Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამოუკიდებლობის დღე, ანუ "მეხსიერების ადგილი"

27 მაისი 2016

ჩვენი ქვეყანა უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან, ლამის საკრალურ თარიღს - 26 მაისს, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, უკვე ოცდამეხუთედ აღნიშნავს. ამდენად, კარგი მიზეზი გვაქვს, ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, გავიაზროთ მისი მნიშვნელობა და ხელახლა დავსვათ ლამის „წყევლა-კრულვიანი“ კითხვები: რა დროში ვცხოვრობთ? განვითარების რა ეტაპზე ვიმყოფებით? რა შანსი გვაქვს მომავალში? საით მიემართება ჩვენი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვექტორები?

დაახლოებით სამი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილების მიუხედავად, საქართველო საუკუნეების განმავლობაში უცხო ქვეყნების მიერ ბევრჯერ იყო დაპყრობილი და ამდენად, განმათავისუფლებლობა, როგორც იდეა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვენი ერის სიცოცხლისუნარიანობის, კონსოლიდაციისა და ერთგვარი „გამძლეობის“ არქეტიპების ჩამოყალიბებაში.

დავითისა და თამარის დიდი ეპოქების შემდეგ, სახელმწიფოებრივი დანაკარგი, რეგრესი და განადგურება გაცილებით საგრძნობი იყო, ვიდრე წინსვლა და წარმატება. „დიდი თურქობისა“ და სპარსელების არაერთი შემოსევის შემდეგ (განსაკუთრებით საბედისწერო გამოდგა აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობა 1795 წელს), ქვეყნის გადარჩენას პოლიტიკური ელიტა მაინც ერთმორწმუნე რუსეთში ეძებდა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 1801 წლიდან, ანუ რუსეთთან შეერთების შემდეგ, მაინც უტოპიად რჩებოდა.

XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიცისტური ფრაზა - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, უმთავრეს იდეად გასდევდა საქართველოს ინტელექტუალურ და სულიერ ცხოვრებას. ეს ისტორიის ხელახლა გააზრებას და ამავე დროს, წარსულის მემკვიდრეობითობის ხაზგასმას ნიშნავდა; რეალობის ფხიზელ, მაგრამ მგრძნობიარე შეგრძნებას; „დარღვეულ“ დროთა კავშირის აღდგენას...

ილია და „თერგდალეულები“ ენერგიულად ცდილობდნენ ეროვნული იდეალებისა და სულისკვეთების გაღვივებას და რეალურად, მომავალი დამოუკიდებლობისთვის ამზადებდნენ ქვეყანას. მათ შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დააფუძნეს ქართული სათავადაზნაურო ბანკი, გამოუშვეს ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღადგინეს ქართული თეატრი. რასაც მალევე მოჰყვა რეალური ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთმა, როგორც იმპერიამ, თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ქვეყნის შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობები 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციაში გადაიზარდა, რამაც საბოლოოდ დაასამარა რომანოვების სამასწლიანი დინასტია. რუსეთს კავკასიისთვის აღარ ეცალა და შესაბამისად, საქართველოს ისტორიისა და ბედის შესაცვლელად ხელსაყრელი დრო დადგა. ეს შესაძლებლობა ქართულმა ეკლესიამ კარგად გამოიყენა - 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა... აქედან კი ქვეყნის რეალურ თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში  დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომლებსაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ. მართალია, სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური პროგრამა ეროვნული იდეალებისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის მცირე დროში (დაახლოებით ერთ წელიწადში) მათ ცხადად დაინახეს, რომ სახელმწიფოებრიობის იდეა სხვა ყველაფერზე გაცილებით მაღლა იდგა.

1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში გაცხადებული იყო სწორედ ის, რაზეც თავის დროზე არაერთი მამულიშვილი ოცნებობდა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.

მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე, ცნობილი ისტორიკოსი, პუბლიცისტი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი, ზურაბ ავალიშვილი წერდა: „ამ განსაკუთრებულ წუთებში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი; როგორ არ გვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის... აი, დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა?!...“

„ჭეშმარიტი“ პასუხი დამოუკიდებელმა საქართველომ სამი წლის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთიდან მიიღო - ეს იყო კლასიკური ინტერვენციის დასაწყისი, როდესაც 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის ნაწილებმა, ადგილობრივ ბოლშევიკებთან ერთად, საქართველო დაიპყრეს.

