Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სისტემა ყველასათვის და არავისთვის - სკოლამდელი განათლების გამოწვევები საქართველოში

06 ივნისი 2016

რას გულისხმობს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლება; რამდენად მნიშვნელოვანია სისტემაში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა -  სწორედ ამ და სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე დარგის სპეციალისტებმა 3 ივნისს გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს.

კონფერენცია „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, „საქართველოს პორტიჯის ასოციაციისა“ და „ასოციაცია სკოლამდელი განათლების“ ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრას  დარგის სპეციალისტები, საკითხით დაინტერესებული პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რისთვის გვჭირდება ადრეული და სკოლამდელი განათლება

როგორია სახელმწიფოს ხედვა ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ? ბაგა-ბაღი, ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები სკოლისთვის ემზადებიან; ეს არის ადგილი, სადაც სისტემა ბავშვებს „ინახავს“, სანამ მშობლები მუშაობენ თუ სისტემა, რომელიც სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ბავშვებზე ზრუნავს.

„საქართველოს პორტიჯის ასოციაციის" წარმომადგენლის, ნინო ცინცაძის თქმით, მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფოს ერთიანი, ჩამოყალიბებული და მკაფიო ხედვა აღნიშნული კითხვის პასუხად არ აქვს. მისი შეფასებით, იმისათვის, რომ სისტემამ ეფექტურად იმუშაოს, სწორედ ამ ერთიანი ხედვის არსებობაა საჭირო.

მისი თქმით, დღესდღეობით სკოლამდელი განათლების სფერო ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას - ეს არის ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

საქართველოში სკოლამდელი განათლება 2012 წლიდან უფასო გახდა. ბაღები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერული პრინციპით ფინანსდებიან. თუმცა დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებამ სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა სრულად მაინც ვერ უზრუნველყო.

 „არავინ დავობს იმაზე, რომ სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი? მარტივი პასუხი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ყველა ბავშვისთვის, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება. მით უმეტეს ეს ძნელად განსახორციელებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. საჭიროა მკაფიო ხედვა, თუ ვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება - ყველა ბავშვისთვის თუ მხლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის თუ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის?“

ცინცაძე ამბობს, რომ ამგვარი მიზანმიმართული პოლიტიკა, უფრო ეფექტური სისტემის არსებობას განაპირობებს. 

მისი თქმით, ევროპის ქვეყნების 95%-ში სკოლამდელი განათლება თანადაფინანსებით არსებობს და მხოლოდ სახელმწიფოს არ აწევს მხრებზე. მაგალითად პოლონეთი მოაქვს, სადაც სახელმწიფო სკოლამდელ დაწესებულებებში დღის განმავლობაში მხოლოდ 4-საათიან მომსახურებას აფინანსებს. ბაღების სრულ უმრავლესობაში კი ბავშვები 8 საათის განმავლობაში რჩებიან, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ საათს, მშობლები ანაზღაურებენ.

ცინცაძე ამბობს, რომ მართალია დღეს დეკლარირებულ დონეზე სკოლამდელი განათლება ქვეყანაში ყველასათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ, თუკი დავითვლით იმ ბავშვების რაოდენობას, რომლებიც საჭიროების მიუხედავად სისტემის მიღმა რჩებიან და, მეორე მხრივ, თუკი შევაფასებთ ხარისხს, რომელსაც დღევანდელი სკოლამდელი განათლება სისტემაში მყოფ ბავშვებს სთავაზობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეს არის სისტემა ყველასათვის და ამავდროულად არავისთვის“.

პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც სფეროში მომუშავე სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ აღმზრდელების, მეთოდისტებისა და მონიტორების კომპეტენციას შეეხება.

ნინო ცინცაძე ამბობს, რომ კანონპროექტი სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, აღარ მოიცავს იმ ჩანაწერებს, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავდა კონკრეტულ კრიტერიუმებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო აღმზრდელი, მისი თანაშემწე, მეთოდისტი და მონიტორი.

ცინცაძემ კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით ის ნაწილი ჩაუკითხა, რომელიც შემდგომში უკვე არ მოხვდა კანონპროექტის იმ ვერსიაში, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

უფრო კონკრეტულად კი სახელმწიფოს უნდა შეექმნა კანონქვემდებარე აქტები და უწყებათაშორისი შეთანხმება პერსონალის კვალიფიკაციის რეგულაციის შესახებ. კანონქვემდებარე აქტს უნდა მოეცვა საბავშვო ბაღში არსებული ყველა მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესები, განესაზღვრა აღმზრდელთა კარიერული კიბე, რომელიც მათ სახელფასო განაკვეთზე იქნებოდა მიბმული. 

