი წესიერად, რატომ მეკითხებოდნენ. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ამ ინსტიტუციას ასეთი პრაქტიკული დანიშნულება თუ შეიძლებოდა ჰქონოდა - საფრანგეთში საქართველოსგან განსხვავებით არასამთავრობოებს ძალიან იშვიათად ხედავ და ისიც, ქართველი ნჯო-მეგა ვარსკვლავებისგან განსხვავებით,  სულაც არ არიან ისეთი -  როგორც ფრანგები იტყოდნენ -  სექსი ხალხი,  რომ  მაინცა და  მაინც მათკენ გაგიწიოს გულმა… ხაზგასმულად უბრალოდ ჩაცმულ-დავარცხნილი, უფრო ხშირად კი დაუვარცხნელი ხალხია… რომ გითხრათ ფრანგულ ტოკშოუებში გამუდმებით ეგენი განიხილავენ მსოფლიო გეოპოლიტიკის პრობლემებს-მეთქი, ძალიან უკბილო ხუმრობა გამომივა. ის კი არა, რომ გამიგონ შეიძლება ძალიან გამიბრაზდნენ კიდეც…

სამაგიეროდ ჩვენთან ჩვეულებრივი ადამიანური პრობლემებიდან დაწყებული მსოფლიო გეოპოლიტიკით დამთავრებული  ამ “მესამე სექტორს” ისე აქვს კრემიანი ტორტივით სექტორებად დახაზულ-დაჭრილი და დანაწილებული ჩვენი ცხოვრება, რომ  მათი ინსტრუქციისა და ნებართვის გარეშე  ტორტისკენ ხელის გაპარება ძალიან საშიში გახდა. მაშინვე თავში გდრუზავენ პოლიტკორექტულობის კომბალს. არადა, ისე მადის  აღმძვრელად გამოიყურება... როგორ გინდა გაუძლო ცდუნებას!  ტორტის კრემი საბჭოთა მენტალობაა. ცენტრში შოკოლადის  სტალინი დგას, აქეთ-იქით კი ასევე  კარამელის იესო, თეთრი ბეზეს ბატკნები, ნუგას მუჰამედი,  ღვთისმშობელი,  ეკლესიები, კრემის ჯიპები, მათრახიანი ღიპიანი კაცები და დასახიჩრებული ქალები... ყველაფერს გენდერული მადლი აქვს მოფრქვეული ნუშისა და თხილის  ფხვნილივით...

ფემინიზმმა, რომელმაც გასულ საუკუნეში  სრულიად შეცვალა სამყარო, საქართველოში ფაქტორივად ქურდული გაგება ჩაანაცვლა. არ ვხუმრობ. სიტყვა ქალის ხსენება ისეთივე საშიში გახდა, როგორც  კანის ფერის ან სექსუალური ორიენტაციის...  სულ დაძაბული ხარ, არ ხარ დარწმუნებული, რომ კონტექსტი სწორად შეარჩიე, სწორად ჩამოაყალიბე სათქმელი, არაფერი შეგეშალა… რომ ეს სასტიკი გუგულები გაგიგებენ…

ზუსტად იგივე გრძნობა მქონდა 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისში როკენროლი და ქურდული გაგება ერთდროულად იქცა სუბკულტურად - როკენროლთან დაკავშირებით ყველაფერი ზუსტად ვიცოდი, მჯეროდა, რომ ღმერთი გიტარისტია, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქსზე მაგრად მაინც ვერ უკრავს... აი ქურდებთან დაკავშირებით კი ათასი კითხვა მქონდა თავში გაჩრილი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, რადგან რამდენჯერაც გავბედე იმდენჯერ სასტიკად  დავისაჯე  “საზოგადოებისგან”, ანუ ძმაკაცებისგან  გარიყვით. ძალიან ბევრი  ჩამჭრელი შეკითხვა და დაუნდობელი მოჭუტული თვალების მზერა იყო გარშემო... ყურადღება ერთი წუთით არ უნდა მოგედუნებინა, თორემ მაშინვე დაიწყებოდა.. “ ეე ეგ არაქურდულია!” ,”ბოზურია”.. და ა.შ… ყველაფერი  როგორც წესი, სკოლის უკანა ეზოში ჩხუბით  მთავრდებოდა. უნდა გითხრათ ყოველთვის მძულდა ეს ქურდული გაგება... მე მგონი ზოგიერთი ფემინისტის არ იყოს, ქურდულ გაგებაზე მიკედლებულ ქუჩის ბიჭებსაც სძულდათ, მაგრამ რას იზამდნენ... ეს იყო პური და აზრი მათი უბადრუკი არსობისა, რომელიც სხვაზე თავდასხმასა და აგრესიაში პოულობდა დასტურს.

