Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არიები "ირმების გადმოსახედიდან"

22 თებერვალი 2016

ექვსწლიანი „აღდგენითი სამუშაოები“ დასრულებულია, ოპერა - ამღერებული!

გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოები, რომელიც ხშირად უსარგებლო და ყოვლად არამუსიკალურ სკანდალებთან, ადმინისტრაციისა და სამხატვრო ხელმძღვანელების შეცვლასთან, სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებთან (განსაკუთრებით ფონდ „ქართუს“ ისტორიის გათვალისწინებით) იყო დაკავშირებული, არცთუ უხმაუროდ  ჩაბარდა წარსულს... თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი ეროვნული კულტურის არქეტიპით, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“, საზეიმოდ გაიხნა, თუმცა ვისთვის ეს არტფაქტი აღმოჩნდა და ვისთვის იმ ერთი, მდიდარი კაცის პოლიტახირებიდან  გამოძერწილი სანახაობა. 

თეთრი კარკასი, შავი ვნებები

უმადურობა რომ არ დაგვწამონ, აღდგენითი სამუშაოებით, ანუ პოზიტივით დავიწყოთ. ოპერის თეატრში სარემონტო სამუშაოები 2010-2016 წლებში, ფონდ „ქართუს“ უზრუნველყოფით მიმდინარეობდა (პროექტის მთავარი არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი), რაც ითვალისწინებდა თეატრის სრულ რეაბილიტაციას: გამაგრდა ფუნდამენტი; სპილენძით დაიფარა შენობის სახურავი, განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა თანამედროვე ვიდეო, აუდიო  და განათების სისტემები; რესტავრაცია გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზები; თეატრი აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორის, ორი დიდი საკონცერტო „სტეინვეის“ როიალით).

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარემონტდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი; მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი; თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე; გაკეთდა ახალი საგრიმიოროები და ანტრაქტის დროს დასასვენებელი დარბაზი; რესტავრაცია ჩაუტარდა იატაკს, მაყურებელთა სკამებს; შეკეთდა უნიკალური ავსტრიული ბროლით დამზადებული 600-ნათურიანი ჭაღი; განახლდა თეატრის მიმდებარე სკვერი...

წესით, საზოგადოებას მადლობის მეტი არაფერი უნდა ეთქმოდეს. არადა, მელომანების ნაწილი, მედია, არტისტები, ცხოველთა დამცველები თუ პოლიტიკოსები ოპერის გახსნის ცერემონიასა და ორგანიზებას მკაცრად აკრიტიკებდნენ. ვიღაც პრემიერაზე „არასწორად“  მიწვეულებმა გააღიზიანა, ნაწილს ქურქები არ მოეწონა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოპერის გახსნაზე მიპატიჟებულებსა და სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ოჯახის „თეატრალურ ვნებას“ შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ. იქვე, ოპერის ბაღში შენობის გახსნის პარალელურად, საპროტესტო თუ სახალხო აქცია-კონცერტი გაიმართა.

