Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცი ხვალიდან

04 მაისი 2016

იოჰან კრუიფის გარდაცვალება დიდად სამწუხარო და სევდის მომგვრელი ამბავია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის.

 ის ერთ-ერთი იმ კაცთაგანი იყო, ვისი ყოფნაც ამ თამაშში გამუდმებით იგრძნობოდა. კრუიფი ფეხბურთელობას ოთხმოციანი წლების შუახანებში გამოეთხოვა, მწვრთნელობას კი ბარე ოცი წლის წინათ. თანამდებობა, რომელიც ამის შემდეგ რამდენიმე წელიწადს ეჭირა, კატალონიის ნაკრების მწვრთნელობა იყო, რაც სიმართლე ითქვას, დიდ დატვირთვას სულაც არ ნიშნავდა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, კრუიფი პენსიონერი იყო, მაგრამ ასეთი არაპენსიონერი პენსიონერი ალბათ ფეხბურთში არ მოიძებნებოდა. ის იმ იშვიათ საფეხბურთო მოღვაწეთაგან იყო, რომლის საქმეც ცოცხლობდა, პენსიონერობის, თუ სხვა ათასი რამის მიუხედავად და ცოცხლობს ახლაც, მას შემდეგ, რაც დიდი ჰოლანდიელი, მფრინავი ჰოლანდიელი, როგორც მას იოლად შეარქვეს იმ აჩრდილი გემის მიხედვით, გარდაიცვალა.

 ოდესღაც ის გვარიანი მწეველი იყო, იმ დროში, როცა ის თამაშობდა და მერეც ერთხანს ეს სრულიად მიღებული ამბავი იყო ფეხბურთელებს შორის. თამბაქოს მხოლოდ გულის პირველი დიდი შეტევისას გამოეთხოვა, უკვე მწვრთნელობის დროს.

იმ დროიდან ის ჩვენს მაყურებელსაც კარგად ახსოვდა, რახან საბჭოთა კავშირი იშლებოდა და დაიშალა კიდეც და საერთაშორისო ფეხბურთის ყურება შეუძლებელი სულაც აღარ იყო, თუ, რა თქმა უნდა, თბილისსა და მის შემოგარენში შუქი ჩამოივლიდა, ან, თუ სადმე, მაშინ განთქმული „დვიჟოკი“ აგუგუნდებოდა.

იმ დროის კრუიფი ყველას ახსოვს: კრემისფერ ლაბადაში და პირიდან გამოჩრილი ჩუპა ჩუპსის ჯოხით, რომელიც, ალბათ, სიგარეტს ავიწყებდა თამაშების დროს. მღელვარე და დაქანცული კაცის იერი ჰქონდა ხოლმე. ალბათ, ახსოვთ კრუიფის ბარსელონას ყველაზე დიდი დამარცხებაც, ჩემპიონთა თასის ფინალში, მილანის წინააღმდეგ და სამწვრთნელო სკამზე მდუმარედ მჯდომი კატალონიელთა მწვრთნელი.

მაშინ, ალბათ, არავინ ფიქრობდა, რომ მოიგებდა, თუ წააგებდა კრუიფი-მწვრთნელი, ისტორიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასევე, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კრუიფი ახალ კულტურას ქმნიდა ერთ კონკრეტულ, მისთვის უსაყვარლეს, მეორე სამშობლოდ ქცეულ ქალაქში.

ადრე სულ ამბობდნენ, დიდი ფეხბურთელები დიდი მწვრთნელები ვერ გამოდიანო. რაღაც მაგალითები მოჰყავდათ. ახლაც შეიძლება თქვან, აგე, მარადონას მწვრთნელობა თვალწინ გვაქვსო. თუმცა ადრე, როცა ამას ამბობდნენ, საპირისპირო მაგალითებიც არსებობდა, მაგრამ ყველაზე დიდი მაგალითი ნამდვილად კრუიფი იყო.

