Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზი და ლევილის ბიბლიოთეკის მომავალი

22 აპრილი 2016

ასე ფრთხილი პარიზის აეროპორტი არ მინახავს. დამფრთხალი არა - ფრთხილი. მსოფლიოს ახალმა და ჯერ ვერმორჩენილმა ჭირმა ადამიანების სახეებს სხვა ჩრდილი მიაწება - გაურკვევლობის, ცოტა უნდობლობის, გაოცების ჩრდილი. მოსალოდნელი უბედურებით გაოცების. თითქოს ყველა წამი იმაზე ძვირფასი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ფრანგებს ისედაც უყვარდათ ეს წამით სარგებლობა, არაერთი გამოთქმა გახსოვთ - აწმყოს გათავისებისკენ რომ მოგვიწოდეთ. ანტიკური ამბებიდან გადმოყოლილი სიცოცხლის სიყვარულია ეს. მნიშვნელოვანი და მოურჩენელი - ადრე თუ გვიან იმ ჭირს რომ მოარჩენს, ღმერთის სახელით წელზე ბომბდალურსმნულქამრიანი ხალხი რომ დაატარებს.

 ხოლო მე უკვე მესამედ ვარ საფრანგეთში, საკმარისად დავაკვირდი აქაურებს და დავასკვენი, რომ გურული და ფრანგული საერთო ძირიდან მოდის. აი, წარმოიდგინეთ დიალოგი:

- კოფე გინდებიენ?

- ტღე ბიენ.

არის კიდევ ერთი გურული გადამისამართება ცუდი ამბების. მტერსა და ავს მოუვიდეს ესა და ეს საქმეო. ასე გამოთქმის - მტერსდ’ავს. ფრანგულ ნიშანს მოითხოვს. ერთი ეგ არის, ცოტა უგემურ მსხალს დავარქვით გურულებმა ფრანგულა. მოკლედ, ვხუმრობსავით. მაგრამ საბაბით. მართლა ძალიან ბევრი გურულია იმ ხალხში, 1921 წელს ბოლშევიკურ ცელს რომ გამოექცა, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა რომ ერქვა და ევროპამ შეიფარა. დიდწილად საფრანგეთმა. პარიზთან ახლოს, დაბა ლევილის მშვენიერი ეზო და ძალიან საინტერესო რეზიდენცია გახდა მათი სახლი. ამ რთულზე რთული ბიოგრაფიის ხალხის. დღეს ბევრი აძაგებს მათ. არაერთი მძაგებლებს აძაგებს. ხშირად ერთი და მეორეც ზეპირ ლეგენდებს ეყრდნობა. ჰაერში დაჭერილ, ათას ენაზე დანაფრენ-ანაფრენ სიტყვებზე დაყრდნობა კი ნამეტნავად გვიყვარს და მერე ამ სიყვარულში გაჯიუტება. ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი მუშაობა ემიგრაციის შესწავლის მიმართულებით, სწორედ ამ გაჯიუტების დაძლევის მცდელობა. ფაქტებზე, საბუთებზე სწორება. სანდო ბილიკებით სიარული. რთული საქმეა. ცხადია, უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ემიგრაციის მუზეუმის (თსუ) ფუნდამენტური ღვაწლი. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ამ საერთო პროცესის მონაწილეობას ვცდილობთ. უკვე გავხსენით ემიგრაციის დარბაზი - ამერიკიდან სამი უმნიშვნელოვანესი არქივი ჩამოვიტანეთ - ზალდასტანიშვილების, დიასამიძის, ხვედელიძის. გერმანიიდან - კერესელიძის. დნეპროპეტროვსკიდან სულხან-საბას ძმის შთამომავლის, გალინა ბულატნიკოვა- ორბელიანის, ბაქოდან მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველების, სტამბოლიდან ქართველ მუჰაჯირებთან დაკავშირებული მასალები, შატუდან ნანო კვინიკაძის ფანტასტიკური ფოტოალბომები, ლევილიდან ყველა ის გამოცემა, რომელთა სამი პირი მაინც არსებობდა.

ეს ჩამოტანილი. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ხედვა, ამ თვალსაზრისით, ამგვარია: ამ არქივების საქართველოში განთავსება არ არის აუცილებელი და განმსაზღვრელი ამოცანა. შესაძლოა, მათი ასლებიც დაბინავდეს ჩვენთან, ორიგინალებს კი იქვე მივხედოთ. სიმონ ზაზაძესთან, რომელიც სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა უნიკალური არქივის მფლობელია, სწორედ ასე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, მალე შევთანხმდებით. იგივე გზა აღმოჩნდა უკეთესი ლევილის ბიბლიოთეკასა და საარქივო მასალასთან დაკავშირებით. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯგუფმა, საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსებით, საქართველოს ელჩის საფრანგეთში, ეკა სირაძის დიდი მეცადინეობით და შატოს მეურვეთა თანადგომით, ლევილის ბიბლიოთეკა მოაწყო. მალე კიდევ უფრო დიდი ამბები იგეგმება - ვცდილობ, დროს არ გაასწროს ჩემმა ენამ.

ის,  რომ  ბიბლიოთეკა და ექსპონატები, ამ შემთხვევაში, ადგილზე  დარჩება,  შემაშფოთებელი როდია: არსებობენ ადამიანი-ხიდები, მით უფრო, თუ მათთან კულტურული ურთიერთობებია დაკავშირებული. ამიტომაც, სულ ეჭვის თვალით ვუყურებ იმ მნიშვნელოვანი ქართველების გადმოსვენების საკითხს, რომლებიც სხვაგან მოღვაწეობდნენ და იქაც დატოვეს თავიანთი კვალი. ისინი საქართველოს მარადიული ელჩები არიან, სწორედაც რომ ხიდები, რომელზეც შეგვიძლია ქვეყნებს შორის ურთიერთობები ავაგოთ და განვავითაროთ.

ხოლო თქვენ, სანამ საფრანგეთში ჩახვალთ, ნუ დააყრდნობთ თქვენს ცოდნას საბჭოთა წიაღში შექმნილ მითებს. მიდით უნივერსიტეტში, ემიგრაციის მუზეუმში, გვეწვიეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც, გაეცანით დეტალებს და თავად დაასკვენით იმ ხალხის რაობის შესახებ, ახლა ლევილის მიწაზე რომ განისვენებენ (მალე გვექნება მათი საფლავების ფოტოთეკა, აღწერილობებით და ა.შ.)

ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია, მათი განათლება იმაზე შორს იყო წასული, ვიდრე ახლა ვხედავთ მათ კოლეგათა დიდი ნაწილის შემთხვევისას.

ტღე ბიენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^