Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩეჩნური ენის დასაცავად

29 იანვარი 2016

ორიოდე კვირის წინ, ათ იანვარს, კახეთში, ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობის მცხოვრებლების ყურადღება იროკეზის ტიპის ერთძრავიანი სამხედრო შვეულმფრენების გამაყრუებელმა გუგუნმა მიიპყრო. „გვეგონა, რუსები შემოიჭრნენ“ -  მოგვიანებით ეტყვის კახეთის საინფორმაციო ცენტრს  ჯოყოლოელი ლეილა აჭიშვილი.

ამჯერად რუსებს ჩვენი ქვეყნის საზღვარი არ დაურღვევიათ. პანკისის ხეობის სოფლებს - დუისს, ომალოს და ჯოყოლოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მოადგილეებით, სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლების  მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურის  მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე ჟურნალისტებთან ერთად ეწვივნენ.

სოციალური პრობლემები, გზები, ბაღებისა და სკოლების შენობების რეაბილიტაცია და სხვა საკითხები... ამის გარდა, მთავრობისა და მოსახლეობის შეხვედრაზე კიდევ დაისვა ერთი საკითხი, რომლისთვისაც მედიას განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია:

ადგილობრივი ახალგაზრდები პანკისის ხეობის ქისტური სოფლების სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ფეისბუქზე ჯგუფიცაა შექმნილი, ვრცელდება ონლაინპეტიციაც.

„ბარქალ, შენი ხმა მიღებულია“ - წაიკითხავთ პეტიციის შევსებისას, კითხვაზე - უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქისტურ სოფლებში ჩეჩნური ენა - თანხმობის შემთხვევაში. ამ დროისთვის ასობით მოქალაქე სწორედ ამ მოთხოვნას უერთდება.

მთავრობის წარმომადგენლებისგან მოსახლეობა იგებს, რომ ჩეჩნური ენის სწავლების ნებართვა უკვე თვეებია,  გაცემულია, და სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროგრამაში არჩევით საგნად შეიტანონ. ჩნდება შეკითხვა - რაში მდგომარეობს პრობლემა?

დუისის საჯარო სკოლა. სამასწავლებლო.

26 წლის ლუიზა მუთოშვილი დუისის საჯარო სკოლის რუსულ სექტორზე  ჩეჩენ ლტოლვილებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ის ერთ-ერთია ქისტი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფიდან, რომელიც ჩეჩნური ენის ქისტურ სკოლებში შეტანას ითხოვს.

„საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დამდგარა. - მიყვება ლუიზა - დაბადებულებიც არ ვიყავით, როცა უხუცესები ითხოვდნენ ამას. ახლა ასე რომ წარმოჩინდა, თითქოს ჩვენ წამოვწიეთ ეს მოთხოვნა, მრცხვენია კიდეც მათი, ვინც მრავალი წელია ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ მათ გაკვალულ გზას მივუყვებით“.

„ვამაყობ იმით, რომ ჩვენი ერი ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებულია ქართულ სახელმწიფოში. ინტეგრაციის პროცესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი ენაა.  ჩვენ კი ფაქტია, ამგვარი ბარიერი არ გვაქვს. რომ მკითხოთ, რომელი უფრო მშობლიურია ჩემთვის - ჩეჩნური თუ ქართული, პასუხი გამიჭირდება. ქართული სახელმწიფო ენაა  და ჩვენი წარმატების საწინდარია“, - ამბობს ლუიზა.

მაგრამ ის წუხს, რომ  პანკისელი ქისტები მშობლიურ ჩეჩნურს მხოლოდ  სამეტყველო დონეზე ფლობენ. არ იცნობენ საკუთარი ქვეყნის ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას.

ქისტი ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტი ინტენსივობით იღებენ არაფორმალურ განათლებას. მათ  იციან, რომ ისინი მეორე რიგის მაყურებლები კი არა, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების თანაბარუფლებიანი სუბიექტები არიან. გადიან ტრენინგებს და იციან თავიანთი უფლებების შესახებ.  „აქამდეც ბევრ საკითხზე გვსურდა გაერთიანება და მიხარია, რომ ამგვარი გამაერთიანებელი ჩვენი მშობლიური ენა აღმოჩნდა“, - მეუბნება ლუიზა.

„მე თუ არ მქონდა ამის საშუალება, მინდა, ჩემს შვილებს,  ჩემს ძმას ჰქონდეთ. ამით უკეთ დაინახავენ ორივე სამშობლოს როლს თავიანთ ცხოვრებაში“.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა შექმნისთანავე პირველივე ამოცანად სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა დასახა. მათ სურთ პასუხი შეკითხვაზე - რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია მშობლებს და ბავშვებს სკოლის დირექტორებმა, რომ შესაძლებელი იყო ჩეჩნური ენის არჩევით საგნად შეტანა?ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა შექმნისთანავე პირველივე ამოცანად სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა დასახა.

