Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ისტორიული ლანდშაფტის დასაბრუნებლად - გამქრალი ზონა და სამართლებრივი ბრძოლის დასაწყისი

04 ივნისი 2016

ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა - ქალაქის ე.წ. გენერალური გეგმიდან გამქრალი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დაცვის ზონა;

1985 წლის დადგენილება, რომელიც მთელი შემდგომი ქალაქგანვითარების სამართლებრივი საფუძველი იყო და რომელიც ორჯერ უგულებელყო ქალაქის ხელისუფლებამ ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებისას;

გამქრალი დაცვის ზონის მაგივრად მიღებული ფუნქციური ზონა და ამ ზონაში დაშვებული მანამდე დაუშვებელი ფართომასშტაბიანი მშენებლობები - “პანორამა თბილისი”, გერგეთის ქუჩის მიმდებარე განაშენიანიანება და სხვა დაგეგმილი პროექტები;

“საზოგადოებრივი სარჩელის” წინაპირობები და მზადება სამართლებრივი ბრძოლისთვის  - 1 ივნისს ორგანიზაციამ "საჯარო სივრცის ინიციატივა” თბილისის ისტორიული ლანდშაფტის იგვლივ არსებული სამართლებრივი ხარვეზების კვლევის შედეგები წარმოადგინა.


“საჯარო სივრცის ინიციატივის” კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი”ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი” 1985 წელს მიღებული დადგენილება აღმოჩნდა.
როგორ კვლევის იურისტი ანანო ცინცაბაძე ამბობს, 1975 წლიდან არსებობდა დადგენილება თბილისის ისტორიული ზონების დაცვის შესახებ. თუმცა 1985 წელს დარგის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს დაეხარისხებინათ ქალაქის ისტორიული ნაწილები, დაეყოთ ისინი ზონებად, აღეწერათ ეს ისტორიული ნაწილები და დაედგიონათ, რომელ ნაწილს სჭირდებოდა განსაკუთრებული დაცვა.

1985 წლის დადგენილებით განისაზღვრა, რომ თბილისს ჰქონდა ისტორიული დაცვის სამი ზონა:

1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა
2. განაშენიანების რეგულირების ზონა
3. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა.


“დარგის სპეციალისტების განმარტებით, ეს იყო ქალაქის ისტორიული ნაწილის აღიარება. იმის ხაზგასმა, რომ თბილისის ისტორიული ნაწილი არის კულტურული მემკვიდრეობა, აქვს კულტურულ ღირებულება და რომ ეს ისტორიული ნაწილი ღირებულია მის ლანდშაფტთან ერთად. დადგენილებამ განსაზღვრა, რომ სწორედაც ქალაქის ისტორიული ნაწილი მის ისტორიულ ლანდშაფტთან ერთადაა დაცვის ღირსი და სწორედ ამის შესაბამისად დაგინდა ძალიან მკაცრი დაცვის რეჟიმები ყველანაირი განაშენიანების და მით უმეტეს ფართომასშტაბიანი განაშენიანების წინააღმდეგ”, - განმარტავს ანანო ცინცაბაძე. 

რაც შეეხება დამცავი ზონების მნიშვნელობას, ცინცაბაძე ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო ადგენს დამცავ ზონას, განსაკუთრებით ისტორიულ ზონას, ამის მთავარი მიზანია დაიცვას არასასურველი ზემოქმედებისგან მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის ძეგლები, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილი, ცალკეული შენობა-ნაგებობები, ისტორიული განაშენიანება, ქუჩათა ქსელი, გეგმარებითი სტრუქტურა, ისტორიული ლანდშაფტი, არქეოლოგიური ობიექტები და სხვა.

არასასურველი ზემოქმედება კი  ნებისმიერი ისეთი მოქმედებაა, რომელმაც შეიძლება ხელყოს, დაჩრდილოს ან ზიანი მიაყენოს ამ ობიექტებს, სწორედ ამიტომ 1985 წლის დადგენილებამ ძალიან კონკრეტულად დაადგინა ამ ზონების საზღვრები და თითოეულისთვის საჭირო და აუცილებელი დაცვის რეჟიმები.

