Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის უსაფრთხოება - რა შეიცვალა?

05 თებერვალი 2016

2016 წლის  21 იანვარს “რუსთავის აზოტის” თანამშრომელს საწარმოს ტერიტორიაზე ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.

1 თებერვალს ქავთარაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. ისიც ადგილზე გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.

რამდენიმე თვით ადრე კი ჭიათურაში, პერევისის მაღაროში, აფეთქება მოხდა. ორი მუშა მძიმედ დაშავდა. 26 წლის ზურა გამეზარდაშვილმა მხედველობა დაკარგა. მეორე მუშას, ტარიელ ბიწაძეს კი ცალი თვალი დაუზიანდა. მაღაროელებმა სხეულის დაზიანებებიც მიიღეს. გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიდის, რაც სამუშაო ადგილზე სამუშაო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

26 წლის ზურა გამეზარდაშვილი და მისი ოჯახი მედიასთან საუბარზე უარს ამბობენ: “ჯერ ვერ შეგხვდებით, რაღაც დეტალები გვაქვს დასაზუსტებელი”, - გვეუბნება ზურას დედა. ვერც ტარიელ ბიწაძეს ვუკავშირდებით.

“ჯორჯიან მანგანეზში”, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიაა, ამ შემთხვევას მუშების დაუდევრობას აბრალებენ: ”სწრაფად აფეთქება უნდოდათ და გრძელი ფითილის მაგივრად, მოკლე გამოიყენეს, რამაც ტალღა დაატრიალა და აფეთქება გამოიწვია”.

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სავარაუდოდ, ექსპერტიზა იტყვის, რამ გამოიწვია ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაღაროელების ტრავმა.

არასამთავრობო სექტორი, დასაქმებულები, პროფკავშირების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის საწარმოო ტრავმების მიზეზი ხშირად დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფაა და სწორედ იმიტომ, რომ დასაქმებულთა ბედი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებელთა კეთილსინდისირებაზე, საჭიროა შრომითი ინსპექციის არსებობა. ასეთი სამსახური საქართველოში უკვე ამოქმედდა. თუმცა კითხვა - რამდენად ქმედითია ეს ორგანო და რეალურად ახდენს თუ არა მისი არსებობა გავლენას დასაქმებულთა შრომით პირობებზე - ღიაა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი 2015 წლის მარტში შეიქმნა. 2016 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა; ბიუჯეტი - 550 000 ლარი. 2016 წელსაც დეპარტამენტის ფუნქციები არ შეცვლილა. კერძოდ  შემოწმება, ისევე როგორც დეპარტამენტის მუშაობის შემთხვევაში, ნებაყოფლობითია. ანუ შემოწმდებიან მხოლოდ ის კომპანიები, ვინც დეპარტამენტს ამის ნებას დართავს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი კომპანია არ დაჯარიმდება, მხოლოდ შენიშვნები და რეკომენდაციები ეგზავნება, რომელიც კონფიდენციალურია.

ამ დროისთვის დეპარტამენტს მხოლოდ 25 მონიტორი ჰყავს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. ექვს თვეში შემოწმდა სხვადასხვა სპეციფიკის მქონე 25 სახელმწიფო და 90 კერძო კომპანია. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობა, მტვრის, ვიბრაციის, ტენიანობის, სავენტილაციო სისტემის, ელექტროუსაფრთხოების პრობლემა, პროფესიული დაავადებების რისკი, უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირის არარსებობა - ეს ის ძირითადი დარღვევებია, რომელიც დეპარტამენტმა ამ 115 კომპანიაში დააფიქსირა.

ნოემბერში დეპარტამენტი “ჯორჯიან მანგანეზის” თანხმობით ჭიათურის შვიდი მაღაროდან, მხოლოდ ერთში იმყოფებოდა. კომპანიამ მას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შემოწმებაც შესთავაზა.

დეკემბერში მონიტორებმა ქარხანაში ორი რამდენიმესაათიანი ვიზიტი განახორციელეს. ანგარიში და რეკომენდაციები კომპანიას უკვე გადაეგზავნა, რომელიც კონფიდენციალურია. თუმცა ქარხნის გენერალური დირექტორი, ვასილ გერეგა “ლიბერალთან” საუბრისას არ მალავს, რომ ანგარიშით უკმაყოფილოა:

“ორი, სულ რამდენიმესაათიანი ვიზიტით წარმოუდგენელია ამხელა საწარმოს შრომის პირობების შესწავლა. ეს დეპარტამენტს საფუძვლიან სურათს ვერ მისცემდა, ამიტომ მათი შენიშვნების ნაწილს არ ვეთანხმები”, - ამბობს გერეგა და თავის კაბინეტში თანარშრომლებისთვის შემუშავებულ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე გვიყვება.

