Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაგდას „საკუთარი ოთახი“ და ალქაჯებზე ნადირობა

12 ივლისი 2016

ნაწილი პირველი

,,ქალმა უნდა იცოდეს საზღვარი. კაცზე მეტი მოეთხოვება!“; „დედა არ უნდა დადიოდეს ღამის კლუბში!“; „მეცოდება ის კაცი. ღმერთმა გააძლიეროს!“; „ქალებო, ნუ აიშვით! ილოცეთ, ქვეყანას მომავალი გაუზარდეთ. ამას კლუბებში სიარულით ვერ მიაღწევთ. ეს საცოდავი კაცი ციხეში ჩაჯდება და ვინ დარჩება მოგებული?!“; „ცოლს რომ არ გაემწარებინა, ხომ არ ჩაიდენდა?!“; „ასეთი ქალებისთვის ერთი რეცეპტი არსებობს: არ იტლიკინოთ, არ იბოზოთ და არავინ მოგკლავთ!“; „ის მიიღო, რაც დაიმსახურა!!!“; „გააჩნია, რატომ კლავს კაცი ცოლს. ასეთ კახპებს კლავენ და ღირსებიც არიან!“.

VS

„მაგ უზნეო ქალს 160 ფოტო უდევს ფეისბუქზე და არც ერთი - ქმარ-შვილის! სადაა ოჯახი?!"; „დედა ჯერ შვილის ფოტოებს უნდა დებდეს!“; „ამძუვნებული ნიმფომანკა ძუკნა!"; „ტუპაია პიზდას ყ ვიტამინი მოაკლდა!“; „საზიზღარი არსება! როგორ აჭყეტს თვალებს! ნაირნაირ პოზაში გადაუღია ფოტოები. სახეზე ეტყობა, რაცაა!"; „ეს მკვლელობაზეც მოაწერდა ხელს. გათხოვილი ქალი და დედა თუ ისე აიშვებს, რო სხვა კაცს მისცეს...“; „მხოლოდ თავისი გაჩაჩხული ფეხები გამოუფენია ფეისბუქზე. ერთი ფოტოც კი არ უდევს ქმრის!“; „მოსაკლავი ყოფილა. მე რო პოლიციელი ვყოფილიყავი, ვცემდი კი არა, დედას არ მ****ვდი?!“; „ასეთი ცოცხლად უნდა დაწვა. ციხე შვებაა ამისთვის!“.

