Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატები სანქციებს მიღმა

21 აპრილი 2016

VIII მოწვევის პარლამენტში დეპუტატებს შორის არაერთხელ მომხდარა სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტებში ფრიდონ საყვარელიძე, მიხეილ მაჭავარიანი, სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ზვიად ზვიადაური, თამაზ მეჭიაური, ომარ ნიშნიანიძე და სხვა დეპუტატები მონაწილეობდნენ.  ურთიერთდაპირისპირებისას დეპუტატებმა ერთმანეთს რამდენჯერმე მიკროფონები ესროლეს, ერთ-ერთმა ტრიბუნაზეც იარა და ზოგიერთ მათგანს პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზის დატოვებაც მოსთხოვა.

2012 წლიდან მოქმედ 150-წევრიან პარლამენტში (2016 წლის 30 აპრილამდე) პარლამენტარებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო მხოლოდ ორ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძესა და "თავისუფალი დემოკრატების" წევრ გიორგი ცაგარეიშვილს დაადეს სანქცია. სანქცირების მომენტისთვის "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" იყვნენ გაერთიანებულები.

დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევისთვის სანქციები გაწერილია. სანქცირების ფორმებია: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა, გაფრთხილება, სხდომათა დარბაზის დატოვება ან ხელფასის დაკავება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევისთვის ბობოხიძესა და ცაგარეიშვილს, 2014 წლის 19 თებერვალს მომხადარი დაპირისპირების გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. მათ დაექვითათ დღიური ხელფასიც (286-ემუხლი, მე-4 და მე-5 პუნქტები). საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის ყოველთვიური ხელფასი 2000 ლარია, რაც ყოველდღიური ანაზღაურების სახით, საშუალოდ 100 ლარი გამოდის.

პარლამენტის წევრის ანაზღაურება მხოლოდ ყოველთვიური ხელფასით არ განისაზღვრება. დეპუტატს შეიძლება ჰქონდეს პრემია, დანამატი და სხვა. პარლამენტიდან მიღებულ სხვა შემოსავლებს თუ გავითვალისწინებთ, ცაგარეიშვილის 2014 წლის ანაზღაურებამ 66 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ბობოხიძისამ კი - 65 ათას ლარზე მეტი.

ბოლო მოწვევის პარლამენტის მუშაობის თითქმის ოთხწლიან პერიოდში მომხდარი არაერთი ინციდენტის მიუხედავად, დეპუტატების სანქცირების შესახებ არ სმენია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მიხეილ მაჭავარიანს. მისი თქმით, პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იმსჯელონ პარლამენტარებს შორის დაპირისპირებების თავიდან აცილების საკითხზე. 

„მათ სათანადოდ უნდა შეხედონ, რომ ეს არის პარლამენტი და მათ  ხალხი უყურებს როგორც თავის პრობლემების მომგვარებელ ორგანოს და არა მოჩხუბრების და მამლაყინწების... სულ ამას ვამბობთ, როცა ფრაქციის სხდომა იმართება, არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, არ უნდა ვიჩხუბოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტებს ოპონირების კულტურის არქონას უკავშირებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე. მისი თქმით, სანქციები დეპუტატების ქცევებზე გავლენას ვერ იქონიებს. თუმცა მიაჩნია, რომ საჭიროების შემთხვევაში დეპუტატებს სანქცია უნდა დაედოთ.

„არავინ არ უყურებს რა საკითხზეა მსჯელობა, ის კი არ აინტერესებთ, ვინ რას ამბობს, არამედ ყოველთვის გადადის აქცენტი იმაზე, თუ ვინ ამბობს. რა თემაზეც არ უნდა იყოს მსჯელობა, დაპირისპირება ხდება მხოლოდ ამ საკითხზე, რომ თქვენ როგორ ბედავთ ამის თქმას, როდესაც თქვენ თვითონ იყავით 9 წლის განმავლობაში... ყველა დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკური, ამ მოტივით მიმდინარეობს“, - აღნიშნავს გოგუაძე.

პარლამენტის წევრების გადაცდენებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები დაბალი ჰგონია კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ გიორგი კახიანს. მისი თქმით, ძნელია იმ ტიპის სანქციის მოფიქრება, რომელიც პარლამენტის წვერს გადაცდენებისგან თავის შეკავებას აიძულებს.

"პარლამენტის წევრი შინაგანად უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ასეთ გადაცდომებს არ სჩადიოდეს... პარლამენტის წევრის მიმართ არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ის პარლამენტის წევრია. როდესაც პარლამენტის წევრის ქმედებას შესაბამისი რეზონანსი მოჰყვება, საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებაში და მის მიმართ ეს ყველაფერი აისახება. ყველაზე მძიმე სანქცია ეს არის", - აღნიშნა კახიანმა.

ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის 2016 წლის 16 მარტს მოხდა. ნაციონალური მოძრაობის წევრ მიხეილ მაჭავარიანს მიკროფონი ესროლეს. თუმცა საქართველოს პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი „ლიბერალისთვის“ მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ინციდენტების გამო დეპუტატებზე, ერთი შემთხვევის გარდა, სანქცია არ გაცემულა და პარლამენტის ინვენტარიც არ დაზიანებულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^