დღესაც, როგორც მაშინ, გენდერული თანასწორობის შესახებ შეკითხვის ხმამაღლა დასმა ნერვული სისტემისთვის არ არის რეკომენდებული. ამ “დარგის” ექსპერტების - ქართველი პარტიზანი ფემინისტების ექსტრემისტი და მაჩო ნაწილის შიშით, რომლებიც  მამაკაცებს ისე უყურებენ, როგორც სვიფტის ცხენები გულივერს, მხოლოდ მათგან განსხვავებით ამ ღონიერ და ბოროტ "ცხოველებს" რეპროდუქციულ როლს მაინც აკისრებენ...  არადა,  დიალოგი მართლა საჭიროა, მხოლოდ ადამიანური დიალოგი და არა აგრესიული თრენინგებიდან მორჩენილი და შემთხვევით თავში გაჩხერილი ტერმინების  უმისამართო ფანტვა აქეთ-იქით, და მისი შედეგი:  არასწორად შევსებული კროსვორდივით უშნოდ  გადაჯღაბნილი საზოგადოება.

8 დეკემბერს (2015) საფრანგეთის ტელევიზიის საზოგადოებრივი არხის ახალი ამბების მთავარ 20 საათის გამოშვებაში საკმაოდ დიდი სიუჟეტი მიეძღვნა თემას - ქალები და მათემატიკა. სიუჟეტის დასაწყისში  გვიჩვენეს მსოფლიოში ცნობილი  პარიზის საინჟინრო სკოლის (École d'ingénieur)  მათემატიკის აუდიტორია, სადაც ლექციას 90 სტუდენტიდან მხოლოდ ცხრა ახალგაზრდა ქალი ესწრებოდა. სიუჟეტის მთავარი შეკითხვა სწორედ ეს იყო - რატომ არიდებენ ქალები თავს ისეთი პროფესიების არჩევას, რომლებიც რატომღაც ტრადიციულად  მამაკაცურად ითვლება? თავად სტუდენტი გოგონების  აზრით, ეს შესაძლოა სტერეოტიპების ბრალია, რადგან მათ ბევრ ნათესავს დღემდე უკვირს, რომ საინჟინრო სკოლა აირჩიეს და არა ასევე პრესტიჟული კომერციის. უცნაურია.

რეპორტაჟის მეორე ნაწილში გადავდივართ ლიონის ტვინის ლაბორატორიაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ქალისა და მამაკაცის ტვინის შესაძლებლობებს მათემატიკური ამოცანების გადაჭრაში. შედეგებმა აჩვენა, რომ მამაკაცის ტვინი სულ მცირედ, უმნიშვნელოდ აღემატება ამ კუთხით ქალის ტვინს. მაგრამ როგორც კი ცდების ჩატარებისას ქალის ტვინში შეჰყავთ სტერეოტიპული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არ არის შექმნილი მათემატიკისათვის და რომ მამაკაცის ტვინი ბევრად აღემატება ქალისას - ქალის ტვინის შესაძლებლობები მკვეთრად იკლებს და გრაფიკულ სურათზე ის დაახლოებით გამოიყურება როგორც ოცი ასზე. ქალის მენტალურ შესაძლებლობებზე, როგორც ჩანს, მკვეთრად მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ემოციური ზონა თავის ტვინში, რომელიც სტერეოტიპული ზეწოლის გავლენით მყისიერად ირთვება და ამუხრუჭებს ქალის ტვინის ზუსტად ისეთივე ხარისხის  მათემატიკურ შესაძლებლობებს, როგორიც გააჩნიათ მამაკაცებს.