“მაგალითად, პირბადეს მეც კი ვერ ვხმარობ, ვერ ვეგუები და სხვებსაც ვერ დავაძალებ. ამის უფლება არ გვაქვს. მაგრამ კატეგორიულად აკრძალულია ქარხნის ტერიტორიაზე ჩაფხუტის გარეშე სიარული. დანარჩენი კი მუშის ფუნქციებზეა დამოკიდებული. მაგალითად, მდნობელს ნაბდის ტანსაცმელი, ტყავის ხელთათმანები, სათვალე და ა.შ. უნდა ჰქონდეს. თუ მის გარეშე დავინახავთ, გარკვეულ ეკონომიკურ სანქციას დავაკისრებთ”, - ამბობს გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, ყოველ სამ თვეში ერთხელ 6-კაციანი ჯგუფი ქარხნის თანამშრომლებს უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ტრენინგებს უტარებს.

ვასილი გერეგა თანამშრომლების დაუდევრობაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ხშირად მუშები ურჩობენ და უსაფრთხოების სტანდარტებს არ იცავენ ან სამუშაოზე ნასვამ მდგომარეობაში ცხადდებიან: ”ამას წინათ, ერთმა მუშამ აიღო კიბე, რომელიც გამაგრებული იყო, ავიდა ზედ, ფანჯრის შუშა უნდა გაეჭრა. გაჭრის დროს კი ზედ დაეყრდნო და გადავარდა. არ ვიცი, როგორ უნდა ავირიდოთ ასეთი სულელური შემთხვევები თავიდან. ველაპარაკებით, ინსტრუქტაჟს ვაძლევთ, მაგრამ აზრი არ აქვს”.

გენერალური დირექტორის კაბინეტიდან, ქარხანაში  სამუშაო პროცესის დასათვალიერებლად მივდივართ.

“თქვენ ხართ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც დაუშვებელია თვითშემოქმედება! უნიფორმისა და გამყოლის გარეშე გადაადგილება! თუ რამე შეკითხვა გექნებათ დამატებით, მზად ვარ გიპასუხოთ!” - ხმამაღლა კითხულობს  უსაფრთხოების წესებს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი.

ქარხნის შესასვლელში ჩაყოლებაზე საინფორმაციო ბილბორდებია: “აქ რისკი უადგილოა, დაიცავი პირადი უსაფრთხოების წესები”, “გაუფრთხილდი სამსახურს, არ დალიო”.

მთავარ ინჟინერთან და რამდენიმე სხვა თანამშრომელთან ერთად თავდაპირველად გარემონტებულ სააბაზანოებსა და სასადილოებს ვათვალიერებთ.

მესამე საამქროში კი ამ დროს ლითონის შედუღების “გახურებული” პროცესი მიმდინარეობს. გავარვარებულ ქურასთან ამირან ქოჩაძე დგას. 16 წელია “ფეროში” მუშაობს. ღუმელია გახსნილი და იქიდან ლითონი მოედინება. ამას მეთვალყურეობს. ზემოთ გამწოვია დამაგრებული, მაგრამ ლითონის გამოსვლის დროს კვამლი გამწოვს გარშემო უვლის და ქარხანაში იფრქვევა.

“წარმოიდგინეთ, ადრე ესეც კი არ იყო. 5-6 წლის წინ მთელი კვამლი ჰაერში იფრქვეოდა. ესენი ჩინურია და მაქსიმალური შედეგი არ აქვს, მაგრამ განახლდება”, - მიხსნის ადგილზე “ჯორჯიან მანგანეზის”  საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ზაქარია ზალიკაშვილი.

ჰაერში ამწეებით გაცხელებული ქვაბები ტრიალებს. შიგნით 11 სხვადასხვა კომპონენტია მოთავსებული, ე.წ. საკაზმები. რომლიდანაც სილიკომ-მანგანუმი, ფერო-მანგანუმი და ფერო-სილიკომ-მანგანუმი კეთდება. შლაკი, ე.წ. წიდა კი ცალკე ნაწილდება. საბოლოო პროდუქტი იქვე სპეციალურად მომზადებულ ყალიბებში ისხმება, ავტომატურად მოძრავი რკინის კონსტრუქციიდან კი უკვე გაგრილებული მასა იყრება. 