დუისის საჯარო სკოლაში 650 ბავშვი სწავლობს. ერთი შეხედვით მომცრო ზომის შენობა შიდა ეზოშია გაშლილი და წინუბნის სკოლის მოსწავლეებსაც იერთებს,  აქვე ინტეგრირებულია რუსული სექტორი ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის.

ლალი სვიაკაური, სკოლის დირექტორი, დაჟინებით იმეორებს, რომ ჩეჩნურის სწავლების წინააღმდეგი არ არის და პრობლემა მხოლოდ რესურსებშია: „მომავალი წლიდან საგანი სასწავლო ბადეში იქნება, ამჟამად კი ნამდვილად არ ვართ მზად“.

ამავე მიზეზს იშველიებს ეთერ წინწალაშვილი, ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი.   „მგონია, ამ ახალგაზრდებს (რომლებიც მშობლიური ენის სწავლებას ითხოვენ), მეტი საქმე არ გააჩნიათ“, - მეუბნება ბირკიანში სტუმრობისას. წიწვოვანი ხეებით დაფარული  მთებით გარშემორტყმულ, ღრმა თოვლში ჩაფლულ სკოლამდე ავტომობილი ვერ მიდის და სკოლამდე სახელდახელოდ გაყვანილი ბილიკით ვაღწევ. დასვენებაა, თუმცა ბავშვები დერეფნებში არ დარბიან. სიცივე მათაც აიძულებს საკლასო ოთახებში, ღუმლებთან შეიყუჟონ.

„ეს საკითხი სკოლებში აქამდე არასოდეს დასმულა, მეხუთე წელია აქ ვმუშაობ და მხოლოდ წელს წამოიჭრა. კლასის დამრიგებლებს ვთხოვე ეკითხა ბავშვებისთვის, ვის სურს ჩეჩნურის სწავლა. შვიდ-შვიდი გაკვეთილი გვაქვს, გამოდის მერვე გაკვეთილად ჩაჯდება. ჩვენ რაკიღა აღვრიცხავთ გაცდენებს ეს საბოლოოდ ნიშნებზე აისახება, და პრობლემებს შექმნის. მე-7 გაკვეთილზე უკვე დარაჯებივით ვდგავართ, მერვეზე რაღას იზამენ?“

წინწალაშვილი საუბრისას ხშირად იმეორებს რომ ჩეჩნური ენის სწავლების წინააღმდეგი არ არის. „თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისი ნაციონალური ენაცაა“. მისი თქმით, მთავარი პრობლემა სახელმძღვანელოების უქონლობა და პედაგოგების დეფიციტია.

„თანაც, ბავშვებისა და მშობლების მხრიდან ჩემამდე არ მოსულა თხოვნა, რომ ჩეჩნური ენის სწავლა უნდათ“, - მეუბნება სკოლი დირექტორი საუბრის ბოლოს.

ლალი სვიაკაური, სკოლის დირექტორი, დაჟინებით იმეორებს რომ ჩეჩნურის სწავლების წინააღმდეგი არ არის და პრობლემა მხოლოდ რესურსებშია

რამზან ბორძიკაშვილი ლუიზა მუთოშვილთან ერთად ჩეჩნური ენის სწავლების მოთხოვნით გაერთიანებულ საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენს. რამზანი მარწმუნებს, რომ სურვილის შემთხვევაში პედაგოგებიც მოიძებნება და სახელმძღვანელოებიც. „თვითონ ჩამოვიტან გროზნოდან“ - ამბობს ის. რამზანი არ ეთანხმება წინწალაშვილს და მიმეორებს ლუიზას ნათქვამს, რომ ჩეჩნური ენის სწავლების მოთხოვნა ხეობაში არა დღეები, ან კვირები, არამედ მრავალი წელია დგას. ის წუხს, რომ ქისტური სკოლების ხელმძღვანელობას საკითხისადმი აქტიური დამოკიდებულება არ აქვს:

„დირექტორი ან მასწავლებელი რომ შემოვა და გეტყვის, „სკოლაში უფრო დიდხანს მოგიწევს ყოფნა“, „დაიღლებით“, „მოგშივდებათ“, „ყოველდღე 5 საათამდე მოგიწევთ ყოფნა“ -  ეს სწორი მიდგომაა?“- კითხვას სვამს რამზანი.

„არ გვინდა ჩეჩნეთში წასვლა, აქ ცხოვრება გვინდა, ჩვენს საერთო სამშობლოში, საქართველოში. თუმცა გვინდა ვიცხოვროთ, როგორც ჩეჩნებმა, ქისტებმა, არ გვსურს ჩვენი იდენტობის დაკარგვა.  ენის სწავლება ამ გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია“, - ამბობს ბორძიკაშვილი.

საუბარს გადათეთრებულ ეზოში, ღრმა  თოვლში გაჭრილი ბილიკებით გამოცილებისას ვასრულებთ - „ჩვენ ვამაყობთ მულტიკულტურული ცხოვრების იმ შესაძლებლობებით რასაც,  საქართველო, ქართველი ხალხი იძლევა. ვფიქრობ, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნიშნის, ენის ხელშეწყობა არათუ რაიმე საფრთხის მატარებელი, არამედ ბევრი მხრივ სასიკეთოცაა - მეუბნება ლუიზა. ჭრელ, კუბოკრულ შარფს და წითელ, ნაქსოვ თავშალს ისწორებს და დამშვიდობების ნიშნად ხელს მიქნევს.

წიწვოვანი ხეებით დაფარული  მთებით გარშემორტყმულ, ღრმა თოვლში ჩაფლულ სკოლამდე ავტომობილი ვერ მიდის. 

ჩეჩნური იბერიულ-კავკასიურ ენათა ნახურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის რამდენიმე დიალექტს, მათ შორის ქისტურს, აერთიანებს. ჩეჩნური ხმოვანთა და თანხმოვანთა რთული სისტემით გამოირჩევა. ენის  მდიდარ ლექსიკური მარაგს ქართულიდან, ოსურიდან, არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან, დაღესტნური ენებიდან და რუსულიდან ნასესხები სიტყვები ემატება.

ქისტები ერთადერთი ეთნიკური ჯგუფი არ არის, რომელიც სტატიაში აღწერილი პრობლემის  წინაშე დგას. მათ ხვედრს იზიარებენ  დაღესტნელები, ქურთები, ასურელები, ოსები. უდიები... სახალხო დამცველის აპარატს არაერთხელ აღუნიშნავს მცირე ენების ხელშეწყობის საჭიროება. განთლების სამინისტრო კი განმარტავს, რომ „საქართველოს საჯარო სკოლები სწავლობენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თუმცა თუ არსებობს მოთხოვნილება და სკოლას აქვს შესაძლებლობა, მას შეუძლია მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგნებიც შესთავაზოს, როგორც სტანდარტზემოთ მომსახურება“.

ჩვენ განათლების სამინიტროს დამატებითი კითხვებით მივმართეთ, რაზეც გვიპასუხეს რომ:

"2015-2016 სასწავლო წლიდან პირველად გახდა შესაძლებელი, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების შესწავლა სახელმწიფოს მიერ კვირაში 2-საათიანი დატვირთვით დაფინანსებულიყო. ჩეჩნურის სწავლებას მოკვლევის შედეგად მოვიაზრებდით შემდეგ სკოლებში: 1. დუისის საჯარო სკოლა (IV-XII); 2. ჯოყოლოს საჯარო სკოლა (IV-XII); 3. ომალოს საჯარო სკოლა (IV-XII); 4. ბირკიანის (IV-XII); 5. დუმასტურის საჯარო სკოლა (IV-IX).

თუმცა, როდესაც სკოლებს მივმართეთ ამ კონკრეტულ საკითხზე შესათანხმებლად, მათგან მოვიდა უარი (მიზეზი იყო სხვადასხვა, რომ, მაგალითად, შესაბამისი კადრი არ ჰყავთ), რისი დამადასტურებელი კორესპონდენციაც გვაქვს".

პრესსამსახურის თქმით, სამინისტრო  სხვა სავალდებულო საგნებთან ერთად არჩევითი საგნების სახელმძღვანელოებზე გრიფირების კონკურსის გამოცხადებას გეგმავს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შეეძლება წარმოადგინოს სახელმძღვანელო.  "მანამდე კი, „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო, სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოთი განახორციელოს".

სამინისტროს მიერ "ლიბერალისთვის" მოწერილი ოფიციალური წერილის ბოლოს კი ვკითხულობთ: "თუ რომელიმე საგანში არ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელო, მასწავლებელი არ იზღუდება, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ნებისმიერი დამხმარე რესურსი".

როგორც ჩანს, ჯერი სკოლებზეა. ერთი, რაც ცნობილია, არის ის, რომ მიმდინარე წელს ჩეჩნურ ენას ხეობის ქისტურ სკოლებში არ ან ვერ შეიტანენ. გამოიღებს თუ არა შედეგს პანკისში გააქტიურებული მოძრაობა მომავალი სასწავლო წლისთვის მაინც, სექტემბრის დასაწყისში შევიტყობთ.

როგორც ჩანს, ჯერი სკოლებზეა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^