Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ბედნიერი არაბეთი" დღეს

28 მარტი 2016

ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მძვინვარებს. მოსახლეობა ერთმანეთთან დაპირისპირებულია რელიგიით, პოლიტიკური წარსულითა და ისტორიით. შიიტური უმცირესობა, ირანის აქტიური მხარდაჭერით  იბრძვის თავისი სოციალ-პოლიტიკური და რელიგიური უფლებების დასაცავად. სუნიტური უმრავლესობა კი ცდილობს, კვლავ ხელში ჩაიგდოს პოლიტიკური დომინირება. მესამე ქვეყნები აწარმოებენ საჰაერო იერიშებს, სადაც იღუპებიან არა მარტო მებრძოლები, არამედ უდანაშაულო მოქალაქეებიც. ქალაქები ალყაშია მოქცეული, სადაც საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებაც კი ვერ აღწევს. ფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა სირიაზე ვსაუბრობთ? არა, სინამდვილეში ყოველივე ეს იემენში ხდება. 

როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც Arabia Felix ანუ „ბედნიერი არაბეთი“ ერქვა, ახლა სისხლიანი დაპირისპირების ტერიტორიად გადაიქცა. იმისათვის, რომ გავაანალიზოთ დღევანდელი იემენის ტრაგედია, უნდა გავიაზროთ ამ ქვეყნის ისტორია და პოლიტიკური განვითარების გზა. თუ გვეცოდინება ფაქტები, ადვილი იქნება ანალიზი, თუმცა ისტორია გვასწავლის ერთ რამეს - ჩვენ ცუდი მოწაფეები ვართ და ადვილად ვივიწყებთ წარსულის გამოცდილებას.

იემენის რესპუბლიკა მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი კლიმატი ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის განვითარებას, გეოგრაფიული მდგომარეობა კი ყოველთვის იქცევდა დამპყრობთა ყურადღებას. იემენი დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ტერიტორიაა. მისი დედაქალაქი სანა, ლეგენდის მიხედვით, დააფუძნა ნოეს შვილმა - სემმა და ის ედემის ბაღების შორიახლოს იყო განლაგებული. ბიბლიური საბას სამეფო იემენის ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული და მას  ლეგენდარული დედოფალი, შება მართავდა. 

ძველი რომის იმპერატორებმა რამდენჯერმე სცადეს საბეანთა სამეფოს დაპყრობა. რომაელებმა, რომლებიც აკონტროლებდნენ წითელ ზღვას, შეისწავლეს საზღვაო მარშრუტი ინდოეთამდე და ამით წაართვეს გუნდრუკისა და მურის ვაჭრობის მონოპოლია საბას სამეფოს. საზღვაო, უფრო იაფმა სავაჭრო გზის აღმოჩენამ დაასუსტა საბეანთა სახელმწიფო, რომელიც საბოლოო ჯამში რამდენიმე ნაწილად გაიყო.

525 წელს იემენი აბისინიელებმა დაიპყრეს. 570 წელს მათ ალყა შემოარტყეს მექას და აპირებდნენ მის აღებას, მაგრამ აბისინიელების ჯარში მყოფი მებრძოლი სპილოები, რომლებიც, წესისამებრ, წინ მიუძღოდნენ ჯარს, მექის აღების დროს არ წავიდნენ წინ და ადგილზე გაშეშდნენ. მომავალში ახალი რელიგიის - ისლამის მიმდევრებმა გამოაცხადეს, რომ თვით ალაჰმა შეაჩერა მტერი მექასთან, რადგან იმავე წელს წინასწარმეტყველი - მუჰამედი დაიბადა. აბისინიელებმა უკან დაიხიეს.  ერთი დამპყრობელი მეორემ შეცვალა - სასანიდურმა ირანმა იემენი დაიპყრო და თავის პროვინციად გამოაცხადა. 628 წელს ბათჰანმა, იემენის სპარსელმა გუბერნატორმა, აღიარა ისლამი. ამის შემდეგ დაიწყო იემენის ისლამიზაცია.

