Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე

09 თებერვალი 2016

აკაკი ბროლაძემ მსჯავრი 0.00005 გრამი დეზომორფინისა და 0.00028 ამფეტამინის შეძენა-შენახვის მუხლით მოიხადა.

დღეს მოქმედი კანონით, აღნიშნულ ნარკოტიკებს მცირე ოდენობები განსაზღვრული არ აქვს, ამიტომ მათი ნებისმიერი რაოდენობა დიდ ოდენობად მიიჩნევა, შესაბამისად, დაწესებული სასჯელიც დიდია.

 „ჩემთან, სოფელში დამაკავეს. სახლში შემოვივარდა 8 კაცი; მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით. 5 წელი მომისაჯეს. ისე მოხდა, რომ შემდეგ პირობითი გამიკეთდა. გადასახედია ნარკოპოლიტიკა, სხვა თუ არაფერი, ცოდო ვართ. სერიოზული დისკრიმინაციაა. სამომავლო გეგმები ხომ ყველას აქვს, ცხოვრებას გინგრევს ეს პოლიტიკა“, - უთხრა „ლიბერალს“ ბროლაძემ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მცირე ოდენობების განსაზღვრა?

იურისტი კახა კვაშილავა, რომელსაც ნარკოდანაშაულში ბრალდებულებთან მუშაობის პრაქტიკა აქვს, გვეუბნება, რომ, როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, ნარკოტიკის ოდენობა მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ამიტომ არსებითია თითოეულ ნარკოტიკზე დადგენილი იყოს ოდენობა, რომელიც განკუთვნილი იქნება მოხმარებისთვის და რომლის ზემოთაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„არაერთი საქმე შეგვხვედრია პრაქტიკაში, როდესაც ადამიანს, რომელმაც მოიხმარა ნარკოტიკი, დაკავებისას ცარიელი შპრიცი ჰქონია; გადაგდება ვერ მოუსწრია. ამისთვის მისი პასუხისმგებლობა დამდგარა 5-დან 8-წლამდე, როგორც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისთვის, რადგან ნარკოტიკს განსაზღვრული არ ჰქონდა მცირე ოდენობა. როცა არ არის მცირე ოდენობა განსაზღვრული, ნებისმიერი რაოდენობა დიდ ოდენობად მიიჩნევა“, - ამბობს კვაშილავა.

რას ითვალისწინებს მთავრობის ინიციატივა ნარკოტიკების მცირე ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების განსაზღვრაზე მუშაობს.

როგორც სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტში მცირე ოდენობები მხოლოდ ბრუნვაში ხშირად დაფიქსირებულ შვიდ ნივთიერებაზე განისაზღვრა.

პროექტით, იცვლება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის სახელწოდება, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგნაირად „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნულ 7 ნარკოტიკულ საშუალებას მცირე ოდენობები განესაზღვრება.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში აღნიშნულ 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე განსაზღვრული მცირე ოდენობები: ამფეტამინი (0.0001), დეზომორფინი (0.0001), ლიზერგინი (0.00001), მდმა (0.01), მეთადონი (0.2), მეტამფეტამინი (0.0001), ჰეროინი (0.001);

როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, 7 ნივთიერება ბრუნვაში ხშირად დაფიქსირების გამო შეირჩა. მათი თქმით, ოდენობის დადგინდა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელთ არსებული საშუალო-სტატისტიკური მონაცემის საფუძველზე.

რა პრინციპით უნდა განისაზღვროს ნარკოტიკების მცირე ოდენობები

„ლიბერალთან“ საუბრისას ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამბობს, რომ იუსტიციის  სამინისტროს მიერ შემუშავებული რაოდენობა კოსმეტიკურია, ექსპერტები სამუშაო ვერსიაში წარდგენილ დოზებს არ ეთანხმებიან, რადგან, მათი თქმით, ცვლილება, მხოლოდ ცვლილებისთვის ხდება.

როგორც სიხარულიძე ამბობს, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დარგის სპეციალისტებს სთხოვეს, შეემუშავებინათ დოზები და საბჭოსთვის მიაწოდებინათ. მათ აღნიშნული ინფორმაცია წარადგინეს, თუმცა როგორც სიხარულიძე ამბობს, საბჭომ ის არ გაიზიარა და დოზები აბსოლუტურად არასწორი მეთოდოგიით დაადგინეს. სიხარულიძე ამბობს, რომ ოფიციალურმა უწყებებმა შეაჯერეს ნარკოტიკული საშუალებების ამოღებული ფაქტები და აქიდან გამომდინარე, დაადგინეს საშუალო რაოდენობა, რაც არასწორია.

