Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვირუსი ზიკა. მეცნიერება, კანონმდებლობა და ეკლესია მის შესახებ

04 თებერვალი 2016

მედიის ყურადღება ზიკას ვირუსმა  გასული წლის ოქტომბერში მიიპყრო, როდესაც ბრაზილიელმა ექიმებმა ზიკას ეპიდემია და იმ დროისათვის მიკროცეფალიით დაბადებული ბავშვების გაზრდილი რაოდენობა ერთმანეთს დაუკავშირეს. მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ სწორედ ზიკას ვირუსი იყო მიკროცეფალიის გამომწვევი. მედიის ყურადღება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ბოლო ხანებში. არსებობს მონაცემები, რომ, სავარაუდოდ, ბრაზილიაში ოქტომბრიდან ამ დრომდე მოკროცეფალიით დაახლოებით 4000 ბავშვია დაბადებული. შედარებისათვის, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 2014 წლის განმავლობაში 147 მიკროცეფალიის შემთხვევა დაფიქსირდა.

მიკროცეფალია თანდაყოლილი პათოლოგიაა. ჩვილს ამ დროს უჩვეულოდ პატარა თავი და თავის ტვინი აქვს. მიკროცეფალიის მქონე ბავშვების 6% მკვდრადშობილია, 24% დაბადების შემდგომ მალევე კვდება.   ბავშვების დარჩენილ ნაწილს შესაძლოა განუვითარდეთ გონებრივი განვითარების შეფერხება, ეპილეფსია, სმენისა დაკარგვა, მხედველობის პრობლემები...

მიკროცეფალიასთან დაკავშირების გარეშე ზიკა ისევე უმნიშვნელო და უსაფრთხო ვირუსად დარჩებოდა, როგორიც იყო ის 1947 წლის მერე, როდესაც ის პირველად აღმოაჩინეს უგანდაში, ზიკას ტყეში მცხოვრებ მაიმუნში. ზიკას ვირუსი აზიასა და აფრიკაში იყო გავრცელებული, თუმცა მას ეპიდემიის სახე არ ჰქონია და ცალკეული შემთხვევებით შემოიფარგლებოდა. ინფექციის პირველი მნიშვნელოვანი აფეთქება 2007 წელს მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში მოხდა, შემდეგ 2013 წელს საფრანგეთის პოლინეზიაში. თუმცა  ამ შემთხვევებში მას შემაშფოთებელი მაშტაბი არ ქონია, რადგანაც ზიკას ვირუსით ინფიცირებული ადამიანების 80%-ს არ აქვს სიმპტომები, დანარჩენ შემთხვევაში არსებული სიმპტომები კი, რომელიც შესაძლოა იყოს: თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მსუბუქი ცხელება... რამოდენიმე დღეში ქრება.

ვირუსი ზიკა  მსოფლიოს 30 ქვეყანაში არის გავრცელებული, აქედან 26 ამერიკის კონტინენტის ქვეყანაა. ზიკა ადამიანს  Aedes-ის გვარის კოღოს კბენის შედეგად გადაეცემა. იგივე კოღოებს გადააქვთ სხვა დაავადებების - დენგეს, ჩიკუნგუნიასა და ყვითელი ცხელების, ვირუსებიც. ამ დროისთვის, მიჩნეულია, რომ კოღოს კბენისგან თავდაცვა ზიკას ვირუსით ინფიცირების მთავარი პრევენციაა. თუმცა არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა, ერთ-ერთი, სამშაბათს, 2 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. პაციენტი დალასში დაინფიცირდა. თავად არსად უმოგზაურია, სამაგიეროდ მისმა პარტნიორმა ქალბატონმა იმოგზაურა ვენესუელაში. ნავარაუდებია, რომ მამაკაცი სწორედ სქესობრივი კონტაქტის გზით დაინფიცირდა, ამიტომ თავდაცვის გზებს დაცული სქესობრივი კონტაქტიც შეემატა.

მედიცინაში  არსებობს ასევე შემთხვევები, როდესაც ზიკა სისხლის ტრანსფუზიის (გადასხმის) გზით გადაეცა ადამიანს. თუმცა ვირუსის გავრცელების ეს გზაც არაპოპულარულია, ამერიკის „წითელმა ჯვარმა“  განაცხადა, რომ დონორებმა, რომლებმაც ზიკას გავრცელების ზონაში მყოფ ქვეყნებში იმოგზაურეს, საჭიროა დაიცადონ 28 დღე, სანამ სისხლს გაიღებენ.

