Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახლა  ღამის 05:03 ია, თითქმის სრულყოფილი დრო წერილის დასაწერად, სტუდენტების მიერ ოკუპირებული უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის ერთ ერთი მთავარი აუდიტორიიდან. 115-ეს დაფაზე 43 კაციანი სიაა  ჩამოწერილი იმ სტუდენტების სახელითა და გვარებით, რომლებიც დღეს ათევენ ღამეს აუდიტორიაში. ეს უკვე მეორე ღამეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სტუდენტები იბრძოდნენ ადმინისტრაციის, თვითმმართველობის, პოლიციის წინააღმდეგ. დღეს გაიმართა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი აქცია, რომელსაც გაცილებით მეტი სტუდენტი შემოუერთდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წერილი ნაკლებად ისახავს მიზნად უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების რომანტიზებას და უფრო მეტად ამ პროცესების მნიშვნელობის შეძლებისდაგვარად ობიექტური ანალიზისკენაა მიმართული, არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება სტუდენტთა ორგანიზებულ, თავიდან ბოლომდე დემოკრატიულ და თანმიმდევრულ ბრძოლაზე, რომელსაც კარგად აღწერს ის სურათი, რასაც ამ წუთებში ვხედავ: სტუდენტები წრეებად სხედან, ფეხმორთხმით,  აუდიტორიის იატაკზე და საკუთარი გეგმების შესახებ მსჯელობენ. ნაწილი ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელებში, ნაწილი ასუფთავებს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა და გარე ტერიტორიას. დრო და დრო, დიდ ეკრანზე ვუყურებთ დღეს ეთერში გასულ გადაცემებს, რომელთა მონაწილეებიც თავად არიან ლექტორებთან და დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად. ყველა გადაწყვეტილება - თითოეული აქ მყოფი სტუდენტის ხმის გათვალისწინებით მიიღება.

საერთოდ, სტრატეგიული ობიექტების ოკუპაცია მნიშვნელოვან პრაქტიკას წარმოადგენს არამხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლის ერთ-ერთი რადიკალური ფორმაა, არამედ იმიტომ, რომ ის თავის თავში აუცილებლად გულისხმობს სრულიად უნიკალური პროცესის დასაწყისს, სადაც სამართლიანობისათვის მებრძოლი ადამიანები იღებენ ასევე უნიკალურ გამოცდილებას, როგორ შეიძლება  იბრძოლო და ორგანიზდე კოლექტიურად, სოლიდარობისა და თანასწორობის პრინციპების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის გზით. სამწუხაროა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისევე როგორც ალბათ ყველა უნივერსიტეტს საქართველოში, კვლავ დიდი პრობლემები აქვს განათლებისა და მეცნიერების ხარისხის, კვლევებისა და აკადემიური მუშაობის მხრივ. ამ ფონზე, 115-ე აუდიტორიასა და კორპუსის დერეფნებში გატარებული საათები ბევრად უფრო პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე სასწავლო კურსის 4 წლიანი ხანგრძლივობა. სტუდენტთა და აქციის მონაწილეთა ნაწილი ახლა მოხსენებებს ამზადებს ხვალინდელი დღისათვის სტუდენტურ მოძრაობებზე, საუნივერსიტეტო პრობლემებზე, შრომით ურთიერთობებზე, ქალთა უფლებებზე, განათლების სისტემის გლობალურ კრიზისზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც გეომეტრიულად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან სოციალური უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიაში. სწორედ ეს გადაკვეთის წერტილებია ხოლმე ერთგვარი ინდიკატორი  იმისა, თუ რამდენად ახლოს დგას ესა თუ ის მოძრაობა ისტორიული ბრძოლის თანამედროვე ხაზზე. ვფიქრობ, სტუდენტთა პროტესტი იდეალურად იმეორებს ამ ფორმას. სწორედ უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის ოკუპაცია გახდა დასაბამი იმ ავტონომიური საგანმანათლებლო სივრცის გაჩენისა, რომელსაც სტუდენტები მთლიანი უნივერსიტეტისათვის ითხოვენ: არა დროებით, არამედ სამუდამოდ; არა ძალაუფლებრივი ჯგუფების მიერ ზემოდან დადგენილი ნორმატივებით შეკოწიწებულს, არამედ ქვემოდან ამოხეთქილი მოძრაობის - სტუდენტებისა და ლექტორების თავისუფალი ერთობის მიერ ხორცშესხმულს, რის გვერდითაც დგანან დღეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე ჩაგრული ჯგუფები - მეშახტეები, რკინიგზელები, სხვა საწარმოებში დასაქმებული მუშები, რომლებმაც პირველებმა გამოუცხადეს სტუდენტებს სოლიდარობა, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების კრიტიკული და მასაშადამე, პროგრესული ნაწილი. სწორედ ამიტომ აქვს, ჩემი აზრით, ამ მოძრაობას რეალური ბერკეტები არამხოლოდ ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად, არამედ იმისთვის, რომ დადგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის მოწინავე ხაზზე. მეტსაც ვიტყვი, რამდენადაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს სტუდენტთა მოთხოვნების (რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ) სრულად დაკმაყოფილებას, იმდენად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მიაღწევენ თუ არა ისინი ამას - რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოძრაობა უკვე წარმატებულია.  ასევე წარმატებულია წინა მოძრაობები უნივერსიტეტში, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით  მყარი დასაყრდენი შექმნეს ამ სიტუაციის განვითარებისათვის. ეს წარმატებულობა გამყარებულია ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზით - 1. სტუდენტური მოძრაობა გახდა ღირსეული ნაწილი საქართველოში არსებული მძიმე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის საპასუხოდ გაჩენილი პროგრესული მოძრაობისა - მშრომელთა მოძრაობისა, რომელიც ასევე აღარ არის ფრაგმენტული და იღებს ერთიანი მოძრაობის სახეს; და მეორე - ის თავად გახდა იმ სივრცის დასაბამი, რომლისთვისაც იბრძვის (ავტონომიური უნივერსიტეტი) - ეს კი, თავის მხრივ, უკვე შეუქცევადი პროცესია.

