Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიკვდილით დასჯის პოლიტიკური ფასი თურქეთისთვის

20 ივლისი 2016

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენას ყოველდღე აანონსებენ და ამას ხალხის მოთხოვნას უწოდებენ. საერთაშორისო საზოგადოება კი ამის გამო აღშფოთებას გამოთქვამს და ქვეყნის ხელისუფლებას აფრთხილებს რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში თურქეთი ვერც ევროკავშირის წევრი გახდება და ვერც უვიზო მიმოსვლაზე მიიღებს თანხმობას.  მას თავისი ვალდებულებები ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც შეახსენა.

გარდაუვალი შედეგი, რასაც თურქეთს ამბოხებულების წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის შემოღება მოუტანს, ევროსაბჭოდან გარიცხვა იქნება, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სიკვდილით დასჯას როგორც მშვიდობის, ასევე ომის პერიოდშიც კრძალავს. კონვენციის მეორე მუხლში აღნიშნულია, რომ სიცოცხლის ხელყოფა ამბოხების ან ჯანყის კანონიერი გზით აღკვეთისას ამ მუხლის დარღვევად არ ჩაითვლება. კონვენციის მეექვსე მუხლი სიკვდილით დასჯას ყველა სიტუაციაში კრძალავს, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების დროს, გარკვეული დანაშაულების შემთხვევაში, სახელმწიფოს ამის შესაძლებლობას უტოვებს. თუმცა ორივე მუხლმა ფაქტობრივად ძალა დაკარგა კონვენციაში მე-13 დამატებითი მუხლის შემოტანით, რომელმაც სხვისი სიცოცხლის ხელყოფა როგორც მშვიდობის, ისე ომის დროსაც აკრძალა.

თურქეთი ევროკონვენციის ხელმომწერია და ზემოხსენებული მე-13 მუხლიც რატიციფირებული აქვს. სწორედ ამ მუხლს უკავშირდება ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმება. 1999 წელს თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმმა კენიაში ქურთების მუშათა პარტიის ლიდერი აბდულა ოჯალანი დააკავა. ის ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და დღევანდელის მსგავსად, თურქი  საზოგადოება მის წინააღმდეგაც სიკვდილით დასჯის გამოყენებას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა და მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2004 წლიდან კი, მას შემდეგ რაც თურქეთმა მე-13 მუხლის რატიფიცირება მოახდინა, სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაერო-ის განვითარების ფონდისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი და ექსპერტი ბესო ბოხაშვილი, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგებიდან გამომდინარე, თურქეთის ხელისუფლებისგან ამ ნაბიჯის გადადგმას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. იმიტომ, რომ ქვეყანას ევროსაბჭოს წევრობასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატობასთან დამშვიდობებაც მოუწევს. ეს კი მისთვის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ იქნება.

თუკი ასეა, რატომ აგრძელებენ თურქეთის პრემიერი და პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის შემოღებაზე საუბარს?! ბესო ბოხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამას ხელისუფლება თამასის ასაწევად აკეთებდეს. ამბოხებასთან კავშირის გამო ქვეყანაში მოსამართლეები, საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეცნიერებს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, რამაც საერთაშორისო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  თურქეთმა სიკვდილით დასჯაზე უარის თქმის სანაცვლოდ დასავლეთს ზემოხსენებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა მოსთხოვოს.

სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოტივსა და შედეგებზე საუბრობს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ იურისტი გიორგი ბურჯანაძეც. მისი განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თურქეთის დასასჯელად ბევრი საშუალება აქვს -  პოლიტიკური სანქციები, მოწოდებები, ევროსაბჭოდან გარიცხვა, გარკვეული იზოლაციები ვიზებთან დაკავშირებით, როგორც ეს რუსეთის  შემთხვევაშია, როცა რამდენიმე პირის მიმართ სავიზო სანქციები მოქმედებს.

„შედარებისთვის, აფრიკელი დიქტატორები ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ ჩადიან იმის გამო, რომ საერთაშორისო დონეზე იძებნებიან  და მათ ლეგიტიმაციას არავინ აღიარებს.  თუ მთავრობას ვინმე არ აღიარებს, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და თურქეთის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნავს იურისტი „ლიბერალთან“ საუბრისას.

გარდა ამისა, თუ თურქეთის ხელისუფლებას ფეთჰულაჰ გიულენისა და საბერძნეთში გადასული სამხედროების ექტრადირება უნდა, მან სიკვდილით დასჯა არ უნდა დააწესოს.  ევროკონვენციის თანახმად, ქვეყნებს ადამიანების იმ ქვეყნისთვის გადაცემის უფლება არ აქვთ, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს და სადაც შესაძლოა, ისინი ამ სასჯელს დაექვემდებარონ. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, ასეთ დროს ქვეყანას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პირის მეორე სახელმწიფოსთვის გადაცემის უფლება, თუკი მეორე ქვეყანა მტკიცებულებებსა და, ე.წ. დიპლომატიურ რწმუნებას წარუდგენს, რომ ამ კონკრეტული პირების წინააღმდეგ სიკვდილით დასჯას არ გამოიყენებენ.

გიორგი ბურჯანაძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელსუფლებამ სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით დანაპირები შეასრულოს. დღევანდელ განცხადებებს კი ქვეყნის შიგნით არსებული არეულობით ხსნის, როცა ჯერ კიდევ არა ბოლომდე გარკვეული, ვინაა ამბოხებული და ვინ - არა. იურისტის შეფასებით, ამ სიტუაციაში ხელისუფლებას სურს, რომ ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს, სახალხო ლეგიტიმაციით ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრას ცდილობს და სიკვდილით დასჯის საკითხსაც ამ კონტექსტში განიხილავს.

 „ყველაზე ცუდი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, კონსტიტუციური ცვლილებებია. ერდოღანს უნდა, რომ მისი უფლებამოსილება გაიზარდოს და თუ ამას შეძლებს, ძალიან ცუდი იქნება. მთავარია, რომ მღელვარების მუხტი გაგრძელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პერიოდით, რა პერიოდიც აუცილებელია ქვეყანაში სიტუაციის დასალაგებლად და ამ მღელვარების მუხტის ფარგლებში არ განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილებები და არ მივიღოთ დიქტატურა“, - აღნიშნავს გიორგი ბურჯანაძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^