ისლამურ სამყაროში პირველი მეჩეთები ზუსტად იემენის ტერიტორიაზე აშენდა. გარდა ამისა 632 წელს, როცა წინასწარმეტყველი მუჰამედი გარდაიცვალა, 20 000 იემენელი დადგა პირველი ხალიფის, აბუ ბაქრის დროშის ქვეშ, რათა ყურანის სიტყვა მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ. ისლამიზაციამ ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი იემენის კულტურისა და ტრადიციის განვითარებაზე. მეორე უმნიშვნელოვანესი თარიღი იემენის ისტორიაში არის 897 წელი -  იმამმა იაჰიამ ზაიდის იმამატი ჩამოაყალიბა. იაჰია იყო ხალიფა ალის შთამომავალი და ალის პარტიის (შიიტების) წარმომადგენელი. ალის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ მუჰამედის სიკვდილის შემდეგ ალი იყო ერთადერთი „რჩეული ხალიფა“ და მას უნდა გაეგრძელებინა წინასწარმეტყველის საქმე. ზაიდის იმამატი სამხრეთ იემენში 1000  წელი არსებობდა - 1962 წლის რევოლუციამდე.

არაბული ხალიფატის დედაქალაქის გადაწევამ ჩრდილოეთით, ჯერ დამასკოში, შემდეგ კი ბაღდადში, იემენი ცენტრალურ სავაჭრო გზებს ჩამოაშორა და  ძველი პოზიციები დააკარგვინა. რამდენიმე დინასტია  ეომებოდა ერთმანეთს მის ტერიტორიაზე, სანამ იემენი პატარ-პატარა დაპირისპირებული სამთავროების ტერიტორიად არ გადაიქცა. 1507 წელს პორტუგალიელები აღმოჩნდნენ იემენთან, დაიკავეს მნიშვნელოვანი კუნძულები და ამით დაიწყეს ინდოეთიდან მიმავალი სავაჭრო გზების გაკონტროლება. პორტუგალიელების შემდეგ, 1538 წელს, იემენს დაეუფლნენ თურქები. მათი ბატონობა 1636 წლამდე გაგრძელდა. ყავით ვაჭრობით XVII - XVIII საუკუნეებში იემენს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა თავისი მნიშვნელობა, რამაც გამოიწვია ახალი დამპყრობლების - ინგლისელების გამოჩენა იემენის სანაპიროზე.

იემენის დღევანდელი დაყოფა ჩრდილოეთად და სამხრეთად  მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისმა 1839 წელს დაიპყრო ქალაქი ადენი და სამხრეთ იემენი, ხოლო 1872 წელს თურქებმა - სანა და იემენის ჩრდილოეთი ნაწილი.

იემენის თანამედროვე ისტორია იწყება 1918 წლიდან, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებულმა ოსმალეთის იმპერიამ შეწყვიტა  არსებობა და ჩრდილო იემენში ინგლისელებმა დასვეს ზაიდთა იმამატის წარმომადგენელი  - იმამი იაჰია (დიდი იმამის შთამომავალი). ძალაუფლების შესანარჩუნებლად მან იემენი მოაქცია სრულ იზოლაციაში და ინარჩუნებდა შუასაუკუნოვან ეკონომიკას. 1948 წელს იემენელ ინტელექტუალებს ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. მეამბოხეებმა შეძლეს და იმამი იაჰია მოკლეს. ტახტზე ავიდა მისი შვილი - აჰმადი, რომელიც 14 წლის განმავლობაში ტერორით მართავდა ჩრდილო იემენს. 1962 წელს სანაში დაიწყო რევოლუცია იმამის წინააღმდეგ. 8 წლის განმავლობაში ჩრდილო იემენში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. რესპუბლიკელები, რომლებსაც ეხმარებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი, უპირისპირდებოდნენ იმამის მხარდამჭერებს, რომელსაც მხარს უჭერდა საუდის არაბეთის სამეფო. რვაწლიანი დაპირისპირების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა იემენის არაბული რესპუბლიკა.

