Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონი ურწმუნოთა

15 თებერვალი 2016

გასულ თვეში პოლიტიკური თავისუფლება ხელახლა გახდა თავდასხმის სამიზნე. არც ახალი და არც უცნობი აქ არაფერია, რადგან საქართველოს მოქალაქეთა სოციალური და პოლიტიკური უფლებები თავდასხმის პერმანენტული სამიზნეა,  მაგრამ ამჯერად პოლიტიკურ თავისუფლებას ვითომ „რელიგიური გრძნობების“ დაცვის მიზნით ესხმიან თავს. შემოთავაზებული კანონის მიხედით, სხვათა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისას, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა. 

სინამდვილეში, ეს არის მორიგი მცდელობა, საქართველოში დაკნინდეს თავისუფლება და მასთან ერთად შესაძლებლობა ღირსეული მომავლისა. სხვათა შორის, სწორედ ამ დღეებში, 2016 წლის საპარლამენტო მოხსენებისას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პოლიტიკური თავისუფლება საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დასახა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც“. თუმცა, დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი სწორედ საპირისპირო ვითარებას გვპირდება.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ეტაპობრივად დასამარდება არა მარტო სიტყვის თავისუფლება, არამედ თავისუფლება აზროვნებისა, შემოქმედებისა და ქმედებისა. ამასთანავე, სერიოზულად დასუსტდება ზოგადად პრინციპი პოლიტიკური თავისუფლებისა, რაც არა მარტო სავალალო იქნება,  არამედ ანტიისტორიულიც, რადგან კანონპროექტი უარყოფს ქართულ აზროვნებაში არსებულ ტრადიციულ სწრაფვას თავისუფალი რესპუბლიკისკენ. უარყოფს პიროვნული პასუხისმგებლობის განცდას, რომელზეც წერდა ჭავჭავაძე და უარყოფს სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას, მათ შორის თავისუფლებას რწმენისა და სინდისისა, რომელსაც იდეალად გვისახავს მიხეილ ჯავახიშვილის ბრწყინვალე „შვიდი თავისუფლება“.

შემოთავაზებული კანონი დააკნინებს საქართველოს შესაძლებლობას, იყოს იმგვარი პოლიტიკური სივრცე, რომლისთვისაც იბრძოდნენ თერგდალეულები და პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები, ილია ჭავჭავაძე და ნოე ჟორდანია და რომლისკენაც ჩვენ ბოლო წლებში უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. თუმცა კანონპროექტი ანტიისტორიულია იმიტომაც, რომ ის ემუქრება ამ ქვეყნის მომავალს. ერთადერთი მომავალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მომავალი დაფუძნებული ცოდნაზე, კრიტიკულ ღიაობასა და მაქსიმალურ სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებაზე.

დემოკრატია, რომლის შენებაც ერთი შეხედვით საერთო იდეალად დაგვისახავს, აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მაღალი ხარისხის ნდობასა და მრავალმხრივ ცივილურ, სამოქალაქო დიალოგს. რასაკვირველია, ჯანსაღი დემოკრატია ასევე განუყოფლად უნდა იყოს დაფუძნებული მოქალაქეთა შორის არსებულ ურთიერთპატივისცემაზე, უპირველეს ყოვლისა კი, სხვათა  ღირსების დაფასებასა და მათი რწმენისა თუ შეხედულების პატივისცემაზე. თუმცა, ეს არსებითად მორალური ამოცანაა და არა ლეგალური მისია, რომელიც შესაძლოა ექვემდებარებოდეს კანონის ძალით განხორციელებას.