ესეც ასე - დააყოლა ბოლოს წამყვანმა დავიდ პუჟადამ ღიმილით - ყველა ინფორმირებული  ხართ…

უდავოდ საინტერესო სიუჟეტია, მაგრამ გარდა მთავარი ხაზისა,  აქ საინტერესო ის არის, რომ საფრანგეთშიც კი არსებობს თურმე  გენდერული სტერეოტიპები და პრობლემები… მაგრამ მათზე სალაპარაკოდ სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი ადამიანური ენით საუბარი!.. სიუჟეტი მომზადებულია აბსოლუტურად არაანგაჟირებული ჟურნალისტებისა და რედაქციის მიერ, ის სრულიად თავისუფალია, სხვა არანაკლებად გამაღიზიანებელი ისეთი სტერეოტიპებისგან,   რომლებიც თავიანთი ზემოქმედებით უკვე მამაკაცების ტვინში ააქტიურებენ ასევე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ემოციურ ზონას. რის შედეგადაც ისინი სრულიად კარგავენ ობიექტური ანალიზის უნარს ქალების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. შედეგად ვღებულობთ… არაფერსაც არ ვღებულობთ,  მხოლოდ ისევ “აურზაურს “არაფრის” გამო, რომელსაც არავითარი სასარგებლო შედეგი არ მოაქვს, ქალებისა და მამაკაცების ემოციური  ზონები ისევ გაღიზიანებულნი და ერთმანეთისთვის უცხონი რჩებიან, ქალები ისევ ირჩევენ ამ “ქალურ პროფესიებს” კაცები კი - კაცურს… საქართველოში მით უმეტეს.

ზემოთ ხსენებული ნჯო-ელიტები კი,  მხოლოდ ზეთს ასხამენ ცეცხლზე, ზოგჯერ ფინანსური, ზოგჯერ კარიერული ბენეფიტის, ზოგჯერ კი უბრალოდ თვითდაჯერებულობის, ასე ვთქვათ, საკუთარი ეგზისტენციალური დასტურისათვის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მათ გადაწყვიტეს, რომ არბიტრალური  როლი სწორედ  მათ ეკუთვნით და სხვას არავის.  რაშიც  სასწრაფოდ დაეთანხმა და  პოზიციების განმტკიცებაში სიამოვნებით დაეხმარა თავად “შეზღუდული კრეატიულობის” პოპულისტი  მედია… კიდევ უფრო პოპულისტი  პოლიტიკური სპექტრი  კი უბრალოდ იძულებული გახდა, რადგან მედია, რელიგია და მესამე სექტორი  სწორედ მათი ეგზისტენციალური პოპულიზმის ძირითადი  საყრდენია. საბოლოოდ კი აი ასე მივიღეთ “პოპულისტური ტოტალიტარიზმი”, რომელშიც, სამწუხაროდ, გვიწევს  ცხოვრება  და რომელიც, რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს.

საზოგადოება მხოლოდ მაშინ ქმნის ცივილურ სახელმწიფოს, როდესაც მისი თითოეული წევრი თავად ცდილობს პროგრესირებას და თავს არ აფარებს სხვის პროგრესულობას, როდესაც თავად ქმნის პიროვნულ  თავისუფლებას და არ ტკბება ჯოგური თავისუფლებით.

ცნობილი ციტატა  - ჟანპოლ სარტრი  : “თავისუფლება არჩევანია”. ლოზუნგივით კი ჟღერს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა. თავისუფლება მართლაც არჩევანია, მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი და არა კოლექტიური შეთანხმება.. ან თუ გნებავთ კომპრომისი..

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^