Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარკირების შეზღუდული შესაძლებლობა

29 ივნისი 2016

რამდენიმე თვის წინ მაკა ნასყიდაშვილმა მანქანა ჭავჭავაძის გამზირზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილ ადგილზე გააჩერა.

მაკა 13 წლის შვილის მეგობრის სახლიდან გამოსაყვანად 15 წუთით მანქანიდან გადავიდა. მარიამი ეტლით სარგებლობს, ამიტომ მისი მანქანაში ჩასმა ან გადმოყვანა შესაბამის პირობებს საჭიროებს. ამ დღეს მარიამის დედა „სითი პარკის“ წარმომადგენელმა დააჯარიმა. ჯარიმის მიზეზი მანქანაზე სანებართვო ამოსაცნობი ნიშნის არქონა იყო, რომელსაც თბილისის მერია მხოლოდ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე გასცემს, ვისაც მანქანა საკუთრებაში ჰყავს. მაკამ ამ წესის შესახებ იცოდა, ამიტომ ბარათის მაგივრად  საქარე მინაზე ფურცელი დატოვა, სადაც ეწერა, რომ მანქანით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი სარგებლობს.

„მარიამს ხშირად ვატარებ სხვადასხვა ადგილზე, დღის ცენტრში, ცხენზე. არაადაპტირებული გარემოს გამო ორი წლის წინ სესხი ავიღე და მანქანა ვიყიდე. თუმცა აღმოვაჩინე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილ ადგილზე გაჩერების უფლება არ მაქვს, რადგან მშობელი ვარ. არ მესმის, ვისთვისაა გამოყოფილი ეს ადგილები. ჩემს შვილს ფიზიკურად ვერ ექნება მართვის მოწმობა, შესაბამისად, ვერც ამ ნებართვის სტიკერით ისარგებლებს“, - ამბობს მაკა.

მსგავსი ისტორია აქვს ანა აბაშიძესაც, რომელიც 2015 წლის 4 დეკემბერს ამავე მიზეზის გამო „სითი პარკმა“ კოსტავას ქუჩაზე მანქანის შშმ პირებისთვის გამოყოფილ ადგილზე  გაჩერებისთვის დააჯარიმა და ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანა. ანა აბაშიძესთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, კობა ნადირაძე იყო. მათაც საქარე მინაზე შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი დატოვეს, რადგან კობა ნადირაძეს საკუთრებაში არ ჰყავს ავტომობილი, შესაბამისად, ის არ სარგებლობს სანებართვო ბარათით.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის რეგულაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცა სპეციალური საცნობი ნიშანი და მას უნდა იყენებდნენ მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა. ამასთან, საცნობი ნიშანი შესაძლებელია გაიცეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებზე (ადაპტირებული M2 ან/დაM3 კატეგორიები, რომლითაც ძირითადად დღის ცენტრების ბენეფიციარები გადაჰყავთ).

თბილისის გარდა, ასეთივე რეგულაციები მოქმედებს  რუსთავში, ბათუმში, ფოთში, გორში, ზუგდიდში, თელავში და სხვა.

ანა აბაშიძემ და კობა ნადირაძემ აღნიშნული წესის  გამო დაჯარიმების ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრეს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ეს რეგულაცია ზღუდავს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების უფლებას, რომელთაც საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ჰყავთ.

„ამ უფლებით სარგებლობა სუბიექტს მხოლოდ თავის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების პირობებში შეუძლია, ანუ ის მიმართულია კონკრეტულ ნივთზე და არა სუბიექტზე. ამიტომ რეგულაციის შინაარსი მთლიანად დისკრიმინაციულია, რაც ნიშნავს, რომ გასაჩერებელი ადგილებით მხოლოდ ის შშმ პირები სარგებლობენ, ვისაც მანქანა საკუთრებაში ჰყავთ და მერიამ მას სპეციალური ბარათი მისცა. მეორე მხრივ, პრობლემა ისაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა თავისთავად დიდ ხარჯებთან და მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. მათ დიდ ნაწილს არ აქვს მანქანის ყოლის ფინანსური შესაძლებლობა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ უფლებით ძალიან ცოტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი სარგებლობს“, - ამბობს ანა აბაშიძე. მისივე განმარტებით, ეს წესი განსაკუთრებულად საზიანოა მშობლებისთვის, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებს მანქანით ატარებენ: “არაადაპტირებული გარემოს გამო, ბევრი მშობელი მანქანით გადაადგილდება, თუმცა, ისინი ვერ სარგებლობენ მათი შვილებისთვის გამოყოფილი მანქანის გასაჩერებელი ადგილებით“.

