Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გურია, ოლიგარქი და ფარშევანგის ბუმბული

25 მარტი 2016

გურია და გურული ამბები ენაკვიმატობასთან, იუმორთან, ფირალებთან, დუმბაძესთან, კალანდასთან, ბახმაროსთან, მთასა და ზღვასთან ასოცირდება. მე კიდევ მინდა, გელაპარაკოთ სოციალური სიდუხჭირით დამძიმებულ, შიმშილისა და სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფ გურიაზე, კონკრეტულად, ჩემს სოფელზე.

საბჭოთა კავშირში საკმაოდ ცნობილი იყო სოფელი ნატანები, რომელიც ჩაისა და მანდარინის წარმოებით მუდამ ექიშპებოდა მეზობელ შრომას. ნატანები იყო ინდუსტრიული ცენტრი. დღესაც ამაყად იხსენებენ ამას ადგილობრივები. ახლა ამ ძველ, საბჭოთა, უკვე „მელანქოლიურ“ პოპულარობას სხვა მიზეზიც შეემატა. ნატანებში სანაპიროზე გაშენდა დიდი რეზიდენცია, რომელიც დიდ მოქალაქეს ეკუთვნის. სწორედ აქ ააშენა დიდმა მოქალაქემ დიდი საკონცერტო დარბაზი. სხვა დიდი გეგმებიც აქვსო, ამბობენ.

ამბავი I

სექტემბრის დილა იყო, ბათუმში უნდა წავსულიყავი. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე რომ “მარშუტკამ” გამასწრო, რაღაცნაირად ურეკი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე უნდა აღმოვჩენილიყავი, საიდანაც გავყვებოდი რომელიმე ტრანსპორტს. უცებ უცხო, მორყეული ავტობუსი დავინახე, რომელიც იმ ყვითელ საბჭოთა ავტობუსებსაც კი ჩამორჩებოდა თავისი ვიზუალითა და შესაძლებლობებით. მეზობლის კაცებმა შეუძახეს, გააჩერეს ავტობუსი. რამდენიმე წამში შიგნით აღმოვჩნდი. ადგილი დამითმეს, შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. დავჯექი. ავტობუსში ახალგაზრდა და შუა ხნის მამაკაცები იდგნენ და ისხდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ვიგრძენი უჩვეულო სიჩუმე და გამიკვირდა. გურულები, ავტობუსი და სიჩუმე? მიქროდა ნაწილებად დაშლილი ავტობუსი, ხალხი ერთმანეთს ენარცხებოდა და მე ვიჯექი. სად მიდიხართ-მეთქი ვიკითხე, იმასთანო, თვალები ზემოთ აღაპყრო ერთმა კაცმა. მივხვდი, ავტობუსი სანაპირო სასახლისკენ მიდიოდა და მუშები გადაჰყავდა, თუ „მიეზიდებოდა“. მთელი დღე უნდა ეშრომათ და მათი შრომა დღიურად, დაახლოებით 9 ლარად და 99 თეთრად შეფასდებოდა. ისინი მიდიოდნენ სასახლეში, სადაც უნდა მოევლოთ ბაღისთვის, გადაეზიდათ დასარგავი ხეები, მოერწყათ მინდვრები, დაესუფთავებინათ შეღობილი სანაპირო, გასულიყვნენ სხვადასხვა მშენებლობაზე, გაეტანათ ირმების, ფარშევანგებისა და ნაირგვარი ფრინველ-ცხოველის განავალი.

რას იზამ, მანამდე ეგეც არ იყოო, მითხრეს. 

ხანდახან გამოდის ეს ჩვენი ბატონი და ხელს დაგვიქნევსო, მერე მიდის და პატარა შველს ეფერებაო.

