Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭუბერის მცხოვრები: "ჩვენი უსაფრთხოება არაა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი"

21 მაისი 2016

20 მაისს, საღამოს Facebook-ში სვანეთში, სოფელ ჭუბერის მცხოვრების, ლილე ჩხეტიანის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

“ლიბერალი” ლილე ჩხეტიანს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, დღეს ჭუბერის რამდენიმე მცხოვრები ნენსკრა ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
სოფელ ხაიშის მცხოვრებ ზურა ნიჟარაძის ინფორმაციით  8 ადამიანია დაკავებული, 4 ჭუბერელი და 4 ხაიშელი. "3 გადაიყვანეს ნარკოლოგიურში (ხაიშელები), თუმცა მათ სავარაუდოდ გამოუშვებენ. ერთი ხაიშელი (როგორც მითხრეს-საკმაოდ ნაცემი) ჭუბერელ ვაჟკაცებთან ერთად პირდაპირ აქციიდან გადაიყვანეს ზუგდიდში, სამმართველოში." - ამბობს ზურა ნიჟარაძე. 


280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა 2015 წლის 2 ოქტომბერს გასცა. მდინარე ნენსკრაზე 135 მეტრი სიმაღლის, 820 მეტრი სიგრძის ქვანაყარი კაშხალი განთავსდება, წყალსაცავი კი 182 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროექტის გარემოზე ზეგავლენა შეუსწავლელია. 
დღევანდელი და ბოლო დროის პროტესტის შესახებ კი ჭუბერის მცხოვრები, ვიდეოს ავტორი ლილე ჩხეტიანი გვესაუბრა:

რა ხდება ახლა ჭუბერში? რა არის ვიდეოკადრებში ასახული?

ჭუბერის მოსახლეობა აპროტესტებს უზარმაზარი ნენსკრა ჰესის მშენებლობას. მისი სამშენებლო სამუშაოები სოფელში უკვე დაწყებულია. ეს უკმაყოფილება შეიძლება ითქვას “დაგროვდა”. მოკლედ, ჩვენ აღდგომის წინ სპეციალური წერილიც გავავრცელეთ სადაც ვითხოვდით, გაეცათ ჩვენთვის არგუმენტირებული პასუხები. და ვამბობდით, რომ თუ პასუხი არ იქნებოდა, ხალხი გამოვიდოდა აქციაზე, თუმცა ამაზე სერიოზული პასუხი არ მიგვიღია. 

მივმართავდით ლამის ყველას, ევროპის ბანკს, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას ჩართვა გვინდოდა, რომ მიგვეღო პასუხი იმაზე, როგორი იქნება ჩვენი ბედი. რა გვემუქრება მომავალში.  ვიცით, რომ ამას საფრთხეები ახლავს, გამოცდილი გეოლოგებს უამრავჯერ უთქვამთ, რომ ამ ვიწრო ხეობაში ამ კაშხლის მშენებლობა კატასტროფაა.  რა თქმა უნდა ეს სოფელს არ უხარია. არის ორი მოსახლეც, რომელიც უნდა გადაასახლონ, მათ არც ეკითხებიან არაფერს, ისე მოდიან მათ ეზოში და ზომავენ რაღაცებს. 

არ იქცევიან კანონების დაცვით, ამან გამოიწვია პროტესტი. მხოლოდ ევროპის ბანკისგან მოგვივდია წერილი: განვიხილავთ ამ სკაითხსო, მადლობა რომ მოგვწერეთ და კიდევ გექნებათ მოსაზრებების გამოთქმის საშუალებაო. 