დამოუკიდებლობის სამწლიანი (1918 -1921) პერიოდი ძალადობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ შეცვალა. პირველი რესპუბლიკის მთავრობა ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ იძულებული გახდა, ევროპაში გაქცეულიყო. თავად ბოლშევიკები დამოუკიდებლობის პერიოდს ახასიათებდნენ, როგორც „არაპოპულარულ, რეაქციულ და კაპიტულანტურ რეჟიმს, რომელმაც დააქცია საქართველოს ეკონომიკა და გაწყვიტა ტრადიციული კავშირები რუსეთთან“ ( ალბათ, გეცნოთ პროპაგანდისტული ლექსიკა).

კომუნისტური რეჟიმის პირობებში „დავიწყებული“ თუ „დაკარგული“ ისტორიული მეხსიერების დაბრუნება მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური  ელიტის  ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახდა. ეს კი, უწინარესად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის წინ წამოწევას და საბჭოთა მმართველობის დანაშაულებრივი, „ჭეშმარიტი“ სახის ჩვენებას ითვალისწინებდა.

სწორედ ჭეშმარიტების, ანუ ბარაბასა და ქრისტეს გზის განმასხვავებელი „ნიშნების“ გაცხადება დააკისრა ბედმა დისიდენტ ზვიად გამსახურდიას. მისი მჭევრმეტყველებისა და ლიტერატურული მეტაფორების მიღმა (რაც განსაკუთრებით მიტინგებზე გამოსვლისას იგრძნობოდა) ხშირად შეუვალი პოლიტიკური ნება, დიდი ამბიცია და უფრო მეტი აკვიატებები იკითხებოდა.

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. თბილისი. 1988 წელი. ფოტო: გიორგი ცაგარელი

ცნობილი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შვილი; მთელი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკური ზიგზაგებით მავალი დისიდენტი, შესანიშნავი რუსთველოლოგი, ფროსტისა და ბოდლერის ლექსების მთარგმნელი, „ადამიანის უფლებების ჰელსინკის ჯგუფის“ თავმჯდომარე საქართველოში - ზვიად გამსახურდია იმ პროცესების მთავარი მონაწილე აღმოჩნდა, რომელმაც საქართველო დამოუკიდებლობის კარიბჭესთან მიიყვანა.

ამაში მას ყველაზე ერთგული მეგობარი, ასევე დისიდენტი და, უბრალოდ, მუსიკის მასწავლებელი, მერაბ კოსტავა ეხმარებოდა, რომლის გავლენა და ავტორიტეტი საზოგადოებაზე გამსახურდიას „მონანიების“ შემდეგ არნახულად გაიზარდა. თუმცა მერაბ კოსტავა უშიშროებამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ადრეულ ეტაპზევე მოიშორა თავიდან.

დისიდენტური ვნებებითა და მიტინგებით „გავარვარებული“ საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკათა შორის აღმოჩნდა (ძირითადად, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი აქტიურობდნენ), რომლებმაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისაკენ. ამ პროცესს მეტწილად ხელი შეუწყო 1989 წლის აპრილის მოვლენებმაც, როდესაც 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მანიფესტაცია მთავრობის სახლთან. შეიძლება ითქვას, რომ 1989 წლის 9 აპრილის „სისხლიანმა მისტერიამ“ საბჭოთა საქართველოს არსებობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი: 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელსაც სათავეში სწორედ ზვიად გამსახურდია ედგა. 1991 წლის 31 მარტს გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა და საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. იმავე წლის 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა. თბილისი. 1989 წელი. ფოტო: გიორგი ცაგარელი

