Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომაა მნიშვნელოვანი ზოგადი განათლების კურსი STEM-ის სტუდენტებისთვის

09 ივნისი 2016

2014 წლიდან აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო (STEM)  სპეციალობებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ზოგადი განათლების (General Education) მიმართულებაა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებისთვის ზოგადი განათლების მიმართულების გაძლიერების მიზნით, საქართველოში პროფესორი, ენათმეცნიერი ენიკო სომეი ჩამოვიდა, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ენათმეცნიერებისა და აზიური/ახლო აღმოსავლეთის ენების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი ქართველ პროფესორთა ჯგუფს შეარჩევს, რომლებიც ზოგადი განათლების მიმართულებით აშშ-ში  ტრენინგებს გაივლიან.

რას გულისხმობს  და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადი განათლების კურსებს, ამ თემაზე "ლიბერალი" პროფესორ სომეის ესაუბრა:

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ სწავლის განმავლობაში შესწავლილი სასწავლო კურსების ერთ მესამედს ზოგადი განათლების კურუკულუმის საგნები შეადგენს. ზოგადი განათლების მიმართულების საგნები ორ ჯგუფადაა გაყოფილი, შედარებით მარტივი საგნები დამწყებთათვის და რთული - უფრო მაღალი საფეხურის სტუდენტებისთვის. ამ მხრივ ამერიკულ უნივერსიტეტებში განსხვავებული სისტემაა, ჩვეულებრივ, ზოგადი განათლების კურსები მთელი  სწავლის განმავლობაში არ გრძელდება.  ჩვენი პროგრამა კი ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტს უწყვეტი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. სტუდენტები გადიან კურსებს ჰუმანიტარული მეცნიერებიდან, ხელოვნებიდან, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებიდან. ამგვარ სწავლებას თავისი უპირატესობა აქვს. ჩვენს უნივერსიტეტში სწავლების მთელი ფილოსოფია ის გახლავთ, რომ ჩვენ გვჯერა სწავლის უწყვეტი პროცესის მნიშვნელობის. ამდენად, ჩვენ ამ კურსს სისტემიდან ცალკე, გამიჯნულად არ განვიხილავთ. ყველა ის საგანი, რომელსაც სტუდენტს ვასწავლით, ზეპირი თუ წერილობითი არგუმენტირება, საჯარო საუბრის ხელოვნება, ამას ისევ თავიანთ პროფესიაში იყენებენ, ეს ცოდნა ისევ იმას ხმარდება, რომ უკეთესი ქიმიკოსები თუ ინჟინრები იყვნენ.

შევხვედრივარ არაერთ ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო (STEM)  მიმართულების პროფესიონალს, რომლებსაც ზოგადი განათლების კომპონენტიანი პროგრამა აქვთ გავლილი და ისეთებსაც, რომლებსაც მხოლოდ პროფესიაზე ფოკუსირებული პროგრამა აქვთ გავლილი. ყოველთვის შესამჩნევია ეს განსხვავება. ჩემი დაკვირვებით სამი მნიშვნელოვანი განსხვავებაა,- კრიტიკული აზროვნება, ანალიზისა და თვითპრეზენტაციის უნარი. ცხადია, არ ვამბობ, რომ ეს უნარები არ შეიძლება მეორე კატეგორიის კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ, მაგრამ უფრო გამოხატულად სწორედ იმ სპეციალისტებში შეიმჩნევა, ვისაც ზოგადი განათლების კომპონენტი საფუძვლიანად აქვთ შესწავლილი.

გარდა ამისა, საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ დასაქმებისას ხშირად პროფესიული უნარების გარდა, დამქირავებლები უპირატესობას სწორედ ისეთ უნარებს ანიჭებენ, რომელთა გამომუშავებაც, სწორედ ზოგადი განათლების მიღებითაა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო ერთი კვლევა, რომელიც კალიფორნიაში 2013 წელს ჩატარდა. გამოიკითხა ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი. მათმა 97%-მა განაცხადა, რომ როცა ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით ეძებენ კადრებს პრიორიტეტს სწორედ ისეთ უნარებს ანიჭებენ, როგორიცაა  კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და თვითწარმოჩენის უნარები. ისინი ვარაუდობენ, რომ პროფესიული ცოდნა დასაქმების კანდიდატს მისი განათლებიდან გამომდინარე აუცილებლად ექნება. ამიტომ დამსაქმებლები ეძებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც სხვებისგან გამორჩეული იქნებიან, მათთვის მეტის შეთავაზებას შეძლებენ. ეს "მეტი" სწორედ ის უნარ-ჩვევებია, რომლის გამომუშავების შესაძლებლობას სტუდენტს ზოგადი განათლების მიღება აძლევს.

რატომ არის  მნიშვნელოვანი ზოგადი განათლების კურსი  ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო (STEM)  მიმართულების სტუდენტებისთვის?

ჩემი დაკვირვებით, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო (STEM) მიმართულების სტუდენტები მიდრეკილნი არიან ვიწრო პროფესიული სფეროს შესწავლისკენ. ჩვენი პროგრამა კი მათ იმის საშუალებას აძლევთ, რომ ხარისხიანი ზოგადი განათლებაც მიიღონ. მათთვის საჭიროა, ისეთ გარემოში მოხვდნენ, სადაც სხვადასხვა თემაზე ფიქრი მოუწევთ, რომლებსაც შესაძლოა არაფერი ჰქონდეს საერთო მათ პროფესიასთან. ამ გზით მათ კრიტიკული აზროვნების უნარი უყალიბდებათ. ეს კი საბოლოოდ სტუდენტს საშუალებას აძლევს საკუთარ პროფესიასაც განსხვავებული პრიზმიდან შეხედოს, სხვა შესაძლებლობებიც დაინახოს.   

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცოდნის მიღება მნიშვნელოვანი სწორედ საბაკალავრო დონეზეა. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ისედაც ავიწროებს სწავლების სფეროს. სტუდენტები ვიწრო პროფესიული მიმართულებით ვითარდებიან. ამიტომ საჭიროა საბაკალავრო დონეზე სტუდენტებმა საბაზისო ცოდნა მიიღონ, რაც ხელს შეუწყობს მათი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. თუ სტუდენტმა ეს მრავალფეროვანი ინფორმაცია სწორედ ბაკალავრის საფეხურზე არ მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ  სწავლის მომდევნო საფეხურებზე ამ მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^