გასულ კვირას ჩამოვიდა ნენსკრა ჰესის წარმომადგენლობა, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებიც, კომპანიისაც, ვითომ სოფელს შეხვდნენ, 300-კომლიანია სოფელი, მაგრამ შეხვედრაზე ძირითადად თვითონ იყვნენ და ყველა ის 15-მდე ადამიანი, რომელიც მომხრეა მშენებლობის. იმ ერთი-ორი მოწინააღმდეგის შეკითხვები კი, რომელიც შეხვედრას დაესწრო, მაინც იგნორირებული იყო, პრინციპით: შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, რომ არ თქმულიყო რამე პროექტის საწინააღმდეგოდ. 
ამ შეხვედრაზე ჩამოვიდა ორი ადამიანიც - ლია ცინდელიანი და მირონ ფირცხელანი, რომლებმაც თქვეს, რომ არიან კომპანიასა და მოსახლეობას შორის შუამავლები, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო და რაღაცებზე შევთანხმდებით. სოფელს არანაირი შეხება არ აქვს მათთან, სოფელს არ აურჩევია ისინი, არ ვიცი ვინ გამოყო ან დანიშნა ისინი.

დღევანდელ აქციაზეც ისინი არსად ჩანდნენ. თუ შუამავლები იყვნენ, მეტი დაინტერესება და ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონოდათ.  მოკლედ ამ ადამიანებმა და ნენსკრა ჰესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ შეხვედრაზე, მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს, გამოსვლები ჰქონდათ, აქეს ეს პროექტი და აღნიშნეს რამდენჯერმე, რომ შურთ ჭუბერლების, რადგან ეს პროექტი სწორედ აქ ხორციელდება.

ჰესის მშენებლობის სხვა მოწინააღმდეგეები რატომ არ ესწრებოდნენ განხილვას?

სოფლის უმეტესობამ არ იცოდა, რომ ეს განხილვა იყო დაგეგმილი. მეც შემთხვევით გავიგე და შევიარე. კრებაზე მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი კორეული კომპანიის, მსნებელი იტალიური კომპანიის, თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლები იყვნენ, და ის ადამიანებიც, რომლებიც არ წარმოგვიდგებიან ხოლმე, ეზარებათ თავისი სახელის და გვარის დასახელება. 

მოკლედ, დღეს დილიდან შეიკრიბა ხალხი ლახამში, ჭუბერის შესასვლელში და გამართა აქცია. მალევე მოვიდა პოლიცია და დაიწყო აგრესიულად მიმართვა ხალხისთვის, წადით თორემ მერე თქვენს თავს დააბრალეთო. ასეთი ტონით,  დაიწყეს პროვოკაციების შექმნაც. გამოიძახეს სპეცრაზმი, რადგან არ დაიშალა ეს ხალხი. 

თუმცა აქციები მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს არ დაწყებულა, თქვენ აფერხებდით სამშენებლო სამუშაოებს?

სამუშაოები მიმდინარეობდა დღესაც და ახლაც. ჩვენ რომ წერილი გავავრცელეთ და არ გამოგვეხმაურნენ, დავიწყეთ აქციები. მერე ითქვა, რომ წყვეტდნენ 10 დღით, მერე ითხოვეს, ჩამოვალთო, საჯარო განხილვა იქნებაო და ამ შეთანხმებით შეწყდა აქციები. მაგრამ ეს შეხვედრაც, ხომ გითხარით, როგორი იყო, ჭუბერის მოსახლეობა მას არ ესწრებოდა, და ვინც ვიყავით, იმათაც პროექტის ქების გარდა, ვერაფერი მოვისმინეთ.

როცა ვამბობდით, შეხვედრის შესახებ არ ვიცოდითო, გვპასუხობდნენ, სახლში ხომ ვერ მოგადგებოდითო. თუმცა ან რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ შეხვედრაზე დასწრებას, პასუხი მაინც არაფერზე ჰქონდათ, არც დასკვნები ჰქონდათ, არც დოკუმენტურად შეეძლოთ რამის დადასტურება. გააკეთეს თითქოს პრეზენტაცია, გვაჩვენეს რეკლამა როგორ ააშენა “K-water”-მა სადღაც მივარდნილ ადგილას ჰესი და როგორ განვითარდა იქ ტურიზმი, და ასეთი აბსურდული რაღაცები.