ახლა კი ძირითადი საკითხები: სტუდენტთა  ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე ამ დროისათვის ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა წარმოადგენს. მას ადანაშაულებენ წლების განმავლობაში უნივერსიტეტში კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესების გატარებაში, ძალადობრივი აქტებისა და ჯგუფების წახალისებასა და მათში უშუალო მონაწილეობაში. გარდა ამისა, სტუდენტებს პრინციპული წინააღმდეგობა აქვთ სტუდენტურ თვითმმართველობასთან, რომელიც წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  გამოყოფილი თანხების პარაზიტულად ხარჯვასა და უნივერსიტეტის სხვა რესურსების (როგორც მატერიალური, ისე ადამიანური) საკუთარი პრივილეგიების გამტკიცებისათვის გამოყენებაშია შემჩნეული, ასევე სტუდენტების დიდი ნაწილის ინტერესების ( სტუდენტური საცხოვრებლების, სწავლის გადასახადის, სტატუსშეჩერებულობის სოციალური მიზეზების, განათლების ხარისხის, კვლევებისა და სამეცნიერო კონფერენციების სიმცირის ) უგულებელყოფასა და ასევე, პარტიულ ანგაჟირებულობაში. გარდა ამისა, სტუდენტები აპროტესტებენ უნივერსიტეტში ეგრეთწოდებული „ოდეერის“ ინსტიტუტის მოქმედებას, რისი არსებობაც თავად რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ აღიარა სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