1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 73 წლის შემდეგ, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. ერთ-ერთი უდიდესი გერმანული გაზეთი „Dიე Vელტ“ 1991 წლის 3 აპრილის ნომერში აღნიშნავდა: „საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, უფრო მეტმა, ვიდრე ბალტიისპირეთში, მხარი დაუჭირა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ამდენად, საბჭოთა კავშირიდან გასვლას. როგორც ბალტიისპირეთში, ისე საქართველოში (რომლის მოსახლეობის დაახლოებით 28-29% არაქართველია) მოსახლეობის უმრავლესობამ, ანუ დაახლოებით 91%-მა რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან პოლიტიკური ბრძოლის პროცესში საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას გამუდმებით მიაწერენ ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას“.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე დაახლოებით 3 მილიონ 295 000 ადამიანმა დაუჭირა მხარი. ნათელია, რომ მხარდამჭერთა აბსოლუტურ უმრავლესობას გაცნობიერებული ჰქონდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობა.

1991 წლის 26 მაისს საქართველოში გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ხმების 87% სწორედ ზვიად გამსახურდიამ მიიღო და დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტიც გახდა. 9 აპრილის მოვლენებს დიდი გამოძახილი მოჰყვა საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

უკვე 1991 წლის მეორე ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო: ინტელიგენციის დიდი ნაწილი, რომელსაც თავად გამსახურდია „წითელ ინტელიგენციას“ უწოდებდა, ოპოზიციაში აღმოჩნდა. დაპირისპირებამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა,

სამოქალაქო ომი. თბილისი. 1991 წელი. ფოტო: გიორგი ცაგარელი

1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია მომხრეებთან ერთად იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ქვეყანას მართავდა ე.წ. სამხედრო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანება „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი.

ომისა და ქაოსის შემდეგ, 1992 წლის მარტში საქართველოში ბრუნდება ედუარდ შევარდნაძე - „თეთრი მელა“; საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ცკ-ის ყოფილი პირველი მდივანი, ქართული ენის „გადამრჩენელი“, თენგიზ აბულაძის „მონანიების“ უპირველესი მხარდამჭერი და „პერესტროიკის“ თანაავტორი. როგორც ქართულ პრესას უყვარდა  წატრაბახება, „ჯეიმს ბეიკერისა და ჰანს-დიტრიხ გენშერის მეგობარი“ (აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის - დ.ბ.).

„სამხედრო საბჭოს" შევარდნაძემ შედარებით დემოკრატიული და ოდნავ დამცინავი სახელწოდება შეურჩია - „სახელმწიფო საბჭო“ და სიგუა-კიტოვან-იოსელიანის ტრიუმვირატს „გადემოკრატიულების“ შანსი მისცა. ბედის ირონიით, 10-12 წლის შემდეგ საქართველოს კიდევ ერთი ტრიუმვირატი მოევლინება (სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე), რომელიც თავისებურად „გააოცებს“ დაძაბულ პოსტრევოლუციურ რეჟიმში მცხოვრებ საქართველოს.

ედეუარდ შევარდნაძის ჩამოსვლა საქართველოში. თბილისი. 1992 წელი. ფოტო: გიორგი ცაგარელი

თუმცა ვერც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალმა სტატუსმა და ვერც „მსოფლიო დემოკრატის“ იმიჯმა უშველა ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში ომი დაიწყო.

საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ მებრძოლებს შორის საომარი მოქმედებები დაახლოებით 13 თვეს გრძელდებოდა. სეპარატისტთა მხარეზე ასევ იბრძოდნენ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილო კავკასიიდან და რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში. ამ ომს კიდევ უფრო ართულებდა სამთავრობო ჯარების დაპირისპირება ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან და „მხედრიონის“ რაზმების მიზანმიმართული სისასტიკე სამეგრელოს სოფლებსა და ქალაქებში.                               

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა! ქალაქი სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელებმა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ საომარი კონფლიქტის შედეგად 30 ათასამდე ეთნიკური ქართველი და 4 ათასამდე აფხაზი დაიღუპა. კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა ფინანსურადაც და ფსიქოლოგიურადაც. საომარმა შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღეს აფხაზეთის რეგიონი, რომელიც „დე ფაქტო“ დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და როგორც თავად აფხაზები ამბობენ, „რეგიონი რუსეთის ფედერაციის პროტექტორატია“.