ალბათ, უდიდესი მაგალითი. თორემ ფრანც ბეკენბაუერი საბოლოოდ კი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი თავის გაწვრთნილ გერმანიის ნაკრებთან ერთად. ეგ გასაგებია. ზაგალო რა აღარ გახდა? ოცდაცხრაჯერ ვარ მსოფლიო ჩემპიონიო, იძახდა, და დაახლოებით, იყო.

უბრალოდ, კრუიფის მწვრთნელობა, სულ სხვა რამ გამოდგა. როგორც გაირკვა, იქ ტიტულზე არ იყო, თუმცა ტიტულებიც, მათ შორის ბარსელონასთვის მანამდე საოცნებო, მის ხელში მოიგეს კატალონიელებმა. აქ საქმე იმაზე იყო, რომ კრუიფის მწვრთნელობამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა ამ კლუბის სათამაშო სტილი, სრულიად ძირფესვიანად და როგორც გაირკვა, საბოლოოდ და სამუდამოდ. ისე, რომ, როცა ის წავიდა, სტილი დარჩა. კლუბმა და ქალაქმა დაიტოვა და გააგრძელა. სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. ამ სტილმა უზომო სამსახური გაუწია მსოფლიო ფეხბურთს, მილიონობით გულშემატკივარს და მათ იმ ფეხბურთის საბოლოო გამარჯვება დაანახა, რომელიც ასე უყვარდა თავად იოჰან კრუიფს.

პრინციპში, ეს იყო ერთადერთი ფეხბურთი, რომლისაც კრუიფს სწამდა და მან გააკეთა ეს ფეხბურთი. განახორციელა, ის რისიც სწამდა და მისგან ჩაყრილი საფუძველი ისეთი გამოდგა, რომ ვეღარავინ შეარყია. ივარგებდა, თუ არ ივარგებდა ბარსელონა, ეს ფეხბურთი არსებობდა.

ასეთი იყო კრუიფი-მწვრთნელი, კრუიფი-ფეხბურთელი კი ისეთი იყო, როგორიც, ალბათ, კრუიფ-მწვრთნელს უკიდურესად სჭირდებოდა, მაგრამ არ ჰყავდა. შეუძლებელი იყო, რომ ჰყოლოდა. კრუიფი-ფეხბურთელი ერთხელ დაიბადა.

ის იყო მამით ობოლი გამხდარი ბიჭი, რომლის დედაც აიაქსის საკლუბო დამლაგებელი იყო და რომელმაც ერთხელ იკითხა, თუ შეიძლება, ჩემი შვილი აქ ვატარო ფეხბურთზეო.

ისტორია აქედან დაიწყო და ალბათ ეს გამხდარი ბიჭი რომ არ ყოფილიყო, ტოტალური ფეხბურთი, რომელიც მაშინ იბადებოდა ჰოლანდიის ორ ძველ კლუბში, უკიდურესად მოსაწყენი, დამღლელი და შეუხედავი იქნებოდა.

სწორედ ამ ბიჭის ნიჭის გარშემო აშენდა ტოტალური ფეხბურთის სილამაზე და ინტელექტი. მარტო კი არ იყო, გარშემოც დიდი ფეხბურთელები ედგნენ, ერთმანეთზე უკეთესები, მაგრამ ის ერთადერთი იყო.

მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა, ფინალში დამარცხდა, მაგრამ თითქოს არ დამარცხებულა. იმხელა იყო, ისეთი იყო, ისეთი რამის შემოქმედებითი ღერძი იყო, რომ ისევ და ისევ წაგების და მოგების მიღმა დარჩა. რა თქმა უნდა, ისე, რომანტიკულად რომ ვთქვათ, თორემ თვითონ ამბობდა, ხარისხი შედეგის გარეშე, არაფერია, შედეგი ხარისხის გარეშე, ასევე არაფერიო. დაახლოებით ასე.