სამხრეთით, სადაც გაბატონებულები იყვნენ ინგლისელები, პოლიტიკური განვითარება სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბდა 2 ძირითადი პოლიტიკური ძალა: პროკომუნისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი და ეგვიპტის პრეზიდენტ ნასერის მიმდევართა სამხრეთ იემენის გათავისუფლების ფრონტი, რომლებიც იბრძოდნენ დიდი ბრიტანეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის. საბოლოო ჯამში,  გაიმარჯვა პროკომუნისტურმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა, გაანადგურა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე და აიძულა, 1967 წელს, დიდ ბრიტანეთს დაეტოვებინა სამხრეთ იემენი და მისი საპორტო ქალაქი ადენი.

1970 წლის 1 დეკემბერს სამხრეთ იემენში შეიქმნა იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია, ჩამოყალიბდა ერთადერთი პოლიტიკური ძალა „იემენის სოციალისტური პარტია“, რომელმაც გეზი აიღო არაბული სოციალიზმის მშენებლობაზე, საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერით. „ბედნიერი არაბეთის“ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული პოლიტიკური სისტემის ქვეყანა. სამხრეთით სოციალისტი ფანატიკოსები განუწყვეტელი პოლიტიკური წმენდითა და ეკონომიკური ექსპერიმენტებით ცდილობდნენ სოციალიზმის აშენებას, ჩრდილოეთით კი ჩამოყალიბდა დახურული პოლიტიკური სისტემა, რომლის ძირითადი იდეოლოგია ისლამური რელიგიური მოუთმენლობა და ფუნდამენტალიზმი გახდა.

ჩამოყალიბდა ცივი ომისთვის ტიპური მდგომარეობა, როგორიც იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის, ჩრდილო და სამხრეთ კორეასა და ვიეტნამს შორის, როცა ერთი ქვეყანა დაყოფილია იდეოლოგიური გამყოფი ხაზებით. იემენის გაერთიანების იდეამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი სამხრეთ იემენში, სამხრეთის პარტიულმა ფუნქციონერებმა 1972 და 1979 წლებში დააპირეს ძალით ქვეყნის გაერთიანება, რაც ორივეჯერ უშედეგოდ დასრულდა. შეიქმნა საკმაოდ რთული ვითარება. სამხრეთ იემენში დაიწყო ფრაქციული ბრძოლა ერთი სოციალისტური პარტიის სხვადასხვა დაჯგუფებას შორის. ეს დაპირისპირება 1986 წელს იქამდე მივიდა, რომ   სამხრეთ იემენის პრეზიდენტი აბდულ-ფატახ ისმაილი მოკლეს და  სამოქალაქო ომი დაიწყო.  საბჭოთა კავშირის მყისიერი დიპლომატიური ქმედებების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები სწრაფად დასრულდა, თუმცა ამის მიუხედავად, 10 000-მდე იემენელი დაიღუპა და 20 000-მდე გაიხიზნა ჩრდილო იემენში.