მთელი ეს დრო  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, თავად გაფრინდაშვილი და თვითმმართველობა მიმართავს ერთადერთ ტაქტიკას -  ჯიუტად არ დაიჯეროს, არ დაინახოს და არ მოისმინოს სტუდენტთა არგუმენტები და მუდმივად უპასუხოს მათ ერთი და იგივე წინადადებით - კიდევ ერთხელ დაასაბუთონ თუ რატომ არის მათთვის მიუღებელი გაფრინდაშვილის კანდიდატურა. მიუხედავად სტუდენტთა არგუმენტირებული დასაბუთებისა, ისინი განაგრძობენ ამ კითხვის დასმას და ცდილობენ მსჯელობას მკაცრი სამართლებრივი ჩარჩო მისცენ, რითიც პრობლემის დავიწროებას და ერთ კონკრეტულ ფაქტზე დახურდავებას ესწრაფიან. ყველაზე „დახვეწილად“, დღეს ერთ-ერთ გადაცემაში ეს სცადა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ბურდულმა, რომელმაც წამოაყენა თავის დროზე გაფრინდაშვილის კანდიდატურა. იგივე რიტორიკას იმეორებენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, მხოლოდ გაცილებით ვულგარულად - რადგან ამ ტიპის დებატებისათვის განსაკუთრებული „სქილებია“ საჭირო. ეს „სქილები“ თანამედროვე კაპიტალიზმში გამოხატული მახასიათებელია წარმატებული ტექნოკრატების, მმართველი მენეჯერთა კლასის, სხვადასხვა ტიპის კარიერისტების. ზოგადად, ისინი დამახასიათებელია კერძო ინტერესისათვის - სადაც ლოგიკა ხდება ტრაფარეტული, მკაცრი და უშინაარსო, მსჯელობა გამორიცხავს დიალექტიკურ სიღრმეს, ინტერესი - ცალსახად ინდივიდუალისტურია. საკმაოდ სიმპტომატურია, რომ ირაკლი ბურდულის რიტორიკა ძალიან გავს იმ კერძო კომპანიების მენეჯერთა და ადმინისტრატორთა რიტორიკას, რომლებიც იგივე ტიპის რკინის ლოგიკით და ტრაფარეტული მსჯელობით ეხმაურებიან ხოლმე საკუთარი დასაქმებულების გაფიცვებს - და ეს არც უნდა გაგვიკვირდეს ნეოლიბერალური განათლების პირობებში, სადაც უნივერსიტეტის ფუნქცია არა განათლებისა და მეცნიერების პროგრესი და მაქსიმალურად კრიტიკული გარემოს შექმნაა მოაზროვნე სპეციალისტების ჩამოსაყალიბებლად, არამედ მსგავსი ტექნოკრატებისა და მენეჯერების აღზრდა - გამოწვრთნილი კადრების, რომელთაც მოქნილობა და ფლექსიბელურობა ახასიათებთ ბაზრის კონიუნქტურების ცვლილებებისადმი მისი დომინირების ყველა დონეზე, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ ისეთი საზოგადოებრივი ან „საერთო“ პრაქტიკებისა და ღირებულებების მიმართ, როგორიცაა სოლიდარობა, თანასწორობა და სამართლიანობა უხეში ლეგალისტური  ჩარჩოს მიღმა. ამის საპირისპიროდ, მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ჰორიზონტალობისა და პირდაპირი დემოკრატიის პრაქტიკის გამოყენებით ჩამოყალიბებულ მოძრაობას, რომელიც ჰორიზონტალურადვე ფართოვდება ტალღური გავრცელების პრინციპით, და შესაბამისად ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ვერტიკალურად გაფართოვდებოდა. სწორედ ამიტომ, ამ მოძრაობას ვერ მოუგებს უნივერსიტეტის ძალაუფლებრივი კლანები: ისინი დაშენებულია იერარქიულობასა და პრივილეგიებზე. 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სტუდენტური მოძრაობა მისი აბსოლუტურად სამართლიანი და რაციონალური მოთხოვნების მიღმა, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად, მოიცავს და ატარებს თანამედროვე სამყაროში აქტუალურ გლობალურ პრობლემასთან წინააღმდეგობას, რომელსაც უპირისპირდებიან სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, წამყვან უნივერსიტეტებში - უნივერსიტეტის კორპორატიზაციას. ეს განსაკუთრებული ტერმინია და განსხვავდება უნივერსიტეტის კომერციალიზაციისგან, რაც მის პრივატიზებას გულისხმობს. კორპორატიზაცია ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ თანამედროვე კაპიტალიზმში, სახელმწიფო უნივერსიტეტიც კი ემსგავსება კორპორაციას თავისი სტრუქტურით. გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ის ხდება მოგებაზე ორიენტირებული - მისთვის ყოველი სტუდენტი ახალი წყაროა შემოსავლისა;  „ცოდნის ტაძარი“ საბოლოოდ იმსხვრევა. დეფორმაციას განიცდის თავად განათლების დეფინიცია. სტუდენტი ისევე უცხოვდება ცოდნის შინაარსისგან, როგორც ადამიანი გაუცხოვდა საკუთარი შრომისგან კონკრეტულ ისტორიულ ეტაპზე. ეს გაუცხოება დაიწყო იმ მომენტიდან, როცა შრომა პირველად დაექვემდებარა ექსპლუატაციას - სწორედ ასე იწყება ცოდნისაგან გაუცხოებაც - როცა ის (უნივერსიტეტი, როგორც ბრძოლის სივრცე; აკადემიური გარემო, როგორც აზროვნების სახლი; ცოდნა, როგორც კრიტიკულობის იარაღი) ექვემდებარება კაპიტალის ინტერესს, როცა ის საჭიროებს დაცვას გასაქონლებისგან. 

ამ შემთხვევაში, გიორგი გაფრინდაშვილი - წარმოადგენს გაპიროვნებულ სახეს იმ ლოგიკისა და სტრუქტურისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ის მოდის სტუდენტური თვითმმართველობიდან და მისი კარიერული გზა ზუსტად იმეორებს იმ საფეხურებს, რასაც გადის ნებისმიერი მომავალი „ადმინისტრაციის თანამშრომელი“  - მმართველი კლასი - ნებისმიერ კერძო კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი და შინაარსი სხვაა, ლოგიკა იგივეა. ჩემი აზრით, სტუდენტები, თავიანთი მოთხოვნებით სწორედ ამ ქვემდებარე ლოგიკას უპირისპირდებიან და სწორედ ამიტომ არის სტუდენტების პროტესტი პროგრესული სოციალური მოძრაობის ღირსეული ნაწილი. 

12 მარტის დილა, აუდიტორია 115. მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ ნებისმიერ დროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:  ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...
07 დეკემბერი
07 დეკემბერი

წითელი ნუსხა და წითელი წიგნი

1900 წელს, როდესაც „მოგზაური“ მტრედი გაქრა, ამერიკული ბიზონი კი გაქრობის პირას აღმოჩნდა, ამერიკელმა ორნითოლო ...

მეტი

^