პირველ თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩვილთა ბოლოდროინდელი ნევროლოგიური დარღვევებისა და თანდაყოლილი მალფორმაციების  გამო მსოფლიოს მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაციის ვებ გვერდიდან ასევე შევიტყობთ, რომ ჯმო მოვლენას სხვა, ამ დროისათვის ზიკას ინფექციისგან თავისუფალი, ქვეყნებისათვისაც საფრთხედ მიიჩნევს.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, „ექსპერტები თანხმდებიან, რომ  ორსულობისას ზიკას ინფექციის გადატანასა და მიკროცეფალიას შორის კავშირი დიდი ალბათობით სიმართლეა, თუმცა ეს ჯერჯერობით მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. ყველა თანხმდება, რომ საჭიროა საერთაშორისო ძალების დაუყოვნებელი გაერთიანება, რათა გამოვიკვლიოთ მიკროცეფალიისა და ზიკას ურთიერთდამოკიდებულება.“

ამ ამბის პარალელურად სპეციალისტები მუშაობენ იმაზე, რომ გაარკვიონ, რამდენად ადეკვატურია მონაცემი, რომლის მიხედვითაც ბრაზილიაში, ოქტომბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 4 000 ბავშვია მიკროცეფალიით დაბადებული. ამ დროისთვის ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დადასტურებლია 404 მიკროცეფალიის შემთხვევა. ხოლო 709 შემთხვევაში დიაგნოზი არ აღმოჩნდა სწორი.  

სანამ 4 000 ბავშვის ზუსტ დიაგნოზს ადგენენ, Nature-ში სტატია იბეჭდება, რომელიც „ლათინური ამერიკის თანდაყოლილი მალფორმაციების ერთიანი კვლევის“ პროგრამის ნაშრომზე დაყრდნობით, ეჭვქვეშ აყენებს პრობლემის მნიშვნელობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზიკა იწვევს მიკროცეფალიას, რიცხვები, რომელიც ამჟამად არსებობს, ძალიან გადაჭარბებულია და სანდოობას არ აღძრავს. - ნათქვამია ნაშრომში.  

ზიკას გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. საკითხი კი ჯერ კიდევ კვლევის საგანია. დრო არ იცდის და ადამიანები ვირუსისგან თავდაცვის ეფექტურ გზებს საჭიროებენ, ის კი არ არსებობს. ამიტომ ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ ქალებს ურჩია, თავიდან აირიდონ  ორსულობა. მალე გადაწყვეტილებამ ახალი პრობლემა წარმოშვა, რადგანაც ამ რეგიონის ქვეყნებში აბორტსა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის პრობლემა დგას. მაგალითად, აბორტი კანონით იკრძალება ბრაზილიაში. გამონაკლისია მხოლოდ ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა, გაუპატიურების დროს ჩასახული ნაყოფი ან ანენცეფალია. არსებობს უფრო მკაცრი კანონებიც, მაგალითად, სალვადორში აბორტი არალეგალურია და არანაირი გამონაკლისი, როდესაც ის დასაშვები ხდება, არ არსებობს, უფრო მეტიც, ფეხმძიმობის შეწყვეტისათვის ქალებს პატიმრობა ემუქრებათ.

გაეროს მონაცემებით  ბოლივიასა და  გვატემალაში სექსუალურად აქტიურ ქალთა 20 %, რომელებიც შვილოსნობის ასაკში იმყოფებიან და არ სურთ დაფეხმძიმება, არ იყენებს კონტრაცეფციას. იგივე მონაცემი ბრაზილიის შემთხვევაში 6 %-ია. ამ მდგომარეობას ხელს უწყობს ისიც, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები ძირითადად კათოლიკებით არის დასახლებული. ეკლესია კი ყველა ტიპის აბორტს ეწინააღმდეგება, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ასევე კონტრაცეფციის მიმართ. BBC-მ ვატიკანის პრესსამსახურს მიმართა, რათა გაერკვია აბორტსა და კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით, ხომ არ არის ახალი დამოკიდებულება, შედეგად, გაირკვა, რომ „ამ დროისათვის ამ საკითხზე კომენტარი არ არსებობს“.

ამასობაში გააქტიურდნენ ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ვაქცინებს ქმნიან. ერთ-ერთია ფრანგული კომპანია SANOFI, რომელმაც 2 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა ზიკას ვაქცინის შექმნაზე.  კომპანია უშვებს მსგავსი დაავადებების - ყვითელი ცხელების და დენგეს,  საწინააღმდეგო ვაქცინებს. ინფექციებს შორს მსგავსება კი სამუშაოს გააიოლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^