აფხაზეთის ომი. სოხუმი. 1992 წელი. ფოტო: გიორგი ცაგარელი

წაგებული ომისა და რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, 1992 წლის შემოდგომაზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად შევარდნაძემ ხელისუფლების ლეგიტიმაცია მაინც მშვენივრად მოახერხა - ის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ედუარდ შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1992-1995 წლებში. ამავე დროს, ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი.

1995 წელს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაამტკიცა. ამავე წელს გაიმართა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. შევარდნაძის ინიციატივით დაარსდა „მოქალაქეთა კავშირი", რომელიც შემდგომ, 1995-2002 წლებში მეინსტრიმ-პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მოახერხა, პრესის თავისუფლებაც წაახალისა და მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნებიც გამართა, საბოლოოდ, ის მაინც კლასიკურ „ძალაუფლების პარტიას“ დაეყრდნო. „მოქალაქეთა კავშირი“ ტიპური „ძალაუფლების“ პარტია იყო, რომელსაც არ აერთიანებდა არც საერთო ფასეულობები და არც ერთიანი პროგრამა.

კონსტიტუცია, რომელიც შევარდნაძის ინიციატივით, 1995 წელს „მოქალაქეთა კავშირმა“ მიიღო, ასე ვთქვათ, კონსტიტუცია „ზემოდან“, შესაძლოა, წინგადადგმული ნაბიჯი“ იყო, მაგრამ ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს ვერ მოაგვარებდა. საბოლოოდ, ედუარდ შევარდნაძე მაინც პარტიულ ძალაუფლებას, ანუ „მოქალაქეთა კავშირს“ დაეყრდნო და არა თავისუფალ ბაზარს, თავისუფალ პრესას, ან დემოკრატიის ინსტიტუტებს.

1999 წლისა და 2003 წლის არჩევნებს შორის ის პრინციპული განსხვავება იყო, რომ 1999 წელს „მოქკავშირისა“ და შევარდნაძის მომზადებულ-მომწიფებული რეფორმატორები - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი - ჯერ კიდევ ნორჩები და ასე ვთქვათ, პოლიტიკურად „უბიწოები“ იყვნენ, თუმცა 2003 წლის ნოემბერში მომხდარი რევოლუცია არა მარტო წარსულის პოლიტიკის, არამედ მთლიანად „მამის ხატის“ დანგრევას ნიშნავდა. მამის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ და ფსიქოანალიტიკურ შურისძიებას... საკუთრივ, რეფორმის სახელით.

„რევოლუციური კანონი, აღნიშნავს ფრანგი ფილოსოფოსი და რევოლუციონერი კონდორსიე, არის კანონი, რომლის მიზანია შეინარჩუნოს რევოლუცია და დააჩქაროს, ან არეგულიროს მისი კურსი“. პოლიტიკურად მომწიფებულმა ტრიუმვირატმა (მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ) თავად შევარდნაძისგან აითვისა, რომ რევოლუციური კანონი სინამდვილეში არის სწორედ ის ძალა, რომელიც კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა დგას. იგრძნეს რა  შეუზღუდავი ძალა, რევოლუციურ აზარტში შესული ახალგაზრდა პოლიტიკოსები სახიფათო შესაძლებლობით შეიარაღებულნი აღმოჩნდნენ. „ვარდების რევოლუციამ“ (როგორი მომხიბლავიც უნდა ყოფილიყო ეს ძალაუფლება გარედან) ბოლომდე შთანთქა ჯერ მამები და მათი იდეები, შემდეგ კი თავად რევოლუციის უძღები და ურჩი შვილები.

„ვარდების რევოლუციამ“ პირველსავე წლებში (2003-2006) სწრაფ, ეფექტიან და ენერგიულ რეფორმებთან ერთად მის ხელთ არსებული უზარმაზარი ძალაუფლება და რესურსი გაფლანგა. ოპტიმიზმი შეიძლება ითქვას, თვალსა და ხელს შუა გაილია - ჯერ ჟვანიას აუხსნელი სიკვდილის, შემდეგ გირგვლიანის წამების, ბოლოს კი, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის ფონზე. რასაკვირველია, პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლო ძალაუფლების უდიდესი ენერგია პოლიტიკური პროცესების დასამშვიდებლად გამოეყენებინა. საამისოდ კი საჭირო გახდებოდა რევოლუციის ტრანსფორმაცია მშვიდ და საქმიან ვითარებაში.

