Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წინაასარჩევნო ნაბიჯი თუ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

13 ივლისი 2016
განათლების სფეროს ექსპერტები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებს აფასებენ

მთავრობის სხდომის დაწყებამდე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.  

კერძოდ, მისი თქმით, ე.წ. ვიდეოგაკვეთილის ჩაწერა ნებაყოფლობითი გახდება, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ პედაგოგებს, რომელებიც ახლა სქემის მეორე საფეხურზე არიან (უფროსი მასწავლებელი) სქემით განსაზღვრულ მესამე საფეხურზე, ანუ წამყვანი პედაგოგის სტატუსის მისაღებად ვიდეოგაკვეთილის ჩაწერა აღარ მოუწევთ და შემდეგ საფეხურზე გადასასვლელ ქულებს სხვა აქტივობით მოიპოვებენ. თუმცა ჯერ ცნობილი არაა კონკრეტულად რა ალტერნატივას შესთავაზებს სამინისტრო პედაგოგებს. 


როგორ აფასებენ ექსპერტები ცვლილებებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში?

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის" ხელმძღვანელს, განათლების სპეციალისტს, შალვა ტაბატაძეს მიაჩნია, რომ სქემაში ცვლილებები წინაასარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია და მინისტრი მასწავლებლის ხმების მოპოვებაზეა ორიენტირებული და არა სქემის განვითარებაზე. მისივე თქმით, ერთი კომპონენტის ცვლილებება პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს. 

შალვა ტაბატაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ სქემა ეფექტური ვერ იქნება, რადგან სქემაში ჩამოთვლილი აქტივობები თუ სკოლის კულტურის ნაწილი არ გახდა, სკოლებს მხოლოდ ბიუროკრატიულ ბარირებს  შეუქმნის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით შედეგებს ვერ მოიტანს, მაგალითად კი მასწავლებლების თვითშეფასების კითხვარი მოაქვს. 

“თვითშეფასების კითხვარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინსტრუმენტია. თვითშეფასებას და თვითაღქმას უნდა ახდენდეს მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, მოსთხოვს თუ არა მას სახელმწიფო. მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ თვითშეფასების კითხვარის შევსებით მასწავლებელმა საკუთარი საჭიროებების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარება კი არ მოახდინა, ერთი და იგივე მასწავლებელი ყველა თავის კოლეგას უვსებდა თვითშეფასების კითხვარებს. ეს კონკრეტული მასწავლებლებისთვის შემოსავლის წყაროთაც კი იქცა. ამ ერთი კომპონენტის გამოცდილებიდან გამომდინარე  თვალნათელია, თუ რა ბიუროკრატიული პრობლემები შეიქმნება სკოლებში, თუ ამას კავშირი არ ექნება პროფესიულ განვითარებასთან. ამიტომ არის ზოგადად სქემა პრობლემური, გარე შეფასების კომპონენტში არჩევითი იქნება ვიდეოგაკვეთილი, თუ სხვა მასწავლებელი დააკვირდება, დიდად პროცესს ვერ შეცვლის, ზოგადად სისტემა სხვაგვარად უნდა იყოს გააზრებული", - ამბობს შალვა ტაბატაძე

განათლების სპეციალისტის, რეზო აფხაზავას თქმით, შიდაორგანიზაციული კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, უნდა იყოს საჯარო და ასევე სამინისტრომ შეფასების ალტერნატიული გზები უნდა შესთავაზოს პედაგოგებს. 

“რეალურად პილოტირების რეჟიმია და ცვლილებები ტრაგედია არ არის, თუმცა ამ ცვლილებებს უნდა ახლდეს ალტერნატივები. მასწავლებლის შეფასების კომპონენტი არის მნიშვნელოვნად დასახვეწი - ერთი კომპონენტი აქ უნდა იყოს სკოლის შიდა შეფასება, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, უნდა არსებობდეს გარე შეფასებაც. მისი ალტერნატივა არ არის მარტო სხვა მასწავლებლის, კოლეგის მიერ შეფასება, ასევე შეიძლება მასწავლებელი იმ ტრენერმა შეაფასოს, რომელმაც გარკვეული უნარები განუვითარა მას. ბევრი ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, ამას კარგად მოფიქრება სჭირდება“.