ნაკრის მკვიდრი: „სვანეთი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას!“

სხვა რაზე იყო საუბარი შეხვედრისას?

საუბრობდნენ ძირითადად სოციალურ საკითხებზე, რას ააშენებენ, რას გაარემონტებენ, როგორ განვითარდება ჭუბერი და მოკლედ ეს ძირითადი თემა იყო. უმთავრესი საკითხი, რაც მოსახლეობას აინტერესებს, იყო სულ გვერდზე გადაწეული, წინ წამოწეული რა კარგია ამ პროექტის განხორციელება, რა კარგია, რომ ამ სოფელში შემოვიდა მილიარდიანი პროექტი და შურთ ჭუბერის, და ეს კრებაც იქცა პროტესტის საგნად. ის, რომ ხალხი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და ეს მათთვის არაფერს წარმოადგენს. დღეს გამართულ აქციაზე კი უკვე სპეცრაზმს გამოუძახეს. 

რა მოხდა უშუალოდ დღეს?

დილას აქციის მონაწილეებმა მშენებლობის რამდენიმე მანქანა არ გაატარეს. შემდეგ უცებ გამოცხადდნენ პოლიცილები და დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს არაკანონიერია, არადა ჩვენ დიდი ხნით ადრე ვწერდით საჯარო წერილში, რომ თუ ვერ მივიღებდით არგუმენტირებულ პასუხს, გავმართავდით აქციებს. პატრულთან ერთად სპეცრაზმიც ამოვიდა. ზლიან ეცადნენ, რომ ეს ხალხი პროვოკაციაზე წამოეგოთ, გაეღიზიანებინათ.

გზისპირას იდგა მანქანები, რომლებზეც დაიწყეს კაკუნი და ბრახუნი, გადაწიეთო, მერე ყვიროდნენ, მოდით ევაკუატორები მოიყვანეთ სასწრაფოდო, ასეთი აგრესიული ტექსტებით. მათი მანქანების დიდი ნაწილი ახლაც დგას ერთი 5 კმ-ზე ქვემოთ ამ აქციის ტერიტორიიდან, შემოსასვლელში.
 სანამ ესენი გამოჩნდებოდნენ, წინ გამოუშვეს მანამდე ჰესის მშენებლობის ორი მანქანა, რომელსაც უკან მოსდევდა ვიდეოგადამღებით ხელში ვიღაც, უნდოდათ ალბათ გადაეღოთ როგორ არ გაატარებენ მათაც და კანონს როგორ არღვევენ ჭუბერლებიო. მაგრამ ეს მანქანები ხალხმა გაატარა. 

პოლიციის ნაწილი აქ დილიდანვე მოგროვდა. ეუბნებოდნენ ხალხს დაიშალეთო, თქვენს თავს დააბრალეთ, თუ არ დაიშლებით. მე რომ მოვედი, ხალხი მშვიდად იდგა, გზაც არ ჰქონდათ გადაკეტილი. პოლიცია მაინც ასე ესაუბრებოდა ამ ხალხს. შემდეგ გამოჩნდა ეს სამშენებლო მანქანები, ძალიან ნათელი იყო, რომ უნდოდათ ეს მანქანებიც არ გაეტარებინა ხალხს და ამ მიზეზით დაეჭირათ ეს ადამიანები. რამდენიმე მეტრში ოპერატორი და სხვა მანქანები მოჰყვებოდა ამ სამშენებლო ტექნიკას. ეს მანქანები გავატარეთ და აი ამის მერე რაც მოხდა, სწორედ ის ჩანს ვიდეოში.

ისევ რაღაც შელაპარაკება მოხდა, ისევ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აქ დგომის უფლება არ გაქვთ, წადით სახლებში, დაიშალეთო, ხალხი ამბობდა ასე თქვეს, რომ დაღამდება ყველას დაგიჭერენ და წაგიყვანენ, 100-ზე მეტნი მაინც არ ხართო, მაგდენს კი ჩაგტევთ ამ მანქანებშიო.

