Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაწყვეტილების მოლოდინში - რატომ ფერხდება ვიზალიბერალიზაცია

10 ივნისი 2016

დღეს საქართველოს ვიზლიბერალიზაციის საკითხის განხილვას ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭო  იწყებს. მოსახლეობა დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ (Coreper) საქართვლოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამი შეხვედრა გამართა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ამასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროულად მინიჭების საკითხზე პოზიციები არცთუ ერთსულოვანია - დასავლური მედია პროცესისადმი სკეპტიკურად განწყობილ სამ გავლენიან ქვეყანას ასახელებს.

როგორც აღმოჩნდა, საქართველო მოსახლეობა, რომელსაც 2015 წლის მიწურულს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დადებითი შეფასების შემდეგ ხელისუფლება მუდმივად ახსენებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და სავიზო რეჟიმის გაუქმება ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას მაინცდამაინც არ მოელოდა.

რამ გამოიწვია პროცესის გაჭიანურება და სკეფსისი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას აქვს? სად უნდა ვეძებოთ მიზეზები - საქართველოში თუ იმ გლობალურ პროცესებში, რომლებიც დღეს ევროკავშირში მიმდინარეობს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველომ სავიზო რეჟიმის გაუქმებისაკენ მიმავალი პროცესის ტექნიკური ნაწილი წარმატებით შეასრულა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების სრულად გატარებით, ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია მიიღო. ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჯერია - საჭიროა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს მოსახლეობას შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა აღარ დასჭირდეს. დღეს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე დაიწყო მსჯელობა.

რატომ ფერხდება ვიზალიბერალიზაცია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ერთსულოვანი მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას - ამას ადასტურებენ როგორც ხელისუფლება, ასევე საკითხზე მომუშავე ექსპერტები. საქმე ის არის, თუ რამდენად დროულად მიიღებს ქვეყანა უვიზო მიმოსვლას - დაპირებისამებრ ზაფხულში თუ შემოდგომაზე. პროცესების დასაჩქარებლად ევროკავშირთან კომუნიკაცია გაძლიერდა - საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შეულცს შეხვდა; პრემიერი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ესაუბრა; პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში ვიზიტით გაემგზავრა.

რამდენიმე დღის წინ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, საქართველო ვიზალიბერალიზაციას შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედების შემდეგ მიიღებს.

ბერძენიშვილის თქმით, ქართულმა მხარემ გერმანიის სკეპტიკური განწყობის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში იცოდა, თუმცა საკითხი სათანადოდ სერიოზულად არ აღიქვა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქამდე დაფარული იყო - თურმე გერმანიისა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები წინააღმდეგნი არიან და მათ ანალოგიური პოზიცია ჰქონდათ ორი თვის წინაც. დეკემბერში, როდესაც კომისიამ გააკეთა განცხადება, გერმანიის შს მინისტრმა მაშინაც თქვა, არ ვარ თანახმაო, მაგრამ ყველამ იფიქრა, მაგას ვინ ჰკითხავსო. გაირკვა, რომ თურმე ეს ასე არ არის. არ არის პატარა ამბავი, რომ ყველა დეტალი, პროცედურა თავიდან ბოლომდე ჩვენ საინფორმაციო თვალსაზრისით გააზრებული არ გვქონდა, ამიტომ მივდიოდით კარგად და არ ველოდებოდით შეფერხებას", - თქვა ლევან ბერძენიშვილმა 6 ივნისს.

დეპუტატი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ რადგან ევროკომისიის წარმომადგენლობაში გერმანული მხარეც მონაწილეობდა, კომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქართულმა მხარემ მიიჩნია, რომ საკითხი მოგვარებული იყო.

„სხვა რა უნდა გვეფიქრა? ნებისმიერ შემთხვევაში ასე უნდა იფიქრო კაცმა. როდესაც ევროპული სტრუქტურა გეუბნება, რომ შენ შეასრულე ყველა პირობა, ამიტომ იგი შედის  ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან წინადადებით, რომ მოგენიჭოს უვიზო მიმოსვლა, კომისიაში არიან გერმანელებიც და ფრანგებიც და ჩავთვალეთ, რომ საკითხი მოგვარებული იყო. მიუხედავად ამისა, სკეფსისი დარჩა. ოღონდ, სახელმწიფო დონეზე გაკეთებული განცხადებები ჩვენ არ მოგვისმენია. მე არც ანგელა მერკელის და არც ოლანდისა და არც იტალიის პრემიერის პოზიცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით არ მინახავს. ამიტომ ჩვენ დღემდე ვთვლით, რომ შეიძლება გაერკვნენ და თავიანთ მინისტრებს მიუთითონ, რომ ამ მხრივ არაფერი დაკარგული არ არის“, - უთხრა ბერძენიშვილმა „ლიბერალს“.

