Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ შევაფასოთ, რომ სადღაც არ ვიკარგებით

13 ივნისი 2016

ინტერვიუ ფიზიკოს გია დვალთან

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარება და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ამაღლებაა. რა გავლენა ექნება 500-მილიონდოლარიან ინსტიტუტს საქართველოს განათლების სისტემასა და კვლევით პროცესებზე, რა მიმართულებით შეუწყობს ხელს პროექტი განათლების სისტემის რეფორმას, შეკითხვებზე პასუხს გია დვალი გაგვცემს.

ვიცით, რომ პირველ რიგში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზენტაციის გამო ხართ ჩამოსული საქართველოში. მოკლედ რომ აღწეროთ, რას გულისხმობს ეს პროექტი და რატომ არის ქართული რეალობისთვის მნიშვნელოვანი?

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა მსოფლიო დონის მეცნიერული ტრადიციები. რა თქმა უნდა, მერე ძალიან მძიმე კრიზისი გამოვიარეთ. ბევრი რაღაც განადგურდა. მაინც, ეს არის ქვეყანა, სადაც მეცნიერებას თავიდან კი არ ქმნი, უბრალოდ გინდა, რომ ბუსტი გაუკეთო, დაეხმარო. ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა 2 წლის წინ მატერიალიზდა, რათა ქვეყნის შიგნით შექმნილიყო რაიმე მსოფლიო დონის სამეცნიერო კვლევითი ოპერაცია. როგორც გემს სჭირდება ღუზა და შენობას მშენებლობის დროს _ საფუძველი, ასევე განათლების სისტემაშიც გვჭირდება რაღაც, რაც დაასტაბილურებს მთელ ამ წამოწყებას. ტექნოლოგიური ინსტიტუტი ვერ იქნება დიდი დივერსიფიკაციის მქონე, ვერ მოიცავს უამრავ დარგს, მაგრამ აუცილებად უნდა იყოს მსოფლიო დონის. სხვანაირად ეს იქნება რესურსის გაფლანგვა. აუცილებელია, მოქმედებდეს საერთაშორისო წესებით, საერთაშორისო მხარეების თანამონაწილეობითა და მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით. აქ ველოსიპედის გამოგონებას არავინ აპირებს. ეს სტანდარტი ეფუძნება აკადემიურ თავისუფლებას და გარეშე რეფერირებას. ცოტა უფრო დაბალი ხარისხით გაკეთებას, ჯობია, საერთოდ არ შევეხოთ ამ ამოცანას. ხარისხზე კომპრომისი არ შეიძლება. მთავარი ამოცანაა ის, რომ ამ პროექტის გარშემო  აეწყოს საგანმანათლებლო სტრუქტურა.

გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კვლევითი პროცესები დაიძვრება, როგორ იმოქმედებს ეს საუნივერსიტეტო სივრცეზე საქართველოში? რა ტიპის გავლენა ექნება ამ პროექტს განათლების სისტემაზე?

ამოცანა ზუსტად ეგაა. ეს კვლევითი მიმართულება იდენტიფიცირებული იყო, როგორც სიმსივნის ადრონული თერაპიის კვლევა, თუმცა უმთავრესი დანიშნულება არაა, რომ კიდევ ერთი სამედიცინო პერსპექტივა შევქმნათ. აქცენტი უფრო მეტად აღებულია საგანმანათლებლო კვლევით დანიშნულებაზე. სამედიცინო გამოსავალი მეორადი პროდუქტია. ჩვენი, როგორც მეცნიერების, ამოცანაა, საქართველოში კვლევითი მიმართულება განვავითაროთ. ამ პროექტს მრავალმხრივი გავლენა ექნება განათლების სისტემაზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში იარსებებს პრეცედენტი საერთაშორისო თანამონაწილეობით შექმნილი საკვლევი საგანმანათლებლო ინსტიტუტის.

საერთაშორისო თანამონაწილეობაში გარე რეფერირების წესით შერჩეული პროფესორები იგულისხმებიან?

გარეშე რეფერირება ესაა მეთოდი, რომლის გარეშეც ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ იმოქმედებს. ეს მაგიური სიტყვები არაა, მარტივ რაღაცას ნიშნავს. იმისათვის, რომ მოცემულ ინსტიტუტს არ მოუწიოს თავის წვენში მოხარშვა, იქ რაღაც კრიტერიუმი უნდა იყოს გამოსარკვევად, თუ ვინ აკეთებს ღირებულს, და ვინ ნაკლებად ღირებულს. ამ კრიტერიუმით უნდა შეირჩნენ და დაწინაურდნენ პროფესორები, ამ პრინციპით უნდა გაიხსნას დარგი. გარეშე რეფერირება არის მეთოდი, როდესაც შენ იყენებ საერთაშორისო თანამეგობრობის გამოცდილებას და უკვე არსებულ ექსპერტიზას იმისათვის, რომ საკუთარი კვლევები შეაფასო.