ერთ დღეს ეს შველი გაქცეულა. რა ექნა, არც ზღვის სანაპირო უნდოდა და აღარც სასახლე. შეძრულა  უზარმაზარი სოფელი, გაიქცა ის საცოდავიო, გაიძახოდნენ. ზოგს უხაროდა და იცინოდა, ზოგიც მის დაჭერაზე ზრუნავდა. მთელი მუშათა კოლექტივი შუაღამისას ეძებდა შველს, ტყეში თუ სანაპიროზე. დაიჭირეს და მიჰგვარეს ბატონს სასახლესა შინა. გაიხარა თურმე ბატონმა, საწოვარათი აჭამა რძე.

ამბავი II

- გამარჯობა!

- გამარჯობა!

- აბა, როგორ ხარ, გიო?

- კარგად.

- ეს რა გაქვს ხელში?

- ბუმბული.

- რისი ბუმბულია?

- ფარშევანგისაა აი, ფარშევანგი კიდო იმისაა - თავი ზემოთ ასწია, ეშმაკურად, ამაყად გაიცინა.

- გინდა, ერთი გაჩუქო?- თავი გავუქნიე და გაიქცა, მგონი ეწყინა.

ამბავი III

სახლში ვიყავი და რომელიღაც, ადრე წაკითხულ წიგნს თავიდან ვკითხულობდი. მეზობელი მოვიდა დედაჩემთან, სოფლის ამბების მოსაყოლად და ყავის მისაყოლებლად. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, კარგა ხანი მას ვუსმენდი.

ავად და მარტო იყო მოხუცი ქალი. შვილი თურქეთში ჰყავდა. ხალიჩებს რეცხავდა ეს ბიჭი, სხვადასხვა ქიმიურმა საშუალებამ ისიც ავად გახადა თურმე. წამლები და ექიმი სჭირდებოდა მოხუცს, ყველაზე მეტად კი - შვილი.

ადრე ესეც არ იყოო, შემომჩივლა.

ამბავი IV

ნატანებში სანაპიროსთან (იგივე შეკვეთილი) ატრაქციონების პარკი გახსნა ჩვენმა ღვაწლმოსილმა რამდენიმე წლის წინ. გაიხარეს მაშინ გურულებმა, აბა ნახეთ, ჩვენთანაც კეთდება “რაცხაო”. მაგრამ მალე გაიგეს, რომ ეს პარკიც აჭარას მიაწერეს. გაფიცხდენენ და არც წყევლა-კრულვა დააკლეს მაშინდელ მთავრობას. თუმცა მალე დაივიწყეს, სხვაგვარად არც შეუძლიათ. მთავარია, ბავშვები მიჰყავდათ და უფასოდაც “კატაობდნენ”. გაიგეს ეს მეზობლურ-ნათესაურ-ნაცნობობის ამბავი „ზემოთ“ და მკაცრი კონტროლი დააწესეს. დიდი ვერაფერი დანაკლისი იყო ეგ ნატანებლებისთვის, გურულებს ყელში ჰქონდათ უკვე ეგ „კამიკაძეატრაქციონები“, ადრენალინი და სიცილ-ხითხითიც.

ადრე ეგეც არ იყოო, ამბობენ.

მწარედ ხუმრობენ გურულები, თვითირონიაც სევდისა და სოციალური პრობლემებითაა გაჯერებული. ღმერთისგან მივიწყებულიაო ეს მხარე. თითქოს გურულების ამგვარ ყოფას “წარსულის ათეისტობებს” აბრალებენ. გეკუთვნითო, უთქვამს ერთ რწმენით აღსავსე, განათლულ არსებას გურული კაცისთვის.

სიზარმაცესაც აბრალებენ გურულებს და ტყულია ეგ. აქაც მძიმედ შრომობენ ადამიანები, მაგრამ არა საკუთარ მიწაზე, ისინი შრომობენ და აგროვებენ კაპიტალს, ოღონდ სხვისას.

ჩემს  სოფელში,  ფარშევანგები დილით ბევრად ძვირადღირებულ საკვებს მიირთმევენ, ვიდრე ის ადამიანები, ფარშევანგთა განავალი რომ გააქვთ ყოველდღე.

შეეჩვივნენ სოფლელები, აღარც გურული სიფიცხე ჩანს სადმე.

ასე არ იყო ადრე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^