მამა თეოდორე გიგნაძე ერთ-ერთ შეხვედრაზე მავანის შემდეგ წერილობით შეკითხვას პასუხობს: "მამაო, დიდოსტატის მარჯვენაში გამსახურდიას აქვს ამგვარი ფრაზა - "ვალია შემოქმედისა არა გლახური მეფის ძიება, არამედ თავად უნდა გახდეს შემოქმედი უფლის მეტოქედ", რაკი შემოქმედებაზე საუბრობთ, გთხოვთ ამ ფრაზების განმარტებას მართლმადიდებლური სწავლებით, ხომ არ არის იგი მკრეხელური?" რასაც მამა თეოდორე ასე პასუხობს - "დიდოსტატის მარჯვენაში“ იმდენი მკრეხელობები წერია, რომ რატომ უნდა განვმარტო მე კონსტანტინე გამსახურდიას რომელიმე ციტატა?! ეს იყო ადამიანი, რომელიც მტერი იყო მართლმადიდებლობის. „დიდოსტატის მარჯვენა“ კარგად წაიკითხეთ და ნახეთ, როგორ შეურაცხყოფს ჯვარს, როგორ შეიძლება მართლმადიდებელი ჯვარს შეურაცხყოფდეს, როგორ შეურაცხყოფს პატრიარქს, როგორ შეურაცხყოფს არსაკიძეს, ანუ სვეტიცხოველის ამგებს, როგორ შეურაცხყოფს ბერ-მონაზვნობას.."
როგორც კი ეს ვიდეო ვნახე, მაშინვე ქუვეითის უნივერსიტეტის სტუდ.საცხოვრებლის მე-3 კორპუსელი, ალჟირელი თავფიკი გამახსენდა, რომელიც გადაჭრით ამბობდა უარს გაცნობოდა "მწვალებლურ", თანამედროვე არაბულ ლიტერატურას და არამხოლოდ თანამედროვეს, შუა საუკუნეების ყველა ავტორს "თაჯდიფიაში", ანუ ერეტიკოსობაში სდებდა ბრალს, განსაკუთრებით კი აბასიანთა ეპოქის ჩემს საყვარელ პოეტს, აბულ ალა ალ-მაარრის ვერ იტანდა, რომლის "პატიების ეპისტოლეც" უაღრესი სკეპტიციზმით არის გამსჭვალული ყველა აბრაამისეული რელიგიის მიმართ.
როდესაც თავფიკს პირველად ვესაუბრე ჩემი სეკულარული შეხედულებების შესახებ, ძალიან დაიბნა, ეს რა მითხარიო. "ბიქა, ნუთუ არ გესმის, ალლაჰის გარეშე არაფერი ხდება ამ დუნიაზე. ხელი, ფეხი, ყური, თვალი ყველაფერი ალლაჰის შექმნილია", - მეუბნებოდა და თან სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე მიმითითებდა. მე მესმოდა თავფიკის და პატივს ვცემდი მის აზრს, მაგრამ ერთხელაც, როდესაც ჩემთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება ვთხოვე, განმიცხადა - "ბიქა, ხომ იცი, რომ ყურანი ფოტოების გადაღებას კრძალავს?" ძალიან ვეცადე არ გამცინებოდა, მაგრამ ვერ შევძელი. მას მერე თავფიკი დიდხანს აღარ მელაპარაკებოდა.
მეორე, რაც მამა თეოდორეს სიტყვებზე გამახსენდა, სამწუხაროდ, ამირ ალ-მუ'მინიინ ალ-ხალიფა იბრაჰიმ ალ-ქარრარის, იგივე აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ხუტბა, ანუ ქადაგებაა. "ყველაფერი, რაც უპირისპირდება ისლამს, უპირისპირდება ჭეშმარიტებას". ამ სიტყვებს შედეგად მოჰყვა "დაეშის" მოჯაჰედების მიერ პალმირას ოთხი ათასწლოვანი არტეფაქტების განადგურება და არქეოლოგ ხალედ ალ-ასაადის, რომელიც ამ ძეგლს ორმოცი წლის განმავლობაში იკვლევდა, "ი'დაამი", ანუ სიკვდილით დასჯა.