მორალისა და პოლიტიკის მიმართებაზე სათქმელი იმდენად ბევრი დაგვიგროვდა, რომ ეს ცალკე წერილს იმსახურებს. აქ იმ შენიშვნით დავკმაყოფილდეთ, რომ არსებული პრობლემა მორალურია და არა ლეგალური საკითხი. მართალია, კანონის ძალით, შესაძლებელია, ადამიანს ღვედის გაკეთება ასწავლო, მაგრამ თანამოქალაქის ფილოსოფიური თუ მორალური სისტემის პატივისცემას ოჯახი, სკოლა და ცხოვრება შეიძლება ასწავლიდეს. ერთმანეთის ცხოვრება კი საბოლოოდ ისევ და ისევ ჩვენ ვართ. შესაბამისად, მხოლოდ  თითოეულ  ჩვენგანსა და ჩვენს მორალურ არჩევანშია, და არსად სხვაგან, გამოსავალი მოცემული დილემიდან. მხოლოდ ჩვენ, და არა სახელმწიფოს ლიდერებსა თუ კანონმდებლებს, ძალგვიძს იმგვარი მორალური არჩევანი, კერძოდ, ურთიერთპატივისცემისა. რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ საჭიროებას კანონებისა, რომლებიც პოზიტიურს არას გვპირდება, ნეგატიურს კი _ პოტენციურად, საკმაოდ ბევრს.

შემოთავაზებულ კანონპროექტს ნეგატიური მახასიათებლები  უხვად აქვს. პირველ რიგში, არ დასტურდება ახალი, დამატებითი კანონპროექტის საჭიროება. საქართველოს მოქალაქეთა ინდივიდუალური, ისე როგორც კოლექტიური უფლებები, ფაქტობრივად, სრულად არის დაცული არა მარტო საქართველოს კონსტიტუციით, არამედ ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონითაც. რაც შეეხება საკულტო ნაგებობათა შეურაცხყოფას, რის  დასჯადობას უდავოდ მივესალმები, ეს უკვე ისედაც ისჯება, როგორც გამოვლინება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა, ან უფრო კონკრეტულად, როგორც ფორმა ხულიგნობისა.

მაშ, რაზეა საუბარი? რაღა თუ ვინღა უნდა დავიცვათ? „მორწმუნეთა უფლებები“, ვისმენთ პასუხად,  მაგრამ  მორწმუნეთა უფლებები, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს. მორწმუნე ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც სარგებლობს კონსტიტუციითა და სხვა კანონებით მინიჭებული ყველა თავისუფლებითა და უფლებით. მათ შორის, რწმენის, თვითგამოხატვის, თვითგანვითარებისა და სინდისის თავისუფლებით, მსგავსად იმ თანამოქალაქისა, ვინც შესაძლოა, მისი რელიგიური, ესთეტიკური თუ მორალური მგრძნობელობა შეურაცხყოს. ამასთანავე,  შეუძლებელია,  ვისაუბროთ „მორწმუნეებზე“, როგორც კოლექტიურ სიმრავლეზე, რადგან თვითონ ის მახასიათებელი, რაც ამ შემთხვევაში მათ კოლექტიურობას ადგენს, კერძოდ კი „რწმენა“, სინამდვილეში ყოველთვის ინდივიდუალურია, ყოველთვის განსხვავებული და ყოველთვის ცვლადი ერთი ადამიანიდან მეორემდე.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ აქ საუბარია რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მორწმუნეებზე, მაგალითად, საქართველოს მუსლიმებზე, ან საქართველოს მართლმადიდებლებზე, როგორც აღვნიშნეთ, მათი უფლებები ისედაც დაცულია კონსტიტუციით ისე, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით. სხვათა შორის, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ბევრი, ვინც დღეს წარმოდგენილი კანონპროეტის მომხრეა, სულ რაღაც გუშინ ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეც იყო, იმ კანონისა, რომელიც ყველა მოქალაქის მიმართ ყოველგვარი ფორმის დისკრიმინაციას გამორიცხავს. ეს კი ბუნებრივად ბადებს კითხვებს კანონპროექტის რეალური მიზნების შესახებ.

იცით, როგორ მოიგო დამწყებმა იურისტმა, მარკუს ტულიუს ციცერონმა თავისი პირველი საქმე სასამართლოში? მან დასვა მაგიური კითხვა: „ჩუი ბონო“?, ანუ „ვინ ნახა სარგებელი?“ დაე, ჩვენც ვიკითხოთ: „ვინ ისარგებლებს, თანამოქალაქენო?“ ვის სამსახურში შეიძლება ჩადგეს ყველაზე მეტად მსგავსი ლეგალური მექანიზმი?  ერთთა აზრით, მსგავსი კანონით ისარგებლებს  ყველა მორწმუნე და ყველა განსხვავებული ორგანიზებული რელიგია, რომელიც საქართველოში არსებობს. მეორეთა აზრით კი _ საქართველოს საპატრიარქო, როგორც საქართველოს დომინანტური და უდავოდ ყველაზე გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის ცენტრი. საპატრიარქო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ოფიციალურად აცხადებს, რომ ინიციატივა მას არ ეკუთვნის.