შემდეგ მოხდა ის, რომ რომელიღაც მანქანამ ცოტა სწრაფად გაიარაო, არ ვიცი, და მოდი რას უყურებ ამას, ჩასვითო, ყვიროდნენ, მიცვივდნენ, იქვე იყო ხაიშის თემიდან ამოსული რამდენეიმე ახალგაზრდა მანქანით, ამ ადგილასვე გააჩერეს, ჭუბერლებიც იქვე იდგნენ, დაიჭირეს ყველა, შეგვაგინეს და მაგიტომ დავიჭირეთო, ამბობდნენ. ჭუბერიდან სულ 4 ადამიანია დაჭერილი. არ ვიცით სად არიან.

თუ დაუკავშირდნენ ახლობლებს, ან თუ იცით სად არიან გადაყვანილები?

მე არ ვიცი თუ უთხრეს რამე ოჯახის წევრებს, მაგრამ ამბობენ, რომ ხაიშის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ. ჩვენ ისვე იმ აგდილას ავრთ შეკრებილები და არ დავიშლებით სანამ ყველას არ გამოუშვებენ. სამუშაოები ახლაც მიდის, არ გაჩერებულან. 

მაგრამ ხომ ფაქტია, ძალით შექმნეს სიტუაცია, რომ დაედანაშაულებინათ ეს ხალხი, მეორედ ეს მანქანები გაატარეს, რომ მიხვდნენ რომ სპეციალურად გეგმა მზადდებოდა, მაგრამ ეს მაინც მოხდა. 

საერთოდ პოლიცია გადაღებასაც გვიშლიდა, მეუბნებოდნენ გამორთე კამერა, თორემ საერთოდ აღარ გექნებაო. დახლოებით ერთი საათის წინ, როცა სპეცრაზმის მანქანების სოფლიდან გასვლას ვიღებდი, უკვე ის მითხრეს, დასამალი არაფერი გვაქვს გადაიღეო, მაგრამ როცა ვკითხე, ვისი ბრძანებით მოქმედებდნენ, შენს საქმეს მიხედეო მიპასუხეს და ზურგი შემაქციეს. რაც ჩანდა დღეს ამ მიდამოებში 20-მდე მანქანა იყო, ძირითადად პიკაპები და დაბურულშუშიანი “მარშუტკები”. ვინც საღამოს სოფელში ამოვიდა, ყველამ თქვა, რომ სოფლიდან 5 კმ-ში ჯერაც დგას ეს მანქანები. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ან უფლებადამცველებს თუ შეხვდით?

მესტიიდან ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩამოსულან, გვქონდა სურვილი მათი ჩართვის, მაგრამ გვიპასუხეს, ჩვენ რას გვირეკავთო. სახალხო დამცველის აპარატშიც ვრეკავთ და არავინ გვპასუხობს. ველოდებით რა მოხდება. 



წერილის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

ნენსკრაჰესის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა  29 პირობას მოიცავს, მათ შორისაა, ტექტონიკური რღვევის აქტიურობის დადგენის, კაშხლის სეისმური მდგრადობისა და სხვა გარემო ფაქტორების შესწავლის ვალდებულებები.

თუმცა ჯერ კიდევ 31 აგვისტოს, საპარტნიორო ფონდის (რომელიც პროექტის დამკვეთია) აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ამბობდა, რომ პროექტის დასაწყებად ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალი შეთანხმებული იყო და სამშენებლო კოპმანია უახლოეს დღეებში ჰესის მშენებელობის სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებდა.
„ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე აშენდება," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კორეულ კომპანია K-Water-თან, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა" (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან” ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტის ხელმოწერისას. 

მოსახლეობამ მას მერე რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ფიქრობენ, რომ პროექტი მათთვის და სვანეთისთვის საფრთხის შემცველია.

ფოტო: დავით ჭიპაშვილის Faceebok გვერდიდან

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^