აქვს ალტერნატივა ამ სისტემას?

არ აქვს ალტერნატივა. ეს იგივეა, ვიმსჯელოთ, აქვს თუ არა ალტერნატივა მანქანას, რომელსაც მოვაცლით ბორბლებს. შეგვიძლია ვიკითხოთ, შეიძლება, თუ არა, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ ფეხების გარეშე. მაშინ აღარ იქნება ფეხბურთი. გარკვეული ტიპის თამაშის წესები არსებობს ამ სისტემაშიც. თუ გვინდა, რომ იყოს მოქმედი ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციების პრინციპით, უნდა იყოს გარეშე რეფერირებაზე დაფუძნებული სისტემა. ალტერნატივა არის ერთადერთი, რომ არ გავაკეთოთ ეს სისტემა და გექნება ის, რაც გექნება.

მთავარი არგუმენტი, რასაც გარეშე რეფერირების საკითხს უპირისპირებენ ხოლმე, ესაა ფინანსები. იმისათვის, რომ პროფესორმა გარეშე რეფერირება გაიაროს, საჭიროა, ჩართული იყოს კვლევით პროცესებში და კვლევითი პროცესების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნა საკმაოდ ძვირი ჯდება. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს სოციალური და ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით ეს პროექტი უტოპიურია. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს?

ეს კითხვა უნდა გავშალოთ. ერთი საკითხია, გვინდა თუ არა გავავითაროთ კვლევები და მეცნიერება, მეორე კი _ შეგვიძლია თუ არა ამის განვითარება ისე, რომ არ დავეყრდნოთ გარეშე რეფერირებას. დავიწყოთ პირველი კითხვიდან თუ კვლევითი პროცესი უნდა განვითარდეს, ამას ფინანსები ყოველთვის სჭირდება. ეს სრულიად დამოუკიდებელია იმ კითხვისგან, თუ როგორი სისტემით გვინდა, რომ ეს წარვმართოთ. თუ სტრუქტურის შექმნას ვაპირებთ, ფული მაინც უნდა ჩავდოთ. ფულს თუ არ ჩადებ, გამოდის, რომ არ აპირებ კვლევებისა და მეცნიერების განვითარებას. არგუმენტად შეიძლება განვიხილოთ მოსაზრება, რომ არ განვავითაროთ მეცნიერება იმიტომ, რომ ფული სჭირდება?

არსებობს ქვეყანაში საკმარისი ფინანსური რესურსი? ხშირად უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გამოთქვამს ხოლმე მოსაზრებას, რომ საქართველო არ არის მზად ამ პროცესის დასაწყებად.

ესაა უკიდურესად შეზღუდული აღქმა მოვლენების. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაფერი პირიქითაა. კვლევების განვითარებას მოჰყვება ეკონომიკური ბუსტი. მეცნიერების განვითარების გარეშე არაფერი არ ვითარდება. ვიღებთ რაღაც, თავის თავში ჩაკეტილ, განუვითარებელ საზოგადოებას.

მეორე საკითხს რომ დავუბრუნდეთ, შეგვიძლია თუ არა განათლების სისტემის განვითარება გარე რეფერირების გვერდის ავლით?

განვიხილოთ, შემთხვევა, თუ არ გვინდა გარეშე რეფირირებით სამეცნიერო პროცესების კონტროლი. გარეშე რეფერირება თუ არ გვინდა, გამოდის, რომ ყველაფერი ვიცით, ვინ რა უნდა გვასწავლოს. რატომ უნდა ვკითხოთ აზრი ვიღაც ჰარვარდის, ან სხვა წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორს. ისევ თვალსაწიერის უაღრესი შეზღუდულობა და აროგანტულობაა. რად უნდა ლაპარაკი, რომ ეს გზა არსად არ მიდის. ისევ ჩვენს თავში უნდა ჩავიკეტოთ და საკუთარ წვენში მოვიხარშოთ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილის განცხადებთ, გარე რეფერირება მოითხოვს თანხას და რეფორმის ეს ნაწილი ძალიან ძვირი ჯდება. რამდენად მართებულია ეს დებულება?

