Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიულარ იბრაგიმოვა ნაადრევ ქორწინებასა და განათლებაზე

12 მაისი 2016

„ჩემს მშობლებს არ აქვს უმაღლესი განათლება. დედაჩემი სულ ამბობდა - რადგან მამაჩემმა განათლების მიღების საშუალება არ  მომცა, საკუთარ თავს შევპირდი, რომ  ჩემს გოგოებს აუცილებლად დავეხმარებოდი სწავლის გაგრძელებაშიო. ასეც მოიქცა. ჩემს დას უმაღლესი განათლება აქვს, მეც უნივერსიტეტში ვსწავლობ. დედა ფინანსურად სულ მამაჩემზე იყო დამოკიდებული. ეს მას არ მოსწონდა. მამაჩემიც, რადგან არც მას ჰქონდა კარგი განათლება, სამსახურს ძლივს შოულობდა. ცუდად ვცხოვრობდით. ამიტომ დედაჩემი სულ ამბობდა, რომ თუ ჩვენ განათლება გვექნებოდა, უკეთესად ვიცხოვრებდით. ასეც არის. მეორე კურსიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ვმუშაობ. ჩემი დაც 19 წლიდან მუშაობს“.  

გიულარ იბრაგიმოვა 23 წლისაა, მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

„როცა პატარა ვიყავი, მე-8 კლასამდე, სულ ვფიქრობდი, რომ ისეთ გარემოში ვცხოვრობდი, ვერასდროს შევძლებდი ჩაბარებას და მხოლოდ მოვაჭრე შემეძლო გავმხდარიყავი, რადგან ქართული ენაც კი არ ვიცოდი. თუმცა, როცა ჩემმა დამ ჩააბარა, ისწავლა და მერე მუშაობა დაიწყო, მივხვდი, თუ მოვინდომებდი, ამას მეც შევძლებდი. გამომივიდა“.

ქართული ენის სწავლით დაიწყო. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მარნეულში მიდიოდა და ახალგაზრდულ ცენტრში ქართულ ენას სწავლობდა. უფასო ენის კურსები დაეხმარა. ჯერ უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ისწავლა ერთი წელი, მერე იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვდა. ადვილი არ ყოფილა. მართალია, ეროვნული გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარა, მაგრამ ქართულად იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა არც ისე მარტივი იყო. ახლა მეოთხე კურსზეა.

„მახსოვს, როდის მომინდა ქართულის სწავლა. 2008 წელს განმუხურის პატრიოტთა ბანაკში მოვხვდი ქართველ ბავშვებთან ერთად, დავმეგობრდით. მანამდე ქართველებთან არ მქონდა ურთიერთობა, რადგან მათი ენა არ მესმოდა.  ამის შემდეგ გადავწყვიტე, ქართული მესწავლა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები ერთმანეთს გაიცნობენ და დამეგობრდებიან. კარგი იქნებოდა ისეთი პროექტები, რომ ახალგაზრდებს ერთად გაეტარებინათ დრო. მაშინ ენასაც უფრო მალე ისწავლიდნენ, ვიდრე მასწავლებლებთან მეცადინეობით, რადგან პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია. ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ ერთმანეთის ვერგაგებაა“.

გიულარი ამბობს, რომ ენობრივი ბარიერი ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს განათლების მიღებაში. რომ არა 2010 წელს შექმნილი „1+4“ პროგრამა, ამბობს, რომ უმაღლეს განათლებას ალბათ ვერ მიიღებდა, ან მარნეულის კოლეჯში უნდა ესწავლა, ან ბაქოში უნდა წასულიყო უმაღლესი განთლების მისაღებად. ამიტომ ფიქრობს, რომ ეს პროგრამა კარგი შესაძლებლობაა და ბევრს ნიშნავს ეთნიკური უმცირესობებისთვის.

იურიდიული ფაკულტეტი შემთხვევით არ აურჩევია. ამბობს, რომ იმ გარემოში, სადაც გაიზარდა და ცხოვრობს, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, განსაკუთრებით ქალებმა, იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ.

„ქალების პრობლემები ბევრი მინახავს. განათლებას ვერ იღებენ, რადგან ადრე თხოვდებიან, გაშორების შემდეგ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ისიც კი არ იციან, რომ ქმარს არ აქვს მისი ცემის უფლება. სწორედ ამიტომ მინდა, იურისტი გავხდე, დავეხმარო ქალებს, იცოდნენ  როგორ მოიქცნენ, განსაკუთრებით სოფლებში. 

