Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC-ის ანგარიში - დაცულია თუ არა ქართული პოლიცია პოლიტიკური გავლენებისგან

21 ივნისი 2016

პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე შესაძლო ძალადობა, კონკრეტულ აქციებზე საზოგადოების არასათანადო დაცვა, პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - ეს ის პრეტენზიებია, რომელიც საზოგადოებას შსს-ს მიმართ წლებია აქვს. პოლიციის საქმიანობაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვასთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა"(EMC) საინფორმაციო ბიულეტენი მოამზადა. ის ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა: პოლიციელთა სამსახურში მიღების პროცედურები და კრიტერიუმები; დაწინაურება და თანამდებობრივი გადაადგილება; პოლიციის ეთიკის კოდექსი, დისციპლინური პასუხისმგებლობა და პოლიციელთა წახალისების მექანიზმები.

ბიულეტენის ავტორთა განმარტებით, პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ირგვლივ არსებული გამოწვევები და პოლიციის არასათანადო ქცევა  ხშირ შემთხვევაში კანონმდებლობის ხარვეზებითაა წახალისებული და განპირობებული.

პოლიციის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ერთ-ერთ ძირითად პრობლემას შს მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის შეუზღუდავი მანდატით სარგებლობის უფლება წარმოადგენს. მას შეუძლია, სამსახურში პოლიციელი კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე მიიღოს, გაათავისუფლოს ან წაახალისოს ის.

სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირთა, ასევე, სამოქალაქო პირთა და შტატგარეშე თანამშრომელთა სამსახურში მიღების წესები „შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. სამინისტროში მუშაობის დაწყება შეუძლია 18 წელს ზევით პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და თავისი განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია, შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები.

დადგენილია კონკრეტული შეზღუდვებიც. კერძოდ: განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობა; პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა;  ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ხელისშემშლელია დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისთვის; ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადება; ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და სხვა. ამასთან, მინისტრის ბრძანებით, პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება: სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი; პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია და პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

თანამშრომელთა მისაღებად სპეციალურ კონკურსს მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიები ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში აცახდებენ. თუმცა ბიულეტენის ავტორთა ინფორმაციით, ნორმატიულ დონეზე არასაკმარისადაა განმარტებული სამსახურში მიღების ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპი - სპეციალური შემოწმება, უცნობია აღნიშნული შემოწმების მიზნები და მეთოდები. თუმცა ის სამსახურში აყვანაზე უარის თქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც EMC-ის წარმომადგენლები მიმოიხილავენ, დაწინაურება და თანამდებობრივი გადაადგილებაა. ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. დაწინაურება  და გადაადგილება სხვადასხვა მიზეზით ხდება, მათ შორისაა სამსახურებრივი ინტერესები, რაც ბიულეტენის ავტორთა შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ის შეიძლება დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისასაც გამოიყენონ.  

"ჩანაწერი მეტად ბუნდოვანია და წარმოშობს უსამართლო პრაქტიკის განვითარების საფრთხეებს. საკითხი განიხილება ერთპიროვნულად, პროფესიული თუ კოლეგიური ორგანოს ჩართულობის გარეშე, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც ცალსახად ზრდის აღნიშნული პროცესის პოლიტიზების რისკებს. ხოლო თავად სამინისტროს მოსამსახურე მოკლებულია სამართლებრივი დაცვის ადეკვატურ გარანტიებს", - აღნიშნულია საინფორმაციო ბიულეტენში.

EMC-ის რეკომენდაციით, სასურველია, პოლიციის სისტემაში საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანო შეიქმნას და პოლიციის შესახებ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტები ბუნდოვანი ფორმულირებებისაგან გათავისუფლდეს.

რაც შეეხება პოლიციელთა ეთიკის კოდექსს, ახალი კოდექსი 2013 წელს შემუშავდა და შსს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. ის ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: პოლიციელის საქმიანობის პრინციპები; საზოგადოებასთან და კოლეგებთან ურთიერთობის წესები; ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი; მიუკერძოებლობის და სამართლიანობის დაცვა და ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა.

ეთიკის კოდექსის თანახმად, კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა დისციპლინურ პასუხისმგებლობას იწვევს. მის  საფუძვლებს, სახდელების სახეებს, საქმისწარმოებისა და სახდელების შეფარდება/მოხსნის წესს შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დისციპლინური წესდება განსაზღვრავს. დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან დაუდევარი დამოკიდებულება;  ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ზნეობრივი ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილია ის თუ მის გარეთ; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც უწყების ავტორიტეტს ლახავს; შრომის დისციპლინის დარღვევა; ფიცის გატეხვა და სხვა.

ბიულეტენის ავტორთა განმარტებით, დისციპლინური წარმოების პროცედურები ბუნდოვანია, მკაფიოდ არ არის გაწერილი წარმოების ვადები, ასევე, არ არის განსაზღვრული დაზარალებულის/განმცხადებლისა და პოლიციელის ჩართულობის ხარისხი და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. ამ კუთხით მნიშვნელოვან ხარვეზად სამინისტროს გენერალური ინსპექცია სახელდება, რომელიც ერთდროულად ფაქტების შემსწავლელი ორგანოცაა და დასკვნის ავტორიც. საბოლოო გადაწყვეტილებას კი მაინც შს მინისტრი იღებს.