„სწორე უნდა მოგახსენოთ, მე თეატრი სრულიად არ მეპიტნავებოდა, რადგანაც არა გამეგებოდა-რა, არც იტალიური ოპერებისა, არც მუზიკისა, მე მხოლოდ დავიარებოდი გასაცილებლად და პატრონად ჩემის ცოლ-შვილისა, რომელთაც გაგიჟებით შეიყვარეს თეატრი. მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს რა იზიდავდა თეატრში? დაგარწმუნებთ, რომ სხვა არა-რა იზიდავდა, გარდა უგუნური ამპარტავნობისა. იმათ მხოლოდ ერთი აზრი ჰქონდათ: სჩვენებოდნენ საზოგადოებასა, რომ „ჩვენც -აქა ვართოა...“ -ეს არის ფრაგმენტი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიდან“ და უცნაურია, რომ ამ ტექსტს დღესაც არ დაუკარგავს სიმძაფრე და აქტუალობა, თუმცა კლასიკაც ხომ იმიტომაა კლასიკა, ყველა დროის შესატყვისად ჟღერდეს. საოპერო თეატრის ექვსწლიანი, ლამის პოლიტიკური სიმძაფრით გამორჩეული სარემონტო ვნებების შემდეგ, გასაგები და საზეიმო ფაცა-ფუცი  (თავისი ქურქებით და სამკაულებით,  წითელი ხალიჩით, საგანგებოდ შერჩეული სტუმრებით  და უშუალოდ თეატრში ნანახ-განცდილით) სწორედ „უგუნურ ამპარტავნებას“  უფრო გამოხატავდა, ვიდრე ჭეშმარიტ მელომანთა და თეატრალთა თავყრილობას... თუმცა ოპერაში ჯერ სიმღერას აფასებენ  და მერე ითვლიან სამკაულებს.

ისტორია ხანძრების თანხლებით

თბილისის საოპერო თეატრს მდიდარი და დრამატული ისტორი აქვს. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიის მთავარმმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა და დიპლომატმა, გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა ბევრი რამ გააკეთა თბილისის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებისთვის. მას სურდა, ქალაქს ევროპული საოპერო თეატრი ჰქონოდა. 1851 წელს საზეიმოდ გაიხსნა კავკასიაში პირველი საოპერო თეატრი, სადაც ბარბიერის იტალიურმა დასმა გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“ წარმოადგინა.

იმდროინდელი პრესა წერდა, რომ სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასსა და ოპერაში შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის სანაპიროსკენ წარუძღვნენ. სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ უკვე მდინარე მტკვარზე გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოქეიფე  ხალხი მთელი ღამე ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას. პირველ წარმოდგენებს მოჰყვა ვერდის „ერნანი“, ბელინის „ნორმა“,  როსინის „სევილიელი დალაქი“ და სხვა ოპერები. საოპერო თეატრმა მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე.

1874 წელს ოპერის თეატრი დაიწვა. მიუხედავად ამისა, დასს მუშაობა არ შეუწყვეტია და დროებით „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა. 1896 წლის 3 ნოემბერს გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) დასრულდა არქიტექტორ შრიოტერის დაპროექტებული ე.წ. „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი. ფაქტობრივად, ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრი, რომლის  პროტოტიპად არქიტექტორმა რიჰარდ ვაგნერის მიერ დაარსებული ბაიროითის თეატრი გამოიყენა. შენობის სახეს მავრიტანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს: კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ზოლები, ნიშაში ჩასმული ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზები, მუშარაბიანი სარკმლები და სხვა.

აღსანიშნავია,  რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველი ხანძრიდან ასი წლის შემდეგ 1973 წელს ოპერის შენობა ისევ დაიწვა. ხანძარმა მთლიანად დააზიანა ინტერიერი, რის შემდეგაც თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა. რეკონსტრუქციის ავტორებმა (მეძმარიაშვილმა და ჩაჩანიძემ) შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, ისრული თაღებით, დეკორატიული კოშკურებით, სტალაქტიკური მორთულობითა და ორნამენტული მოტივებით.

2010 -2016 წლებში კი თეატრის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები შესრულდა. ასე რომ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2016 წლის 30 იანვრიდან „მესამე სუნთქვა“ გაეხსნა.

ლამაზი, მძიმე და სტატიკური

დიდი ხნით ადრე, ვიდრე რემონტი დასრულდებოდა, უკვე ცნობილი იყო, რომ თეატრი ახალ სიცოცხლეს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ დაიწყებდა, რომლის პირველი წარმოდგენა ამავე თეატრის სცენაზე 1919 წლის 21 თებერვალს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ოპერას თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა. წარმოდგენა თეატრისა და კინოს რეჟისორმა, ალექსანდრე წუწუნავამ დადგა.

