Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არსამთავრობოები ზუგდიდის ბაღში უნებართვო მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ

16 მაისი 2012

 

15 მაისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა შეიტანეს.  მიმართვას ხელს აწერენ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი," „ადამიანის უფლებათა ცენტრი", „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები," „მწვანე ალტერნატივა," „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები," „ეკოტეკი," „ადამიანის  უფლებათა დაცვის ლიგა" და  „ენერგოეფექტურობის ფონდი."

 

არასამთავრობოები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველოტრასის მშენებლობას აპროტესტებენ. „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ინფორმაციით, ბაღში სამუშაოების დამკვეთი კომპანია შპს. „ანაკლია-განმუხური რესორტია", სამუშაოებს კი კომპანია „სანი" ასრულებს. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ერთკილომეტრიანი ველოტრასის მშენებლობაა დაგეგმილი. თუმცა, „სანის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრასის გაფართოებას აპირებენ და ველოტრასა ბაღის შიდა ტერიტორიაზეც განთავსდება, რისთვისაც მცენარეების მოჭრა გახდება საჭირო.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობისა თუ რეკონსტრუქციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა შეთანხმებულიყო. სააგენტოში სპეციალური საბჭო ჩასატარებელი სამუშაოების მიზანშეწონილობას განიხილავს და თანხმობის შემთხვევაში  შესაბამის ნებართვას გასცემს. ველოტრასის მშენებლობის პროექტი სააგენტოში არ შესულა და შესაბამისად, არც საჭირო ნებართვა გაცემულა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მინისტრისგან მოითხოვეს.

ზუგდიდელი ეკოლოგი, პროფესორი თემურ ვეკუა ამბობს, რომ დადიანების შექმნილი უნიკალური ბაღი მთელი მსოფლიოდან შეგროვებულ ენდემურ მცენარეებს აერთიანებს და მისი დაცვა საზოგადოებისა და სამინისტროს მოვალეობაა. „აქ არის ინდოეთიდან, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, იაპონიიდან ჩამოტანილი მცენარეები, რომლებსაც ახლა განადგურება ემუქრება, თანაც რის გამო? რაღაც პრიმიტიული დ გაუგებარი მშენებლობისთვის. უნიკალური ჯიშების ნაცვლად შეიძლება ზუგდიდის ბაღში მალე ველოტრასა და ბარ-რესტორნები გვქონდეს. გარდა ეკოლოგიური და კულტურული ღირებულებისა, ბაღს ტურისტული მნიშვნელობაც აქვს, რადგან ნებისმიერ სტუმართან ზუგდიდში პირველ რიგში სწორედ ამ ბაღით ვიწონებთ თავს," - ამბობს ვეკუა.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე კი განმარტავს, რომ ნებართვის გარეშე ამ ტიპის მშენებლობის დაწყება კლასიფიცირდება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და კოდექსის 259-ე მუხლით ისჯება. „ჩვენ უკვე გავგზავნეთ მასალები მთავარ პროკურატურასა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. მოვითხოვთ, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, რომელთა კომპეტენციაშიც შედიოდა ამ ბაღის გაფრთხილება."

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან არასამთავრობოების პროტესტს არავინ გამოხმაურებია. 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^