რთული მდგომარეობა იყო ჩრდილოეთშიც. ერთ პრეზიდენტს მეორე ცვლიდა და შეიარაღებული ძალები ხშირად ერეოდნენ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. 1978 წელს პოლკოვნიკმა ალი აბდულაჰ სალეჰმა გამოაცხადა თავი ჩრდილო იემენის პრეზიდენტად. მან გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, 1983-1988 წწ-ში და რკინის ხელით მართავდა იემენის ჩრდილოეთ ნაწილს. XX საუკუნის 90-იან წლებში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა როგორც სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთით. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ შემდეგ საბჭოთა კავშირი დადგა ეკონომიკური  კრახისა და კოლაფსის წინაშე. მოსკოვს საშუალება არ ჰქონდა, თავისი მოკავშირეებისთვის ეკონომიკური დახმარება გაეწია. სამხრეთ იემენი თავისი განუვითარებელი ეკონომიკით, განვითარებული შეიარაღებული ძალებითა და უზარმაზარი საგარეო ვალით რთული არჩევნის წინაშე დადგა. უკეთესი მდგომარეობა არ იყო არც ჩრდილო იემენში, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა მისი ათასობით მოქალაქის ფულადი გზავნილები საუდის არაბეთიდან, ნავთობზე ფასის დაცემამ კი ამ შემოსავლის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ნავთობზე ფასის დაცემის შემდეგ დაიწყო ფიქრი სამხრეთ და ჩრდილო იემენის გაერთიანებაზე. 1990 წლის 21 მაისს მიიღეს გაერთიანებული იემენის საერთო კონსტიტუცია და ცოტა ხანში რეფერენდუმზე იემენის მოსახლეობის უმრავლესობამ (ორივე ნაწილში) მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის გაერთიანებაზე. გაერთიანებული იემენის ახალი პრეზიდენტი გახდა ჩრდილო იემენის პრეზიდენტი - ალი აბდულაჰ სალეხი,  ვიცე-პრეზიდენტი კი - სამხრეთ იემენის  ყოფილი ხელმძღვანელი - ალი სალიმ ალ ბიდჰი. იემენის გაერთიანების მიუხედავად, მაინც თავს იჩენდა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. 1993 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად სუსტი იყო ამ ქვეყნის ერთობა. სამხრეთ იემენი, სადაც სეკულარული იდეები უფრო ძლიერი იყო, ვერ ეგუებოდა მკაცრ მაჰმადიანურ კანონებს, რომელსაც თავს ახვევდა კონსერვატიული ჩრდილოეთი.

მნიშვნელოვანი როლი სამხრეთისა და ჩრდილოეთის დაპირისპირებაში ითამაშა ახლად აღმოჩენილმა ნავთობის საბადოებმა, რომელთა უმრავლესობა იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სამხრეთელების გადაწყვეტილებით. მოპოვებული ნავთობიდან მიღებული თანხა უნდა დარჩენილიყო სამხრეთში. ამ გარემოებამ კი იემენის რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავება გამოიწვია. გაერთიანებული იემენის ვიცე-პრეზიდენტი 1993 წლის აგვისტოში დაბრუნდა სამხრეთის ყოფილ დედაქალაქ ადენში და კურსი აიღო სამხრეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. გაერთიანებული იემენის მთავრობა ფუნქციონირებას ვერ ახერხებდა. 1994 წლის მაისში დაიწყო სამხრეთელებისა და ჩრდილოელების სამხედრო დაპირისპირება, მიუხედავად სამხრეთელების უპირატესობისა, საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებაში, პრეზიდენტმა სალეჰმა შეძლო ჩრდილოელების სწრაფი მობილიზაცია და კონტრშეტევაზე გადასვლა. სამხედრო დაპირისპირება 1994 წლის ივლისამდე გაგრძელდა და სამხრეთელების მარცხით დასრულდა.  გაერთიანებული იემენის პრეზიდენტმა სალეჰმა  პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადა, მათთვის, ვინც მონაწილეობდა სამხედრო დაპირისპირებაში, 16 ხელმძღვანელის გარდა. სეპარატისტების ლიდერებს ჩამოერთვათ მთელი ქონება და აეკრძალათ იემენში დაბრუნება.

სამოქალაქო ომის შემდეგ იემენში პოლტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაგრამ ნელ-ნელა ხდებოდა რელიგიური, მკაცრი ფუნდამენტალისტური კანონმდებლობის მიღება. მის უკან იდგა „ისლაჰის“ ულტრაკონსერვატიული სუნიტური პარტია, რომელიც ხელთ იგდებდა ძალაუფლების ყველა ბერკეტს გაერთიანებულ იემენში.

ეკონომიკური მდგომარეობა ვერ ვითარდებოდა - 200 000-ზე მეტი იემენელი იძულებული იყო, ემუშავა საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მდიდარ სახელმწიფოებში. პრეზიდენტმა სალეჰმა პოლიტიკური მანევრირებით მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, 1999 და 2006 წლებში, მაგრამ შეუცვლელ სალეჰსაც ეცლებოდა ხელიდან სიტუაცია. პირველი სიგნალი იმისა, რომ იემენში ვითარება მკვეთრად გაუარესდა, იყო არნახული ტერორისტული აქტი, რომელიც 2000 წლის ოქტომბერში აშშ-ის სამხედრო საზღვაო გემ „კოლზე“ მოხდა. თავდასხმისას ადენის პორტში 17 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს იყო იმ დროისთვის უცნობი ტერორისტული ორგანიზაციის - „ალ-ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ პირველი დარტყმა.

