Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსაბჭოს კრიტერიუმები - არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი

15 ივნისი 2016

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ გუშინ მიღებულმა  გადაწყვეტილებამ  ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პატიმრის სტატუსთან და მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩინა. გარდა იმისა, რომ ევროსასამართლო პირდაპირ არასოდეს ამბობს, რომ პირი პოლიტიკური პატიმარია, ის ვანო მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივსაც ვერ ხედავს. შესაბამისად, ყოფილი პრემიერის პოლიტპატიმრობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2012 წელს ის კრიტერიუმები დაადგინა, რომლებიც პირის პოლიტპატიმრობის შეფასებისას გამოიყენება. საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ განსაზღვრება „პოლიტპატიმარი“ ევროსაბჭოში 2001 წელს გენერალური მდივნის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. კრიტერიუმების თანახმად,  პირი პოლიტიკური პატიმარია, თუ  თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების, კერძოდ, სიტყვის, სინდისის და რელიგიის, გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების შეზღუდვის მიზნით. ასევე, თუ მას თავისუფლება  ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე,  პროცესუალური გარანტიების დარღვევებითა და პოლიტიკური მოტივებით აღუკვეთეს.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, რომელიც არაერთ გახმაურებულ და შესაძლო პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეებზე წარმოადგენდა დაცვის მხარეს და ევროსასამართლოსთვისაც არაერთხელ მიუმართავს, „ლიბერალთან“ ევროსასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და განმარტავს, არსებობს თუ არა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად აღიარებისთვის საკმარისი საფუძველი.

მისი განმარტებით, მე-18 მუხლი, რომლის დარღვევაც  ევროსასამართლომ დაადგინა,  სახელწმიფოს ავალდებულებს, რომ ადამიანის უფლებების ის შეზღუდვები, რომელიც  სახელმწიფოს  კონვენციით აქვს ნებადართული, კონვენციის საწინააღმდეგო მიზნებისთვის არ გამოიყენოს. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ღამით მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე, რაც დაკავშირებული არ იყო იმ საქმესთან, რისთვისაც სასამართლომ ყოფილ პრემიერს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამ გაყვანის მიზანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსურ მდგომარეობასა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით მერაბიშვილთან გასაუბრება იყო. ამან აფიქრებინა სასამართლოს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება იმ მიზნებიდან არ გამომდინარეობდა, რაც სასამართლოს განჩინებაში ჩაიწერა.

ადვოკატის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, რამდენად შეესაბამება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების  მოთხოვნას ევროსასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება.

სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არც იმას ნიშნავს, რომ მერაბიშვილი აუცილებლად პოლიტპატიმარია და არც იმას, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მისი განმარტებით, ყოფილი პრემიერის გათავისუფლება ძალიან რთული საკითხია, რადგან, ერთი მხრივ, ირკვევა, რომ მისი წინასწარ  პატიმრობაში დატოვება  შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიტიკურ მოტივებთან და, მეორე მხრივ, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას განაჩენის კანონიერების საკითხი. ადვოკატის თქმით, თუ კონვენციის მეექვსე მუხლი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს და საბოლოო განაჩენს ეხება, საერთოდ არ დარღვეულა, პატიმრის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება.

„დავუშვათ, მართლაც არასწორად იქნა დაკავებული და არასწორად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო განაჩენი სამართლიანად შეეფარდა (ასეთი შემთხვევაც შეიძლება არსებობდეს), ასეთ დროს სახელმწიფოს დაეკისრება კომპენსაცია, საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ეს ადამიანი იყო პოლიტიკური მოტივებით დაკავებული, მაგრამ თუ განაჩენი სამართლიანია, მაშინ მისი გათავისუფლების  საკითხი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.

სოსო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ მე-18 მუხლის დარღვევას ერთ შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს ადამიანის გათავისუფლება, მაგრამ მეორე შემთხვევაში არ მოჰყვეს, რადგან სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული.

ადვოკატი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ძალიან მძიმეს უწოდებს, რადგან ბარათაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ არ გამოიძია კონკრეტული შემთხვევა, ევროსასამართლოს არ გაუგზავნა მტკიცებულებები. ის ვიდეომასალა, რომლითაც საპირისპირო შეიძლებოდა დამტკიცებულიყო, სადღაც გაქრა და ამის გამოძიებას ხელისუფლება ფაქტობრივად ახლა იწყებს.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გადაწყვეტილების იმ ნაწილს გაასაჩივრებს, სადაც საუბარია, მეთვრამეტე მუხლის დარღვევაზე და მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე. მისი თქმით, ევროსასამართლომ მხოლოდ მერაბიშვილის პოზიცია მოისმინა და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყებას ხელისუფლება ახლა გეგმავს.