ამის საპირისპიროდ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ამბობენ, რომ Coreper-ის პირველი შეხვედრის წინა დღეს, 23 მაისს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა მინისტრმა ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმა კარგად შეასრულა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა მოსაზრებები გამოხატეს და რომ გამოხატული სკეპტიციზმი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა აღმოიფხვრას.

იგი კონკრეტულ ქვეყნებზე არ მიუთითებს. თუმცა შეკითხვაზე, რა სახის კომუნიკაცია შედგა გერმანულ მხარესთან, პასუხობს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მხარდაჭერის შესახებ პოზიცია პირადად მოისმინა. „ქართულ მხარეს ყველა პარტნიორთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა, მუდმივ კონტაქტზე ვიყავით“, - ასე პასუხობს მინისტრის მოადგილე შეკითხვას, არის თუ არა პროცესის შეფერხება ქართული მხარის მხრიდან არასათანადო კომუნიკაციის ბრალი.

„23 მაისს მინისტერიალის დამთავრების შემდეგ მე ვესაუბრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ როტს, რომელმაც ჩემთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანული მხარის სრული მხარდაჭერა პროცესისადმი“, - უთხრა „ლიბერალს" გიგიაძემ.

რატომ დააკავშირეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქართველ კრიმინალებთან

რამდენიმე დღის წინ გერმანულ გამოცემებში - Die Welt-სა და Bild-ში გამოქვეყნებული სტატიები მკითხველს აცნობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი გერმანიის სკეპტიციზმის მიზეზი გერმანიაში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გახდა. ქართული მხარე აცხადებს, რომ მართალია, რიგ სახელმწიფოებს გარკვეული კითხვები ჰქონდა, თუმცა ოფიციალურ დონეზე გერმანიაში მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა და, შესაბამისად, არც საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობებიათ ევროკავშირში მოქმედი ქართველი კრიმინალების, როგორც ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ.

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით, გერმანული სკეფსისი არ არსებობს და გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია რეალურ მოტივებთან კავშირში არ არის. მისი თქმით, ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება წევრ ქვეყნებში არსებობს. „ნამდვილი მიზეზი არა საქართველო, არამედ ევროპა და მისი პრობლემებია“, - ამბობს ბერძენიშვილი. რაც შეეხება კრიმინალის შესახებ ინფორმაციას, მისი თქმით ეს შესაძლოა, ცალკეულ პოლიტიკოსთა განცხადება იყოს, თუმცა არა უმაღლესი თანამდებობის პირების.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე „ლიბერალთან“ განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აპრილის მიწურულს გერმანიაში გერმანიის მინისტრებს შეხვდა, სადაც პოზიტიურად შეფასდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის ხარისხი, რაც ქართული კრიმინალური ჯგუფების გამო ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებას გამორიცხავს.

როგორ მიდგომას გამოიყენებს ევროკავშირი

სამეზობლო პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში ევროკავშირმა აპლიკანტი ქვეყნების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა აირჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყანა საკუთარი ძალისხმევისა და გატარებული რეფორმების შესაბამისად შეფასდება და მისი საკითხის გადაწყვეტა უვიზო მიმოსვლის მიღების მსურველ სხვა ქვეყანაზე არ იქნება დამოკიდებული. დღეს საქართველოსთან ერთად ვიზალიბერალიზაციას უკრაინა, თურქეთი და კოსოვო ითხოვს და მათ ფონზე, რეფორმების წარმატებით გატარების თვალსაზრისით, საქართველო უდავოდ ლიდერობს. თუმცა ინდივიდუალური შეფასების შესახებ პრინციპი „მეტი მეტისთვის“, რომელსაც ევროკავშირი აპლიკანტებს დაჰპირდა, შესაძლოა, ერთიანმა მიდგომამ შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ამას გვაფიქრებინებს სკეპტიკოსი ქვეყნების მოთხოვნა, რომ ვიზალიბერალიზაცია აპლიკანტებმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივების შემდეგ მიიღონ.

