Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"შენი ჯერია, მერია!" - მოქალაქეები სასტუმრო "ბუდაპეშტის" შესახებ საბოლოო პასუხს ითხოვენ

30 იანვარი 2016
“ველით საბოლოო პასუხს თბილისის მერიისგან” - ეს იყო მთავარი გზავნილი იმ აქციის, რომელიც დეკემბრის ბოლოს მსგავსი აქციის დროს დაანონსდა. პარტიზანი მებაღეები და ის მოქალაქეები, რომლებიც პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობას რამდენიმე წელია აპროტესტებენ, ამბობენ, რომ დროა, მერიამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და დავით ნარმანიას მოსახლეობისთვის რამდენჯერმე მიცემულ დანაპირებს ახსენებენ.

ერთი თვის წინ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში მშენებლობას განაახლებდნენ, რადგან მათსა და მერიას შორის მათთვის ხელსაყრელი მოლაპარაკება ვერ შედგა. თუმცა პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო პროცესიც, რომელიც 2 თებერვალს განახლდება. 

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობაზე სამართლებრივი დავა უკვე 2 წელია მიმდინარეობს. თუმცა პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზეც კი არ გადასულა. ნოემბრის ბოლოს გამართული ბოლო პროცესი მერიის წარმომადგენელთა მოთხოვნით გადაიდო. იურისტები ამტკიცებდნენ, რომ დედაქალაქის მერია ინვესტორ კომპანიასთან ადგილომონაცვლეობის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შესაძლებელი იყო შეთანხმება შემდგარიყო. თუმცა მალევე “ტიფლის კოსტავას” წარმომადგენლებმა მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისინი მერიისგან შეუსაბამო შეთავაზებებს იღებდნენ და არ აპირებენ ქალაქი გარეუბანში მდებარე ფართზე დათანხმებას. თბილისის მერიისგან ამაზე ოფიციალური პასუხი არც მაშინ ყოფილა და არც პარტიზან მებაღეებს შეხვედრია ვინმე ჯერჯერობით. თუმცა სატელევიზიო კომენტარში ქალაქის მერმა დღეს აღნიშნა, რომ მათი მხრიდან გასაკეთებელი არაფერია, სანამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი.  

დღეს მოქალაქეთა ნაწილმა სპეციალურ განცხადებებს მოაწერა ხელი, რომელშიც ვკითხულობთ:

"ამჯერად უკანასკნელად მოგმართავთ პეტიციით. თუ პასუხს არ მივიღებთ, თუ ჩვენი მოთხოვნისა და თქვენი დაპირების შესაბამისად არ გადაწყდება საკითხი, ანუ თუ არ დაუბრუნდება ეს მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში მყოფ ვაკის პარკს გარანტიით, რომ იქ კაპიტალური ნაგებობა არ აშენდება, დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს მერიასთან 1 მარტიდან." 

დღესვე პარტიზანმა მებაღეებმა მერიის დაცვის სამსახურისგან მიიღეს პირობა, რომ ორშაბათს მათ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე შეხვდებათ.  

იმ დროს, როდესაც “ტიფლის ბიზნეს ჯგუფის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ “შეუსაბამო ადგილმონაცვლეობის” შეთავაზების შემთხვევაში ან მშენებლობას განაგრძობენ, ან მერიისგან 11 მილიონი ლარის კომპენსაციას მოითხოვენ, პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ფიქრობს, რომ არც ესაა ჩიხი. რადგან პროცესის პარალელურად პროკურატურაშია წარდგენილი სტუდია “მონიტორის” საგამოძიებო ფილმი - „ვაკის პარკის დასაცავად“. 

“ფილმში წარმოდგენილი მასალების ადასტურებს, რომ კანონი არაერთხელ დაირღვა. ამ მასალების მიხედვით გამოძიების დაწყებაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ეღიარებინათ, პარკის ტერიტორია უკანონოდაა გასხვისებული და „შესაბამის ადგილმონაცვლეობაზე“ ანდა მერიისგან 11 მილიონი ლარის „გამოსსყიდის“ მიღებაზე საუბარი საერთოდ უსაფუძვლოა”, - ამბობს ნატა ფერაძე. 

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამ საქმეში სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ცნოს თუ არა ბათილად  თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება.

24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა  ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. 

ხოლო, 20 სექტემბრის ბრძანებით,  თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ჭავჭავაძის  #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობის შესახებ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი 2014 წლის გაზაფხულზე შევიდა. "პარტიზანი მებაღეების", ზურაბ ბაქრაძის, თემურ კალანდაძისა და „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელები ერთ საქმედ გაერთიანდა. ცალკე საქმედ რჩება თეა კუჭუხიძისა და „უსაფრთხო სივრცის“ მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის არსებითი განხილვაც ასევე ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^