კანონპროექტში ასევე ვერ მოხვდა დაწესებულების მენეჯერის კომპეტენციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც დაწესებულების მენეჯერს უნდა ჰქონდეს სკოლამდელი განათლების საკითხებზე საუნივერსიტეტო, სასურველია, მაგისტრის ხარისხი; ყველა სამსახურებრივი ტრენინგი წარმატებით უნდა ჰქონდეს დასრულებული; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი წარმატებული გამოცდილება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მშობელთა საბჭოებისა და სფეროში მომუშავე სპეციალისტების მხარდაჭერა.

კანონპროექტში ასევე ვერ მოხვდა მონიტორის კომპეტენციის განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც, მონიტორს უნდა შეეძლოს პროგრამული შინაარსის მონიტორინგის განხორციელება. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი უნდა ჰქონდეს იმდენი კომპეტენცია, რომ ადგილზე გადაამზადოს აღმზრდელები.

„ეს ყველაფერი შეიძლებოდა კანონპროექტში ასახულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს ჩვენ გვყავს აღმზრდელების არმია, რომლებიც მუშაობენ ძალიან დაბალ ხელფასზე, მუშაობენ ბავშვებით გადავსებულ ჯგუფებთან. მათ რეალურად არ აქვთ განვითარების არანაირი პერსპექტივა. სამწუხაროდ, ერთადერთი მოტივი, რის გამოც უნდათ, რომ რაიმე სერტიფიკატი აიღონ, არის მუდმივი შიში იმისა, რომ სამსახური არ დაკარგონ. მათთვის არ არსებობს მოტივაცია, რომ კარიერულად წინ წაიწიონ და ამის საფუძველზე მათი ხელფასი გაიზარდოს. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ პერსპექტივაზეც უარი თქვა“, - აღნიშნა ნინო ცინცაძემ.

ავტონომია, როგორც განვითარების შესაძლებლობა

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც ყურადღება „ასოციაცია სკოლამდელი განათლების“ წარმომადგენელმა თამარ ბაქრაძემ გაამახვილა, ბაღების ავტონომიის საკითხია.

2006 წლიდან სკოლამდელი აღზრდის სფეროში მნიშვნელოვანი გარდაქმნები დაიწყო. ბაღები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით დაფუძნდნენ. კონკურსის წესით დაინიშნენ ახალი დირექტორები, დაიწყო განახლებულ სასწავლო პროგრამებსა და სტანდარტზე მუშაობა.

2010 წელს კი თბილისში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო შეიქმნა. თამარ ბაქრაძე განმარტავს, რომ ამ გზით, სააგენტოს სახით, ბაღებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაჩნდა კიდევ ერთი რგოლი, რამაც სისტემის ცენტრალიზება გამოიწვია.  თანდათან ბაღები სრულიად დამოკიდებულნი გახდნენ სააგენტოზე, რასაც, მისი განმარტებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპიროებებს - სააგენტო განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას; ცენტრალიზებულად ახორციელებს ბაღებისთვის შესყიდვებს. ამან ბაღებს, ბაქრაძის თქმით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაართვა.

გარდა ამისა, ბაქრაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სააგენტოს გავლით მთავრობა ბაღების თანამშრომელთა პოლიტიზებას ახდენს, რაც ხშირ შემთხვევაში სასურველი პოლიტიკური ხედვის მქონე კადრების დასაქმებაში გამოიხატება: „შედეგად, სისტემა რომელიც თავისუფლად უნდა განვითარებულიყო, ვერ განვითარდა. ეს არის შეზღუდული ავტონომია, რასაც უკვე ბევრი სხვა პრობლემა ერთვის თან - მასწავლებლების დაბალი პროფესიონალიზმი, გადამზადების სისტემის არარსებობა, ბავშვზე ნაკლებად ორიენტირებული სისტემა, ინკლუზიური გარემოს არარსებობა და მშობლების ნაკლები ჩართულობა“.

დაფინანსება, ავტონომია და ავტორიზაცია, - თამარ ბაქრაძე ამბობს, რომ ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომელიც სკოლამდელი განათლების სისტემის თავისუფლად განვითარებას უზრუნველყოფს.