ჩემი კლასიდან თბილისში მხოლოდ ერთმა  გოგომ ჩააბარა უნივერსიტეტში და ისიც მე ვიყავი. უმეტესობა ადრე დაქორწინდა, ორი მეშვიდე კლასიდან გათხოვდა.  23 წლის ვარ და ჩვენი კლასიდან მხოლოდ მე და ერთი გოგო ვართ დარჩენილები დაუქორწინებელი".

ნაკლებად გავრცელებულია ის ფიქრი და  აზრი, რომ განათლება მნიშვნელოვანია. ამას ბევრი მიზეზი აქვს.  ერთ-ერთი არის ის, რომ მასწავლებლები და სკოლის დირექტორები არ არიან აქტიურები, მარტო გაკვეთილს ატარებენ  და სახლში მიდიან.  არ ფიქრობენ ბავშვების განვითარებაზე, დაინტერესებაზე, იმაზე, რომ სხვადასხვა გზები გაუხსნან, შესაძლებლობები დაანახონ,  რათა მათ სხვანაირად შეხედონ საკუთარ ცხოვრებას.  როცა მეშვიდე კლასიდან გოგო თხოვდება ან ბიჭს ცოლი მოჰყავს, მასწავლებლები ძირითადად ამბობენ, რა ჩვენი საქმეაო. ზოგს ეშინია, რომ ამაზე რამე თქვას ან პოლიციას გააგებინოს“.

გიულარი მარნეულის ახალგაზრდული გენდერული კლუბის წევრი და მრავალფეროვნების სკოლის ელჩია. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ხშირად დადის ქვემო ქართლის, კახეთის სოფლებში, ხვდება ახალგაზრდებს სკოლებში. აქციებსაც ატარებს. ამბობს, რომ ეს შეხვედრები აჩვენებს, როგორ აკლიათ ახალგაზრდებს ინფორმაცია, კომუნიკაცია. 

„თემში როგორი ცხოვრების წესიცაა, ბავშვებიც იმას მიიღებენ, თუ უფრო მეტს არ გაიგებენ და დაინახავენ. სასკოლო მასალის გარდა, თუ ბავშვმა რაღაც არ გაიგო,  არ ჩაერთო აქტივობებში თანატოლებთან  ერთად, არ იგრძნო, რა შეუძლია, რისი გაკეთება უნდა მომავალში, არ დაინახა პერსპექტივა, მაშინ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქორწინებაზე ფიქრი რჩება. მე ვიცნობ გოგონებს, რომლებმაც ინფორმაციის მიღებისა  და ახალგაზრდულ პროექტებში ჩაერთვის შემდეგ გადაიფიქრეს დაქორწინება და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტეს.  

მე არასდროს მიფიქრია მასწავლებლობაზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ და ვხედავ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. მინდა სხვა საქმესთან ერთად  მოხალისე მასწავლებელადაც ვიმუშაო“.

წუხს, რომ მარნეულის რაიონის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები მოწყვეტილი არიან ცენტრს, სიახლეებს, ვერ ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებას, ლექციებს, რომელიც მარნეულში პერიოდულად ტარდება. ამბობს, რომ ამის მიზეზი ტრანსპორტის არარსებობაა. რამდენიმე სოფლიდან საერთოდ არაფერი დადის ქალაქში, ზოგ სოფელში კი - მხოლოდ დღეში ერთხელ.

„მე გამიმართლა, ჩემი სოფელი ახლოს იყო. ქართულის გარდა. ინგლისური ენის კურსებზეც დავდიოდი, ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა ღონისძიებას ვესწრებოდი და მასში ვმონაწილეობდი. ისინი სოფლებიდან ვერ მოდიან და ამ შესაძლებლობებს ვერ იყენებენ. მე ვფიქრობ ადგილობრივმა გამგეობამ უნდა იზრუნოს, რომ სოფლებში ტრანსპორტი დაინიშნოს, ბავშვები ჩამოვიდნენ და კურსებით ისარგებლონ“.

გიულარ იბრაგიმოვა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარნეულში დაბრუნებას აპირებს. ბევრი იდეა და გეგმა აქვს.  გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სწორედ ის თემებია, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებს. მისი მთავარი ოცნება მარნეულში იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის გახსნაა, სადაც მოქალაქეებს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^