გასათვალისწინებელია, რომ გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის წინაშე და სამსახურს გარე ანგარიშვალდებულება არ აქვს, შესაბამისად, სისტემის გარეთ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ეს კი  EMC-ის წარმომადგენელთა შეფასებით, ორგანოს საქმიანობის გარე კონტროლს ართულებს და მისი პოლიტიზების რისკებს ზრდის.

"როგორც დაუსჯელობა, ასევე არაობიექტური და გაუმჭვირვალე პროცედურით თანამშრომლის დისციპლინური დასჯა, შესაძლოა იქცეს პოლიციის სისტემაში დასაქმებულ პირებზე ზეგავლენის საშუალებად, რაც თავის მხრივ პოლიტიკური მიზნების შესრულებას შეიძლება ემსახურებოდეს".

საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, 2012 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით შსს-დან სულ 625 პოლიციელი გაათავისუფლეს, მათგან ყველაზე მეტს, 190 პოლიციელს თანამდებობა 2014 წელს დაატოვებინეს. შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაკისრებული სახდელებიდან ყველაზე ხშირად სასტიკი საყვედური, საყვედური და შენიშვნა გამოიყენება. ზემოაღნიშნულ პერიოდში სასტიკი საყვედური 2 179 პოლიციელს გამოუცხადეს, საყვედური - 1842-ს, შენიშვნა კი 1830 პოლიციელმა მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრი ან უფლებამოსილი პირი იღებს და  გათავისუფლების პროცედურები ამ შემთხვევაშიც ბუნდოვანია.

ხარვეზების თვალსაზრისით გამონაკლისს არც წახალისების მექანიზმი წარმოადგენს. შს მინისტრი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პოლიციელს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი არ შეიცავს არანაირ მითითებას, თუ რა საფუძვლების არსებობისას სარგებლობს შს მინისტრი ხსენებული უფლებამოსილებით.

"სამინისტროს მიერ მოხელეთა წახალისება არ ემყარება ნათლად განსაზღვრულ პროფესიულ კრიტერიუმებს, რაც თავისთავად რისკებს აჩენს, რომ ეს მექანიზმი გამოყენებული იყოს პოლიციელებზე მანიპულირების მიზნით, რაც შესაძლოა პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობაშიც გამოიხატოს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე მდგომარეობით (8 თვის განმავლობაში) საქართველოს შს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში გაცემული სახელფასო პრემია/დანამატი 41,960,487.16 ლარს შეადგენს".

EMC-ის მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, მსგავს თემებზე საჯარო დისკუსია მისასალმებელია, რათა უწყებამ გარე ობიექტური თვალის დაკვირვებით დანახული შენიშვნები მოისმინოს. მან ბიულეტენში მოცემულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრს მართლაც აქვს საგამონაკლისო წესით პირის სამსახურში მიღება/გათავისუფლების უფლება, ამასთან დაკავშირებით კრიტიკა გასაგებია და უწყება ამ საკითხზე იმსჯელებს. 

თუმცა მისი განმარტებით, საგამონაკლისო წესით პოლიციელის დანიშვნისას პირი მინიმალურ კრიტერიუმებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, ამასთან, ფასდება, რამდენად შეძლო მას მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. ოქროპირიძის თქმით, რამდენიმე თვის მერე ის პოლიციის აკადემიაში გადამზადებას გადის და თუ მას წარმატებით ვერ გაივლის, ის თანამდებობიდან გათავისუფლდება. 

რაც შეეხება წახალისებას, ზვიად ოქროპირიძის განმარტებით, ამ კუთხით ბოლო ერთი წელია, უკეთესობა შეინიშნება, რადგან უწყება მთავრობის მიერ დადგენილი წესით ხელმძღვანელობს და წახალისების თითოეულ შემთხვევაში დასაბუთებულია, თუ რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის აიღო ამა თუ იმ პირმა პრემია. მისი ინფორმაციით, დანამატებს ის თანამშრომლები იღებენ, ვისაც გათვალისწინებულზე დიდხანს უწევს მუშაობა.

ზვიად ოქროპირიძის ინფორმაციით, მომავალში შსს ორ ნაწილად გაიყოფა - საპოლიციო სამსახურად და სამოქალაქო ოფისად. ამასთან დაკავშირებით უწყებას დებულება უკვე მზად აქვს. პირველში ყველა საპოლიციო სამსახური და ანალიტიკური დეპარტამენტი შევა, მეორეში კი - მხარდამჭერი ფუნქციის მქონე სამსახურები. გენერალური ინსპექცია საპოლიციო სამსახურის შემადგენლობაში იქნება. ოქროპირიძის განმარტებით, ამ საკითხზე ჯერ შიდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საზოგადოებას ცვლილებების შესახებ მოგვიანებით ეცნობება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^