მეოთხე საამქრო უფრო დიდი სიმძლავრის ღუმელებით გამოირჩევა. ღუმელის მეთვალყურე თამაზ ხეცაძეს მაუდის სპეცტანსაცმელი აცვია, ხელზე ტყავის სქელი ხელთათმანები უკეთია, თავზე ჩაფხუტი ახურავს.

აქაც კვამლის მძიმე სუნია, მაგრამ ხეცაძე აირწინაღის გარეშეა, ისევე როგორც მუშების უმრავლესობა:

“კვირაში 5 ცალს ვიღებთ, ერთჯერადებია. ვერ ვეგუები, როცა ოფლიანდება, სველდება. სუნთქვა უფრო მიჭირს. ჩაფხუტის გარეშე კი არასდროს გადავაადგილდებით, ძველი შენობაა და მუდმივად რაღაცები ცვივა. 33 წელია, აქ ვმუშაობ, რა თქმა უნდა, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდეს ამ მტვერსა და კვამლში, მაგრამ ექიმთან დიდი ხანია არ ვყოფილვარ”.

მთავარი ინჟინერი, ვასილ გველესიანი გვიხსნის, რომ ბოლო პერიოდში, ქარხნის სერიოზული ინვენტარიზაცია მოხდა.  შეიძინეს ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა პროცესს ავტომატურად ასრულებს და დამატებითი სამუშაო ძალა კომპანიას აღარ სჭირდება.

“გამოიცვალა ფილტრები, მანგანუმის გამოშვების დროს ერთჯერადად გამონაბოლქვია, მაგრამ სანამ ახალი სტანდარტების ღუმელებზე არ გადავალთ, სხვა გზა არ არის”, - ამბობს გველესიანი.

დაახლოებით სამსაათიანი სიარულის შემდეგ ქარხნის ნახევრის დათვალიერებას ვასწრებთ. ერთი დათვალიერებით რთულია იმაზე საუბარი, რეალურად იცავს თუ არა კომპანია მშრომელების შრომით უფლებებს. ქარხნიდან გამოსვლისას მთავარი ინჟინერი გვეკითხება: ”წარმოგიდგენიათ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, 2 საათში ამხელა ქარხნის შემოწმება და შრომის პირობების დარღვევის აღმოჩენა როგორი რთულია? მინიმუმ 2 დღე მაინც უნდა გაჩერდე, დააკვირდე ღამის სამუშაო პროცესსაც და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთო დასკვნები”, - ამბობს შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მისამართით ვასილ გველესიანი და მას ერთ-ერთი საამქროს უფროსიც ეთანხმება: ”მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს მონიტორები ტრენინგზე იმყოფებოდნენ”.

ქარხნის ტერიტორიას ვტოვებთ, სპეცტანსაცმელთან და ჩაფხუტთან ერთად.

 

...

 

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ აღრიცხული ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 36, ხოლო დაშავდა 41 ადამიანი.

თუმცა შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნის მიზეზი ქვეყანაში საწარმო ტრავმებით დაშავებულთა და დაღუპულთა მაღალი რიცხვი არ გამხდარა. ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შრომის ინპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას კი სწორედ ეს ხელშეკრულება გვავალდებულებს.

ერთი წლის წინ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ დეპარტამენტი პირველ წელს საპილოტე რეჟიმში იმუშავებდა და სწორედ ამიტომ ჰქონდა მას შეზღუდული უფლებამოსილება (იგულისხმება კომპანიების ნებაყოფლობითი შემოწმება და არასანქცირებული გაფრთხილება). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მთავრობამ მონიტორინგის ახალი პროგრამა დაამტკიცა და ბიუჯეტიც გაზრდილია. დეპარტამენტის ვალდებულებებისა და უფლებების კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით “ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც “იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის წესის” დამტკიცების შესახებ მომზადდა მთავრობის დადგენილება.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) იურისტი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ სამინისტროს ჯერჯერობით დებულებაც არ აქვს შემუშავებული, როგორ განახორციელებს ამ მოვალეობას. გარდა ამისა, იურისტის აზრით, ბუნდოვანებას გამოიწვევს ისიც, რომ კანონით არაა განსაზღვრული, რას ნიშნავს შრომითი ექსპლუატაცია და ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ ტრეფიკინგის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია საქმე სამართალდამცველებს გადასცეს.

