„მინდა, საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ საპარლამენტო მდივნის ფუნქციას დღეიდან ანა დოლიძე შეასრულებს", - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
ამასთან, პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები ხელახლა წარუდგინა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ სამი მოსამართლის კანდიდატურა წარვადგინე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს ვითარება და წარდგენილ კანდიდატურებზე სერიოზულად იმსჯელოს. მაშინ მე განვაცხადე, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებდით ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატებთან კონსულტაციის გზით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მზადყოფნა, მხარი დავუჭირო ამ კანდიდატურებს, კიდევ უფრო განმტკიცებულია მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ახალ საპარლამენტო მდივანს დაავალა, პარლამენტთან იმუშაოს და დეპუტატები დაარწმუნოს, რომ მხარი დაუჭირონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.
„მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ მოსამართლეთა დამტკიცების გადაწყვეტილებას სწორედ მე-8 მოწვევის პარლამენტი მიიღებს. ჩვენ ინფორმირებულები ვართ, რომ პარლამენტი სექტემბერში აპირებს შეკრებას და თუ სექტემბრამდე იქნება საჭირო, მზად ვარ, მხარი დავუჭირო საგანგებო სხდომის მოწვევას. დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტი შესაბამისი ინტერესით მოეკიდება და იმედი მაქვს, გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა, რაც გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის:
1. ანა დოლიძე - 34 მომხრე და 4 წინააღმდეგი;
2. თამარ ლალიაშვილი - 27 მომხრე და 2 წინააღმდეგი;
3. ნონა თოდუა - 22 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი.