Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიძულვილი და უმოქმედობა - ლგბტ პირთა უფლებები საქართველოში

30 მაისი 2016

ბოლო წლებია, 17 მაისამდე და მის შემდგომ პერიოდში, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ჰომოფობიური ნიშნით თავდასხმის შესახებ. "ლიბერალის" მოკვლევით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიაში ექვსი შემთხვევის შესახებ დაიწერა. ყველა დაზარალებული თავდასხმის ჰომოფობიურ მოტივზე საუბრობდა. ბოლო ინფორმაციით, 21 მაისს ორი პირი დანით დაჭრეს, როგორც თავად ამბობენ, სიძულვილის მოტივით.

როგორ იცავს კანონი ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირებს დისკრიმინაციისა და სხვადასხვა ფორმის ჩაგვრისგან? როგორ სრულდება კანონმდებლობა პრაქტიკაში? რას აკეთებს ხელისუფლების სხვადასხვა შტო შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ? როგორია ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა?

2012 წლიდან  სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს.

შსს-ს ინფორმაციით, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე  2014 წლიდან 2016 წლის 17 მაისის ჩათვლით სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზეა აღძრული.

"2016 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქის სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით სხეულის დაზიანების ფაქტზე", - აცხადებს შსს.

2014 წელს კი მიიღეს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც დისკრიმინაციის აკრძალული ნიშნების ფართო ჩამონათვალს შეიცავს. მათ შორისაა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. კანონის აღსრულების  მექანიზმად სასამართლოსთან ერთად სახალხო დამცველის აპარატიც განისაზღვრა.

დისკრიმინაციის საქმეებზე მომრიგებლის როლი კანონმა სახალხო დამცველს მიანიჭა. სახალხო დამცველს უფლება აქვს, რეკომენდაციითა და ზოგადი წინადადებით მიმართოს დისკრიმინაციის ჩამდენს და მისგან გარკვეული ღონისძიებების განხორციელება მოითხოვოს. თუ ადმინისტრაციული ორგანო სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებაზე უარს იტყვის, სახალხო დამცველს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. დისკრიმინატორი კერძო პირები კი, ადმინისტრაციული ორგანოსგან განსხვავებით ვალდებულნი არ არიან ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან.

სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშის მიხედვით, შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტზე შესული განცხადებების 11% სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას ეხება. სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული ნიშნები მიმართვიანობის სიხშირით რწმენისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გვერდით მეორე ადგილს იკავებს.

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან შუბაშვილი ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებიდან ამ დრომდე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციაზე სულ 14 განცხადებაა შეტანილი. აქედან უმეტეს შემთხვევაში დისკრიმინაცია ვერ დადგინდა და რეკომენდაცია მხოლოდ ორ შემთხვევაზე გაიცა.

აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთი ჯანდაცვის სამინისტროს მიემართებოდა. მისი მიზანი იყო აღსრულებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მსმ (მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) ადამიანებს მისცემოდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ სისხლის დონორები ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და ადგილი არ ჰქონოდა მათ მიმართ  ბლანკეტურ აკრძალვას.

მეორე რეკომენდაცია კი დაიწერა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართ. როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, სამი პატიმარი მოთავსებულია არა მთავარ, არამედ სამეურნეო ნაწილში, რადგან ციხის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ისინი ჰომოსექსუალები არიან და ამ ნიშნით არ უნდათ მათი სხვა პატიმრებთან მოთავსება. სამეურნეო ნაწილში კი პატიმრებს ცუდ და ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობებში ყოფნა უწევთ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ორიდან არცერთი რეკომენდაცია არ არის შესრულებული.

ქეთევან შუბაშვილი „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღებას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ არსებობს ხარვეზებიც. მისი თქმით, დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტზე შესული განცხადებების უმრავლესობაში ვერ დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი, რადგან მტკიცებულებები ვერ შეგროვდა. მტკიცებულებების შეგროვებაში კი დაბრკოლებად იმას მიიჩნევს, რომ კერძო პირებს სახალხო დამცველთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ გააჩნიათ.

„სახალხო დამცველმა, „ანტიდისკრიმინაციულ კანონში“ ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, საკანონმდებლო წინადადებაც მოამზადა, რომლითაც კერძო პირებს სახალხო დამცველთან თანამშრომლობას ავალდებულებდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს წინადადება გაჩერებულია. უცნობია, როდის განახლდება მსჯელობა ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე. რეალურად ეს არამხოლოდ ლგბტ, არამედ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების გამოსავლენად მნიშვნელოვან დაბრკოლებას გვიქმნის, იმიტომ, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოპასუხე არის კერძო ან მესამე პირი, რომელიც დაკავშირებულია საქმესთან, მაგრამ არ გვაწოდებს ინფორმაციას. ეს კი ხელს უშლის სიმართლის დადგენას“, - ამბობს ქეთევან შუბაშვილი

ევროკავშირისა და სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის დახმარებით ჩატარებული კვლევის „ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი საქართველოში“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ სხვადასხვა ტერიტორიულ და ინსტანციურ სასამართლოებს მიმართა და სამოქალაქო და ადმინისტრაციული წესით წარმოებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის საქმეების გაზიარება მოითხოვა.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში არ აღირიცხება პროცესში მონაწილე პირთა დისკრიმინაციის საფუძვლები.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში EMC-მ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ყველა დონის სასამართლოდან, 2012 წლიდან დღემდე 53.3.1 მუხლის გამოყენებისა და სტატისტიკის შესახებ. ორგანიზაციას ეცნობა, რომ აღნიშნული მუხლის გამოყენებაზე სტატისტიკურ მონაცემებს სასამართლოები არ ფლობენ .

