Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, ანუ როგორ დავგეგმოთ ცხოვრება

18 თებერვალი 2016

რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებულ უფლებებზე  „ლიბერალი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჰერა XXI-ის“ დირექტორ ნინო წულეისკირს ესაუბრა.

პირველ რიგში, რას გულისხმობს ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული უფლებები?

რეპროდუქციული ჯანმრთელობა სასიცოცხლო პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობასთან. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ქოლგის ქვეშ შედის  ისეთი საკითხები, როგორიცაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო აბორტი, რეპროდუქციული სისტემის ონკოდაავადებების  პრევენცია,  სკრინინგი და სხვა. თვითონ ეს თემებიც მეტყველებენ ადამიანის ჯანმრთელობის რაოდენ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს რეპროდუქციას. თუმცა  რეპროდუქცია არ ეხება მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ის მოიცავს უფლებრივ საკითხსაც.  ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფალ  გარემოში ყველანაირი დისკრიმინაციის, ზეწოლისა თუ იძულების გარეშე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავის რეპროდუქციულ ქცევასთან დაკავშირებით.  მას თვითონ შეუძლია განსაზღვროს რამდენი  შვილი ჰყავდეს, როდის გააჩინოს, რა შუალედით იყოლიოს შვილები.  აქვს უფლება მიიღოს ინფორმირებული არჩევანი, არეგულიროს და მართოს თავისი ფერტილურობა, თავიდან აიცილოს დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობა. სწორედ ამ თავისუფალ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში მდგომარეობს ადამიანის რეპროდუქციული უფლება. ეს უფლება აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, ჩვენთან სხვადასხვა დოკუმენტებით. პირველ რიგში ამ უფლებას კონსტიტუცია, ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი”, პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ კანონი იცავს.  

თქვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან. „რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულის“ ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა მოეწყო უნივერსიტეტებში, ასევე, რეგიონებში დევნილ ქალებთან.  რა იკვეთება ამ შეხვედრების შედეგად? ჯანმრთელობის კუთხით  რა არის მთავარი პრობლემა, რასაც  ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან?

ჩვენ ორგანიზაციის მიდგომა და პრაქტიკაა, რომ ნებისმიერ პროგრამას, რომელზე მუშაობასაც ვიწყებთ, წინ უძღოდეს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებების შესწავლა. ასევე, პროგრამებში აუცილებლად ვრთავთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს პროგრამებია გამიზნული. დიდი ხანია, უკვე ამ სფეროში ვმუშაობთ, თუმცა არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებიდან შემიძლია ვისაუბრო ამ ქალების საჭიროებებზე, არამედ საქართველოში პერიოდულად სხვადასხვა დონორების დაფინანსებით  მზადდება ანგარიშები,  რომლებიც  კარგად აჩვენებს სწორედ ამ საჭიროებებს.

როცა საჭიროებებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გამოვყოთ სხვადასხვა ჯგუფები, რადგან ისინი საჭიროებების მიხედვით განსხვავდებიან, მაგალითად, ახალგაზრდა დაქორწინებული ქალები, დაუქორწინებლები, საშუალო ასაკის ქალები, ცალკე ჯგუფია აივ ინფიცირებული ქალები, მოზარდები, ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები. ყველა ჯგუფს აერთიანებს ერთი რამ,  კვალიფიციური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიღების ნაკლებობა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც  მათთან მუშაობისას იკვეთება. ჩვენ ყოველთვის ჩავდივართ თემში, ქალებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს, ვაწვდით ინფორმაციას, ვესაუბრებით და  ჩანს, რომ ეს მათ ძალიან აკლიათ.

ქალებს არ აქვთ ცოდნა და ინფორმაცია საკუთარ სხეულის შესახებ, საკუთარ  სექსუალობასთან თუ სხვადასხვა საკითხებზე.  არ იციან კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ, როგორ აიცლონ თავიდან  დაუგეგმავი ორსულობა და დავადებები. ეს არის ყველაზე დიდი ბარიერი, რასაც ვაწყდებით -  ინფორმაციის ნაკლებობა, რომელსაც  საბოლოოდ  საკამოდ ცუდ შედეგამდე მივყავართ. თუმცა ინტერესი მათი მხრიდან ძალიან დიდია. მათ სჭირდებათ ეს ინფორმაცია, რადგან პირდაპირ დაკავშირებულია მათივე ცხოვრების ხარისხთან.