21-ე საუკუნის პირველ დეკადაში იემენში სულ უფრო და უფრო ხშირდებოდა დაპირისპირება სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის. ინტელიგენციის მცირე და საშუალო  ბიზნესის წარმომადგენლები მოითხოვდნენ მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას, ეკონომიკურ რეფორმებსა და ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. ამავდროულად, ისმოდა მოთხოვნა პრეზიდენტ სალეხის გადადგომის შესახებ, რომელიც 1978 წლიდან მართავდა ქვეყანას და თავის კლანთან ერთად ჩამოაყალიბა ნეპოტისტური იმპერია.

საზოგადოებაში სოციალური დაპირისპირება ხელს უწყობდა სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების ჩამოყალიბებას და მათ გაძლიერებას. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, როცა ამერიკამ გამოაცხადა „გლობალური ომი ტერორის წინააღმდეგ“, იემენის პრეზიდენტი სალეხი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა ამ კოალიციას. ამით იემენის პრეზიდენტს სურდა  თავისი შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა ამერიკელების დახმარებით. იემენში განლაგდა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ქვედანაყოფები, რომლებმაც დაიწყეს არა მარტო ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების მომზადება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ თვითონაც ატარებდნენ ფარულ ოპერაციებს „ალ-ქაიდას“ ლიდერების წინააღმდეგ.

ამავე პერიოდში წინ წამოიწიეს ზაიდის იმამატის წარმომადგენლებმა. მიუხედავად იმისა, რომ 1962 წლის შემდეგ ზაიდის იმამატის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა გაუქმებული იყო ჩრდილო იემენში, მათ წარმომადგენლებს ჰქონდათ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა შიიტურ მოსახლეობაში.

2004 წლიდან იემენის მთავრობასა და „ალაჰ ანსარის“ (შიიტური დაჯგუფება) შორის დაიწყო სამხედრო დაპირისპირება. ჰუსეინ ბადრედინ ალ-ჰუტის ხელმძღვანელობით, ზაიდისტთა ლიდერს იემენის მთავრობამ დააბრალა, რომ  ირანის მხარდაჭერით ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას და შიიტური რელიგიური დოქტრინის მიხედვით სახელმწიფოს ჩამოყალიბებას აპირებდა. ამავე წელს, სპეცოპერაციის შემდეგ ჰუსეინ ბადრედინი მოკლეს, მაგრამ მოძრაობა, რომელსაც მისი სახელი „ჰუტიტი“ დაერქვა, არათუ დამარცხდა, არამედ შეტევაზეც გადავიდა. „ჰუტიტების“ ხელმძღვანელი აბდულ მალიქი გახდა. განსაკუთრებით გაძლიერდა ბრძოლა 2009 წელს, როდესაც „ჰუტიტებმა“ არა მარტო დაიკავეს ჩრდილო იემენის საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია, არამედ მეზობელ საუდის არაბეთშიც გადაიტანეს ბრძოლა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობა, რომელიც ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდებოდა იემენში მიმდინარე მოვლენებს, მიიჩნევდა, რომ ზაიდიტები არიან საუდის არაბეთის მტრის - ირანის „მეხუთე კოლონა“, რომელიც აპირებს, ხელში ჩაიგდოს იემენის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები და: 1. ხელი შეუშალოს საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტს, 2. შექმნას საუდის არაბეთის საზღვრებზე დაძაბულობისა და კონფლიქტის კერა.

