Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გახდა გიორგი გაფრინდაშვილი კანცლერობის კანდიდატი

10 მარტი 2016

დღეს, 17 საათზე, თსუ-ში აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის სენატს კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას წარუდგენს. მანამდე, ერთი საათით ადრე სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

სტუდენტების განცხადებით, გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის  წევრი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე იყო. 2010 წლიდან  დღემდე  კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობს. სტუდენტების თქმით, მისი საქმიანობის პერიოდში 2011 წელს სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, როცა თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს,  ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის არ სცემდა.

"გიორგი გაფრინდაშვილი სწორედ იმ ორგანიზაციის წევრი იყო, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაფორმალურ, ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა. იმდროინდელი თვითმმართველობის წევრები, სწორედ სტუდენტებზე ძალადობისა და პარტიული ინტერესების გატარების ხარჯზე, შემდგომ პოლიტიკურ კარიერას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე აგრძელებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

სტუდენტების ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ 7 მარტს უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში, ე.წ. "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობა დაადასტურა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ივა კავსაძე, გიორგი გაფრინდაშვილის კურსელი იყო.

სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტის კანცლერად გაფრინდაშვილის არჩევის შემთხვევაში თვითმმართველობის პრივილეგიები გაიზრდება, მოიმატებს არამიზნობრივი ხარჯები, ვინაიდან უნივერსიტეტის კანცლერი ის პირია, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ფინანსური, ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში გადანაწილებას.

გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენას რეკომენდაცია იურიდიულმა ფაკულტეტმა გაუწია. ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ბურდული განმარტავს, რომ გაფრინდაშვილი უკვე წლებია უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობს, იურიდიული ფაკულტეტი ადმინისტრაციის დონეზე მასთან წარმატებით თანამშრომლობდა. იგი ახალგაზრდა, პერსპექტიული და გამოცდილების მქონე კადრია. 

"შესაბამისად, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ კანცლერი შიდა საუნივერსიტეტო საზოგადოებიდან უნდა ყოფილიყო, რომელსაც ადმინისტრაცია დაუჭერდა მხარს. ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვედრები გვქონდა რექტორთან. ჩვენ ყველამ, გაფრინდაშვილის კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი.  იურიდიულმა ფაკულტეტმა ინსტიტუციონალურად მხარი დაუჭირა მას, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ აუცილებლად გიორგი გაფრინდაშვილი უნდა ყოფილიყო კანდიდატი. თუ იქნებოდა უკეთესი კანდიდატი, აკადემიური საბჭო უკეთეს კანდიდატს წარუდგენდა სენატს".

ბურდულის თქმით, სენატს უნდა მიეცეს კანონის ფარგლებში მოქმედების თავისუფლება, რომ სენატის წევრებმა ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. იგი მიიჩნევს, რომ აჟიოტაჟი საჭირო არ არის, უნივერსიტეტს უნდა მიეცეს შიდა საქმეებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის საშუალება.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილე სტუდენტების თქმით, გიორგი გაფრინდაშვილი 2011 წელს თვითმმართველობას მფარველობდა, ბურდული განმარტავს, რომ ამ ფატებს დადასტურება სჭირდება: "მე ვარ იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელი, იურისტი, ჩემთვის ფაქტებს სჭირდება დადასტურება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ ყოფილა, საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა. თუკი 2011 წელს ამის შესაძლებლობა არავის არ ჰქონდა, 2012 წელს ხელისუფლება ხომ შეიცვალა, ამდენი დრო გავიდა, რატომ ოფიციალურად არ მოითხოვეს ამ შემთხვევების გამოძიება".

ე.წ. "ოდეერის" ინსტიტუტის შესახებ კი ბურდული განმარტავს, რომ ის ენდობა სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. "ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე ის პიროვნება, რომელზეც არის საუბარი, ივა კავსაძე,  ორგანოების თანამშრომელად არ ფიქსირდება. იგი არის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ადრინდელი კანცლერის თანაშემწე. თუკი ის ოდეერი იყო და თუ რექტორმა იცოდა მის შესახებ, რატომ გაუფორმა მას უნივერსიტეტმა ხელშეკრულება. როგორც ვიცი, ხელშეკრულება 2013 წელს აქვს გაფორმებული. სად იყო რექტორი აქამდე. ახლა გაახსენდა, რომ ე.წ. ოდეერის თანამშრომელი გვყავს? ეს, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა", - ამბობს ბურდული.

დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, განმარტავს, რომ სენატის მიერ კანცლერის კანდიდატისთვის კენჭისყრა მარტივი პროცედურაა.

წარმომადგენლობითი საბჭო - სენატი, რომელსაც აკადემიურმა საბჭომ გაფრინდაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. სენატში სულ 42 წევრია, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის წარმომადგენლები, როგორც პროფესორები, ისე სტუდენტები. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. გაფრინდაშვილს კანცლერად ასარჩევად 22 ხმა სჭირდება.  კენჭისყრამდე გაფრინდაშვილი, პრეზენტაციას გააკეთებს, იქნება გარკვეული დისკუსია, კითხვა-პასუხი. ამის შემდეგ გაიმართება ფარული კენჭისყრა. შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.

უნივერსიტეტის ყოფილ კანცლერს, დავით ჩომახიძეს, უფლბამოსილების ვადა მიმდინარე წლის იანვარში ამოეწურა.  

მანამდე, 2015 წლის 26 ოქტომბერს, უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში  მონაწილეობა ექვსმა კანდიდატმა მიიღო. აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატობის პრეტენდენტების შეფასებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის (სენატისთვის) წარდგენის ბოლო ვადად 2016 წლის 5 თებერვალი განისაზღვრა.

2016 წლის 27 იანვარს თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ (14 წევრმა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთაგან ერთი – იოსებ არჩვაძე – შეარჩია.  აკადემიურ საბჭოს ხმა 8 წევრმა მას მისცა, აკადემიური საბჭოს 6-მა წევრმა კი ამ პოსტზე მისთვის სასურველ კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილი დაასახელა.

16 თებერვალს წარმომადგენლობითი საბჭოს – სენატის მიმართ იოსებ არჩვაძის კანდიდატურის წარდგენამდე ერთი დღის ადრე, არჩვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უარი განაცხადა.

"მიუხედავად აკადემიური საბჭოს მხრიდან ჩემ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა, თავად უნივერსიტეტის კოლექტივში, სტუდენტობაში შეიმჩნევა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩემი კანდიდატურის მიმართ, კერძოდ, პოლიტიკურ ორიენტაციასთან, სამართლიანობასთან და პრინციპულობასთან დაკავშირებით.

ჩემთვის შეურაცხმყოფელია ამგვარი ბრალდებები, რადგან საკუთარი ღირსების, მისი დაცვის საკითხი, პატრიოტიზმი ჩემი არსებობისა და საქმიანობის ქვაკუთხედად მიმაჩნია. ამიტომ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მე მჭირდება არა მარტო წარმომადგენლობითი საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება, არამედ უნივერსიტეტის კოლექტივისა და სტუდენტების მხრიდან აბსოლუტური მორალური ლეგიტიმაცია, რათა მთელი ძალისხმევა დავუთმო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას და არა ათასგვარ პასკვილებსა და ინსინუაციებზე თავის მართლებას", - ნათქვამია არჩვაძის განცხადებაში, რომელიც "გაზეთ თბილისის უნივერსიტეტში" დაიბეჭდა.

17 თებერვალსვე თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ კანცლერის ახალი კანდიდატურა  კონკურსში მონაწილე დანარჩენი კანდიდატებიდან - გიორგი გაფრინდაშვილი, თამარ კაპანაძე, ალექსანდრე ჩხიტაური, კახაბერ ჭეიშვილი - არჩეულიყო.

23 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო,  წარმომადგენლობით საბჭოს – სენატს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასამტკიცებლად  გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:  ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...
07 დეკემბერი
07 დეკემბერი

წითელი ნუსხა და წითელი წიგნი

1900 წელს, როდესაც „მოგზაური“ მტრედი გაქრა, ამერიკული ბიზონი კი გაქრობის პირას აღმოჩნდა, ამერიკელმა ორნითოლო ...

მეტი

^