ახალგაზრდებთანაც იგივე პრობლემაა. როგორც ყველა მოზარდს, შესაძლებელია მათაც აქვთ შიში, დაძაბულობა. სწორედ ამიტომ  სწორად მიწოდებულ ინფორმაციასთან ერთად საჭიროა მათთვის კეთილგანწყობილი, მეგობრული  სერვისების შეთავაზება, ამისთვის სამედიცინო პერსონალიც მზად უნდა იყოს.

ხშირად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბრისას მიიჩნევა, რომ ეს მხოლოდ ქალებს ეხებათ. მაშინ, როდესაც საქმე ეხება ოჯახის დაგეგმვას, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციას, უსაფრთხო ქცევას თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. საიდან უნდა დაიწყოს  ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ამაზე ინფორმაციის მიწოდება, ოჯახი, სკოლა, ჯანდაცვის სისტემა, რა როლი აქვს ამ ინსტიტუტებს ამ კუთხით?

სახელმწიფოს უდიდესი როლი აქვს. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ჰარმონიული და ჯანსაღი განვითარების კონცეფცია. მაგრამ ამისთვის პირველ რიგში ნება და მზაობა უნდა არსებობდეს. სენსიტიური საკითხია, ამიტომ განსაკუთრებულ და კვალიფიციურ მიდგომას საჭიროებს.  მით უფრო, როცა ვხედავთ, რომ საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხების მიმართ,  სწორედ იმის გამო, რომ, როგორც ვთქვით, არ არსებობს ინფორმაცია ამაზე.  უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ღიად და თამამად. ამაში ჩართული უნდა იყოს  ყველა ინსტიტუტი.

რა თქმა უნდა, ყველაფრის ქვაკუთხედი განათლებაა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში. ის, რომ ჩვენ დღეს ვერ ვსაუბრობთ რიგ საკითხებზე ან თუნდაც გვაქვს სტერეოტიპული შეხედულებები, სწორედ  იმის ბრალია, რომ ამ თემებზე საკმარისი განათლება არ გვაქვს. თუმცა აქაც საჭიროა შეთანხმება - რა ტიპის განათლებაზეა საუბარი, რა ფორმით და მეთოდებით უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდებს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში. უნდა განვიხილოთ და შევისწავლოთ საერთაშორისო პრაქტიკები, ვეძებოთ ახალი მიდგომები. ამისათვის, როგორც უკვე ვთქვი, საჭიროა დისკუსია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც  ასე აკლია საზოგადოებას.

კვლევები ადასტურებს, რომ ქალებს  არ აქვთ საკმარისი ცოდნა  რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური უფლებების შესახებ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აბორტების 47%-ზე მეტი 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. პრობლემად რჩება სელექციური აბორტები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესაფერის სერვისებსა და  კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობა. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რაოდენობა კი მატულობს და საქართველოში აივ ინფექციის მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.  სად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები? ვთქვით, რომ სახელმწიფოს  ერთიანი ხედვა და სტრატეგია ამ მიმართულებით არ აქვს.  საიდან უნდა დავიწყოთ? რამდენად პასუხობს ამ სფეროში თანამედროვე გამოწვევებს თუნდაც ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა?

ერთიანი ხედვა და სტრატეგია არ არსებობს. ასეთი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში, სადაც მკაფიოდ განისაზღვრებოდა მიმართულებები, სახელმწიფო სტრუქტურებს ამაზე მუშაობა გაუადვილდებოდათ. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ეს საკითხი პრიორიტეტად არ მიაჩნია.

ბოლო სრულყოფილი კვლევა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში 2010 წელს ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად კვლევით სამუშაოებს ქვეყანაში უცხოელი დონორების დაფინანსებით ახორციელებენ. სახელმწიფო თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, ჩაატაროს კვლევები, შეისწავლოს საკუთარი მოსახლეობის საჭიროებები და შემდეგ უკვე ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნება სურათი, რა და როგორ გაკეთდეს. ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ  ამ სფეროში უკვე არსებული გამოცდილება და რესურსი გამოიყენოს და ითანამშრომლოს სხვადასხვა ჯგუფებთან.

რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, ის  ცოტა არ იყოს მოძველებულია. 1995 წელს მიღებული ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონი  გადახედვას საჭიროებს. რეპროდუქტოლოგია სწრაფად განვითარებადი სფეროა, ტექნოლოგიები წინ მიდის, ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ამიტომ ეს პროცესები ითხოვს საკანონმდებლო ბაზის  თანამედროვე რეალიებთან მორგებას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

ჩვენმა ორგანიზაციამ ამ საკითხზე შარშან იმუშავა და მოამზადა ანალიზი რეპროდუქციულ უფლებებსა და მათი რეალიზაციის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ბოლო კვლევები და ანგარიშები ცხადყოფს, რომ  საქართველოში ქალების რეპროდუქციული უფლებები ხშირად ირღვევა,  მაგალითად, უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი, რადგან ცნობილია ტენდენცია რომ ექიმები და ინსტიტუციები  ამ სერვისის მიწოდებაზე უარს ამბობენ. ასევე, პრობლემაა სელექციური აბორტები. 2015 წელს ბრძანებით აიკრძალა სელექციური აბორტები, მაგრამ ეს უბრალოდ ჩანაწერია, მაგრამ როგორ, ვის მიერ, რა მექანიზმით ეს არსადაა განსაზღვრული. ხშირად საქართველოში თითქოს  საკანონმდებლო ბაზა მოწესრიგებულია მაგრამ მექანიზმი რომელიც აღასრულებს ამ კანონს არ არსებობს. საკანონმდებლო ბაზა მოსაწესრიგებელია და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები კანონმდებლობით ერთ სივრცეშია მოსაქცევი. 

ქვეყანა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიერთებულია რამდენიმე საერთაშორისო კონვენციას და აღებული აქვს ვალდებულებები, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს ეს ვალდებულებები და  რა ეტაპზეა ქვეყანა მათი შესრულების გზაზე? 

პროცესი 1991 წელს დაიწყო. საქართველო მიერთებულია  ყველა იმ საერთაშორისო კონვენციებსა თუ დოკუმენტებს, რაც ამ სივრცეში არსებობს. ამ დოკუმენტებზე ხელმოწერა  და ამ დოკუმენტების რატიფიცირება ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებებს, რაც  ჩარჩო კონვენციების ფარგლებშია გათვალისწინებული. შემდეგ უკვე საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება პროცესებს, როგორ ასრულებენ ქვეყნები ამ ვალდებულებებს. მაგალითად, 2014 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კომიტეტზე საქართველო ანგარიშით წარსდგა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩრდილოვანი ანგარიში მოვამზადეთ. კომიტეტის წევრებმა ანგარიშების მოსმენის შემდეგ საქართველოს რეკომენდაციები მისცეს, რომლებიც ქვეყანამ მომდევნო ანაგრიშის წარდგენამდე (ოთხ წელიწადში ერთხელ) უნდა გაითვალისწინოს. რეკომენდაციების ადრესატებს შორის იყვნენ განათლების სამინისტრო  და ჯანდაცვის სამინისტრო. რეკომენდაციების მიხედვით, უნდა დაინერგოს სასწავლო პროგრამა, რომელიც რეპროდუქციული და სქესობრივი უფლებების სწავლებას ეხება. სოფლად მცხოვრებ ქალებს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე. ასევე, ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები სელექციურ აბორტთან და ნაადრევ ქორწინებასთან საბრძოლველად. სახელმწიფო ვალდებულია ამ რეკომენდაციებზე რეაგირება მოახდინოს.

რა ცვლილებებს გამოყოფდით რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის  შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ  საკანონმდებლო ცვლილებებში? რამდენად შეცვლის მდგომარეობას მათი მიღება?

სტამბულის კონვენცია კიდევ უფრო ხაზს უსვამს და აძლიერებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. მაგალითად,  გენდერული საკითხების ინტეგრირებას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში, მამაკაცის როლის გაძლიერებას და ა.შ. იუსტიციის სამინისტრო ემზადება კონვენციის  რატიფიცირებისთვის. ცვლილებებიდან გამოვყოფდით რამდენიმე საკითხს, რომელიც  ქალთა  უფლებების დაცვას ეხება. მაგალითად, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულება.  იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ.  საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ქალი დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ ოჯახის მიღმაც. ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს, რაც ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში იმოქმედებს. ცვლილებამდე  ეს დათქმა მხოლოდ  ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან მიმართებაში არსებობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^