2011 წლიდან, როდესაც „არაბული გაზაფხულის“ ტალღამ გადაუარა ახლო აღმოსავლეთის, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანას, იემენშიც დაიწყო სოციალური ამბოხი. ძირითადი მოთხოვნა იყო პრეზიდენტ სალეხის გადადგომა და პოლიტიკური რეფორმები. რეჟიმმა ტყვიები დაუშინა მეამბოხეებს, რამაც გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება ძალისმიერ სტრუქტურებსა და ხალხს შორის. ისტორიულად იემენი ყოველთვის დაყოფილი იყო კლანებად და ტომებად, სადაც ყოველთვის არსებობდა იარაღის კულტი, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა იყო შეიარაღებული. დედაქალაქ სანაში სისხლიანი დაპირისპირება სწრაფად მოედო მთელ ქვეყანას. იემენის მეზობლების, მათ შორის საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების, ზეწოლის შემდეგ პრეზიდენტმა სალეხმა განაცხადა, რომ  გადადგებოდა 2011 წლის მაისში, მაგრამ შემდეგ შეიცვალა  აზრი და განაგრძო ქვეყნის მართვა.

2011 წლის 3 ივნისს სალეხზე მოეწყო თავდასხმა. პრეზიდენტი  გადარჩა, მაგრამ მძიმედ დაიჭრა, თუმცა ამ ტერორისტულმა აქტმაც ვერ ათქმევინა უარი ქვეყნის მართვაზე. საუდის არაბეთის დაჟინებული მოთხოვნისა და პირდაპირი ზეწოლის შემდეგ 2011 წლის ნოემბერში იემენის პრეზიდენტი გადადგა და ძალაუფლება დაუტოვა ვიცე-პრეზიდენტ აბდ რაბუჰ მანსურ ჰადის. გადადგომის მიუხედავად, სალეხს  საკმაოდ ბევრი  მიმდევარი დარჩა ადგილობრივ ლიდერებს შორის.

სალეხის გადადგომამ უფრო გაამწვავა ურთიერთობა იემენის ცენტრალურ მთავრობასა და „ჰუტიტებს“ შორის. იემენის ახალ ადმინისტრაციული დაყოფის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მის ექვს ადმინისტრაციულ ოლქად დაყოფას, მწვავე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „ჰუტიტებს“ შორის. ისინი გადავიდნენ ფართომასშტაბიან შეტევაზე. მათი მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად შეიარაღებული და მოტივირებული ქვედანაყოფები ერთი მეორის მიყოლებით იღებდნენ ქალაქებს. 2015 წლის იანვარში „ჰუტიტებმა“ ხელში ჩაიგდეს იემენის დედაქალაქი სანა და აიძულეს პრეზიდენტი ჰადი და მინისტრთა კაბინეტი, გადამდგარიყვნენ. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ე.წ. „რევოლუციური კომიტეტი“, „ჰუტიტების“ სამხედრო მეთაურის - მუჰამად ალი ალ-ჰუტის ხელმძღვანელობით. პრეზიდენტი ჰადი გაიქცა ქალაქ ადენში, სადაც მან უარყო გადადგომა, დაგმო „ჰუტიტების“ სამხედრო გადატრიალების მცდელობა და იემენის დროებით დედაქალაქად ადენი გამოაცხადა. „ჰუტიტებმა“ განაგრძეს შეტევა.

2015 წლის მარტში გაჩაღდა ბრძოლა ადენისთვის. პრეზიდენტ ჰადის ძალებმა ვერ შეძლეს „ჰუტიტებისა“ და მათთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის, სალეხის მომხრეებისგან შექმნილი ქვედანაყოფების შეჩერება.  2 აპრილს ქალაქი ადენი დაეცა. ეს იყო მოთმინების ბოლო წვეთი საუდის არაბეთისთვის. იემენის პრეზიდენტმა, ჰადიმ, რომელიც ადენიდან საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში გაიქცა, ოფიციალურად მოითხოვა სამხედრო დახმარება საუდის არაბეთისა და „არაბთა ლიგაში“ შემავალი ქვეყნებისაგან. საუდის არაბეთმა ჩამოაყალიბა კოალიცია, რომელიც მიზნად ისახავდა „ჰუტიტების“ სამხედრო დამარცხებას და „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის, ჰადის მთავრობის დაბრუნებას იემენში. საუდის არაბეთს შეუერთდნენ: ეგვიპტე, მაროკო, იორდანია, სუდანი, კუვეითი, გაერთიანებული არაბთა ემირატები, ყატარი და ბახრეინი.