ასეთ კომენტარებს იპოვით ინტერნეტში სხვადასხვა მკვლელობების შესახებ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პირველ შემთხვევაში კაცია მკვლელი, მეორეში კი - ქალი. ეს სექსისტური ფრაზები ნათელს ჰფენს ქართულ გენდერულ რეალობას. რატომ უნდა დებდეს დედა ქმარ-შვილის ფოტოებს? რატომ არ უნდა ჰქონოდა ბრალდებულს საკუთარი „თამამი“ სურათები სოციალურ ქსელში? იმიტომ, რომ პატრიარქალური აზროვნების თანახმად, დედობა და ცოლობა ნიშნავს ოჯახისათვის თავის შეწირვას, ჩრდილში დგომას, უკანა პლანზე გადასვლას, თავის ზვარაკად მიტანასა და საკუთარი მეორეხარისხოვნების აღიარებას. ქალს მხოლოდ იმიტომ აქვს არსებობის უფლება, რომ მის საშვილოსნოს ახალი სიცოცხლის ჩასახვის უნარი შესწევს. თუკი მის ვაგინას არ უშვია, უწმინდურია; თუ დედაა, რაღა საჭიროა სხვა სტატუსი? მხოლოდ ქმარ-შვილის ფოტოები უნდა გამოამზეუროს და იძახოს: „ჩემი ორი ცალი“; „Hemi tkbili ojaxii”. ნამდვილმა ქალმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „მე“. ფეისბუქის საერთო ანგარიშიც უნდა ჰქონდეს; მაგალითად: დეა-რამაზი, ან მაგდა-დათო. არა, პირიქით აჯობებს: რამაზი-დეა, დათო-მაგდა. ჯერ კაცი და მერე - ქალი. ეს უკანასკნელი ერთი საფეხურით დაბლა უნდა იდგეს. ნეკნია მაინც. დანამატი. მონა-მსახური. არასდროს დარაზმულა ერი ასე ერთსულოვნად და ასეთი გავეშებით არ დასძგერებია ცოლის მკვლელი კაცის ფეისბუქ-პროფილს, არც გულდასმით არ დაუთვლია, რამდენ ფოტოზე იყო გამოსახული მისი მსხვერპლი, არც ცოლ-შვილთან ერთად გადაღებული სურათების რაოდენობის მიხედვით უმსჯელია მის ,,კაი კაცობაზე“, არც მისი გამჭოლი, ან ცივი მზერის, არც გაჩაჩხული, თუ დაკოჟრილი ფეხების, არც ჩაცმულობის ყაიდის დაკვირვების შედეგად არ დაუსკვნია, რომ ,,მკვლელობაზეც სპასობნი იყო“. მასზე არავის უთქვამს: ,,ცოლიანი კაცი და მამა თუ ისე აიშვებს, რო მეზობლის ქალთან დაწვეეეს“... რამდენიმე ,,განსწავლული“ ენამზეობდა, - რა ეტყობა ამას გლოვის, გვარიანად მოსუქებულა ჩვენი მაგდაო. ქართული მენტალური პროვინციალიზმით შეპყრობილი ადამიანების მტკიცებით, ჭარბი ქონი, გასიებული მუცელი და თურაშაულის ვაშლივით მოღაჟღაჟე ლოყები ჩინებული ჯანმრთელობის ნიშანია. დიაბეტით დაავადებული, ორგანიზმის უამრავი ფუნქციური დარღვევით დატანჯული მაგდა გასუქდა! ამაზრზენია, ერო, ზნეობის სადარაჯოზე გამოდი! სამაგიეროდ, არასოდეს განუსჯია ხალხს ბრალდებული კაცი არც ღიპის სიდიდის, არც წელის გარშემოწერილობის, არც ლოყების სისქის, არც ბარძაყის სიმსხვილის, არც წონის და არც სხვა ამგვარი ,,პარამეტრების“ გათვალისწინებით. მიზეზი? მაგდა ქალია. პატრიარქატი ასე ეპყრობა ქალს და არა - კაცს. რა შუაშია „საკუთარი ოთახი“? მალე. სულ მალე.