“ტრეფიკინგს ინტენსიური დანაშაულის შემადგენლობა აქვს. ის სისხლის სამართლის კოდექსითაა განსაზღვრული და ძალიან რთულია შრომითმა ექსპლუატაციამ ტრეფიკინგის ხარისხს მიაღწიოს. ამიტომ, თუ ტრეფიკინგი არაა, დეპარტამენტს მასზე რეაგირება არ შეუძლია. ერთადერთი გამოსავალი კი ისევ და ისევ რეკომენდაციების გამოყენებაა”, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ახლა, რაც შეეხება უშუალოდ კომპანიების შემოწმების პროცედურებს. დეპარტამენტს შესამოწმებლად შვიდ დღემდე ვადა აქვს, ეს დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობასა და მასშტაბებზე. თუმცა ინსპექტირების დეპარტამენტი მაქსიმალურ დროს იშვიათად იყენებს. ამაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ და ჭიათურის მაღაროს შემთხვევაც მეტყველებს.

ლინა ღვინიანიძის თქმით, არ შეიძლება შემოწმება  ფრაგმენტული იყოს. თუმცა აღნიშნავს, რომ ერთ მაღაროში სიტუაციის შემოწმება ყველა მაღაროს მდგომარეობის დანახვას არ ნიშნავს. ამიტომ იურისტი მცირეხნიან შემოწმებებს სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელებისთვის არასაკმარისად მიიჩნევს. ამასთან, მონიტორებმა გარემოს დათვალიერებასთან ერთად, ინტენსიურად უნდა გამოკითხონ თავად დასაქმებულები.

ლინა ღვინიანიძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ეს საწარმოში დაშავებულთა და გარდაცვლილთა საქმის გამოძიებაა, რომლის დროსაც გამოძიება თითქმის ყოველთვის დაშავებულის/გარდაცვლილის ბრალეულობას ამტკიცებს. მისი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით  კვლევითი მონაცემები არ არსებობს და არც სისხლის სამართლის ყველა საქმეა შესწავლილი. „თუმცა მთავარი ტენდენცია, რაც იკვეთება და რაც ძალიან საეჭვოა, ბრალი ყოველთვის დაზარალებულს ან გარდაცვლილს  ედება.  იმ შემთხვევებში, როცა მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე, გამოძიება ადგენს, რომ ეს მუშის ბრალით იყო გამოწვეული. ეს მაშინ, როცა სამუშაო პირობები არის ძალიან მძიმე და, როგორც წესი, საწარმოების მხრიდან ხდება უსაფრთხოების ძალიან ბევრი ნორმის დარღვევა. ყველა შემთხვევაში მუშაზე პასუხისმგებლობის გადატანა ძალიან ცუდი ტენდენციაა და ბუნებრივია ჩნდება ეჭვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით”.

იურისტის  ინფორმაციით, მუშების დაშავებისას გამოკვეთილი კიდევ ერთი ტენდენცია ისაა, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერებს ეკისრებათ და პასუხისმგებლობის საკითხი ზედა რგოლამდე არასოდეს მიდის. იურისტის ინფორმაციით, ასეთი შემთხვევებისთვის კომპანიებში სპეციალური სქემა აქვთ შემუშავებული. თუკი საქმე სასამართლომდე მივიდა, საპროცესო შეთანხმებით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ გულისხმობს, ბრალი საშუალო ან ქვედა რგოლის მენეჯერებს ედებათ, ამის სანაცვლოდ კი კომპანია მათ თანხას უხდის.

ამასთან, ხშირად სასამართლო დავის თავიდან ასაცილებლად კომპანიები დაშავებული/გარდაცვლილი მუშის ოჯახს კომპენსაციის მიზნით თანხას უხდიან და აქ სრულდება დავა.

როგორც აღვნიშნეთ, რეკომენდაციები რომელიც კომპანიას ეგზავნება კონფიდენციალურია. მასზე ხელი კომპანიის ნების გარეშე თავად დასაქმებულებსაც კი არ მიუწვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ კონფიდენციალურობა ამ პროცესებზე საზოგადოებრივ მონიტორინგს ხელს შეუშლის:

“შესაძლოა ინფორმაცია ნაწილობრივ იყოს დახურული, თუმცა მთლიანად არა. ინფორმაციის წყარო არის თავად დასაქმებული, რომლისთვისაც არ შეიძლება საბოლოო ინფორმაცია დახურული იყოს. მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა, როგორ მიმდინარეობს საწარმოს მხრიდან რეკომენდაციების შესრულება”.

დეპარტამენტი  მხოლოდ შრომის პირობებს სწავლობს. შრომითი უფლებები, რომელიც მაგალითად, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ხელფასებს, სამუშაო გრაფიკს, შესვენების უფლებას ეხება, დეპარტამენტის უფლებამოსილებაში არ შედის.