თუმცა, საბოლოოდ, საკვანძო კითხვად რჩება მაინც ის, თუ ვინ ისარგებლებს, რეალურად, ამ კანონით, მით უმეტეს თუკი ვთანხმდებით, რომ საქართველოს მოქალაქე, ისე როგორც ცალკეული რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფი, ისედაც უკვე დაცულია კონსტიტუციითა და ანტიდისკრიმინაციული კანონით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ინდივიდისა თუ კოლექტივის მიმართ აგრესიას, ზიზღსა და სიძულვილს. უნდა ვიკითხოთ: ვინ შეიძლება, ფიქრობდეს, რომ მას კრიტიკოსთა გაკონტროლების უფრო მეტი და უფრო ქმედითი მექანიზმი სჭირდება? ან იქნებ სხვა ფიქრობს, პოლიტიკური განკითხვის ჟამის მოახლოებისას, რომ მსგავსი კანონით სწორედ ყველაზე ძლიერთა ინტერესებს მიელამუნება? 

მეორე მხრივ, შემოთავაზებული კანონპროექტი სრულიად ბუნდოვანია, კარგი კანონი კი აუცილებლად უნდა იყოს ნათელი და განჭვრეტადი. შემოთავაზებული კანონპროექტი გვემუქრება სრულიად ბუნდოვანი სოციალური და ლეგალური ვითარების შექმნით, სადაც გაუგებარი იქნება, ვინ ვინ შეურაცხყო და მარტივი იქნება, იფიქრო: „ყველამ ყველა“. ასეთ ვითარებაში გაუგებარი იქნება ფაქტობრივად ყველაფერი სხვაც, მათ შორის: ჭეშმარიტების არსი, მის მდგენელთა ვინაობა და ლეგიტიმურობა, ისე, როგორც თვითონ შეურაცხყოფის არსიც.  

მართლაც, ვის შეუძლია განმარტოს, თუ რას ნიშნავს „რელიგიური გრძნობა“? პირველ რიგში, ვისი რელიგიური გრძნობა? და შემდეგ: როგორი და რომელი  რელიგიური გრძნობა? თავისთავად, რელიგიური გრძნობა იმდენნაირია, რამდენიც რელიგიური ადამიანი. თანამედროვე მსოფლიოში ათზე მეტი საკმარისად  დიდი, ორგანიზებული რელიგიაა, ხოლო ნაკლებორგანიზებული, ან ნაკლებად ცნობილი რელიგიების რაოდენობა  ათგზის (თუ არა ასგზის) უფრო დიდია. ბევრი მათგანი საერთოდაც სრულიად უცნობია.  მაშ, რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ შემთხვევით ვინმეს რელიგიურ გრძნობას არ შეურაცხვყოფთ? და რაკი არა გვაქვს, რა უნდა ვქნათ?  ხელი ხომ არ ავიღოთ ფიქრზე, წერაზე, საუბარსა და საერთოდ არსებობაზე? 

საქმე ისაა, რომ კანონპროექტი, რომელსაც მორალურობის ტრიუმფად წარმოგვიჩენენ, თვითონ სავსებით ანტიმორალურია.  ჯერ ერთი, კანონის იდეა ეფუძნება ნეგატიურ ხედვას ჩვენი საჯარო მორალისა. მისი ფუნდამენტური პრეტენზია არა ვიღაცის ღირსების დაცვა, ან ვიღაცის რწმენის დაცვა, არამედ იმის განცხადებაა, რომ საქართველო მორალურად გაბანკროტებულა, რომ ჩვენში არ დარჩენილა არავითარი სააზროვნო სიცხადე და არავითარი ენერგია სამოქალაქო თანაარსებობისათვის. ან რას ამბობს ის მორწმუნესა და რწმენაზე, რომელიც ასეთ დაცვას საჭიროებს? რაოდენ ინფანტილური და სუსტი ჩანს მორწმუნე იმ ხედვით, რომელსაც კანონი ეფუძნება? 