კოალიციამ დაიწყო „ჰუტიტების“ პოზიციების დაბომბვა. რიგი ქვეყნების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა სამხედრო ოპერაციების შედეგად  2015 წლის ივნისში „ჰუტიტები“ ადენიდან განდევნეს. საავიაციო კამპანია „იმედის აღდგენა“ (ღესტორინგ Hოპე) 2015 წლის აპრილის ბოლომდე გაგრძელდა. კოალიციის ძალებმა შეძლეს და შეაჩერეს „ჰუტიტების“ წინსვლა. მაისის დასაწყისში საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წყდება საავიაციო ოპერაციის აქტიური ფაზა, მაგრამ კოალიცია იტოვებს უფლებას, დაარტყას „ჰუტიტებს“ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ წავლენ პოლიტიკურ დიალოგსა და კომპრომისზე.  2015 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ჰაიდი დაბრუნდა ქალაქ ადენში. მან დაიწყო ქმედუნარიანი მთავრობის ჩამოყალიბება და დიპლომატიური მოლაპარაკებები  პოლიტიკურ მოწინაღმდეგეებთან.

 საუდის არაბეთი აბრალებდა ირანს, რომ ის ეხმარება შიიტურ დაჯგუფებას - „ჰუტიტებს“. საუდის არაბეთის დიპლომატია მიიჩნევს, რომ კონფლიქტი იემენში არის ერთ-ერთი ფრონტი, სადაც არა მარტო საუდის არაბეთი და ირანი უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ შიიზმი ებრძვის სუნიზმს. რიადისთვის ეს არის იმავე ბრძოლის გაგრძელება, რაც არის გაჩაღებული ერაყში, სირიაში, ლიბანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში.

იემენში სამოქალაქო დაპირისპირებამ, ფაქტობრივად, გაანადგურა იემენის ეკონომიკა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის ერთობა, შეაჩერა ინვესტიციები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები. ათასობით იემენელმა დატოვა სამშობლო და გაიხიზნა უცხოეთში, 100 000-ზე მეტი კი დევნილია თავისსავე ქვეყანაში; დაიღუპა 7 000-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირია.

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით  ადევნებდა თვალს იემენში მიმდინარე მოვლენებს. ბუშის ადმინისტრაცია მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი სალეხი იყო „მათი კაცი“ ტერორიზმთან - „ალ-ქაიდასთან“ ბრძოლაში. ობამას ადმინისტრაცია უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი სალეხის შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ, მაგრამ პრაგმატული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეხმარებოდა სალეხს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში, რაც უმეტესწილად გამოიხატებოდა „დრონების“ დარტყმებში „ალ-ქაიდას“ ლიდერების წინააღმდეგ. ყველაზე ცნობილი ფაქტი მოხდა 2011 წელს, როდესაც ამერიკულმა პრედატორმა (პრედატორ) მოკლა „ალ-ქაიდას“ ხელმძღვანელი იემენში - ანვარ ალ ავლაკი, რომელიც ამავდროულად ამერიკის მოქალაქეც იყო. ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეს - საუდის არაბეთს საჰაერო თავდასხმების დროს  ლოჯისტიკური და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფდა.

იემენი აღარ არსებობს როგორც ერთიანი ქვეყანა. ის არის ტიპური „არშემდგარი სახელმწიფო“. ქვეყნის დიდ ნაწილს სხვადასხვა ტომები და კლანები აკონტროლებენ. ეს ქაოსი ბრწყინვალედ  გამოიყენა არა მარტო „ალ-ქაიდამ“, არამედ ახლად შექმნილმა „ისლამურმა სახელმწიფომ - ხალიფატმა“. თეოლოგიის სხვადასხვა საკითხში  დაპირისპირების მიუხედავად, ისინი იემენში ხშირად გამოდიან ერთიანი ფრონტით როგორც „ჰუტიტების“, ასევე ნებისმიერი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^