EMC-ის იურისტის ინფორმაციით, მაგალითად, კვების, მომსახურების ან სამკერვალო კომპანიებში შრომის პირობებზე მეტად პრობლემური შრომის უფლებებია. ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ შრომის პირობები და უფლებები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია და არცერთ სხვა ქვეყანაში, სადაც შრომის მონიტორინგის დეპარტამენტი არსებობს, ეს ორი ცნება გაყოფილი არაა.

“ასეთ კომპანიებში თანამშრომლების ანაზღაურება ზოგჯერ ისეთი დაბალია, შრომით ექსპლუატაციის მასშტაბებს აღწევს. ან, მაგალითად, შესაძლოა, ზეგანაკვეთური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვასთან იყოს კავშირში. ამიტომ, ამ ორი ცნების განცალკევება არ შეიძლება”, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია დღევანდელი ინსპექტირების სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იზიარებს. თუმცა ამბობს, რომ მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს დეპარტამენტი რეალურ შრომის ინსპექციად გარდაისახოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგერენაიას ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში  დეპარტამენტს შემოწმების თხოვნით თავად კერძო კომპანიები მიმართავდნენ და მათმა 80%-მა რეკომენდაციების შესრულებაც დაიწყო, დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ მონიტორინგი სავალდებულო არ გახდება, ის ეფექტიანი ვერ იქნება. გამოსავალს კი პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღებაში ხედავს.

რაც შეეხება სანქციებს, ჯგერენაიას განმარტებით, დეპარტამენტის მიზანი არა სანქციებზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბება, არამედ სიტუაციის გამოსწორება უნდა იყოს, რომ დასაქმებულმა სამუშაო პირობები გაიუმჯობესოს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების დაცვა ორმხრივად უნდა მოხდეს.  დამსაქმებლის მიერ შექმნილი უსაფრთხოების  ზომებსა და ინსტრუქციებს  დასაქმებული უნდა ემორჩილებოდეს.

რა პერსპექტივები არსებობს, რომ დეპარტამენტმა დღევანდელი უფლებამოსილებით ეფექტური მონიტორინგი განახორციელოს? ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში რაიმე ტიპის ეფექტური შედეგის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი, რაც დეპარტამენტს შეუძლია, მონიტორების გადამზადება და საერთო სურათის შექმნაა, რათა სახელმწიფომ იცოდეს, რა გააკეთოს მომავალში. მაგრამ პროგრამა ამ სურათსაც ვერ მოგვცემს, რადგან მას ყველგან შესვლა არ შეუძლია. ღვინიანიძის შეფასებით, სამომავლო პერსპექტივებზე საუბარს კიდევ უფრო ართულებს ძალიან სუსტი პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნების ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს დამსაქმებელები და მთავრობის ეკონომიკური გუნდი.

 „მონიტორებს ყველგან შესვლა რომ შეეძლოთ, კიდევ ვიტყოდით, რომ ის წარმატებულია და ყველა სექტორში,  ყველა ტიპის საწარმოში შეუძლია საერთო სურათის დანახვა. მაგრამ  პროგრამაც  მთლიანად ბიზნესზე და დამსაქმებელზეა მორგებული. დღეს  შრომის პოლიტიკას დამსაქმებელი და ეკონომიკური გუნდი უკეთებს ფორმირებას. ეს არის მთავარი საყრდენი, რასაც შრომის პოლიტიკა ეფუძნება და არა, მაგალითად, დასაქმებული, მისი შრომითი უფლებები და ა.შ”.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპარტამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნა, ამიტომ ევროკავშირი მის ფუნქციონირებას აქტიურად აკვირდება. ევროკომისიის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი ძალიან კრიტიკული საკითხი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტურობაა, რომელიც ძალიან ცხადი მესიჯებით ეუბნება სახელმწიფოს, რომ მან ეფექტური მექანიზმი უნდა შექმნას.

ევროკავშირის მთავარი შენიშვნები ნებაყოფლობითობას, სანქცირების მექანიზმის არქონასა  და დეპარტამენტის მწირ ადამიანურ რესურსს ეხება.  ევროკომისია ყველა იმ კრიტიკულ საკითხს იმეორებს, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პროფკავშირები საუბრობენ.

“ვფიქრობ, ძალიან ნათელია ევროკავშირის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ეს დეპარტამენტი და ასევე ნათელია ამ სტანდარტებთან დეპარტამენტის შეუსაბამობა”, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

სტატია მომზადებულია პროექტის "მედია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის" (M-GEA) ფარგლებში. M-GEA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. მასალის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^