"ISIS-ი", რა თქმა უნდა, პირველი ისლამოფაშისტური ორგანიზაცია არაა, რომელიც "ქაფირთა" კულტურასა და ლიტერატურას დაუპირისპირდა, მაგრამ მისმა ვანდალიზმმა მასშტაბებით ყველა სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებას გადაუსწრო. საკუთრივ ტერმინი - ისლამოფაშიზმი კონტრავერსიული ნეოლოგიზმია, რომელიც არსობრივად უკავშირდება სხვადასხვა ისლამისტურ ორგანიზაციებს და არამარატო მათ. ის მე-20 საუკუნის ევროპული ფაშიზმის ისლამურ მეტამორფოზადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც რასიზმის, შოვინიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის რუპორი და გამტარია. უილიამ საფირეს მიხედვით, ეს ტერმინი პირველად გამოიყენა შოტლანდიელმა მწერალმა მალის რუტვენმა 1990 წელს, როგორც ავტორიტარული არაბული მთავრობების მიერ ისლამის ექსპლუატაცია პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებისათვის. საგულისხმოა ერთი ფაქტიც, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ სტივენ სულეიმან შვარცი, სუფი მოძღვარი, ჰანაფიტური მაზჰაბის მიმდევარი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა "ისლამოფაშიზმი" სალაფიტი (ვაჰაბიტი) რადიკალების მისამართით და ის შემდეგნაირად განმარტა - "ისლამის გამოყენება ტოტალიტარული იდეოლოგიის იარაღად".
სტივენ შვარცი წარმოგვიდგენს მსგავსებებს ევროპულ ფაშიზმსა და არაბულ ფაშიზმს შორის: 1) ეკონომიკურად ფრუსტრირებული საშუალო კლასი, რომელიც ევროპაში ფაშისტური იდეების გაღვივების ერთგვარი საყრდენი გახდა, სიმილარული სოციალურ-პოლიტიკური კონიუნქტურის წიაღში წარმოიშვა არაბულ სამყაროში ტერორისტული ორგანიზაციები: სუნიტური ალ ყაიდა და შიიტური ჰეზბოლლა; 2) როგორც ნაციზმი, ასევე ვაჰაბიზმიც არის იმპერიალისტური იდეოლოგია; 3) ისევე, როგორც ევროპული ფაშიზმი, ვაჰაბიზმიც განადგურებით ემუქრება ყველას, ვინც მის იდეოლოგიას არ იზიარებს და უპირისპირებს მათ, ე.წ "თაქფიირს"- სხვა მრწამსისა და შეხედულებების ადამიანის მარგინალიზაციას; 4) ორივე პარა-მილიტარისტული ორგანიზაციაა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი იდეოლოგიების ძალისმიერი გზებით მატერიალიზებასა და განვრცობას. შვარცი აღნიშნავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე საინტერესოა- ისლამოფაშიზმი თავის მხრივ ძალიან ჰგავს ქრისტიანულ ექსტრემიზმს, რომელმაც გამოვლინება მოგვიანებით კლერიკალურ ფაშიზმში ჰპოვა. განსხვავება კი ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და გერმანულ ნაციზმს შორის არის ის, რომ ნაციზმი გულისხმობს ერთი, კონკრეტული დიადი რასისა და ნაციის აღზევების იდეას, ხოლო "ისლამური უმმა" შეიძლება აერთიანებდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც სუნიტური ისლამის წარმომადგენელია, აღიარებს ყურანს, მოციქულის სუნასა და ჰადისებს. მოგეხსენებათ, "ისლამური სახელმწიფო" კომპლექტდება მუჯაჰედებისგან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
მწერალი ჯორჯ ორუელი გაემიჯნა ტერმინ "ისლამოფაშიზმს" და განაცხადა, რომ ფაშიზმს ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს, ის უბრალოდ არის რაღაც არასასურველი - something not desirable, აქედან გამომდინარე ფაშიზმის კონცეპტის ბმა ისლამთან არასწორია. მეც ვფიქრობ, რომ ზომიერი ისლამის დაკავშირება ფაშიზმთან გაუმართლებელია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ რადიკალური მიმართულების მქონე ისლამისტებზე, მსგავსი ტერმინის გამოყენება აბსოლუტურად რელევანტურია.