გასულ წელს ევროკავშირში 1,3 მილიონი მიგრანტი შევიდა და გასაკვირი არ არის, რომ, როცა საქმე საზღვრის კონტროლს ეხება, ევროკავშირი სიფრთხილეს იჩენს. ევროკავშირის წყაროები, Reuters-ის თანახმად, Coreper-ის შეხვედრებზე გადაწყვტილების მიღების გაჭიანურების მიზეზად სწორედ სიფრთხილეს ასახელებდნენ. გამოცემა იმასაც იუწყებოდა, რომ დაყოვნება სხვა აპლიკანტ ქვეყნებსაც შეეხებოდა.

როგორც მიგრაციასთან დაკავშირებული შიში, ასევე შეჩერების გამარტივებული მექანიზმის საჭიროება გასაგებია ისეთი დიდი ქვეყნის საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორიც თურქეთია 79-მილიონიანი მოსახლეობით. გარდა იმისა, რომ ევროკავშირს პოტენციურად თურქეთიდან წამოსული მოსახლეობის დიდი ნაკადის შეჩერების გამარტივებული მექანიზმით კონტროლი სურს, მისთვის მნიშნელოვანია საზღვარი, რომლის გავლითაც მიგრანტები თურქეთის სანაპიროებიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხვდებიან. ვიზალიბერალიზაცია ერთგვარი ჯილდოა თურქეთისთვის, რომელიც სანაცვლოდ ევროკავშირს საზღვარზე მიგრანტთა გადაადგილების კონტროლს ჰპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ყველა მოთხოვნა არ აქვს შესრულებული, მიგრანტთა კრიზისის წინაშე აღმოჩენილი ევროპა იძულებულია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

უკრაინის შემთხვევაში მთავარი გამოწვევა კორუფციაა, რომლის საწინააღმდეგოდაც ქვეყანამ სათანადო რეფორმების გატარება ამ დრომდე ვერ მოახერხა. ტექნიკურ ნაწილსაც რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური გზავნილის დონეზე ევროკავშირს უჭირს, კარი დაუკეტოს ქვეყანას, რომელმაც 2014 წელს ევროპული არჩევნის მოთხოვნით „ევრომაიდნის“ სახელით ცნობილი რევოლუციის გზით პრეზიდენტი გადააყენა.

საქართველოს შემთხვევაში მოსახლეობის სიმცირის გამო ჭარბი მიგრაციული ნაკადების წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს. გარდა იმისა, რომ საქართველო სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანაა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისგან მომავალი „რბილი ძალის“ გავლენების ფონზე ევროკავშირისადმი ქართული მოსახლეობის ნდობა შენარჩუნდეს და იმედგაცრუებამ წყალი ევროკავშირის ნაცვლად ევრაზიული კავშირის წისქვილზე არ დაასხას. ცნობილია, რომ რუსული „რბილი ძალა“ მთავარ სტრატეგიად მეტოქის, ამ შემთხვევაში ევროკავშირის დისკრედიტაციას ითვალისწინებს. ამდენად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირს ამ ფაქტორის გათვალისწინებაც მოუწევს. თუმცა საქართველოს მხარდამჭერები ევროკავშირში უკვე გააქტიურდნენ: EUobserver-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის წევრმა ხუთმა ქვეყანამ ბლოკს მოუწოდა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი რაც შეიძლება მალე დაუჭიროს, რათა ევროკავშირის მიმართ ნდობა შენარჩუნდეს. ბულგარეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილით ევროკავშირის საბჭოს ნიდერლანდების წარმომადგენლობასა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს მიმართეს.

საქართველოს საკითხს რამდენიმე დღის წინ ევროპარლამეტის პრეზიდენტი, მარტინ შულციც გამოეხმაურა. მან საკუთარი მხარდაჭერა Twitter-ზე გამოხატა, სადაც წერდა, რომ „საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და პროცესი დაყოვნების გარეშე უნდა გაგრძელდეს“.

ამდენად, საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭო გადაწყვეტილების მიღებას დღესვე მოახერხებს. თუ ეს ასე არ მოხდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, 20 ივნისს საბჭოში საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტის საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს.

          

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...

მეტი

^