ბაღები დღეს ვაუჩერული სისტემით ფინანსდებიან, მაგრამ ვაუჩერი გათვლილია მხოლოდ სახელმწიფო ბაღებისთვის. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დიდ ხარჯს აიცილებს თავიდან, თუკი მშობლებს კერძო ბაღებშიც მიეცემათ ვაუჩერის გამოყენების შესაძლებლობა. ასე განვითარდება კერძო სექტორი, განიტვირთება სახელმწიფო ბაღები, ეს ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას, გაიზრდება ხარისხი.

თამარ ბაქრაძე ამბობს, რომ ბაღების ავტონომიის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს მისი, როგორც თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბებას. ბაღის დირექტორი კი სწორედ იმ თვითმმართველობის მიერ უნდა აირჩეს, რომელიც ბაღის თანამშრომლებით და მშობლებით იქნება დაკომპლექტებული.

დაბოლოს, ავტორიზაცია. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ავტორიზაცია ნებისმიერმა სკოლამდელმა დაწესებულებამ უნდა გაიაროს, თუმცა ეს სტანდარტები არ უნდა იყოს ძალიან ხისტი, ის ბაღს თავისუფლების საშუალებას უნდა აძლევდეს. მნიშვნელოვანია, მხედველობაში მიღებულ იქნას ისეთი საკითხები, როგორიცაა პერსონალის საკვალიფიკაციო ჩარჩო, თვითშეფასების სისტემა, აღმზრდელების გარკვეული პერიოდულობით გადამზადების ვალდებულება.

რას ამბობენ კვლევები

გაერო-ის ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ანა ჯანელიძემ კონფერენციის სტუმრებს ჰარვარდის ბავშვთა განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში გააცნო, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ადრეულ განვითარებასა და განათლებაზე დაგროვილ მეცნიერულ ცოდნას აჯამებს. ანგარიშის თანახმად, იმისათვის, რომ ბავშვებმა ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მიიღონ ექვსი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო -  ჯგუფებში აღმზრდელისა და ბავშვის თანაფარდობა, ასაკობრივად შესაბამისი კურიკულუმი, ენობრივად მდიდარი გარემო, გულისხმიერი ურთიერთობები ბავშვებსა და უფროსებს შორის, თავისუფალი თამაშისა და არჩევნის შესაძლებლობა და  აღმზრდელების მაღალი კვალიფიკაცია.

ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი დარგის სპეციალისტები  თანხმდებიან, რომ თუკი მასწავლებელს შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარები აქვს, დანარჩენი საკითხების მიღწევა უფრო ადვილდება. თუმცა აქვე აღნიშნავენ იმასაც, რომ აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაცია ქვეყანაში სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის კვლევის შედეგების თანახმად, აღმზრდელების 40%-ს არანაირი პროფესიული გადამზადება არ ჰქონია გავლილი.

სფეროში მომუშავე აღმზრდელების მხოლოდ 32%-ს აქვს უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდის დარგში.

აღმზრდელთა 32,6%-ს კი არ აქვს არცერთი საფეხურის განათლება სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით.

2011 წლის მონაცემებით, საქართველოში სკოლამდელ განათლებაზე გაწეული ხარჯები მშპ-ის 0,31% შეადგენს, OECD-ის  ქვეყნებისა - 0,46%-ს. OECD რეკომენდაციით კი ადრეულ ასაკში გაწეულ სერვისებზე დანახარჯი სასურველია მშპ-ს 1%-ს უტოლდებოდეს.

ჯანელიძე მიიჩნევს, რომ მონაცემებს შორის დრამატული სხვაობა არ არის, თუკი გავითვალისწინებთ იმ მნიშვნელოვან სხვაობას, რომელიც ჩვენსა და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორისაა. ეს კი დარგის სპეციალისტებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ რაღაც არასწორად ხდება - სახელმწიფოს მხრიდან იხარჯება თანხა, მაგრამ ეს ხარჯვა არაეფექტურია, რადგან ხარისხისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით კვლავ ბევრი პრობლემაა.

2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სკოლამდელ აღზრდაში საერთო ჩართულობა 53%-ს შეადგენდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი დღეს მნიშვნელოვნად შეცვლილი არ იქნება. სკოლამდელ განათლებაზე ყველაზე ნაკლებად ეთნიკური უმცირესობებს, სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მიუწვდებათ ხელი.

კონფერენციის ფარგლებში დარგის სპეციალისტებმა დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ შეთანხმებული მოქმედებით იზრუნებენ სკოლამდელი განათლების სისტემაში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე; სკოლამდელი განათლების პრაქტიკაში, აგრეთვე მართვისა და დაფინანსების სისტემებში ბავშვზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ინკლუზიური და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების პრინციპების დანერგვაზე; სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^