ესა არასწორია. გარეშე რეფერირება არ მოითხოვს თანხას. გარეშე რეფერირება არის მეცნიერული კვლევის შეფასება სხვა მეცნიერების მიერ. ასე მუშაობს თანამედროვე სისტემა. მეცნიერები გამუდმებით აფასებენ ერთმანეთს, გარკვეულ გამოხმაურებებსა და შეფასებებს წერენ. ამაში ფულს არავინ იღებს. სამეცნიერო დარგში ვალდებულებაა, როცა შეფასებისთვის მოგმართავენ, გამონახო დრო საამისოდ. ესაა მეთოდი, როგორ შევაფასოთ, რომ სადღაც არ ვიკარგებით. გამოვიყენოთ გარეშე ექსპერტიზა იმისათვის, რომ სადღაც არ გადავიჩეხოთ. შენივე კოლეგებისგან შეგიძლია მიიღო დახმარება და კორექტირება გაუკეთო განვითარებასა და კურსს. ეს იმდენად აპრობირებული და ელემენტარული მეთოდია, რომ აღარ დავწვრილმანდები.

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებისადმი საერთაშორისო ინტერესი მინიმალურია. ძალიან ცოტაა სხვა და სხვა ფონდებთან თანამშრომლობის პრეცედენტები. თუ ამ სასწავლებელში გაჩნდებიან გარე რეფერირების წესით შერჩეული პროფესორები, რომელთაც ამ პროცესის შედეგად ტენუარის ხარისხი მიენიჭებათ, გაიზრდება თუ არა საერთაშორისო დონეზე ამ უნივერსიტეტისადმი ინტერესი და დაფინანსება?

ძალიან უცნაურად გამოიყურება მსოფლიოსთვის უნივერსიტეტი, რომელსაც არც ერთი ტენუირებული პროფესორი არ ჰყავს. ძალიან უცნაურია, რადგან ესე იგი აქ არ არსებობს აკადემიური ტენუარი და ეს თავისთავად პრობლემაა. საერთაშორისო პრესტიჟისთვის პრობლემაა. უნივერსიტეტი ფასდება პირველ რიგში პროფესორებით, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური პერსონალის ხარისხია.

ამ პროცესებში სახელმწიფოს როლი გასაგებია, მაგრამ როგორ შეიძლება თავად უნივერსიტეტების ჩართვა? შეუძლიათ თუ არა უნივერსიტეტებს, თავად იყვნენ ინიციატორები გარე რეფერირების პროცედურის დაწყების?

ეს პროცედურა უნივერსიტეტის კეთილ ნებაზეა დაფუძნებული, რადგან უნივერსიტეტებს აქვთ ავტონომია. რეფორმის დანერგვა ძალიან რთული საკითხია. თავად უნივერსიტეტებმა უნდა აიღონ ინიციატივა იმისათვის, რომ თანამედროვე სისტემას დაუახლოვდნენ და მე არ მაქვს რეცეპტები, როგორ მივიდეთ იქამდე. უნივერსიტეტებმა თუ არ გამოიჩინეს ინიციატივა, მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება განხორციელდეს რეფორმა. შიგნიდან უნდა გაჩნდეს მოთხოვნა, რომ გარედან საერთაშორისო დახმარება მივიღოთ. უნივერსიტეტებს აქვთ ძირითადი პასუხისმგებლობა აღებული და ამ პასუხისმგებლობას ვერ გადააბარებენ მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურებს. თუ არ კეთდება ეს რეფორმა, პირველ რიგში იმიტომ, რომ უნივერსიტეტებს არ უნდათ.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით და საუნივერსიტეტო სივრცეში გარე რეფერირების პროცედურის დაწყებისათვის საჭირო ნების არარსებობის შემთხვევაში, რა პერსპექტივები აქვს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს?

როცა გინდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის წევრი იყო და ბურთს თამაშობ ხელებით, ვერ შეუერთდები, ვერ გახდები მისი წევრი. ერთადერთი გამოსავალია, უნივერსიტეტებმა გააცნობიერონ ამ სისტემის მნიშვნელობა, თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა და გადადგან რაღაც ნაბიჯები დასავლური სისტემის მიმართულებით. ნებისმიერი პროცესი სადღაც მიდის, რაღაცას მიიღებ საბოლოო ჯამში, ალბათ, მაგრამ არა მგონია, მაგის ფუფუნება იყოს, რომ ველოდოთ, ასეთი ნაბიჯებით სად მივალთ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ან ერთ-ერთი, მაგრამ თავში ამაზე უფრო კრეატული გამოსავალი არ მომდის, რომ შიგნიდან პროფესურამ და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს ამ პროცესის დაძვრა. გარედან ვერავინ დააძალებს. როგორც ადამიანებს ვერ დაეხმარები, თუ მათ არ უნდათ, რომ დაეხმარო, ისე ვერ დაეხმარები უნივერსიტეტს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^