"ვარდების რევოლუცია". თბილისი. 2003 წლის ნოემბერი. ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

ასეთი პროცესის წარმართვისათვის, სულ მცირე, ძალაუფლების ხალხისათვის გადანაწილება იყო საჭირო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა. პირიქით, მან პარტიული ვერტიკალი კიდევ უფრო გააძლიერა და ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები უფრო შეუზღუდა. სწორედ ძალაუფლების დანაწილების პრობლემა გახდა თავის დროზე, სააკაშვილის განხეთქილების მთავარი მიზეზი „რესპუბლიკურ პარტიასთან“.

რაც მთავარია, ქვეყანაში არ არსებობდა ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აიძულებდა, ანგარიში გაეწია სასამართლოსთვის, მედიისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის. ცხადია, ეს რომ მომხდარიყო, მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა სახელისუფლებო შტოებისადმი და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო მნიშვნელოვანი და სწრაფი ეკონომიკური რეფორმები განეხორციელებინა, მაგრამ ასევე სწრაფად მოახერხა, რუსეთის სამხედრო პროვოკაციაზე იოლად წამოგებულიყო. მმართველი პარტიის სიშლეგისა თუ სულსწრაფობის წყალობით, ქვეყანა ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რასაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა: რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე ოფიციალურად აღიარა.

ცალკე საუბრის თემაა ისეთი არაერთმნიშვნელოვანი და პოლიტიკურად წამგებიანი თარიღები, როგორებიცაა: 2007 წლის 7 ნოემბერი და 2011 წლის 26 მაისი. ოპონენტები განუწყვეტლივ ახსენებდნენ მათ წარსულს და შესაბამისად, ადამიანის უფლებების დარღვევას. თანამედროვეობასთან რომ გავავლოთ პარალელი, 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, ხოლო ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ... ისე, რა დამცინავია ზოგჯერ ბედი!

2011 წლის 26 მაისი. ფოტო: ირაკლი გედენიძე

ფილოსოფოსი ჯოვანი ჯენტილე, რომელიც მუსოლინის აქტიური მხარდამჭერი იყო, სტატიაში „რა არის ფაშიზმი“ წერდა: „მაქსიმალური თავისუფლება ყოველთვის ემთხვევა სახელმწიფოს მაქსიმალურ ძალას. მაგრამ რომელ ძალას? ამ სფეროში განსხვავებებზე ლაპარაკი მათ უყვართ, ვინც არ ემორჩილება ძალის ისეთ კონცეფციას, რომელიც არსებითია სახელმწიფოსთვის და ამრიგად – თავისუფლებისათვის. ისინი განასხვავებენ მორალურ ძალას მატერიალურისგან: კანონის ძალას, რომელიც თავისუფალი არჩევანის შედეგადაა მიღებული და ძალადობრივ ძალას, რომელიც მკაცრად ზღუდავს მოქალაქის ნებას. ეს განსხვავება გულუბრყვილოდ შეიძლება მივიჩნიოთ, თუ ის გულწრფელია! ყოველგვარი ძალა მორალური ძალაა, რადგან ის ნების მიმმართველია. და, რა არგუმენტიც არ უნდა გამოვიყენოთ - ქადაგება იქნება თუ ხელკეტი, მისი ეფექტიანობა ისაა, რომ საბოლოო ჯამში, შინაგანად უბიძგებს ადამიანს, დაარწმუნებს მას, მორჩილებისკენ მოუწოდებს“.