ჰერმენევტიკული წიაღსვლა არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ საზოგადოება სხვადასხვაგვარად განსჯის ქალსა და კაცს. სქესი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია; სწორედ ის განსაზღვრავს ხალხის ემპათია-თანაგრძნობის „ხარისხსაც“ და ძაგება-გაქილიკება-გაკილვის სიმძაფრე-სიმწვავესაც. მკვლელი ქალი ცოცხლად უნდა დავწვათ და ავკუწოთ, ცოლის მკვლელზე კი ვთქვათ: „საწყალი კაცი, რა დღეში ჩააგდო ბოზმა ქალმა!“. ეს ზნემაღალი ხალხი არასოდეს გამოიჩენს ასეთ შემწყნარებლობას დამნაშავე ქალისადმი. მხოლოდ მაშინ აღმოხდებათ აღტაცებანარევი შეძახილები, როცა ქალის თავ-კისრად შერაცხული კაცი საკადრისად დასჯის „უწესო“ ცოლს, ადგილს მიუჩენს „აღვირახსნილს“ და „მუხლებში გადაამტვრევს", რადგან სიკვდილის ღირსია ქალი, რომელიც გაბედავს განქორწინებას, ოჯახური ბორკილებისაგან თავის დახსნას, ან ღალატს (ამგვარი საქციელი „უმტკივნეულოდ“ მიეტევება კაცს). ბრალდებულ ქალს წამებით უნდა ამოვხადოთ სული; აი, ცოლის მკვლელს კი თავზე ხელი გადავუსვათ, შევიბრალოთ და ვინატროთ, ღმერთმა დალოცოს და განსაცდელი გადაატანინოს. იგი რომანტიკულ-ჰეროიკული საბურვლით უნდა შევმოსოთ, უიმედო სიყვარულით დატანჯულ, მწუხარე სახის რაინდად, ქალისაგან განაწამებ, სიგიჟის ზღვარამდე მისულ გმირად შევრაცხოთ. ერი აღტყინებით გაიძახის: „დაანებეთ თავი მაგ კაცს! თავისი გაჭირვება ეყოფა! ისედაც შავ დღეშია!“. აი, ბრალდებულ ქალს კი არასოდეს „ჰყოფნის“ არც თავისი გაჭირვება, არც შავი და არც ნარინჯისფერი დღე. საჯაროდ უნდა გამოვაჭენოთ, მისი ფოტოები ვაფრიალოთ, ჩაქოლვა, ჩამოხრჩობა და მიწაში დალპობა ვუსურვოთ. „იქნებ, როგორ გაამწარა ცოლმა?! კაცს რო ყელში ამოუყვან და გადაეკეტებააა“... მხოლოდ კაცს შეიძლება „გადაეკეტოს“ და ყელში ამოუვიდეს; აი, ქალს - არა; ყველაფერი ფრიადზე მოეთხოვება; უხმოდ უნდა მოითმინოს ძალადობაც, დამცირებაც, ტოტალური კონტროლიც. არც ქმრისაგან მოკლულ ქალს არ ჰყოფნის თავისი გაჭირვება. ისედაც მიწა აყრია და ცივ სამარეში განისვენებს, მაგრამ მორალისტმა საზოგადოებამ ხუთჯერ მეტი მიწა უნდა მიაყაროს და გაარკვიოს, რატომ დაშორდა ქმარს, ქორწილის ღამეს ქალიშვილი ჩაჰბარდა ,,პატრონს“, თუ არა, პორნოფილმი ხომ არ ჩაურთავს ოდესღაც, ან საყვარელთან ხომ არ ერთობოდა. 30 ლარის მიღების სურვილით გახელებული, ტინგიცა საიტების „ჟურნალისტები“ შეესივნენ დაპატიმრებული ქალის დის ფეისბუქს: „მაგდამ თქვა, სხვა კაცი შემიყვარდაო. შენი დაა ბოზი, მე კი არა!“ ფსიქოანალიზის რამდენიმე ,,ლომს“ წიაღსვლებიც არ დაეზარა და თვითკმაყოფილი, მწიფე ლეღვის იერით გვამცნო: „მკვლელი ქალის სხვადასხვა პოზებში გადაღებული ფოტოები მიუთითებს მისი პიროვნების უარყოფით მხარეებზე!“. ფსიქიკის ამ „ქურუმებს“ აზრად არ მოუვათ, მსგავსი „საზომით“ შეაფასონ მკვლელი კაცი და მისი პირადი გვერდი გადააქოთონ. როცა ქალთა მკვლელობები გაჩაღდა, დაბეჯითებით გვიმეორებდნენ, რომ „ზედაპირულად არ უნდა გვემსჯელა“, მიზეზებს ჩავღრმავებოდით და დამნაშავეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაგვეთვალისწინებინა; მაგდა პაპიძის დაპატიმრებისას კი არავის უხსენებია მისი ამგვარი საქციელის მიზეზი და არც მისი ფსიქიკის ბნელ ლაბირინთებში გზის გაკვლევა მოუთხოვია ვინმეს ესოდენ დიდი მგზნებარებით. მიზეზი? მაგდა ქალია. რატომ „საკუთარი ოთახი“? მალე. სულ მალე.