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი და კვლევის ავტორი ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ 53.3.1 მუხლის არგამოყენებას პრობლემის კომპლექსურობა განაპირობებს და საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებებზე საუბრობს.

„ეუთო უთითებს - იმისთვის, რომ სასამართლომ კონკრეტულ მოტივზე იმსჯელოს, აუცილებელია, პროკურატურა თუ სხვა ნებისმიერი სტრუქტურა, რომელსაც საქმე სასამართლომდე მიაქვს, თავად საუბრობდეს ამ მოტივის არსებობაზე. თუ პროკურატურამ სასამართლოს არ დაანახა ამ მოტივის არსებობა, სასამართლო მას თავისით ვერ დაინახავს, იმიტომ, რომ პროცესი არის შეჯიბრებითობითი, შესაბამისად, როდესაც პროკურატურას დამამტკიცებელი დოკუმენტი არ მიაქვს, სასამართლო ვერ იმსჯელებს”, - ამბობს ლიკა ჯალაღანია

EMC-ის კვლევის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ წარმოებული არაეფექტიანი გამოძიება და ოფიციალური სტატისტიკის არარსებობა ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულების ზრდას განაპირობებს.

„სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისათვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ოფიციალური სტატისტიკის წარმოება ან მსგავსი ტიპის დანაშაულების გამოძიებისთვის აუცილებელი სპეციალური პერმანენტული სწავლება არ ხორციელდება. სახელმწიფოს მიერ წარმოებული არაეფექტიანი გამოძიება განაპირობებს ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულების ზრდას და აღრმავებს ლგბტ თემის წევრების მარგინალიზებას. სამართალდამცავი სისტემები არ არიან ინსტიტუციურად მზად, ებრძოლონ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ მიმართ თემის წევრების ნდობას“, - ვკითხულობთ კვლევაში.

25 მაისს  თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში. ბრალდებულს 4 წელი მიესაჯა ბინის გადაწვისათვის.

ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ტრანსფობიურია. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ლგბტ თემში შიშსა და უნდობლობას აღძრავს და შესაბამის უწყებებშიც მათი მხრიდან მიმართვიანობა დაბალია.

„იყო ბევრი გასათვალისწინებელი დეტალი, რომელიც პოტენციური მკვლელის ბრალეულობაზე მიუთითებდა, თუმცა სასამართლომ ვერ დაინახა. კონკრეტული მკვლელობა შესაძლოა არ ყოფილიყო ტრანსფობიური, მაგრამ აქ იყო ინსტიტუციური ტრანსფობია, ანუ სასამართლო და პროკურატურა იყო ტრანსფობი. ინსტიტუციური ტრანსფობია და ჰომოფობია საქართველოში ძალიან სერიოზულია პრობლემაა.  სახელმწიფო ვერასდროს ვერ შეებრძოლება საზოგადოებაში არსებულ ფობიებს, როდესაც ის მის მიერვე ინსტიტუციონალიზებულია“, - ამბობს ლიკა ჯალაღანია

გასული წლის ოქტომბერში კი 2013 წლის 17 მაისს აქციის დარბევის გამო ბრალდებული ოთხი პირი სასამართლომ გაამართლა.

იურისტი ნინო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენებისა და საბი ბერიანის საქმე შესაბამისად ვერ შეფასდა. მისი თქმით, დაკავებული პირების გამართლება სასამართლოს ტენდენციურობაზე მიუთითებს და ზიანს აყენებს ლგბტ თემს. 

„ჯერ ძალიან ცოტა ადამიანი იყო პასუხისგებაში მიცემული და ვინც იყო, მათგან ყველანი გამართლდნენ და დაუსხლტნენ მართლსაჯულებას. ამით ხელისუფლება სასამართლოს ხელით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ლგბტ თემს. ამ შედეგს ჩვენ ვიმკით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ნინო ბოლქვაძის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები ფასადურია და რეალურად, სასამართლოების გადაწყვეტილებები ლგბტ პირების მიმართ ძალადობისა და აგრესიის წახალისებას უწყობს ხელს.

„ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ცდილობენ, რომ ფასადური ცვლილებები დაანახონ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ თითქოს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, არ ვამბობ რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასაკმარისია. ასეთ სიტუაციაში ამ მდგომარეობის კონსერვირება და შენარჩუნება, რომ თითქოსდა რაღაცას აკეთებენ, მეორე ხელით კი  მოძალადეებს ამართლებენ და ხელფეხის უხსნიან, რომ მიდით, გააკეთეთ მოკალით, არავინ ამისთვის არ დაისჯება, ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან საშიში მდგომარეობა თემისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპს, რაზეც ეს სახელმწიფო უნდა იყოს აგებული“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ლიკა ჯალაღანია ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებს და მედიით სიძულვილის ენის ტირაჟირებასაც უკავშირებს.

„სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ძალიან ხშირად გვესმის ძალიან უარყოფითად გაჟღერებული მათი მოსაზრებები ლგბტ თემის და ზოგადად გენდერისა და სექსუალობის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ელექტორალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად კეთდება, მედია კი შემდგომ თავადვე ახდენს ამის ტირაჟირებას და ხშირად თავადვე კვლავ აწარმოებს სიძულვილის ენას, რაც შემდგომ ძალადობრივი გარემოს გამწვავებაზე აისახება“, - ამბობს ლიკა ჯალაღანია

„კანონების შეცვლა ყოველთვის არ ნიშნავს ცხოვრების შეცვლას“ – ეს სლოგანია ორგანიზაციის, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ევროპულ სახელმწიფოებში ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ILGA Europe-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოზიცია 2015 წელს 2014 წელთან შედარებით გაუარესდა და 49 ქვეყანას შორის 22-ედან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^