კანონის იდეა სწორედ მორალურობის მძაფრი კრიზისის განცდას ეყრდნობა, რომელსაც თანამედროვე საქართველოში ყველა ნაბიჯზე წავაწყდებით. მართალია, ჩვენში ხშირია საუბარი საერთოდ მორალზე და გამოყოფით ქრისტიანულ მორალზე, მაგრამ ეს დაუსრულებელი განსჯა მწარე სინამდვილეს ეფარება. საქართველოში, სადაც ერთი შეხედვით რწმენა და მორალი აღზევებულა, სინამდვილეში არც ერთი და არც მეორე არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი ან გავლენიანი. უზადო მორწმუნეობის თეატრს მიღმა უზადო ურწმუნოება იმალება. ეს ურწმუნოება დროდადრო თავსაც გვახსენებს ხოლმე, როდესაც რწმენის ფასადს ამოფარებული შიშნარევი ხმით გვესაუბრება. „რწმენას მართმევენ“, _ იძახის ერთი, „ქართველობასაც“, _ ამატებს მეორე, „ორივეს ერთად“, _ ფიქრობს მესამე.  შესაძლებელია კი ასეთ ვითარებაში საერთოდ რაიმე რწმენაზე საუბარი? ან კი რაღა არის რწმენა, რომელიც თვითონ ასე ურწმუნო და ასე მყიფეა?

სწორედ ურწმუნოთა თეოლოგიის ნაწილია ჩვენთვის ცნობილი დამსჯელი ღმერთიც. ქრისტიანული ღმერთი კეთილი ღმერთია, ის არის ძალა სიკეთისა და ქმნადობისა. ურწმუნოთა ღმერთი კი დამსჯელი ღმერთია, ვისი სახელითაც პერმანენტულად გვემუქრებიან. ის უნდა იყოს დამსჯელი ღმერთი, რადგან ურწმუნოებს ასე სჭირდებათ, საკუთარ სიძლიერეში ჯერ საკუთარი თავის, შემდეგ კი სხვათა დასარწმუნებლად; სიძლიერეში, რომელიც ბუნებრივად მხოლოდ ნამდვილ მორწმუნეს აქვს. მეჩვენება, რომ სწორედ ურწმუნოთა თეოლოგიის მთავარი ხატების, დამსჯელი ღმერთის, გაგრძელებაა დამსჯელი კანონიც, რომელსაც დღეს ჩვენ გვთავაზობენ. რადგან ეს კანონპროექტი, პირველ ყოვლისა, სწორედ უნდობლობას, ურწმუნოებასა და შიშს ეფუძნება. ის იმთავითვე დგას წინასწარ გამოტანილ დასკვნაზე, რომ მორალური ვითარების შესაქმნელად საჭიროა არა რაღაცის პოზიტიურად შეცვლა, არამედ რაღაცის ნეგატიურად უარყოფა.  მაგრამ, არის კი შესაძლებელი მორალის გამყარება კანონით, რომელიც თვითონ ეფუძნება შიშისა და ამორალობის ამგვარ განცდას?

კანონპროექტის ავტორთა და ადვოკატთა მიხედვით, კანონპროექტის მთელი არსი სამოქალაქო მშვიდობის განვრცობასა და გამტკიცებაში დევს. რა თქმა უნდა, ეს უდავოდ მისასალმებელი იქნებოდა, თუმცა  ცხადზე უცხადესია, რომ კანონპროექტი არათუ არავითარ სამოქალაქო მშვიდობას არ გაამყარებს, არამედ თვითონვე მარტივად შეიძლება იქცეს მიზეზად და მექანიზმად სრული სამოქალაქო დისინტეგრაციისა. მორალურად და პოლიტიკურად ჯანსაღი საზოგადოება უპირველეს ყოვლისა სწორედ თავისუფალ მორალურ არჩევანსა და თავისუფალ ორმხრივ საუბარზე უნდა იდგეს, ამ კანონის პირობებში კი დომინანტური გახდება შიში და უნდობლობა. მის პირობებში, პოპულარული იქნება სიფრთხილით განპირობებული დუმილი, რაც პირდაპირი მტერია დემოკრატიული თავისუფლებისა, რომელიც მხოლოდ ღია სამოქალაქო განსჯას შეიძლება ეფუძნებოდეს.