ხალხური თქმულების, „ეთერიანის“ სიუჟეტზე ნაწარმოების შექმნა კომპოზიტორს ცნობილმა პედაგოგმა და ლიტერატორმა, პეტრე მირიანაშვილმა ურჩია, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის „აბესალომ და ეთერის“ შექმნაში. მან არა მარტო ლიბრეტოს ტექსტი დაწერა, არამედ მხარში ედგა კომპოზიტორს წლების განმავლობაში, როდესაც ამ ოპერაზე მუშაობდა. პეტრე მირიანაშვილმა ხალხური თქმულების ტექსტის გარდა ლიბრეტოში გამოიყენა ვაჟა-ფშაველას პოემის ცალკეული სტროფები, „ვეფხისტყაოსნისა“ და ილია ჭავჭავაძის ლექსის ფრაგმენტები.

მიუხედავად რამდენიმე თანდაყოლილი, უფრო მეტად კი დროის მიერ ცუდად მიწებებული ნაკლისა, ფალიაშვილის ოპერას აქვს რაღაც შინაგანი, მომნუსხველი და დრამატული სილამაზე, რაც  გაუვარჯიშებელთა ყურთასმენასაც სწვდება. ეს არის საუკუნეების განმავლობაში აგურივით საგანგებოდ გამომწვარი სევდის მოტივი და მინორული ტონალობის დომინანტა; თითქოს ისტორიულად განპირობებული და კომპოზიტორის ცხოვრებისეული ბედისწერის მიერ (მას შვილი გარდაეცვალა, როცა „აბესალომს“ წერდა) შავად მოქარგული მუსიკალური იდუმალება; ეპოსის სისადავე და სიმძიმე ერთდროულად, რაც ბუნებრივია, ლიბრეტოზეც აისახა; ისტორიული კოსტიუმებითა და ცეკვა-თამაშით საგულდაგულოდ შეფუთულ-შენიღბული ეროტიზმი; პატრონყმობისა და ფეოდალური ურთიერთობების კონფლიქტი სასიყვარულო ვნებასთან; და „შავად მღელვარი ფიქრის  გამარჯვება სინათლეზე... რაც ზომიერი ირონიის შემთხვევაში, ცოტათი ფაუსტურადაც შეიძლება აღვიქვათ.

„აბესალომ და ეთერი“ რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ დადგა. სხვათა შორის, ეს მისი მეოთხე შეჭიდებაა ფალიაშვილის ამ ოპერასთან. დირიჟორი -ზაზა აზმაიფარაშვილი, მხატვრობა, სცენოგრაფია და კოსტიუმები -გოგი ალექსი-მესხიშვილი, მთავარი ქორმეისტერი -ავთანდილ ჩხენკელი. სპექტაკლში მონაწილეობს ქართული ნაციონალური ბალეტი, ხოლო ქორეოგრაფიული ნომრების ავტორია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი.

ჯერ კიდევ „აბესალომ და ეთერის“ ძველი ვერსია, რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა სამი ათეული წლის წინ დადგა (მხატვარი და სცენოგრაფი მაშინაც გოგი ალექსი-მესხიშვილი იყო) მძიმე და სტატიკური იყო. საერთოდ, ამ ოპერის „მოუქნელობა“, ნაკლები „დრაივი“ და „ნაკერებით“ გამორჩეული ლიბრეტო (პლუს გუნდის მნიშვნელოვანი და სტატიკური როლი ) დამღასავით ატყვია ნებისმიერ საოპერო დადგმას. უკვე ჩამოყალიბებული  მიზანსცენები და ტრადიცია გავლენას ახდენს მოქმედ თუ მომავალ რეჟისორებზეც. სპექტაკლში დაახლოებით 120 ადამიანი მონაწილეობს და ამის გამო რეჟისორის ფუნქცია მთავარი გმირების სივრცეში განაწილებაში გამოიხატება;  ვინ საიდან უნდა შემოვიდეს, ან საით გავიდეს; როგორ განლაგდნენ მომღერლები ანსამბლების შესრულებისას და ა.შ.

