Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეთამაშება თვითმკვლელობასთან

11 იანვარი 2016

სოციოფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ადამიანები 5 სუიციდურ კატეგორიად იყოფიან: ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობაზე არასდროს დაფიქრებულან; ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ ფიქრობენ თვითმკვლელობაზე; ადამიანები, რომლებიც იმუქრებიან თავის მოკვლით; ადამიანები, რომელთაც თვითმკვლელობა უცდიათ; და ბოლოს და ბოლოს ადამიანები, რომელთაც თავი მოიკლეს. თვითმკვლელი მწერლები, სამწუხაროდ, ყველა ეპოქაში ცხოვრობდნენ...

თვითმკვლელ მწერალთა რიგებში უზარმაზარი მწერლებიც არიან, თუმცა ეს კრიტერიუმი მწერლის სიდიდის განსასაზღვრად არ ვარგა, რადგან დიდ მწერლებს შორის იყვნენ ისეთებიც, დიდხანს რომ იცოცხლეს და სუიციდურ მიდრეკილებებში არ იყვნენ შემჩნეული - ლევ ტოლსტოი, გოეთე და სხვები. თუმცა იყვნენ მწერლები, რომელთაც თავის დროზე ეს ამბები დაატრიალეს.

ცნობების მიხედვით, სუიციდი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთს შეეხო. დიდი პოეტებიდან, მაგალითად, საფომ მოიკლა თავი, დიდი ფილოსოფოსებიდან - დემოკრიტემ და დიოგენემ, სოკრატეს შემთხვევა კი, რა თქმა უნდა, სპეციფიკურია. შეიძლება ითქვას, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა თვითმკვლელობა სახელმწიფო იძულების წესით, მაგრამ მანამდე სოკრატე ისე მოიქცა, რომ ფაქტობრივად თავად განსაზღვრა მისი სიკვდილით დასჯა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ამას გარდა, სენეკას თვითმკვლელობა - პოლიტიკური მომენტი; ტერენციუსი - თვითმკვლელობა ლიტერატურული ხასიათისაა. გადმოცემის მიხედვით, მან საკუთარი კომედიების ტექსტი დაკარგა და თითქოს ამიტომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.

ფაქტია, მწერლების თვითმკვლელობას ღრმა და საფუძვლიანი ფიქრები, რეფლექსია ახლავს თან, ვინაიდან მათ გაცილებით მეტი თქვეს მკვლელობაზე, თვითმკვლელობაზე, ვიდრე სხვამ. ამ მწერლებს ეხერხებოდათ ჩვენთან კომუნიკაცია.

ფრანგული ლიტერატურა სავსეა თვითმკვლელი მწერლებით, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა სომხური წარმოშობის ფრანგი მწერლის - არტურ ადამოვის თვითმკვლელობა. ასევე, რუსულ-ებრაული წარმოშობის უბრწყინვალესი მწერლის, რომენ გარის შემთხვევა, ჟერარ დე ნერვალის თვითმკვლელობა, რომელიც ამავე დროს უმძიმესი ფსიქიკური დაავადებით იყო დაავადებული...

გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს სუიციდის გარკვეული ტრადიცია, არსებობს კულტურა, სადაც ყველა დიდმა მწერალმა თავი მოიკლა. მე დავასახელებ სამ დიდ მწერალს, რომელზე დიდიც იაპონურ ლიტერატურაში არავინ მეგულება. ეს ის ხალხია, მარტო იაპონელებისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის რომ გახდნენ გასაგები: რიუნოსკე აკუტაგავა - ერთ-ერთი უდიდესი და მგონი ყველაზე ევროპული იაპონელი მწერალია; ნობელის პრემიის ლაურეატი იასუნარი კავაბატა, უზარმაზარი მწერალი; დაბოლოს, იაპონური ლიტერატურის, კინოს და საერთოდ იაპონური ცხოვრების მშვენება და უდიდესი წარმომადგენელი იუკიო მისიმა ან მიშიმა, როგორც გენებოთ - სეპუკუთი დაასრულა სიცოცხლე, ჩვენებურად რომ ვთქვათ - ხარაკირით. მანვე შეძლო აღეწერა სეპუკუ, თითქმის თეატრალური თვითმკვლელობა ბრწყინვალე მოთხრობაში - „პატრიოტიზმში“, შემდეგ კი ზუსტად იგივე გაიმეორა.