განსაკუთრებით საინტერესოა დაცვის მესამე  - ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა (ისტ 3): დადგენილებამ ამ ზონაში საკმაოდ ფარტო მასშtაბის ტერიტორიები მოიაზრა: თაბორის მთა, წავკისის ხევი, მთაწმინდისა და კუს ბის მიმდებარე ტერიტორიები.

იურისტის განმარტებით, კველვა აჩვენებს, რომ 1985 წლის დადგენილება ფართოდ გამოიყენებოდა შემდგომ საკანონმდებლო თუ კანონშმოქმედებით საქმიანობაში 

საინტერესოა, რომ როდესაც საქართველომ ძველი თბილისი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად წარადგინა, ის სწორედ ამ იტორიული საზღვრების ფარგლებში იყო ნომინირებული. საქართველოს მაშინ არ ეთქვა თანხმობა, თუმცა არც უარი ეთქვა (რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნებოდა და ვეღარასდროს წარდგებოდა სიაში მოსახვედრად). შესაბამისად, თბილისი დღემდე არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში და მას შემდეგ რაც დაყენებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ქალაქს აქვს პოტენციალი გადაინაცვლოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

“ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ წინასწარულ სიაში მყოფი ძველი თბილისი იუნესკოს აღიარებას ელოდება სწორედ 1985 წლის დადგენილებით გაწერილი ისტორიული საზღვრებით. სახელმწიფომ წარადგინა თბილისი როგორც იუნესკოს დაცვის ღირსი ქალაქი, სწორედ ამ ფარგლებში, ამ საზღვრებით, ამ სამართლებრივი საფუძვლებით” - განმარტავს ანანო ცინცაბაძე. 

ამავე საფუძველზე შეიქმნა თავის დროზე ძველი თბილისის გამგეობა და მისი ადმინისტრაიცული საზღვრებიც ამ სამ ზონას მოიაზრებდა. სხვა სამართლებრივ აქტებთან ერთად, რომლებიც ამ დადგენილებას ემყარებოდა, კვლევის ავტორებს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საკრებულოს 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება “უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკის დადგენის შესახებ”, რომლითაც უკვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 85 წლის დადგენილებაში წერილობით აღწერილი საზღვრები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონები ასახა და დაიტანა რუკაზე. 

“თუმცა დარგის სპეციალისტები იხსენებენ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმოამდგენლები ამბობენ, რომ 1985 წლის დადგენილებას სამართლებრივი ძალა დაკარგული აქვს და თბილისისთვის აღარაა დადგენილი ის ისტორიული საზღვები, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, რომლებიც ამ დადგენილებით განისაზღვრებოდა. სახელმწიფოს პოზიცია იყო ის, რომ თბილისს არ გააჩნია ისტორიული ზონები იმ ფორმით, რა ფორმითაც ის 1985 წელს არსებობდა და დადგინდა”, - ამბობს ცინცაბაძე. 

ამის გასარკვევად კვლევის ავტორებმა “საკანონმდებლო მაცნეს” მიმართეს და კითხვაზე, იყო თუ არა ძალაში 1985 წლის დადგენილება, მიიღეს პასუხიმ რომ სახელმწიფო საკანონმდებლო რეესტრში არ იძებნება არც ერთი საკანონმდბელო აქტი, რომლითაც 1985 წლის დადგენილებამ პირდაპირ დაკარგა ძალა. თუმცა იურისტების თქმით, ეს შეიძლება მომხდარიყო “არაპირდაპირ”.

1997 წელს მიღებული კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ” ადგენს, რომ ის დოკუმენტაცია, რომელიც არაა ასახული სახელმწიფო რეესტრში, ავტომატურად ითვლება ძალადაკარგულად. თუმცა ამ კანონზე ზემოდგომი - საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე არსებული ყველა საკანონმდებლო აქტი ძალაშია თუ მან პირდაპირ არ დაკარგა ძალა ან თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 

“ეს დადგენილება არათუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არამედ პირიქით, ჰარმონიაშია კონსტიტუციის ყველა იმ მუხლთან, რომელიც იცავს კულტურულ მემკვიდრეობას და იცავს ჩვენს ყველა უფლებას ვცხოვრობდეთ ჯანსაღ გარემოში. შესაბამისად არ არსებობს სამართლებრივი დასაბუთება და არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელმაც 1985 წლის დადგენილებას სამართლებრივი ძალა დააკარგინა”, - ხსნიან კვლევაში მონაწილე იურისტები. 