თუმცა სოსო ბარათაშვილი განმარტავს, რომ ევროსასამართლო მხოლოდ მერაბიშვილის პოზიციის მოსმენით არ შემოიფარგლებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, ევროპული სასამართლო მხარის საჩივარს ყოველთვის უგზავნის სახელმწიფოს და ხელისუფლებას სრული შესაძლებლობა აქვს, რომ სასამართლოს უპასუხოს.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მის შესაძლო შედეგებზე „ლიბერალთან“ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიაზცია Human Righs Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მკვლევარი გიორგი გოგიაც საუბრობს. მისი შეფასებით, ამ საქმის ტიმოშენკო-ლუცენკოს ან ჯაფაროვი-მამადოვის საქმეებთან შედარება არასწორია, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში ევროსასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ მათი დაკავება თავიდანვე სხვა მიზანს ემსახურებოდა და დაპატიმრებასა და მე-18 მუხლის დარღვევას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი იყო. მერაბიშვილის შემთხვევაში კი ასეთი  ცალსახა კავშირი  არ ჩანს, რადგან სასამართლომ დარღვევად  2013 წლის სექტემბერში მისი პატიმრობაში დატოვების ნაწილი მიიჩნია და არა მისი დაპატიმრება იმავე წლის მაისში.

გიორგი გოგიას განმარტებით, პოლიტიკური პატიმარი არა სამართლებრივი ტერმინი, არამედ პოლიტიკური შეფასებაა. ამიტომ მას არც ევროსასამართლო და არც ევროსაბჭო არ იყენებს. ამ შემთხვევაში სასამართლომ ხელისუფლებას დარღვეული უფლებების აღდგენის ვალდებულება დააკისრა. რა ფორმით გააკეთებს ხელისუფლება ამას, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.  Human Righs Watch-ის წარმომადგენლის განმარტებით, ხელისუფლებას ეს ვალდებულება მას მერე დაეკისრება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება. მანამდე სახელმწიფოს გასაჩივრებისთვის 3-თვიანი ვადა აქვს. თუ ამ ხნის განმავლობაში დიდ პალატაში არ გასაჩივრდა, მაშინ ის საბოლოო და  აღსასრულებლად აუცილებელი გახდება. ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ დიდი პალატა  საჩივარს განსახილველად არ მიიღებს.

მკვლევრის ინფორმაციით, გადაწყვეტილების აღსრულებას მონიტორინგს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი გაუწევს და თავის რეზოლუციაში იტყვის, რამდენად საკმარისი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული ზომები.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა პირდაპირი კავშირი არ არის მე-18 მუხლის დარღვევასა და დაკავებას შორის და საინტერესოა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო. სხვა შემთხვევებში ის პირდაპირ მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ გაეთავისუფლებინა დაკავებული პირები. ამას ითხოვს ხოლმე, როგორც აღსრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას“.

გიორგი გოგია იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ქვეყანას გადაწყვეტილების აღუსრულებლობამ შეიძლება მოუტანოს. ის აზერბაიჯანელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ილგარ მამადოვის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას იხსენებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ მისი დაკავება გამოხატვის უფლების შეზღუდვას ემსახურებოდა. გიორგი გოგიას ინფორმაციით,  2 წლის განმავლობაში ევროსაბჭომ 7 რეზოლუცია მიიღო  და ყველა მათგანში აზერბაიჯანის ხელისუფლებას მამადოვის  დაუყოვნებლივ  გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. თუმცა ჯერჯერობით ის ისევ ციხეშია. რეზოლუციებში წერია, რომ თუ ხელისუფლება მას არ აღასრულებს, მინისტრთა კომიტეტი უკიდურეს ზომებს მიიღებს. მაგრამ რა იგულისხმება ამაში,  ჯერჯერობით ნათელი არ არის.

Human Righs Watch-ის წარმომადგენელის განმარტებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების  არაღსრულების შემთხვევაში გარკვეულ სანქციებს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციაც აწესებს.

„იმედია, საქმე აქამდე არ მივა. თუმცა აზერბაიჯანის შემთხვევაში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა  მნიშვნელოვანი ძიება წამოიწყო კონვენციის 52-ე მუხლზე დაყრდნობით - არღვევს თუ არა აზერბაიჯანი კონვენციას იმით, რომ არ აღასრულებს მამადოვის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. მაგრამ ეს არ არის მყისიერი დასჯადი მექანიზმი, თუმცა კონვენციაში დასჯადი მექანიზმიც დევს“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბერის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირი „პოლიტიკური პატიმრის“ გაგებას ექვემდებარება, თუ:


ა. თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და
მისი პროტოკოლებით გარანტირებული რომელიმე უფლების, კერძოდ - სიტყვის, სინდისის და
რელიგიის, გამოხატვის და ინფორმაციის გავრცელების, აგრეთვე შეკრებებისა და
გაერთიანებების თავისუფლების უფლების დარღვევის საფუძველზე;
ბ. თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული იყო აშკარად პოლიტიკური მოტივებით, ყოველგვარი
კანონდარღვევის გარეშე;
გ. პოლიტიკური მოტივების გამო პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები აშკარად შეუსაბამოა
იმ კანონდარღვევასთან, რისთვისაც პირი არის ბრალდებული ან მსჯავრდებული;
დ. პირი თავისუფლებააღკვეთილია პოლიტიკური მოტივებით სხვა პირებთან შედარებით
დისკრიმინაციული საფუძვლით;
ე. თავისუფლების აღკვეთა მოხდა პროცესუალური გარანტიების აშკარა დარღვევებით და
არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ეს დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ
მოტივებთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^