Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვამლში გახვეული ჯანმრთელობა

05 თებერვალი 2016

იყიდება ყველგან. სკოლის წინ ჯიხურებში, მაღაზიებში, საავადმყოფოებთან... იყიდება ღერებით. ქუჩებში ბანერებზე თამბაქოს რეკლამაა გაკრული. ეწევიან თითქმის ყველგან, მათ შორის მძღოლები საზოგადოებრივ  ტრანსპორტში. ქალაქში ჯერ კიდევ  იშვიათია ადგილი, სადაც მოწევა აკრძალულია. ეწევიან ბავშვებთან  და ბავშვები. სახლში თუ მეგობრებთან. თითქმის ყველა არამწეველი კი მეორადი კვამლის მსხვერპლია. ვერსად ნახავთ გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ თამბაქო მავნებელია, სანამ უკვე ნაყიდ კოლოფს არ დახედავთ.

სკოლის მოსწავლეების 10% თამბაქოს რეგულარული მომხმარებელია. უმეტესობამ სიგარეტის მოწევა 9 წლიდან დაიწყო. მოზარდების უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის თამბაქოს ყიდვა ადვილია.  მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირებზე თამბაქოს მიყიდვა, ღერებით გაყიდვა და სკოლებთან თამბაქოთი ვაჭრობა აკრძალულია და ჯარიმით ისჯება, ქვეყანაში რეალურად არ არსებობს ორგანო რომელიც ამის მონიტორინგსა და აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. 

არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების ნაწილობრივი ან მთლიანი აკრძალვა, სამედიცინო გაფრთხილებები, განათლება, კომუნიკაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ნიკოტინჩანაცვლებადი თერაპიისა  და თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ხელმისაწვდომობა,  ასევე, სატარიფო და საგადასახადო ზომები თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად -  სწორედ ამ ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩოკონვენცია, რომლის რატიფიცირებასაც საქართველომ ხელი 2006 წელს მოაწერა. მაშინ ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ თამბაქოს კონტროლის კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებს გაატარებდა. თუმცა, კონვენციის რატიფიცირებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ მდგომარეობა უცვლელია.

2013 წელს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცდა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი მოქალაქეთა ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვაა. თუმცა სტრატეგიაშივეა აღნიშნული, რომ არ ხორციელდება თანმიმდევრული სახელმწიფო ღონისძიებები, სუსტია თამბაქოს კონტროლის მოქმედი კანონმდებლობა და მისი აღსრულება. თამბაქოს კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოში ამბობენ, რომ თამბაქოს კონტროლის საქმეში თამბაქოს ინდუსტრია და მასთან ბრძოლა მთავარ პრობლემად რჩება, რადგან თამბაქოს ინდუსტრია განაგრძობს მარკეტინგის განვითარებას და მომხმარებელთა წრის გაფართოებას, რაც ზრდის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას.

თამბაქოს ინდუსტრიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. მისი თქმით, სწორედ თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებული ინტერესები და სახელმწიფოს სუსტი ნება განაპირობებს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შეფერხებას.  ის ამბობს, რომ მხოლოდ ცალკეული კამპანიები და თამბაქოს აქციზის უმნიშვნელო ზრდა ვერ მოგვცემს ეფექტს, რადგან სახელმწიფოს თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების ჯანდაცვითი დანახარჯები გაცილებით ძვირი უჯდება.

„ყოველწლიურად საქართველოში გარდაცვლილების რიცხვი 9-დან 11 ათასამდეა. ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოს მოხმარების მსხვერპლია, რაც უზარმაზარი ტვირთია ქვეყნისთვის. თამბაქოს მოხმარების გამო ადამიანი იღუპება შრომისუნარიან ასაკში - 40 -დან 60 წლამდე. ამას ითვლიან უცხოელი ექსპერტები და ეს რეალური ციფრებია. რომელ პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ორ მილიონ ნახევარი ლარი გამოუყო თამბაქოს წარმოებას სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში. ბიზნესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სახელმწიფომ ხომ უნდა აწონოს ფასი იმ ბიზნესის, რომელიც ზიანს აყენებს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობა/სიცოცხლეს და ეკონომიკურად აზარალებს მას. მსოფლიო ბანკმა ოცი წლის წინ, როცა ეს საფრთხე და ზარალი აწონა, თქვა, რომ აღარ ჩადებდა ინვესტიციას თამბაქოს წარმოებაში და მოუწოდა მთავრობებს, არ დაეფინანსებინათ თამბაქო“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე.

(სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ს.ს „თბილისის თამბაქომ“  წარმოება გააფართოვა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2,500,000 ლარს შეადგენდა).

თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, რომ სახელმწიფო არასერიოზულად უყურებს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელთა შესრულებასაც ვადა ჯერ კიდევ 2011 წელს გაუვიდა. ყოველწლიურად კი ჩნდება მწეველების ახალი ნაკადი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გარდა იმისა, რომ პრობლემად რჩება კანონმდებლობის აღსრულება და საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრება, გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სერვისი, რომელიც მოწევისთვის თავის დანებების მსურველს დაეხმარებოდა. ასევე, არ არსებობს სახელმწიფო ღონისძიებები პრევენციის ნაწილში: „სკოლების ნახევარში წლების განმავლობაში ვაფიქსირებთ თამბაქოს მწეველობას როგორც მასწავლებლებში, ისე ბავშვებში. არავინ ამ დაწესებულებებს არ აკონტროლებს, ამის მაკონტროლებლად ფორმალურად დღეს შსს ითვლება. თუმცა ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური ნება არ არის და სხვა უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვთ. არც არავინ სთხოვთ.  საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვაზე პასუხისმგებელია უბნის ინსპექტორების სამსახური; საზოგადოებრივ ტრანსპორტში - პატრული. თუმცა ისინი თავიანთ ფუნქციებს არ ასრულებენ, ანუ საქმე გვაქვს სამოხელეო დანაშაულთან“.

„ლიბერალმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სავაჭრო ობიექტი თუ ფიზიკური პირი დაჯარიმდა ბოლო სამი წლის განმავლობაში არასრულწლოვნებზე თამბაქოს მიყიდვის ფაქტზე, ასევე, თამბაქოს რეალიზაციის შემთხვევაში სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში. ხშირი კომუნიკაციის მიუხედავად, უწყებებიდან ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ მიგვიღია. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების მიხედვით, რომელსაც საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, მხარეები იღებენ ვალდებულებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ეფექტურ იმპლემენტაციაზე, რომლებიც აღიარებულია მხარეებს შორის, კერძოდ, ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო რეგულაციები და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჩარჩოკონვენცია.

თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე პასუხისმგებელი თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიაა, რომელიც 2013 წელს შეიკრიბა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს აერთიანებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ კონვენციის ვალდებულებების შესრულების ვადები საქართველოს შემთხვევაში დაირღვა. ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს კონტროლის საკითხს შესაბამისი მხარდაჭერა არ ჰქონდა.

„ასევე ხშირია ჩვენს რეგიონში და განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს ინდუსტრიის სერიოზული გავლენა სხვადასხვა წრეებზე, იქნება ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო. ისინი თავისუფლად, დიდი გავლენითა და ბევრი რესურსით ცდილობენ ასეთ ქვეყნებში თავიანთი პრიორიტეტების გატარებას. რეალურად ძალიან რთულია მათთან შეჭიდება“, - ამბობს ცენტრის თამბაქოს კონტროლის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ნუკა მაღლაკელიძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ 2012 წლიდან სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა. სახელმწიფომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტად აღიარა. შეიქმნა სტრატეგია და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა. ნუკა მაღლაკელიძე თამბაქოს კონტროლის საქმეში მნიშვნელოვან ნაბიჯად თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდას ასახელებს. როგორც ამბობს, აქციზის ზრდის უპირველესი მიზანი თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შემცირებაა. რაც უფრო მაღალი იქნება მისი ფასი, მით მეტად შემცირდება ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ბოლო წლების განმავლობაში თამბაქოს აქციზზე ფასი სამჯერ, საშუალოდ 5-დან 20 თეთრამდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უფრო მეტად დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე გაიმართება საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც უკვე მზადების პროცესშია. ხანმოკლე სოციალურ კლიპებში თამბაქოს მომხმარებლები და მეორადი კვამლის მსხვერპლები თავიანთ ისტორიებს მოჰყვებიან, თუ როგორ მიიყვანა ისინი თამბაქოზე დამოკიდებულებამ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებამდე.