როგორც ჩანს, იაპონიაში სიცოცხლესთან გამოთხოვების ხერხები სხვადასხვანაირია - აკუტაგავამ ვერონალი დალია, კავაბატამ გაზით მოიწამლა თავი, მისიმამ სეპუკუ გაიკეთა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იმ დიდი სამწერლობო გზის დასასრული იყო, რომელსაც ეს ადამიანები ადგნენ. ამ ყველაფერს ახლდა აღწერა. განსაკუთრებით აკუტაგავას შემთხვევაში დაგვრჩა უზარმაზარი სულიერი სიმდიდრე ნაჩვენები ეგზისტენციალურ, ანუ სიკვდილისწინა სიტუაციაში. ამიტომ მწერალი და მკვლელობა, მწერალი და თვითმკვლელობა ამ შემთხვევაში უბრალო რამ აღარ არის. მას თან ახლავს ისეთი ხასიათის თვითაღწერა, საკუთარ თავში იმ დონეზე ჩაღრმავება, რომელიც, როგორც წესი, პერსონაჟებისათვის ძნელი გასამეტებელია.

განსაკუთრებით საინტერესოა თვითმკვლელობათა სერია რუსულ პოეზიაში. საბჭოთა პერიოდში ერთმა ავტორმა მეორეს თვითმკვლელობის გამო უსაყვედურა. შემდეგ თავად დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ხოლო ორივე მათგანს სიკვდილი მესამე რუსმა პოეტმა დაუწუნა, რომელმაც სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა.

მხედველობაში მაქვს რუსული ლიტერატურის, რუსული პოეზიის ისეთი დიდი წარმომადგენლები, როგორებიც არიან სერგეი ესენინი, რომლის თვითმკვლელობას აღშფოთებული შეხვდა ვლადიმერ მაიაკოვსკი და თქვა, რომ თავის მოკვლა ადვილია, სიცოცხლის მოწყობა კი გაცილებით უფრო რთულიო. შემდეგ თვითონ ვერ მოაწყო სიცოცხლე, ვერ მოერია საკუთარ თავს, ვერ მოერია, როგორც სასიყვარულო, ისე, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მოძალებას - თავი მოიკლა, ბოლოს კი მარინა ცვეტაევა, რომელმაც არც ერთი თვითმკვლელობა მიიღო, არც მეორე, სანამ თავის თავს განაჩენი არ გამოუტანა ელაბუგაში.

საკმარისია გავიხსენოთ ჩვენი მშობლიური ამბები, ქართული ამბები თვითმკვლელობისა. არ შევეხები იმ შემთხვევებს, რომლებიც ერთი შეხედვით სუიციდს არ ჰგავს. არ ვიტყვი ბარათაშვილისა და ვაჟა-ფშაველას სიკვდილზე, თუმცა კი ერთიცა და მეორეც ფაქტობრივად უახლოვდება ამ მდგომარეობას, ვინაიდან საზოგადოებრივი ყურადღება ერთსაც და მეორესაც აკლდა.

ამას გარდა, დაკარგული გვყავს ვანო მაჩაბელი, რომელმაც შესაძლოა თავი მოიკლა, თუმცა მისი ბედი გაურკვეველია. მაგრამ XX საუკუნეში, მაშინ როდესაც, პოეტის სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველოს კაენის სულის აღზევებამ გადაურა - თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა! კი ბატონო, იყო რეპრესიები, ამ პერიოდს უამრავი ადამიანი შეეწირა, მაგრამ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა განსაკუთრებული შემთხვევაა, ვინაიდან მან ეს სპეციალურად გააკეთა მწერალთა სახლში და ამ თვითმკვლელობას საბჭოთა ხელისუფლებისგან ძალიან მრისხანე რეაქცია მოჰყვა - თვითმკვლელი პოეტი მოღალატედ და მტრად გამოაცხადეს, დარაზმეს ქართველი მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები და გარდაცვლილი ადამიანი გაალანძღვინეს. ეს ჩვენი ცხოვრების, განსაკუთრებით კი ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრების უსამარცხვინოესი ლაქა იყო, ისევე როგორც 30-იანი წლები და საბჭოთა ხანა. ქართული მწერლობა ერთდროულად მსხვერპლიცაა და ჯალათიც.