ცოლის მკვლელის სახე საგულდაგულოდ უნდა დავმალოთ; აი, ქმრის მკვლელს კი გამადიდებელი შუშით, ან ჭოგრიტით ვუმზიროთ, პირდაპირ ეთერში გამოვაჭენოთ მისი „სექსუალურ-ეროტიკული“ სურათები, ფეხის ზომა, წელის გარშემოწერილობა, სვირინგები, მაკიაჟის ყაიდა, მოკლე კაბა, საცვლების ფერი და თეთრეულის საყვარელი ბრენდის სახელწოდება. მეტი სიზუსტისა და პიკანტურობისათვის, გადატანილი აბორტების ზუსტი რიცხვიც დავასახელოთ. აი, თუ საყვარელთან სექსის დეტალებსა და ორგაზმის მიღწევის მეთოდ-ხრიკებსაც გამოვამზეურებთ, მთლად კარგი და გადასარევი. მოკლული კაცი (თვისებებისა და ზნე-ხასიათის მიუხედავად) საყოველთაო სიბრალულს იმსახურებს, მაგრამ როცა კაცი კლავს (ყოფილ) ცოლს, მსხვერპლის „უზნეობით“ ამართლებენ დამნაშავეს და თანაუგრძნობენ მოძალადეს, რომელსაც თურმე, მძიმე დღე და ცუდი სიმთვრალე ჰქონია; თან, „ბოზ ცოლს გაუმწარებია“. „შუაზე გავგლეჯდი ამ ნაბოზარს!"; „რად უნდა სასამართლო? დაწვით ცოცხლად." - ამას ამბობს იმ კატეგორიის ხალხი, რომელიც გაჰყვირის: „თუ ცოლი ღალატობდა, უნდა მოეკლა"; „თუ გაშორდა, უარესის ღირსი ყოფილა". მიზეზი? მაგდა ქალია. არასოდეს გვინახავს, ასეთი სიძულვილის ნიაღვარი დაენთხიოს ხალხს ცოლის მკვლელისათვის. თუნდაც, განზრახ ჩაედინა მკვლელობა ქალს. ეს გარემოება უფლებას აძლევს საზოგადოებას, მის საცვლებში იქექეოს? მოძალადე ქმრებმა განზრახ მოკლეს 34 ქალი 2014 წელს, მაგრამ ზეზნეობრივმა ერმა ისეთი არგუმენტები გამოტანჯა მკვლელების გასამართლებლად, ირანს შეშურდებოდა; არავინ დაინტერესებულა ბრალდებულთა ქორწინებამდელი კავშირებით და არც მისი საყვარლები არ დაუთვლია ვინმეს. რამდენიმე ბრძენკაცმა და ბრძენქალმა შენიშვნა მოგვცა: „ყველგან სექსიზმსა და ქალის ჩაგვრას ნუ ხედავთ. ბავშვის მკვლელობის გამო იჩინა თავი ასეთმა ინტერესმა“. მოდით, გადავამოწმოთ, რა როლს თამაშობს სქესის ფაქტორი: სამი წლის წინ, კაცმა ცოლ-შვილი დახოცა (ბავშვი 5 წლის იყო). არც ერთ მედიასაშუალებას არ განუხილავს, ვისთან იწვა ბრალდებული ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, ვის სთხოვა აბორტის გაკეთება, ვაჟიშვილი ჩაჰბარდა ცოლს, თუ არა და რა პოზაში ჰქონდა სექსი. „რატომღაც“, არავის მოსვლია აზრად მკვლელის საცვლებში ქექვა. სამაგიეროდ, ყველამ იცის მაგდა პაპიძის სახელი, ქალწულობის დაკარგვის სავარაუდო თარიღი, ფეისბუქზე განთავსებული მისი ფოტოებისა და გადატანილი აბორტების ზუსტი რაოდენობა. ბრალდებულმა პაპიძემ თავად მოითხოვა მედიის ჩართულობა და იქვე აღნიშნა, რომ სხდომა უნდა დახურულიყო მაშინ, როცა მის პირად ცხოვრებაზე ისაუბრებდნენ. ნამდვილად არ უთქვამს, ჟურნალისტებმა დახურული სხდომიდან უნდა გაიტანონ ცნობები, პირი მოაღონ და ერს აუწყონ, რამდენჯერ ვიწექი საყვარელთან და როდის გავიკეთე აბორტიო. სწორედ მაგდას სქესმა გამოიწვია ასეთი ავადმყოფური ინტერესი, რადგან ვნახეთ, რომ არც ცოლ-შვილის მკვლელი კაცის ინტიმური ცხოვრება არ გამოუმზეურებიათ და წვრილად არ ჩაუკაკლავთ, ვისთან დაკარგეს ვაჟწულობა. ერთადერთი სახელი ჰქვია ამ მოვლენას: სექსისტურ-პატრიარქალური ნაგავი. მკვლელი კაცის სასამართლო პროცესი იხურება პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით; სამაგიეროდ, ქალის გასამართლებისას, დახურულ (!) სხდომაზე განიხილული ინფორმაცია გულდასმით უნდა ჩავუკენჭოთ ერს. ბავშვი რომ არ გამხდარიყო მსხვერპლი (ბრალდებულს სულ რომ არ ჰყოლოდა შვილი) და უბრალოდ, მაგდას საყვარლის არსებობა გამოაშკარავებულიყო, მედია და ხალხი დაიწყებდა მისი პირადი ცხოვრების გამოქექვას, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ როცა ქალთა მკვლელობების ბუმი დაიწყო, დიდი მონდომებით არკვევდნენ, საყვარელი ხომ არ ჰყავდა ქმრისაგან მოკლულ ქალს, ან „დედაკაცისთვის“ „შეუფერებლად“ ხომ არ ეცვა.