გოგი მესხიშვილი აბსტრაქციულ-არქიტექტურულ სივრცით გადაწყვეტას ირჩევს, რაც საშუალებას აძლევს, სცენა იოლად განტვირთოს პერსონაჟებისგან. მისი სცენოგრაფია გაცილებით ახლოა პეტრე ოცხელის ტრადიციასთან, ვიდრე მოდერნისტულ ან პროვოკაციულ გადაწყვეტასთან.  თეთრი და გეომეტრიული „არქიტექტურის“ გადაღმა რაღაცნაირი, არამკვირცხლი და ქორბუდა ირმები თვლემენ, რომლებიც მუზეუმის „ოქროს ფონდის“ ექსპონატებს უფრო მოგვაგონებენ. ეს ერთადერთი კონკრეტული, ცოცხალი ნიშანია აბსტრაქტულ სცენოგრაფიულ სისტემაში. სწორედ  „ირმების გადმოსახედიდან“  ჩაგვესმის ეთერის არია „დედინაცვალი -თვალში ნაცარი“ პირველ მოქმედებაში, მარიხის კანცონეტა მეორეში და აბესალომისა და მურმანის დუეტიც მესამე აქტში „ამაღამდელო ღამეო“... რაც შეეხება ცნობილ კვარტეტს -„წამწამსა და წამწამს შუა, ბაღი გაგიშენებია“,  ის მთელი წარმოდგენის ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერი ეპიზოდია, მუსიკალური თვალსაზრისით.

ქართული საოპერო ვარსკვლავების სპექტაკლში მონაწილეობამ  ცხადია, გაზარდა მაყურებლის ინტერესიც და მუსიკის ხარისხიც. თამარ ივერი (ეთერი) და ლადო ათანელი (მურმანი) თეატრმა სპეციალურად გახსნისათვის მოიწვია. აბესალომის პარტიას თემურ გუგუშვილი ასრულებს, რომელიც შესაშურ ვოკალურ ფორმას ინარჩუნებს. ახალგაზრდა თაობამ მათ ღირსეული პარტნიორობა გაუწია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მარიკა მაჩიტიძე (მარიხი), თეა დემურიშვილი (ნათელა), კახა თეთვაძე (აბიო), თამაზ საგინაძე (თანდარუხი).

როგორც არ უნდა ვუტრიალოთ გუნდითა და მოწვეული სოლისტებით დახუნძლულ, თითქმის ოთხსაათიან წარმოდგენას; რა ფერადი სირმებითა და „სვაროვსკითაც“ უნდა გავაწყოთ კოსტიუმები და მოოქროვილი ირმებით გავალამაზოთ უზარმაზარი თეთრი სივრცე, „აბესალომი“ მაინც სტატიკურ წარმოდგენად თუ საგუნდო სანახაობად რჩება და რაიმე კონცეფციისა და მასშტაბური გააზრების გარეშე, მხოლოდ ფერად ზღაპრად აღიქმება.

დაბოლოს, დრამატული თეატრის მსგავსად, სადაც ყოველთვის არსებობს სათქმელი (დაფარული თუ გაცხადებული), ანალოგიური რამ ოპერასაც უნდა შეეძლოს; ანუ ის აქტუალურად და თანამედროვედ უნდა ჟღერდეს -აქ და ახლა! ცხადია, კონტექსტიდან და დროის მოთხოვნიდან გამომდინარე. ისიც გასაგებია, რომ ექვსწლიანი რემონტი ცოტა არ არის, რამაც „საოპერო შიმშილი“ და მუსიკით დაინტერესებული საზოგადოების მღელვარე და ცოტა არ იყოს, აგრესიული დამოკიდებულება გამოიწვია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...

მეტი

^