მოგვიანებით, უკვე 2007 წელს მიღებულმა კანონმა “კულტურული მემკვიდროების შესახებ” აღიარა, რომ ისტორიული ზონები არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის ზონები, დაუწესა მათ დადგენის ძალიან მაღალი სტანდარტი. ცინცაბაძის განმარტებით,  სწორედ ამ კანონის თანახმად, ისტორიული ზონების დადგენა არ შეუძლია არავის გარდა პრემიერ-მინისტრისა. პრემიერსაც შეუძლია ეს გააკეთოს მხოლოდ კულტურის სამინისტროს წარდგენის საფუძველზე, რომელსაც თავის მხრივ შეთანხმება უნდა ჰქონდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. შემდეგ უკვე ამ ზონების დადგენის წესიც განისაზღვრა და აქაც ერთადერთ უფლებამოსილ პირად კვლავ პრემიერ-მინისტრია მითითებული.  

ამ ზონების სამართლებრივი სტატუსის ირგვლივ ყველაზე საინტერესო მოვლენები უკვე 2009 წლიდან ვითარდება. 

2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ მიიღო “ქალაქ თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა”. ეს გეგმა განსაზღვრავდა ქალაქგეგმარების ძირითად პრინციპებს, ადგენდა ზონებსა და შეზღუდვებს ამა თუ იმ ზონაში. ამავე წელს დაამტკიცა საკრებულომ განაშენიანების რეგულირების წესებიც, როგორ უნდა ყოფილიყო დატანილი გენგეგმაზე ის დოკუმენტები, რომელთა მიღებაც საკრებულოს უფლებამოსილება არაა - მათ შორის ისტორიული დაცვის ზონების შესახებ. 

ამ წესების თანახმად, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო აქამდე დადგენილი ისტორიული ზონები პირდაპირ აესახა გენერალური გეგმები. ამის გარდა, მას შეზღუდული ჰქონდა ყველანაირი მოქმედების უფლება, რაც ეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ისტორიულ ზონებს. 

“თუმცა ამის ნაცვლად, თბილისის საკრებულომ, 2009 წლის  5 ივნისს მიღებულ გენგეგმაზე დაიტანა არა სამი, არამედ მხოლოდ 2 ისტორიული ზონა: ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონა. გენგეგმაზე არ დაიტანეს 1985 წლით განსაზღვრული მესამე ზონა - ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ამასთან,  გეგმაზე დატანილი იმ ორი ისტორიული ზონის საზღვრებიც განსხვავდება იმისგან, რაც თავდაპირველად იყო დამტკიცებული, როგორც ის იყო ასახული სხვა კანონებსა და გადაწყვეტილებებში. იმ ტერიტორიაზე კი, სადაც ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა უნდა ყოფილიყო, დაიტანეს მხოლოდ ფუნქციური ზონა”, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ “დაცვის ზონა” განსხვავდება “ფუნქციური ზონისგან”, თუკი “დაცვის ზონის” ცვლილების უფლება მხოლოდ პრემიერს აქვს, “ფუნქციური ზონა” ტერიტორიის ქალაქგეგმარებით ფუნქციებს განსაზღვრავს და მისი ცვლიების უფლება საკრებულოს აქვს, რისი მოწმენიც არაერთხელ გავმხდარვართ, როცა ლანდშაფტური ზონა სარეკრეციო ხდება, სარეკრეაციო კი - საცხოვრებელი ზონა ხდება. 