ბრალდებულმა აღნიშნა, რომ სცემეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ პატიმარ კაცზე ძალადობამ გამოიწვია ერთ მუშტად შეკრული ერის გავეშება და პროტესტი; ბრალდებული ქალის ცემა, ღირსების შებღალვა კი გამართლებული ყოფილა მისი „უზნეობით". „ძალადობა ცუდია, მაგრამ...“ ეს ფაშისტური „მაგრამ“ დაივიწყებს ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობას და მწარე მიზოგინიით გვეტყვის: „ის ქალი ბოზი იყო!“; „საცემი კი არა, მოსაკლავი ყოფილა!“. როცა საზოგადოება სრულიად სამართლიანად აღუდგა წინ პატიმრებზე ძალადობას, არავინ დაინტერესებულა მათი პიროვნული თვისებებით, არც მორალით, არც ქცევით და არც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე-სიმსუბუქით, მაგრამ სამაგიეროდ, უმრავლესობამ ქვა და ტალახი დაუშინა ეჭვმიტანილ ქალს, რომელმაც ძალადობა ამხილა; ხელებდაკაპიწებულნი, გამალებით შეუდგნენ მის თეთრეულში ქექვას; ზნეობის, ხასიათისა და ფეისბუქის ფოტოების შესწავლას: „მეტის ღირსია“; „ზნედაცემული ძუკნა!“. კაცებზე ძალადობის გაპროტესტებისას არავის მოუშველიებია მსგავსი ფრაზები. მიზეზი? მაგდა ქალია.