განათლების მკვლევარ სიმონ ჯანაშიას აზრით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი ღირებული ვერ იქნებოდა. მისი თქმით, შედეგი ვერ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვიდეოგაკვეთილები, თუნდაც როგორც ერთ-ერთი ალტერნატივა, იმავე ფორმით შენარჩუნდება: "მხოლოდ არჩევნის საშუალება არ არის საკმარისი, რომ ეს სისტემა უკეთესი იყოს. საჭიროა ის, რომ გაკვეთილის ჩანაწერი გაკეთებული იყოს არა შეფასების, არამედ განვითარებისთვის. სწორედ ეს კომპონენტი აკლია ამ სქემას. მაგალითად, მასწავლებლები, რომლებიც აკეთებენ გაკვეთილების ჩანაწერს და თვითონ განიხილავენ ამას საკუთარ კოლეგებთან ერთად, გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე ის მასწავლებლები, რომლებიც ამ ჩანაწერებს რაღაც ორგანოში წარადგენენ და იქ დადგინდება, კარგი მასწავლებელია ის თუ არა. პირველი შემთხვევა მიზნად განვითარებას ისახავს, მეორე შემთხვევაში მიზანი სერტიფიცირებაა, რომ ბიუროკრატიამ დაადგინოს, ფლობს თუ არა ეს მასწავლებელი რაღაც უნარებს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს პროცესი ფორმალური ხდება და არ ასახავს რეალობას, აჩვენებს მხოლოდ მასწავლებლისთვის სასურველ სურათს, რათა მან მეტი ხელფასი დაიმსახუროს და ა.შ."

სიმონ ჯანაშიას თქმით, გადაწყვეტილება პოზიტიურია, მაგრამ მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ირაციონალური გადაწყვეტილებები იყო წარსულში მიღებული.

“ამ სისტემის განვითარებაზე დაიხარჯა ბევრი ფული. ისიც საინტერესოა, ინფრასტრუქტურის ყიდვა დაიწყეს თუ არა. ლაპარაკი იყო ყველა სკოლაში ოთახის მოწყობაზე, აპარატურის ყიდვაზე და ა.შ. თუ ამაში ფული დაიხარჯა, გადაყრილია ეს ფული. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ იქნება სხვა ცვლილებებიც. ახლა დაიწყება ამ სქემის გაუქმება იმ რიტორიკით, რომ სქემა უმჯობესდება”, - ამბობს სიმონ ჯანაშია. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე მიიჩნევს, რომ ერთი რომელიმე ნორმის შეცვლა არსებითად ვერაფერს შეცვლის, რადგან პრინციპული ცვლილებებია საჭირო. მისი აზრით, სქემაში მასწავლებელთა მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ტოტალურად ყველას მასში ჩართვას არ უნდა ავალდებულებდეს.

“გარე შეფასება ეხებოდა სერტიფიცირებულ მასწავლებელს ანუ  უფროს მასწავლებელს, რომელმაც გამოცდითაც დაადასტურა თავისი კომპეტენცია. რეალურად ამ კომპონენტის ცვილება (უფროს მასწავლებლებს ალბათ გაუხარდებათ), ვალდებულების მოხსნაა. თუმცა გააჩნია, რა ალტერნატივები იქნება შეთავაზებული. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილება დღეს სკოლებში არსებულ ვითარებას ვერ გამოასწორებს. მთლიანად კონსტრუქციაა შესაცვლელი და არა კონსტრუქციის რაიმე დეტალი. თუმცა, ამ დეტალის ცვლილება უფრო პოზიტიურია, ვიდრე აქამდე არსებული”, - ამბობს გიორგი გახელაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^