„დოზა უნდა განისაზღვროს პაციენტის სავარაუდო, ერთჯერადი მოხმარების დოზით და არა ასე - რაც პირისგან არის ამოღებული. შეიძლება, ერთი წვეთი იყოს ამოღებული, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირია - შპრიცში დარჩენილი ერთი წვეთი პასუხისმგებლობის საფუძველი ხდება“, - ამბობს სიხარულიძე.

სიხარულიძე განმარტავს, რომ ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებაზე მცირე ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით,ადამიანს ერთჯერადად, პირადი მოხმარებისთვის რა ოდენობა სჭირდება.

„მცირე ოდენობად უნდა მივიჩნიოთ ისეთი რაოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს ზედოზირებას ან პირიქით, პირი აბსტინენციაში არ დარჩება. ეს არის ე.წ. ფორმულა, რითაც ექსპერტები ადგენენ, თუ როგორ უნდა შეირჩეს მინიმალური დოზა. შსს-მ, პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ გამოიყენა სხვა ტიპის გათვლა - ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებიდან დათვალეს, რომ დააკავეს ვიღაც გარკვეული რაოდენობით, ამის მიხედვით დაადგინეს მინიმალური დოზა“, - ამბობს სიხარულიძე.

ნარკოლოგი აღნიშნავს, რომ 0.0001 თვალისთვის უხილავი რაოდენობაა, რომლის განსაზღვრასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, აღნიშნული გრამები სუფთა ნივთიერებაზეც რომ იყოს გათვლილი, მაინც ძალიან მცირეა.

სიხარულიძე ამბობს, რომ ყველა ქვეყანა სიას თავისი ნარკოსიტუაციიდან გამომდინარე ადგენს. ინგლისისა და საქართველოს მომხმარებელი ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად, ყველა ქვეყანა მინიმალურ დოზას იმის მიხედვით ადგენს, თუ რა პრაქტიკა არსებობს ქვეყანის ნარკოსცენაზე.

„ეს დოზები არ არის დოგმა, ეს დოზა იცვლება იმის მიხედვით, რა ნარკოსცენაა ამჟამად ქვეყანაში. ეს არ არის სტატიკური დოკუმენტი, რომელიც არ შეიძლება, შეიცვალოს“, - ამბობს სიხარულიძე.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის საკოორდინაციო საბჭოზე განხილვა გადაიდო, სფეროს ექსპერტებისა და თემის წარმომადგენელთან მხრიდან წინააღმდეგობის გამო.

„ეს შემდგომი განხილვის საკითხი, იქნება, ალბათ, თუმცა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო მეტი ადამიანი წავა ციხეში ამ მცირე ოდენობების არარსებობის გამო. რეალურად, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ისევ ჰაერში კიდია, თუმცა არ არის გამორიცხული, ისე მიიღონ, ჩვენ აღარაფერი გვკითხონ“, - ამბობს სიხარულიძე.

პროექტის სამუშაო ვერსიაში შეყვანილ რაოდენობებს არ ემხრობიან ნარკომომხმარებელთა თემის წარმომადგენლები. „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ დადგენილი დოზები არაადეკვატურია და საერთაშორისო პრაქტიკას არ ეფუძნება.

„შეიძლება ითქვას, რომ სიები მექანიკურად, მოკლე ვადებშია შედგენილი, რაც არ ცვლის არსებულ რეალობას და ამ სიების საფუძველზე ნახმარი შპრიცი კვლავაც რჩება „აქტუალური“, ვინაიდან მისი ქონა ითვალისწინებს 5-დან-8 წლამდე სასჯელს“, - ამბობს ლაბარტყავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზეც, რომელზეც  მცირე ოდენობები არსებული მდგომარეობით განსაზღვრული აქვს, დოზები ასევე არაადეკვატურადაა დადგენილი და მათი გადახედვის საჭიროებაც დგას.

„ლიბერალი“ კომენტარისთვის იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა შეკითხვით, გაითვალისწინებენ თუ არა ექსპერტთა რეკომენდაციებს მცირე ოდენობებთან დაკავშირებით. ორივე უწყებაში განაცხადეს, რომ კანონპროექტი ჯერ დამუშავების ეტაპზეა, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

28 მარტი
28 მარტი

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ახალი პ ...

დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, საკითხის პოლიტიზება, არასრული და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები, ახალგაზრდების გაზრ ...
27 მარტი
27 მარტი

თეატრს ვუყვარვართ... იმდენად, რამდენადაც ...

იზაბელ იუპერის მიმართვა 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს 1962 წლის 27 მარტიდან მოყოლებული იუნესკო და თეატრის საერთაშ ...
24 მარტი
24 მარტი

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიმა ...

2017 წლის 22 მარტს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებმა 9-პუნქტიანი მიმართვის ტექსტი მიიღეს, ...

მეტი

^