მაგდას მკვლელობის გამო გაასამართლეს, მაგრამ ქალთმოძულეები „დამატებით“ ბრალდებას აფრიალებენ: ქმრის ღალატი მიუტევებელი დანაშაულია. „ სასჯელის ობიექტი მხოლოდ სექსუალობაა; ესაა საზოგადოების შურისძიება ქალზე, რომლის ცხოვრებაც თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს მოიცავს... მართლმსაჯულებისა და მორალური განსჯის უცნაურ და ანაქრონულ სიმბიოზს ვაწყდებით. მართლმსაჯულებისა და საზოგადოებრივი მორალის ეს გარყვნილი ალიანსი ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ გვაჩვენებს ქალის სექსუალობისათვის დაწესებულ საზღვრებს, რომელთა გადალახვაც დანაშაულივით მიემართება კონკრეტულ სქესს. ეს გარყვნილება ქალის სექსუალობას გარყვნილების სტიგმას ადებს, დანაშაულად მიუთვლის, გაკიცხავს და მოიკვეთს. ქალები კლავენ სტერეოტიპებს, მათ ჩაგვრასა და დათრგუნვას რომ განაპირობებს; ამით უპირისპირდებიან თავსმოხვეულ წესებს; იმას, რასაც მოითხოვს საზოგადოება მათგან. ამიტომ, ეს არ არის ერთი კერძო საქმე; აქ ასამართლებენ არა კონკრეტულ დანაშაულს, არამედ - ქალის სხეულს, მის სექსუალობასა და ნების თავისუფლებას; ასამართლებენ ჩვენი, კაცების, მამების, შვილების, ქმრების, არამკითხე მოამბეების, ფანჯრებიდან მომზირალი მეზობლებისა და სხვა ათასი ჯურის მიზოგინების სახელით.“ - წერს ვახუშტი მენაბდე.

,,პატერნალისტურ-პატრიარქალური სასამართლო სექსუალობის საბურველში ჰხვევს გოგონების დანაშაულსა და კანონდარღვევას – ამგვარად, შესაძლოა, დელინკვენტური ქცევა, იგნორირებული, ან შეუმჩნეველი დარჩეს ქალის „უღირსობის“, ,,უზნეობისა“ და „ამორალური“ სექსუალური ცხოვრების ასპექტების ფონზე",-წერს სოციოლოგი მაიკ ბრეიკი. სწორედ მის მოსაზრებას ადასტურებს ამგვარი ეროვნულ-სექსისტური „სიბრძნე“: „მაგდამ მაშინ მოკლა ქმარი, როცა სხვა კაცთან დაწვა. სულ რომ უდანაშაულო იყოს, მაინც ცხენის კუდზეა გამოსაბმელი ღალატისა და ოჯახის შერცხვენის გამო. რას აუშვირა ფეხები სხვა ბიჭს?“ კაცის განსჯისას არავის ახსენდება მსგავსი მორალური პრინციპები. მიზეზი? მაგდა ქალია.

სრულიად უდანაშაულო რომ იყოს მაგდა, მიზოგინთა აღტყინებული ჯგრო მაინც ჩაქოლავს საყვარლის ყოლის გამო (სწორედ ისე, როგორც ქმრებისაგან დახოცილ ქალებს ქოლავს, განაქიქებს მათ „ზნეობას“ და მსხვერპლისაკენ იშვერს თავის ბინძურ ხელს), რადგან „უკანონო“ და „შტამპდაუსმელი“ სქესობრივი კავშირი ქალის უმკაცრესი სასჯელია პატრიარქალურ სამყაროში. მაგდა დამნაშავეა, თუ არა, ამ ფაქტს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მისი ინტიმური ცხოვრების განხილვისას, რადგან სექსიზმის რუპორი უმრავლესობისათვის, იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება ზნედაცემულ ქალად („მოღალატეობა“ უმძიმესი ბრალდებაა. „ოჯახი ლაფში ამოსვარა, ქორწინებამდე ჰქონდა სექსი, აბორტი გაიკეთა, ცოლქმრული სარეცელი „წაბილწა“ და ა.შ.). ქალთმოძულეთა ნაციონალურმა ფრონტმა მაგდას კარგა ხნის წინ გამოუტანა მორალურ-პატრიარქალური განაჩენი (მხოლოდ ქმრის ღალატის გამო).

რატომ „საკუთარი ოთახი“? რა შუაშია ბრჭყალებში ჩასმული ეს ორიოდე სიტყვა? რა კავშირი აქვს მაგდასთან ინგლისელი ფემინისტისა და მოდერნისტული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის, ამ ნაწარმოებს? მალე. სულ მალე.

პირველი ნაწილის დასასრული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^