მაშ ასე, ჯენტილე და მუსოლინი. მორალის ძალა თუ მატერიალური ძალა? საიდანაც ორიოდე ნაბიჯია ძალისა და ძალადობის ინტერპრეტაციამდე. 2012 წელს არჩევნებზე ერთმანეთს ფაქტობრივად ორი ძალა დაუპირისპირდა - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „ფეტიშისტი“ პოლიტიკოსები. ვიდრე ისინი ერთმანეთში გაარკვევენ, რა განსხვავებაა ძალასა (პოწერ) და ძალადობას (ვიოლენცე) შორის, ან ვის აქვს ამ ძალადობრივ შეჯიბრებაში უპირატესობა, საზოგადოება საკუთარ არგუმენტებსა და მითებს იშველიებს ორივეს წინააღმდეგ, ხოლო როცა ფერმკრთალდება რეალური პოლიტიკური არგუმენტებით ჭიდილი, ორივეს უკან კარგად ნაცნობი რეალობა იხატება - დიდი ფული! საიდან, ვის, რამდენი და როგორ ეს მხოლოდ დეტალებია, რომელშიც ათასი ეშმაკი ერთად იმალება.

მოსაზრება, რომ „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენა, ანუ მისი „გაადამიანურება“ პოლიტიკურ ლანდშაფტს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, არ გამართლდა. ფლორა-ფაუნის ამ უცნაურად მოყვარულმა და „სამების“ აღმშენებელმა კაცმა ვერც საზოგადოებრივ სივრცეს შესძინა რამე ახალი, გარდა უნაყოფო ჭორებისა და ვიდეობით მანიპულირებისა, რომლებიც, როგორც ჩანს, „ნაციონალებმაც“ და „ოცნების“ წევრებმაც იმდენი გადაიღეს და მოიმარაგეს, რომ მომავალ თაობებს სერიალებად ეყოფათ.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 2013 მარტი. ფოტო: დარო სულაკაური

კარგი იქნება, თუ ორი ან რამდენიმე საპარლამენტო პარტიიდან (მათი შეხედულებისა და ხარისხის მიუხედავად), არც ერთს არ ექნება აბსოლუტური უმრავლესობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკეთესია, ვიდრე ერთპარტიული მმართველობა, რომელიც, თავისთავად გულისხმობს ერთპარტიულობისათვის დამახასიათებელ ყველა მანკიერებას.

და მაინც, ზოგი ჭირი მარგებელია. პოლიტიკით ზედმეტად განხიბლულებს, ვისაც აღარც მიშასი სჯერა დ არც გრიშასი, კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, არჩევანი შავსა და თეთრს შორის აღარ გააკეთონ. „მესამე პოლიტიკური ცენტრის“ იდეა თავის დროზე იმიტომ იყო სასარგებლო, რომ უსისტემოდ გაფანტულ, პატარა სოციალურ და პოლიტიკურ ჯგუფებს ერთ პლატფორმად ჩამოყალიბება შეძლებოდათ, თუმცა პარლამენტს გარეთ დარჩენილი წვრილი პარტიები იმდენად ბევრნი არიან, რომ პოლიტიკურ სივრცეში მათი დაბრუნების მცდელობამ ჯერჯერობით არ გაამართლა.

დამოუკიდებლობის 25 წელი ჯერ მცირე დროა ტოტალიტარიზმის ბნელი გვირაბიდან ბოლომდე გამოსასვლელად. სათანადოდ ვერც დემოკრატიის გაკვეთილები დავისწავლეთ და ვერც არჩევნებში ღირსეული მოგება-წაგება ვისწავლეთ. ჩვენ ნელ-ნელა, მტანჯველი რეფლექსიით, მაგრამ მაინც გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან. ამიტომაც შეუძლებელია განცდილი დროისა და რეპრესიების კვალს არ ვატარებდეთ.

ჩვენს საზოგადოებას დამოუკიდებლობის ხანგრძლივი გამოცდილება არ გააჩნია. ამიტომ ის სწორედ მეხსიერებით ცხოვრობს, ანუ „წარსულის ქექვით“ არის დაკავებული. გარკვეული მდგომარეობის კომპენსირებას სწორედ წარსულზე კონცენტრირებით ახდენს. ასეთ დროს დამოუკიდებლობის დღე „დავიწყებული“ ისტორიის შეხსენებას ჰგავს, უფრო ზუსტად - ისტორიის გაცოცხლების პროცესს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აგვისტოს ომის ნარატივი

თუ გსურს თავისუფლება, ემზადე ომისთვის!
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ-ს მტრების სიაში რუსეთი კვლავ პირველი ...

თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბ ...

მეტი

^