აშკარაა, რომ არ დასტურდება მსგავსი კანონპროექტის შემოღების არავითარი საჭიროება. პირველ რიგში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიული გამოცდილება გაჯერებულია რელიგიური შემწყნარებლობის მაგალითებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ ახსოვს არც ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური შუღლი თავის ხალხთა შორის, განსხვავებით დასავლეთ ევროპისგან, რომელიც ამ დღეებში არარელევანტურ მაგალითად მოჰყავთ, რომელსაც ახსოვს რელიგიური ომები, ჰიტლერის მიერ გერმანელ კათოლიკეთა ექსპლუატაცია და შემდგომში განადგურება, კონფლიქტი ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის,  ან _ მუსოლინი იტალიაში. ხშირ შემთხვევაში, დასავლეთში ანალოგიური კანონმდებლობა სწორედ წარსულის ისტორიული ვითარების საპირწონედ არსებობს და არა იმიტომ, რომ ის ვინმეს „ღირსებას“ ან „რწმენას“ იცავს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე სრულიად მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი კანონმდებლობა მიჩნეულია აშკარა ანაქრონიზმად და გაუქმების გზას ადგას. საქართველოს კი, რომელსაც რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი სერიოზული შუღლი ფაქტობრივად არ ახსოვს, ამის საჭიროება სავსებით არ გააჩნია. მეტიც, ახლა როდესაც საქართველო უნდა ფიქრობდეს მეტსა და მეტ დემოკრატიულობასა და თვითმმართველობაზე, საზოგადოებრივი მოწყობის ყველა  შრეზე, მას ყველაზე ნაკლებად სწორედ დემოკრატიული ენერგიის ჩახშობისაკენ მიმართული კანონი სჭირდება. 

და მეორე - საქართველოს არსებული კანომდებლობა სრულებით ადეკვატურად იცავს მოქალაქეთა უფლებებს, ე. წ. „მორწმუნეთა უფლებები“ კი ცალკე საერთოდ არ არსებობს, რადგან ყველა მორწმუნე პირველ რიგში სახელმწიფოს მოქალაქეა და მხოლოდ შემდეგ წევრი ამა თუ იმ სასულიერო თუ საერო ინსტიტუტისა. დაბოლოს შემოთავაზებული კანონპროექტი ანტიმორალურია, რადგან ის მიიჩნევს, რომ საქართველოს ხალხს კანონით დარეგულირებისა და დასჯის შიშის გარეშე, სავსებით არ შეუძლიათ პატივი სცენ ერთმანეთის რწმენასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიას.

რა შეიძლება მოგვცეს ამ კანონმა? არაფერი, გარდა მექანიზმისა, რომელიც შესაძლოა ერთმა მოქალაქემ მეორის მიმართ უსამართლოდ გამოიყენოს; არაფერი, გარდა დამატებითი ბიუროკრატიისა და სასამართლოს ისედაც მწირი დროის ფუჭად ხარჯვისა; არაფერი, გარდა საზოგადოებრივი მორალისა და ეროვნული ერთიანობის სპობის საფრთხისა. ეს კი მაშინ, როდესაც დღეს საქართველოს არაფერი სჭირდება ისე, როგორც მეტი მორალური ერთობა და მეტი სამოქალაქო ერთობა. ეს სჭირდება ქვეყნის შინაგან განვითარებას, ისე, როგორც მის საგარეო წარმატებას. ნებისმიერი კანონი, რომელიც არა ერთობასა და დემოკრატიულ თავისუფლებაზე, არამედ მოქალაქეთა დაყოფაზეა ორიენტირებული და მათ შორის შუღლის გაღრმავებას გვიქადის, იქნება არასწორი, ამორალური და ანტიისტორიული კანონი. წარმოდგენილი კანონპროექტი  კი არაფერს გვიქადის, გარდა მეტი შუღლისა და დაქსაქსვისა, გახშირებული ცილისწამებისა და გაძლიერებული მონობისა. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტმა, თუკი ის რჩება ერთგული საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და თვითმმართველი მომავლისა, შემოთავაზებული კანონპროექტი ერთხმად უნდა უარყოს.  

გრიგოლ გეგელია - პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^