“თუმცა 2009 წელს ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დაცვის ისტორიული ზონა გაქრა თბილისის გენერალური გეგმიდან. ეს ნიშავდა იმ მავნე პრატქიკის დასაწყისს, რომ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში დასაშვები გახდა ისეთი განაშენიანება, რომელიც კანონით აკრძალულია, ეს კი გახდა უკვე ჩვეული პრაქტიკა. თუკი ნებისმიერი მენაშენე მიუთითებდა არქიტექტურის სამსახურს, რომ მას ამა და ამ ტერიტორიაზე ასეთი განაშენიანების დაწყება სურდა, სამსახურს აღარაფერი უბოჭავდა ხელს, რომ ამის უფლება არ მიეცა. ახალი გენგეგმის მიხედვით, აქ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დაცვის ზონა უბრალოდ აღარ არსებობდა,” - ხსნის არსებულ მდგომარეობას იურისტი. 

კვლევის ავტორებმა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიერ განსაზღვრულ დაცვის რეჯიმებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში გამორიცხულია ყველანაირი ღონისძიება, რომელიც “არასასურველ ზემოქმედებას” მოახდენს ძეგლზე. ამგვარი ზემოქმედება კი ძალიან დეტალურადაა კანონში აღწერილი: ის ეხება როგორც ვიზუალური აღქმის გაუარესებას, ნებისმიერ მსხვილმასშტაბიან მიწისზედა საინჟინრო ტექნოლოგირი მოწყობილობების განთავსებას, აკრძალულია ნებისმიერი ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომელიც ხანძარსაშიშია,  რომელიც წარმოქმნის ძლიერ სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადებს, აჭუჭყიანებს წყლის და ჰაერის აუზებს. 

რაც შეეხება ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონას, თუკი აქ ვინმე რაიმე ტიპის მშენებლობას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია: ბუნებრივი რელიეფების და წყალსატევების შენარჩუნება, ლანდშაფტის გათავისუფლება კულტურულ ღირებულებას მოკლებული და დისონანსის შემტანი ნაგებობებისგან, ნარგავებისგან, ლანდშაფტის დაცვის ზონაში მხოლოდ ორი ტიპის სამშენებლო ღონისძიებები შეიძლება იყოს დასაშვები: კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონე შენობების კვლევითი ან სარეაბილიტაციო სამუშაოები. და მეორე, თუ არსებობს დასაბუთებული აუცილებლობა, საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც იქნება დროებით, რომლებიც მნიშვნელოვნად არ აუარესებს ზონაში დაცული და ვიზუალური დაცვის არეალებში განლაგებული კულტურული მემკვიდროების აღქმას, ამასთან ყველა ეს გარემოება უნდა იყოს დაკმაყოფილებული ერთდროულად, ანუ ყველა ეს ფაქტორი უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის მშენებლობა იყოს ნებადართული. 

კვლევის თანახმად, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა 2014 წლის ბოლოსაც. 8 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურს მიმართა კონკრეტულმა პირმა და სწორედ ამ ზონაში, “ისტორიული დაცვის ზონაში” -  “ფუნქციური ზონის” შეცვლა მოითხოვა. თანაც, წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერდა “პანორამა თბილისის” მსხვილმასშტაბიან განაშენიანებას, როგორც პროექტს, რომლის განსახორციელებლადაც ფუნქციური ზონის ცვლილება იყო აუცილებელი. 
შეიკრიბა მერიის ზონალური საბჭო და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ მოთოხვნა დაეკმაყოფილებინათ და საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოში გადაგზავნა. საინტერესოა საბჭოს სხდომის ოქმიც, სადაც ერთ-ერთი არაიდენტიფიცირებული წევრი ამბობს, რომ გარდა ფუნქციური ზონისა, ამ ტერიტორიაზე მოქმედებს ისტორიული დაცვის ზონაც და მისი ცვლის უფლება არც მერიას და არც საკრებულოს, არამედ მხოლოდ პრემიერ-მინისტრს აქვს.