ყველაფერი ეს კი საბოლოოდ დაგვირგვინდა იმ უბედურებით, რაც გალაკტიონ ტაბიძემ გააკეთა. გალაკტიონი მთელი ცხოვრების მანძილზე უბრალოდ კი არ იმუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა, არამედ ჰქონდა კიდეც თვითმკვლელობის მცდელობები. უბრალოდ ბედმა დაინდო ქართული კულტურა და ეს შედარებით გვიან მოხდა. ზუსტად არ ვიცით, რამ უკარნახა ეს გალაკტიონს. უამრავი მითი არსებობს მისი თვითმკვლელობის შესახებ. ერთ-ერთის მიხედვით, თითქოს ვიღაცამ უთხრა გალას - ის ადგილი მთაწმინდაზე შენთვის რომ გინდოდა, სხვა მწერალი გარდაიცვალა და მისთვის უნდათო. ვერ წარმომიდგენია, რომ გალაკტიონის მსგავს გენიას დაეჯერებინა, რომ მთაწმინდაზე ვინმე ადგილს წაართმევდა. მაგრამ ფაქტია, რაღაც მოხდა. იმასაც ამბობენ, სათანადო პატივი ვერ სცეს საავადმყოფოშიო... რაც უნდა ყოფილიყო, თვითმკვლელობა ეს ის გადაწყვეტილება იყო, გალაკტიონის სულს რომ ღრღნიდა.

ამასთან დაკავშირებით დიდი ფრანგი მწერლისა და თვითმკვლელობის სპეციალისტის, ამ საკითხზე ღრმად დაფიქრებული ადამიანის, ალბერ კამიუს მოსაზრება მახსენდება. კამიუ ამბობდა, სული რომ გაიხვრიტება, შემდეგ ის აუცილებლად დაიცლება. გამოდის, რომ გალაკტიონის სული ადრე გაიხვრიტა და შემდეგ დაიცალა, თუმცა, საბედნიეროდ, 1959 წელს და არა მანამდე.

სუიციდის თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა ამერიკულ ლიტერატურაშიც. ვიცით არა მხოლოდ ჯეკ ლონდონის თვითმკვლელობა, რომელიც ზედმეტი დოზის გამოყენებასთანაა დაკავშირებული, არამედ ჰემინგუეის თვითმკვლელობაც - კლასიკური, სანადირო თოფით, რომელზეც ერთმა ქართველმა პოეტმა თქვა, ბავშვს თოფი რატომ არ დაუმალესო. ჰემინგუეი ასე დაინახა ქართველმა პოეტმა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერნესტი ბავშვი ნამდვილად არ ყოფილა, რამდენიმე ომის მონაწილე, იარაღთან შეგუებული და შეთამაშებული კაცი იყო, თუმცა სიკვდილის აჩრდილი მასაც მოერია.

თვითმკვლელობით გამოემშვიდობა სიცოცხლეს ძალიან უცნაური წყვილი - შტეფან ცვაიგმა მეუღლესთან ერთად მოიკლა თავი. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა პაულ ცელანის, ამ უბრწყინვალესი პოეტის თვითმკვლელობის ამბავი, რომელიც პარიზში, იმ ხიდიდან გადახტა, პოეზიაში აპოლინერმა რომ დაამკვიდრა თავისი ცნობილი ლექსით - „მირაბოს ხიდქვეშ მიედინება სენა“ - ხიდი, რომელიც არაერთი თვითმკვლელობის ადგილი იყო და რომელსაც ახალი სახელი, ახალი დიდება და ახალი მწუხარება მიანიჭა პაულ ცელანმა, როცა იქიდან გადაეშვა და თავი დაიხრჩო.

თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე ფროიდმა. ეს ევთანაზიის კლასიკური შემთხვევაა, როდესაც მან ტკივილებს ვერ გაუძლო და ექიმს სთხოვა სიცოცხლეს გამოესალმებინა.

გერმანულენოვანი ლიტერატურიდან თვითმკვლელობას მიმართა დიდმა პოეტმა გეორგ თრაკლმა. მძიმე ფსიქიატრიული შემთხვევა იყო ვირჯინია ვულფისა და დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმირ ჰრაბალის თვითმკვლელობა.

საბედნიეროდ ისეთი შემთხვევებიც ვიცით, რამდენიმე მწერალმა შემთხვევით რომ გაუძლო და თავი არ მოიკლა. როგორც ჩანს, ამის საშუალება მწერლობამ მისცათ, როგორც ჩანს, სათქმელი ბოლომდე არ ჰქონდათ ნათქვამი. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული გამართლებაა, რომ თვითმკვლელობაზე ხშირად მოფიქრალმა, მაგრამ არგადამწყვეტმა დოსტოევსკიმ შეძლო და ბოლო რომანი დაგვიწერა. მართალია, კიდევ ერთი დიდი წიგნი ჰქონდა დასაწერი, მაგრამ მისმა სულმა ხუთ ტიტანურ რომანს ვეღარ გაუძლო და "ძმები კარამაზოვების" მეორე ნაწილი ვეღარ მოასწრო. არ დასცალდა დოსტოევსკის, თუმცა კი მაინც მადლიერი უნდა ვიყოთ ბედისა, რომ იგი ამდენი ხანს ცოცხალი იყო და უძლებდა სულიერ ტკივილებს დაწყებული მამამისის საშინელი მკვლელობით, როდესაც გლეხებმა ის ნაწილებად აჩეხეს; მისთვის სიკვდილის განაჩენის გამოტანითა და განაჩენის ბოლო წამს შეცვლით, კატორღითა და შვილის სიკვდილით გაგრძელებული...

ყველას ახსოვს ანა ახმატოვას შესანიშნავი ფრაზა - რამდენ რამეს უნდა შეეხოს მწერალი და რამდენი საშინელება უნდა გამოიაროს, რომ ერთი სტრიქონი დაიბადოს. ან ილია ჭავჭავაძის ნათქვამი - რა ლაფში და რა მდგომარეობაში მოიპოვება ის მარგალიტები, რომლებიც მწერლობაშია. მწერალი სიცოცხლის საიდუმლოს იკვლევს და ამ საიდუმლოთა კვლევისას იგი იძლევა ფორმულას - მას რაც აკლდება, ჩვენ, მკითხველებს გვემატება.

მწერლებს თვითმკვლელობისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ და მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით მწერლობა განსაკუთრებით საშიში პროფესიაა - ის ხომ სიცოცხლის გამახანგრძლივებელი, სიცოცხლის დამამკვიდრებელი საქმიანობაა. ყველაფერს ორი მხარე აქვს - სადაც მკითხველის სიცოცხლეზეა საუბარი, იქ სიცოცხლე მწერლიდან მკითხველისკენ გადაედინება, თავად მწერლის შემოქმედებაში კი ჩნდება სიკვდილზე ფიქრი.

იმდენი თვითმკვლელი, რამდენიც მწერლობაშია, არც ერთ პროფესიაში არ გვხვდება. სამწუხაროდ, თვითმკვლელობისგან არ არიან დაზღვეული ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებიც. მაგრამ თეზისი, რომ ყველაზე მეტად სიცოცხლეზე ლიტერატურა მუშაობს, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მწერლებს აყენებს. ამიტომ საზოგადოება უნდა უფრთხილდებოდეს თავიანთ მწერლებსა და პოეტებს. მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს თვითმკვლელობა საზოგადოების ნამუსზეა და ვინაიდან მწერლობა ასეთი უზარმაზარი და განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მწერლებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^