Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღარიბი მოსახლეობის მთავარი ტვირთი - ვინ გადაიხდის წამლის ფასს

07 ივნისი 2016

ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველ წელს იზრდება. ასეთი ზრდის მიუხედავად, პასუხი შეკითხვაზე: ვინ მეტს ხარჯავს ჯანდაცვაზე - სახელმწიფო თუ მოქალაქეები - წლიდან წლამდე არ იცვლება - მოქალაქეები. თან ეს ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ბოლო მონაცემებით, ჯანდაცვაზე ეროვნული დანახარჯებიდან დახარჯული მთლიანი თანხიდან სახელმწიფოს წილი დაახლოებით 40%-ია, მოსახლეობის კი - 60%.

მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე დახარჯული ფულის 60% კი წამლებზე იხარჯება. ისინი კი, ვისაც მედიკამენტების შესაძენი თანხა არ აქვთ, მკურნალობაზეც ამავე მიზეზით ამბობენ უარს. 

ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების 2014 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 18.6% ექიმის მეირ დანიშნულ მედიკამენტებს სიძვირის გამო ვერ ყიდულობს.

ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა საქართველოში მესამედ ჩატარდა და ის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა ჯანდაცვის სისტემის შესახებ.

კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ ღარიბი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ვერ შეამცირა. მეტიც, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, როგორც ექსპერტები ამბობენ და დანახარჯების შესახებ კვლევიდანაც  ჩანს, ყველაზე ნაკლები სარგებელი სწორედ ღარიბმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა მიიღეს.

უღარიბეს მოსახლეობას ხარჯები სწორედ მედიკამენტებზე გაეზარდათ. მდიდარ მოსახლეობას კი ეს ხარჯები შეუმცირდა. უღარიბესი მოსახლეობა 2010 ში წამალზე 20,2 ლარს ხარჯავდა, 2014-ში კი ეს ხარჯი თითქმის ოთხი ლარით გაიზარდა.

წამლების ხარჯის სახელმწიფო პროგრამაში შეტანის აუცილებლობაზე ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან საუბრობდნენ. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ, თუ სახელმწიფო  არ დაიწყებდა მედიკამენტებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას თუნდაც მხოლოდ უღარიბესი ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, პროგრამის ამოქმედების შემდეგ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი შვებას ვერ იგრძნობდა. ეს ვარაუდები პროგრამის დაწყებიდან 3 წლის თავზე გამართლდა.

ექსპერტთა ნაწილი სახელმწიფოს მოუწოდებს, სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის დაფინანსება შეიტანოს.

აუცილებელია პროგრამის ხარჯვით ნაწილში სოციალურად შეჭირვებული პირების მედიკამენტოზური უზრუნველყოფის საკითხის გადახედვა, ვინაიდან ამ კატეგორიის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მედიკამენტებს ვერ ყიდულობს. ასეთ შემთხვევებში ექიმთან კონსულტაციასა და დიაგნოსტიკაში ჩადებული თანხები ფაქტობრივად არახარჯთეფექტურია, ვინაიდან არ ხდება დაავადებისგან განკურნება“, - წერია ორგანიზაცია ველფეარ ფაუნდეიშენისერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელიც 2015 წლის სექტემბერ-დეკემბერის პერიოდში ჩატარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის შესაფასებლად. კვლევა ევროკავშირის დაფინანსებით ევროპის ფონდის პროექტისთანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოშიფარგლებში განხორციელდა.  

 კვლევის ავტორებმა 200-მდე მოქალაქე გამოკითხეს. გამოკითხულთა 74,2% ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებს ან საერთოდ ვერ ყიდულობს (15,2%) ან მხოლოდ ნაწილის ყიდვას ახერხებს (59%).

ეს ნიშნავს, რომ 100-დან 74 პაციენტის შემთხვევაში მკურნალობას სასურველი შედეგი ვერ მოჰყვება“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა დაახლოებით 57% აღნიშნავს, რომ ერთხელ მაინც ყოფილა შემთხვევაში, როცა პაციენტმა უფულობის გამო საერთოდ ვერ ჩაიტარა მკურნალობა.

რას გეგმავს სამინისტრო?

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამაში მედიკამენტების შეტანას გეგმავენ. ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დეპარტამენტის უფროსის მაია ხომერიკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო საკონსულტაციო კომპანიაგლობალ ალიანსთანერთად მუშაობს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, წამლების დაფინანსება დაავადებების მიხედვით მოხდება. ამ ინციატივასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე, კერძოდ - რამდენით გაზრდის ეს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს და  როგორ განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან წამლების დანიშვნაზე მონიტორინგი - სამინსიტროს პასუხი ჯერ აქვს,

მედიკამენტების შეტანის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრიც.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბრიტანულ კომპანია გლობალ ალიანსთან ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გააფორმა. კერძოდ ჯანდაცვის პროგრამის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 7 აპრილს ბრიტანულ კომპანიას 300,000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა.

რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები?

მედიკამენტებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი რომ  სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს, ამაზე ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რადგან მედიკამენტების ყველა მოქალაქისთვის დაფინანსება დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის დირექტორი თენგიზ ვერულავა სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ფენების, პენსიონერების, ქრონიკული ავადმყოფების ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე ძალიან დაბალია და მათ ხშირად უწევთ ამ კომპონენტზე კატასტროფული ხარჯის გაწევა.

იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს  აქვს საყოველთაო, უნივერსალური დაზღვევა და ამ დროს მოსახლეობის გარკვეულ ფენებს ხელი არ მიუწვდებათ საჭირო მედიკამენტებზე, ძნელია იმის თქმა, რომ ჯანდაცვის დაფინანსება სამართლიანია. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების კომპონენტის დაფინანსება პირველ რიგში სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, ქრონიკული ავადმყოფებისა და პენსიონერებისათვის. ასევე სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს აუცილებელი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელთაც სახელმწიფო პროგრამით დააფინანსებს. მიზანშეწონილია, სახელმწიფომ საწყის ეტაპზე დააფინანსოს ყველაზე მეტად გავრცელებული ქრონიკული დაავადებების (მაგ. გულ-სისხლძარღთვთა სისტემის) სამკურნალო მედიკამენტები“, - ამბობს თენგიზ ვერულავა.

თუკი პროგრამაში შევა მედიკამენტების დაფინანსება, მან მედიკამენტების დანიშვნის ეფექტური მონიტორინგის სისტემის შექმნაზეც უნდა იფიქროს. საქართველოში ეს განსაკუთრებით კრიტიკული საკითხია, რადგან ყველა კვლევა, რომელიც საქართველოში მედიკამენტების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა მედიკამენტებს ჭარბად მოიხმარს და ერთ-ერთი მიზეზი ექიმების მხრიდან მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნაა. 2011 წელს სადაზღვევო ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ექიმების მეირ 3 და მეტი მედიკამენტი ინიშნება შემთხვევების 40%-ში. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 60% მედიკამენტებში იხარჯება. ამ მონაცემით საქართველოს ევროპის რეგიონის ქვეყნებში პირველი ადგილი უჭირავს. იქ ეს მაჩვენებელი 16-17 %-მდე მერყეობს.

შესაბამისად, სახელმწიფოს პროგრამაში ამ კომპონენტის შეტანასთან ერთად მოუწევს, იფიქროს სისტემაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, გააკონტროლოს რამდენად რაციონალურად ნიშნავს ესა თუ ის ექიმი ამა თუ იმ წამალს, იმისთვის, რომ არ მივიღოთ სახელმწიფო თანხების არაეფექტური და არარაციონალური ხარჯვა.

თენგიზ ვერულას თქმით, მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნის პრობლემა, ცხადია, აქტუალური გახდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, პირველადი ჯანდაცვის გამართული სისტემის არსებობა, რაც, მისივე შეფასებით, საქართველოში განვითარებული არაა. შესაბამისად, სისტემას მედიკამენტების არარაციონალურად გამოყენების შეკავება გაუჭირდება, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს სხვა გზებიც, მაგალითად კი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა მოაქვს.

მედიკამენტების უტილიზაციის მონიტორინგისათვის საჭიროა ქვეყანაში ელექტრონული ჯანდაცვის, კერძოდ, ექიმის დანიშნულებების, გამოწერილი მედიკამენტების ელექტრონული ჩანაწერების სისტემის შექმნა. ამ მექანიზმით შედარებით ადვილად შესაძლებელია კონკრეტული ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანალიზი. ასევე, შესაძლებელია იმ ექიმების გამოვლენა, რომლებიც გარკვეულ დაავადებაზე არარაციონალურად გამოწერენ მედიკამენტებს. ამ თვალსაზრისით, საზღვარგარეთ აქტიურად იყენებენ ექიმის ელექტრონულ ჩანაწერებს“, - ამბობს თენგიზ ვერულავა.

საერთაშორისო ფონდკურაციოსაღმასრულებელი დირექტორის გიორგი გოცაძის აზრით, თუკი სახელმწიფო პროგრამით წამლებიც დაფინანსდება, პირველ ეტაპზე ეს კომპონენტი მოწყვლად მოსახლეობას უნდა დაუფინანსოს. წამლების პაკეტი უნდა იყოს 6-10 ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებისთვის და ისიც მხოლოდ მოწყვლადებისთვის. მისივე თქმით, სახელმწიფომ წამლების ჩამონათვალში გენერიკული მედიკამენტები უნდა შეიტანოს. გენერიკული მედიკამენტები კი ტენდერის გზით უნდა შეისყიდოს. მისივე თქმით, დანიშვნის უფლება უნდა მისცეს პირველადი ჯანდაცვის ექიმებს და ასევე სპეციალისტებს ოღონდ ელექტრონული რეცეპტის სახით და არა ქაღალდზე. და შემდეგ უნდა განახორციელოს ექიმების დანიშვნის პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი, რათა გამოამჟღავნოს პოლიპრაგმაზიის შემთხვევები. (პოლიპრაგმაზიაავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა).

 სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ელექტორნული სისტემის შემოღებასთან ერთად, თუკი ასეთის დანერგვას სახელმწიფო გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია ექიმების მხრიდან წამლების დანიშვნის პრაქტიკის მონიტორინგი და ანალიზი. თუმცა აქვე დასძენს, რომ მსგავსი ანალიტიკური საქმიანობის ორგანიზება სახელმწიფოს არ შეუძლია და საერთაშორისო პრაქტიკაში დაგროვილი მტკიცებულებების მიხედვით, კერძო სექტორი ამ საკითხში უფრო ეფექტურია. ამას ამტკიცებს საქართველოს გამოცდილებაც.

დევი ხეჩინაშვილის თქმით, პროგრამაში სავარაუდოდ სახელმწიფო გენერიკულ მედიკამენტებს შეიტანს. საქართველოში გენერიკული მედიკამენტების ბიოექვივალეტნურობა არ მოწმდება. შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები აქტუალური გახდება.

სავარაუდოდ, სახელმწიფომ უნდა შეადგინოს დასაფინანსებელი მედიკამენტების სია. მერე ამ სიაში რას შეიტანენ?  სავარაუდოდ შეიტანენ გენერიკულ ფორმებს. გენერიკები ექიმებში არაპოპულარულია, რადგან ექიმები, სამწუხაროდ, ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგის სისტემის ნაწილია, თუმცა ხშირად ისინი დასაბუთებულად ამბობენ უარს გენერიკების გამოწერაზე, რადგან გენერიკების მიმართ ნდობა არ აქვთ. ეს პოზიციაც გამართლებულია. საქართველოში გენერიკული ფორმების ბიოექვივალენტურობა მართლა ძალიან სათუოა. ჩვენ შემოწმების სისტემა არ გვაქვს. ერთ-ერთი ღონისძიება თეორიულად იქნებოდა ის, რომ ჩვენს ბაზარზე მხოლოდ კარგ ქვეყნებში დაშვებული გენერიკები ყოფილიყო. დღეს ჩვენ არაფერს ვზღუდავთ, არაფერს ვამოწმებთ. მაგრამ ეს რომ ასე განხორციელდეს, მაშინ ქართულ ბაზარზე ნაწარმოები გენერიკები ჩაიძირება”, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.  

გენერიკული დასახლების მედიკამენტების ფასი ორნახევარჯერ ნაკლებია ბრენდი მედიკამენტების ფასზე. გენერიკული არის არაბრენდირებული მედიკამენტი, რომელიც ეფექტურია მკურნალობისთვის. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული ფარმაცევტული ბაზარი გენერიკული მედიკამენტებით საკმარისად გაჯერებული არ არის და მეტიც, ის არაპოპულარულია როგორც ექიმებში, ისე პაციენტებში.

2011 წლის კვლევის მიხედვით, ექიმთა  მხოლოდ 14% ნიშნავს გენერიკ მედიკამენტებს. არადა, ამავე წელს, ფონდ "კურაციოს" მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გენერიკული მედიკამენტებით მკურნალობა გაცილებით დაბალფასიანია, ვიდრე ორიგინალი ბრენდებით.

მაგალითად, თუ ართრიტის მკურნალობა ყოველ 1000 პაციენტზე ორიგინალური ბრენდით 41 200 ლარი ჯდება, გენერიკული დასახელების მედიკამენტით ეს 8 400 ლარია. განსხვავება 32 800 ლარია. ჰიპერტენზიის მკურნალობა ორიგინალი ბრენდით 3 400 ლარი ჯდება, გენერიკული დასახლების მედიკამეტით - 2250. განსხვავება 1 150 ლარს შეადგენს.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის სანდრო ურუშაძის თქმით, სადავო არაა, რომ სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის წამლების ღირებულების ტვირთის შემცირება უნდა იყოს, რადგან მედიკამენტებზე გაწეული მაღალი და ყოველწლიურად მზარდი ხარჯი შეადგენს როგორც ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯის, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჯიბიდან გადახდების ნახევარზე მეტს. მედიკამენტების არარაციონალური მოხმარება და ექიმებზე ფარმაცევტული კომპანიების უზარმაზარი გავლენა, მისივე თქმით, ამ პრობლემას უფრო ამძიმებს.

მისივე თქმით, თუკი მთავრობა 2017 წლიდან გეგმავს მედიკამენტების დაფინანსებას და პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას და როგორ აპირებს ამის გაკეთებას. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს დღეს არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კვალიფციურ დაგეგმვას და ხარჯების მართვას. ამიტომ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს ინდივიდუალური მომსახურების პროგრამების ადმინისტრირებას და შეისყიდოს ეს პაკეტი კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან, როგორც ეს ხდება შვეიცარიასა და ჰოლანდიაში.

ვის დაუფინანსდება წამლები სახელმწიფო პროგრამით, როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო მედიკამენტების დანიშვნის პროცესს - ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით ღიად რჩება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო ამჯერად წამლების ხარჯებს განსხვავებით ამბულატორიული და სტაციონარული სერვისისგან მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფს დაუფარავს, თუმცა ზუსტად უცნობია ვისთვის გადაიხდის სახელმწიფო წამლის ფასს.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^