იტყვიან ხოლმე, მოაზროვნე ფეხბურთელი იყოო. არის ასეთი გამოთქმა. მოაზროვნე ფეხბურთელი. კრუიფი მოაზროვნე ადამიანი იყო. უკიდურესად ჭკვიანი, განათლებული და უნიჭიერესი კაცი.

შეიძლება ითქვას, რომ რაღაც კუთხით უკვდავი ვარ. - მისი ნათქვამია. ძალიან სწორიც და არცთუ ქედმაღლური.

ფეხბურთი იოლი თამაშია. უბრალოდ, ძალიან ძნელია მისი იოლად თამაში. ესეც მისია.

კრუიფი, მგონი, ლაპარაკობდა ყველა იმ ენაზე, რომელზეც დაელაპარაკებოდი. თუმცა, ეს ალბათ მხოლოდ ერთი ყოფითი შტრიხია. უამრავი საფეხბურთო წიგნის ავტორი იყო და ეს წიგნები, უკლებლივ ყველანი, საინტერესოა. ესეც არაფერი.

ის გასაოცარი მასშტაბის ფეხბურთელი იყო.

საბჭოთა დროს დიდად არ ვიყავით განებივრებულები მისი ცქერით. 74-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორი თამაში, რაღაც ფრაგმენტები, გადაცემა სპორტული კალეიდოსკოპი, პროგრამა „ვრემიაში“ გამკრთალი კადრი და ასე. როცა ბარსელონა დონეცკის შახტიორს დაეჯახა და ეს ტელევიზორში იყო, კრუიფი იქ უკვე აღარ თამაშობდა, ნეესკენსი და კრანკლი იყვნენ. მანამდე აიაქსი, სამი ჩემპიონთა თასი, კრუიფი პირველად მსოფლიოში სამჯერ ოქროს ბურთის მფლობელი, უპირველესი ვარსკვლავი დროისა. რამდენ რამეში პირველი: თვით მინდვრიდან გაძევებული პირველი ჰოლანდიელიც კი გამოდგა.

ასევე, პირველი კაცი იყო, ვინც სათადარიგო ნომრით, ძირითადში თამაშობდა. 14. მისი ნომერი იყო. ყველაფერი იყო: მისი ცნობილი შუა ზოლარღვეული ადიდასის მაისური და პუმას ბუცები და მისი ხასიათი ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მისი ის ცნობილი ბრუნი, რომელიც პირველად შვედებთან თამაშში გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე და იმის მერე დღემდე აკეთებენ შემორჩენილ ეზოებშიც კი.

თუმცა ესეც მხოლოდ შტრიხებია. მთავარი კრუიფში მის სპორტულ უნარებს შეხამებული მისი აზროვნების მასშტაბი იყო და, რა თქმა უნდა, თანამედროვეობა.

 ასეთი თანამედროვე, ასეთი წინ მიმავალი, როგორიც მის დროს იყო ფეხბურთი, აღარასდროს ყოფილა. იყვნენ მასზე დიდი გენიოსებიც, მაგრამ ამბობენ, რომ თამაშის ასეთი ფლობა, აზროვნების ასეთი სიფართოვის და მთელი მოედნის ასე აღქმის უნარი, ალბათ, მანამდე ერთ კაცს, ალაფრედო დი სტეფანოს ჰქონდა და იმასაც თავისი ეპოქის შესაბამისი, ტოტალურობის გარეშე.

იოჰან კრუიფი გარდაიცვალა. რამდენ წელიწადს აღარ ეწეოდა, მაგრამ მაინც ფილტვის კიბოთი. დიდხანს არ უავადმყოფია.

ძალიან სამწუხარო და სევდიანი ამბავია, რომ აღარ არის ფეხბურთის დიდი გამცოცხლებელი და შემოქმედი, რომელიც ლაპარაკობდა ხოლმე მღელვარედ, ხისტად, წარმოუდგენლად შთამბეჭდავად და სწორად, ხოლო თამაშობდა ისე, რომ გეგონა, ეს დღეს კი არა, ხვალ ხდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^