Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდარის ავარიული სკოლა სარეაბილიტაციო სკოლების სიაში წელსაც ვერ მოხვდა

28 აპრილი 2016

“ჩემი გოგონა მეხუთე კლასში სწავლობს. როცა ის სკოლიდან ცოცხალი და საღსალამათი ბრუნდება, ღმერთს მადლობას ვწირავ.“

მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში მცხოვრებ გულფერ აბბასოვას მსგავსად, ბავშვების სკოლაში გაგზავნისას სხვა მშობლებიც ღელავენ - სოფლის ერთადერთი სკოლა, სადაც 270 ბავშვი სწავლობს, ავარიულ მდგომარეობაშია.

„ორი წელია საუბრობენ, რომ სკოლა ინგრევა, საშველი კი არ ჩანს. წელს უმცროსი ბიჭი პირველ კლასში უნდა შევიყვანოთ. არ ვიცი, სკოლაში როგორ გავგზავნო. ბავშვებს სხვა სოფლის სკოლაში გადავიყვანდი, გზა რომ იყოს,“  - წუხს გულფერ აბბასოვა. სოფლის სამანქანო გზა სავალალო მდგომარეობაშია: გზის მხოლოდ მცირე ნაწილია ასფალტის საფარით დაფარული.

ჯანდარში მცხოვრები ალი მუსაევი ამბობს, რომ სკოლა სოფლის საბჭოს ყოფილ შენობაშია განთავსებული: „ეს შენობა 70-იან წლებში, საბჭოსთვის აშენდა და ის სკოლისთვის არ არის გათვალისწინებული. ეზოში ჭაბურღილია. გარდა ამისა, იქ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორიც  დგას და ბავშვური დაუდევრობის გამო  შეიძლება რაიმე  უბედური შემთხვევაც მოხდეს. ასეთ შემთხვევაში რა პასუხს გასცემენ სოფლის მოსახლეობას?“

იმავე სოფლის მკვიდრი, აჰლიმან ჯაფარლი აცხადებს, რომ რამდენჯერმე მშობლები შეიკრიბნენ და სკოლის დირექტორს პრობლემის მოგვარების მიზნით  სათანადო ზომების მიღება მოსთხოვეს: .”საკლასო ოთახებში ყინავს. მთელი ზამთარი ბავშვები შეშას ეზოდან ეზიდებოდნენ. დირექტორს წერილობითაც მივმართეთ და სიტყვიერადაც. გვეუბნება, განათლების სამინისტრო საქმის კურსშია, მაგრამ სამინისტროდან  პასუხი ჯერ არ მიგვიაღიაო.”

ჯანდარის სკოლის დირექტორი, ვაჰიდ ნამაზოვი ამბობს, რომ სკოლა ავარიულ მდგომარეობაში რომ არის, ეს ორი წლის წინ ჩატარებული ტექნიკური დათვალიერების  დროსაც დადასტურდა:

„შენობის კედლები სკდება და იშლება. კარ-ფანჯრის ჩარჩოების შეკეთებაც არ ხერხდება. ორი წლის წინ ჩატარებული  ტექნიკური დათვალიერებისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სკოლის შენობის საძირკველი დაზიანებულია. სკოლას კაპიტალური რემონტის სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობა, შესაძლოა,  დაინგრეს.“

ვაჰიდ ნამაზოვის თქმით, სკოლისთვის ახალი ნაგებობის აშენების იდეა, ჯერჯერობით, არ განიხილება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში  862 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 2016 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი, 511 საშუალო სკოლა უნდა შეკეთდეს. იმ სკოლებს შორის, რომლებსაც გეგმის თანახმად წელს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, ჯანდარის სკოლა არ არის.  სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, ნათია მეტრეველი აცხადებს, რომ  ჯანდარის სკოლის  მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნა ჯერ მიღებული არ არის:

„ველოდებით საბოლოო დასკვნას. უნდა აღვნიშნო, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს საშუალო სკოლაშიც წელს დასრულდა კაპიტალური რემონტი. ამ სკოლის  1200 მოსწავლიდან 935 ეთნიკური აზერბაიჯანელია. წელს ყველა სასკოლო დაწესებულებაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.“

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი, შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ  საქართველოში საშუალო სკოლების ინფრასტრუქტურა მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ არის:

„დიდი ქალაქის ცენტრებში არსებულ სკოლებსაც კი კაპიტალური და მიმდინარე რემონტი  სჭირდებათ. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სერიოზული ყურადღება არ ეთმობა.  სკოლებში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დირექტორებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ,  იქ, სადაც სკოლებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მართავენ, მენეჯმენტი ძალიან სუსტია.“

ჯანდარის საშუალო სკოლის მოსწავლეები ავარიულ შენობაში  კიდევ ერთ სასწავლო წელს ამთავრებენ. გულფერ აბბასოვს, რომელმაც  2016-2017 სასწავლო წელს სკოლაში უმცროსი ვაჟიშვილი უნდა შეიყვანოს, იმედი აქვს, რომ სოფელში მალე ახალი სკოლა აშენდება.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^