„ვმუშაობთ, რომ თამბაქოს გადასახადებზე კიდევ უფრო ოპტიმალური განაკვეთები განისაზღვროს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ფასის პოლიტიკას და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება ის ახალგაზრდებისთვის. ამასთან ერთად აკრძალვები ჩვენი პრიორიტეტებია, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში. თამბაქოს კონტროლი მრავალსექტორული საკითხია. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო მას ვერ გასწვდება. მის დაქვემდებარებაში არ შედის ყველა ის უწყება, სადაც ამაზე მუშაობა უნდა ხდებოდეს. განათლების სამინისტრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომ საგანმანათლებლო კურიკულუმებში შევიდეს და სკოლაში ბავშვებთან ამაზე საუბარი წარმართოს“, - ამბობს ნუკა მაღლაკელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მოზრდილების 90% თამბაქოს მოხმარებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% კი თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. სახლში მშობლების მწეველობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს. მწეველ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას. მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.

სკოლის მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების დაწყების პრევენციისა და მონიტორინგის საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით. სამინისტროში გვითხრეს, რომ მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული თემები რამდენიმე საგნის სასწავლო პროგრამითაა გათვალისწინებული:  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სამოქალაქო განათლება, ფიზიკური განათლება და სპორტი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა ჯანსაღი ცხოვრების წესზე დამრიგებლისთვის გზამკვლევი მოამზადა. გზამკვლევში ძირითადი საკითხები ჯანსაღ კვებას, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ავად მოხმარებას და მათ უარყოფით გავლენას ეხება.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პრევენციის ნაწილში სწორედ განათლების სამინისტრო უნდა იყოს აქტიურად ჩართული და ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება სკოლის კურიკულუმის ნაწილი უნდა გახდეს. თუმცა, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, აქ მნიშვნელოვანია ბავშვს არ მივცეთ ორმაგი გზავნილები, რადგან, თუ პედაგოგი ეუბნება, რომ მოწევა ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თვითონ ეწევა და ბავშვებმა ეს იციან, გამოდის, რომ ორმაგი მესიჯია, რადგან ბავშვები სოციალური ქცევით უფრო მეტად სწავლობენ, ვიდრე საუბრით.  

თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, როგორც ექსპერტები საუბრობენ, მნიშვნელოვანია კომპლექსურად ყველა უწყების ჩართვა და ღონისძიებების სხვადასხვა მიმართულებით თანმიმდევრულად გატარება, იქნება ეს პრევენცია, რეაბილიტაცია/მკურნალობა თუ ხელშემწყობი სერვისების განვითარება მოწევისთვის თავის დანებების მსურველთათვის.  ისინი მიიჩნევენ, რომ  თუნდაც არსებული კანონმდებლობის აღსრულება თამბაქოს კონტროლის კუთხით მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რადგან თუკი სავაჭრო ობიექტებში არასრულწლოვნებს სიგარეტს არ მიჰყიდიან, ასევე არ გაიყიდება თამბაქო ღერებით და ყველა სავაჭრო ობიექტში გამოკრული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება თამბაქოს მავნებლობის შესახებ (რისი ვალდებულებაც სავაჭრო ობიექტებს აქვთ, მაგრამ არ ასრულებენ), მაშინ თამბაქოზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შემცირდება. გარდა ამისა, შედეგს გამოიღებდა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება, თამბაქოს ნაწარმის რეკლამა/სპონსორობის შეზღუდვა და აქციზის ეტაპობრივი მატება. თუმცა ამ საკითხების მოგვარების უმთავრეს დაბრკოლებად სახელმწიფოს არასაკმარისი ნება სახელდება. 

სტატია მომზადებულია პროექტის "მედია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის" (M-GEA) ფარგლებში. M-GEA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. მასალის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^