სასამართლო პროცესზე ანა აბაშიძისა და კობა ნადირაძის მოპასუხე მხარეებად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ. აბაშიძე „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ:

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ნებართვა გაიცეს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე და არა კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე. მეორე საკითხი ისაა, რომ ეს ბარათი უნდა იყოს მოძრავი და შშმ პირს მისი გამოყენება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის დროს შეეძლოს, მაგალითად, ტაქსით. ასე ხდება ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში“.

გარდა ამისა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ისინი საკრებულოსგან კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურებას ითხოვენ. აბაშიძის თქმით, დაჯარიმების დღეს, როცა „სითი პარკის“ თანამშრომლებმა მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს, გარეთ მინუს 7 გრადუსი იყო. მანქანას გაჰყვა მათი პირადი ნივთები და საფულე, რის გამოც მათ 112-ის სამსახური გამოიძახეს. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 40 წუთში მივიდა. კობა ნადირაძე პარალელურად რეკავდა გენერალური ინსპექციის ნომერზე და ითხოვდა, დაეჩქარებინათ პოლიციის გამოძახება, რადგან მისთვის შეუძლებელი იყო ხანგრძლივად ფეხზე დგომა და ეს მან სატელეფონო საუბარში ცხელი ხაზის ოპერატორთანაც აღნიშნა. სახლში მისვლისთანავე კი მას სახსრების პრობლემების გამო, სისხლჩაქცევა დაემართა და დამატებითი სამედიცინო მომსახურება დასჭირდა.

სასამართლოში შემდეგი პროცესი 30 ივნისსაა ჩანიშნული. ანა აბაშიძის თქმით, პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ რეპლიკის ეტაპი, სადაც მხარეებს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება აქვთ:

„მართალია წინა ორ პროცესზე საკრებულოს წარმომადგენლები არ აღიარებდნენ, რომ რეგულაცია დისკრიმინაციულია, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ, 30 ივნისს სასამართლო სწორ გადაწვეტილებას მიიღებს“, - ამბობს აბაშიძე.

საკრებულოს 2007 წლის რეგულაციასთან დაკავშირებით, ანა აბაშიძემ და კობა ნადირაძემ 2016 წლის აპრილში სახალხო დამცველსაც მიმართეს და მოსამართლისთვის სასამართლოს მეგობრის მოსაზრების გაზიარება სთხოვეს. „ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება შშმ პირთა საჭიროებებს, მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და თავისუფალ განვითარებას, სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში და  ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შშმ პირთა მიზნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ნორმატიული ბაზის შექმნაში“, - ეწერა ომბუდსმენის განცხადებაში.

თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნისა და საკრებულოს წარმომადგენლის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, მას სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია არ აქვს. თუმცა ამბობს, რომ საკრებულოს 2007 წლის რეგულაციის ცვლილება ისედაც დიდი ხანია იგეგმება და საკრებულო აქტიურად მუშაობს კანონპროექტის შემუშავებაზე:

„ეს საკითხი ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იყო. შემუშავებულია მოდელი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში. კერძოდ, კანონპროექტში წერია, რომ ეს ნებართვის ბარათი უნდა გაიცემოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე და არა მის კუთვნილ ავტომობილზე. ასევე ბარათი უნდა იყოს მოძრავი და მისით სარგებლობა ნებისმიერი ავტოტრანსპორტით გადაადგილების დროს უნდა იყოს შესაძლებელი“.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, რეგულაციის ცვლილების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ ფიქრობს, რომ შემოდგომისთვის მასზე მუშაობა დასრულდება.

სტატია დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...
08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი

მეტი

^