მერიის ზონალური საბჭოს მოთხოვნის პასუხად, თბილისის საკრებულომ არსებულ გენგეგმაში კი არ შეიტანა ცვლილება კონკრეტული ტერიტორიისთვის, არამედ მიიღო ახალი გენგეგმა 

“2014 წლის 30 დეკემბერს პრაქტიკულად თავიდან დამტკიცდა 2009 წლის გენგეგმა, თუმცა ცხადია, არც მასში ასახულა 1985 წლის დადგენილებით განსაზღვრული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს კი სწორედ ის ზონაა, რომელშიც “პანორამა თბილისის” ორი ობიექტის განაშენიანება - “სოლოლაკი ჰილზი” და “სოლოლაკის მაღლობი” მთლიანადაა მოქცეული. ამ მავნე აქტმა “პანორამასთან” ერთად გზა გაუხსნა სხვა მშენებლობებსაც. აქვეა გერგეთის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაც. აქვეა მანამდე აშენებული ტელევიზია GDS-ის ოფისიც.” - განმარტავს ცინცაბაძე. 

მისივე თქმით, კანონდარღვევით მოხდა “პანორამის” მეორე ნაწილისთვისაც (მესამე ობიექტი) ნებართვის გაცემაც, რადგან ის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მდებარეობდა და თუკი ამ ნებართვას სამოქალაქო საზოგადოება დროულად გაასაჩივრებდა, მისი გაუქმება სამართლებრივად ძალიან მარტივი იქნებოდა. რადგან განსხვავებით “ლანდშაფტის დაცვის ზონისგან”, “ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა”, 2009 და 2014 წლის გენგეგმებზე დატანილი იყო. ისტორიული დაცვის ზონაში ექცევა “პანორამის” მესამე ნაწილიც (მეოთხე ობიექტი) - “თბილისი სითი”. 

ეკონომიკის სამინისტრომ “პანორამა თბილისისასთვის” სამი სამშენებლო ნებართვა გასცა. ნებართვის გაცემის პირველ ეტაპზე კომპანიის მიერ შევსებულ სტანდარტულ განაცხადში, გრაფა “მიწის ნაკვეთის მიმართება კულტურული მემკვიდრეობის ან გარემოსდაცვით ზონებთან”  - ცარიელია. იურისტ ანანო ცინცაბაძის თქმით, ის, რომ ნებართვაში არაფერია მითითებული ისტორიულ თუ გარემოსდაცვით ზონებში მდებარეობის შესახებ, ნიშნავს, რომ სახელმწიფოც და პროექტის განმახორციელებელიც მიიჩნევენ, რომ “პანორამა თბილისი” არ მდებარეობს ისტორიული დაცვის ზონაში. გარდა “თბილისი სითისა”, რომელიც ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს და აღიარებულია, რომ ეს ისტორიული ზონა 1-ის ფარგლებშია. 

“ესაა ძალიან კომპლექსური, სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო დარღვევები, რომლებმაც მთლიანობაში მოგვცა ის შედეგი, რაც ახლა გავქვს: იქ, სადაც რეალურად დაუშვებელია მშენებლობა, დღეს არსებობს ჩვეულებრივი პრაქტიკა და გაიცემა ნებართვები ფართომასშტაბიანი განაშენიანებისთვის. ჩვენ რომ დროულად გვემოქმედა ამ დარღვევების წინააღმდეგ, ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ექნებოდა რეალური შედეგები, მით უმეტეს, 2014 წელს. თუმცა სამართლებრივი ბრძოლა ახლაც შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან რთული, არ გვაქვს ილუზია, რომ სარჩელის დაფიქსირების მეორე დღესვე გაჩერდება მშენებლობა, არ გვაქვს ილუზია, რომ წაგების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას მთლიანად ჩვენ არ დაგვაკისრებენ, მაგრამ ჩვენ ვისჯებით იმისთვის, რომ ასე დავიგვიანეთ. თუმცა ყველაფერი დაკარგული არ არის. თუკი ამ პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციები,  ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები სერიოზულად ჩაერთვებიან, წარმატების შანსი ნამდვილად არსებობს”, - ასე შეაჯამა ანანო ცინცაბაძემ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები და სამომავლო გეგმები.

კვლევის ავტორი "საჯარო სივრცის ინიციატივა" ამ დარღვევებზე სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. პროცესში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC). თუმცა, ცინცაბაძის თქმით, ეს სარჩელი არ უნდა იყოს ვინმეს პრივილეგია და მასში ჩართვა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით იმ აქტივისტური ჯგუფებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა აქტივობებიც კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დასაცავადაა მიმართული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^