ახლა რაც შეეხება ქრისტოფაშიზმს, ამ ტერმინის წარმოშობასა და ინტერპრეტაციებს ამავე სტატიაში, მაგრამ ცოტა მოგვიანებით განვიხილავ. მანამდე კი გავიხსენოთ ქართველი მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც თავზე შავი ფერის ნაჭრები ჰქონდათ წაკრული წარწერით- “ID ბარათის აღებას სიკვდილი მირჩევნია", აქვე გავიხსენოთ ბავშვები "ისლამური სახელმწიფოდან". Vice news-ის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც "დაეშს" შეეხება, ვხვდებით ინტერვიუებს "არასრულწლოვან მოჯაჰედებთან", "მე დაუდი ვარ, 14 წლის. როდესაც გავიზრდები, მინდა რომ მოჯაჰედი გამოვიდე, მინდა რომ სახალიფოს ვემსახურო და ქაფირები დავხოცო". ეს ბავშვები არიან ორი დამახინჯებული რელიგიის მსხვერპლები. მათი განვითარება რადიკალი მღვდლებისა და იმამების "ღვწითა და ჯაფით" ემბრიონალურ დონეზევე წყდება. ისინი განწირულნი არიან არარსებული ფასეულობებისა და ღირებულებების მონური მორჩილებისათვის.
ვფიქრობ, ისლამოფაშიზმი და ქრისტოფაშიზმი (დ.სოლე) ისევე გვანან ერთმანეთს, როგორც ქრისტიანობა და ისლამი, იმდენად რამდენადაც ისლამური ფაშიზმი და ქრისტიანული ფაშიზმი ამ რელიგიების დამახინჯებულ ვერსიებს წარმოადგენენ.
"ზანგები თავიანთი ცოდვების გამო გაშავდნენ"- მამა თეოდორე გაგნიძე. მსგავსი მიდგომა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისლამოფაშიზმს არ ახასიათებს, ეს უშუალოდ ქრისტოფაშიზმისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ალბათ ამის მიზეზი რელიგიათა ისტორიის წიაღში უნდა ვეძიოთ, პირველი მეჩეთის მუეზზინად მოციქულმა მუჰამადმა ეთიოპიელი შავკანიანი - ბილალ ალ-ჰაბაში დაადგინა, რამაც სამუდამოდ მოსპო ეს პრობლემა ისლამურ უმმაში, თვით რადიკალი იმამებიც კი ვერ უვლიან მსგავს ფაქტებს გვერდს. ქრისტეს მოციქულთაგან არცერთი შავკანიანი რომ არ იყო, შეიძლება ამან დააბნია მამა თეოდორე, შემდგომში "მამა თეოდორე მომნანიებელი", რადგან მან თავისი სიტყვები მოინანია.
ამ ყველაფერზე რომენ გარის ერთი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები- "le chien blanc" (თეთრი ძაღლი) მახსენდება, რომლის სიუჟეტიც ვითარდება 1960-იანი წლების აშშ-ში, სეგრეგაციისა და რასობრივი დისკრიმინაციის ახალი ტალღის ხანაში. ნაწარმოების მთავარი გმირი არის გერმანული ნაგაზი სახელად ბატკა, რომელიც თეთრკანიანმა ალაბამის პოლიციის თანამშრომლებმა შავკანიანებზე დაგეშეს. როგორც კი ბატკა შავკანიანებს ხედავს, მასში მხეცური ინსტიქტი იღვიძებს და მათ დასაგლეჯად გარბის.
ვფიქრობ, ეს ტექსტი მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტირასისტული და ანტიდისკრიმინაციული გამოძახილია ლიტერატურაში.
ბატკა, ერთ დისკრიმინაციულ ნიშანზე დაგეშილი ქოფაკი, ყველა სახის აგრესორის საერთო სიმბოლოა. ქართულ საზოგადოებაში "თეთრი ძაღლის" სენი თუ სინდრომი დღემდე ეპიდემიურია და რელიგიის ფალსიფიკატორების მიზეზით დღემდე ნიშნეულ ზიანს აყენებს ჩვენი სოციუმის ზნეობრივ სიჯანსაღეს.