Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფეხბურთი, შოკოლადი და რეფერენდუმი

21 ივლისი 2016

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გერმანიაში შოკოლადის მწარმოებელი იტალიური კომპანია „ფერეროს“ გარშემო, ერთი შეხედვით, ღიმილის მომგვრელი სკანდალი აგორდა. ბრენდის წარმომადგენლებმა ყველასათვის კარგად ნაცნობი „ქინდერის“ შეფუთვაზე გამოსახული თეთრკანიანი და ლოყებღაჟღაჟა პატარები გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ბავშვობის ფოტოებით ჩაანაცვლეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ფერადკანიანი სპორტსმენებიც აღმოჩნდნენ. ამან კი უმალ მიიქცია მემარჯვენე პოპულისტების ყურადღება, რომელთა ნაწილმაც სოციალურ ქსელში განრისხებული და უკმაყოფილო კომენტარები არ დაიშურა. გერმანელთა უმეტესობამ აღშფოთებული ულტრამემარჯვენეები ცხადია, სასაცილოდ აიგდო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამით თემა არ ამოწურულა.

ყველაფერი გაცილებით საგანგაშო გახდა, როდესაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ გოლენდმა „ფარკფურტერ ალგემაინესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოქალაქეთა უმეტესობა გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრ ნახევრად განელ ჟერომ ბოატენგის მეზობლად ცხოვრებას არ ისურვებდა. ამას მოჰყვა ამავე პარტიის სხვა წევრების უკმაყოფილო განცხადებები წარმოშობით თურქი მესუთ ოზილის მიმართ, რომელმაც სოციალური ქსელით მექაში პილიგრიმობის დროს გადაღებული ფოტო გაავრცელა. მართალია, მოგვიანებით პარტიის ლიდერმა თანამებრძოლების ნაცვლად ბოდიში მოიხადა, მაგრამ ის, რომ გერმანულმა მედიამ ამ თემას დიდი ყურადღება დაუთმო, ნიშნავს, რომ მიგრაციული კრიზისის ფონზე პრობლემა არსებობს.

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგ ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. გაერთიანებული სამეფო პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც ევროკავშირს დატოვებს. რეფერენდუმის ფსიქოლოგიური შედეგი კი, შესაძლოა, მთლიანად ევროპისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი ეკონომიკური საფრთხეების გარდა, ე.წ. BREXITევროპაში დამკვიდრებულ პოლიტიკურ სისტემას მნიშვნელოვანი რყევებით ემუქრება.

BREXIT-ამდე და BREXIT-ის შემდეგ

„სიკვდილი მოღალატეებს, ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა“ _ 52 წლის ბრისტალელი ტომას მეირის მიერ 17 ივნისს სასამართლო დარბაზში წარმოთქმული ეს სიტყვები გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 4 თვის განმავლობაში წარმოებული კამპანიის ყველაზე შემზარავი და შოკისმომგვრელი კულმინაცია იყო. ნაცვლად იმისა, რომ სააგიტაციო კამპანია, ლოგიკურად, საარჩევნო ყუთებთან დასრულებულიყო, ის დროზე ადრე ლიდსთან ახლოს დამთავრდა. 16 ივნისს 41 წლის ლეიბორისტი დეპუტატი ჯოკოქსი მოკლეს. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის მომხრე პარლამენტარს ექსტრემისტულ ულტრამემარჯვენე დაჯგუფებასთან დაკავშირებული მამაკაცი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა. გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 25 წლის განმავლობაში დეპუტატი პირველად მოკლეს. როგორც „ინდეფენდენტი“ წერს, სიკვდილამდე ორი შვილის დედა ჯოკოქსი იორკშირის საგრაფოში აგრესიული ნაციონალისტების მომძლავრებასა და ისლამოფობიის საფრთხეებზე სპეციალურ ანგარიშს ამზადებდა, რომლის წარდგენასაც 29 ივნისს გეგმავდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მკვლელობის მოტივის დასადგენად გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ამის გარეშეც ნათელია, თუ რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას გაერთიანებული სამეფო და მთლიანად ევროპაც. ეს ნათლად აისახა რეფერენდუმის წინ პოპულარული ბრიტანელი პოლიტიკოსების განცხადებებშიც. მაგალითად ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებს ხშირად მოჰყავდათ არგუმენტად ის, რომ თურქეთი, სადაც 74 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, სულ ცოტა ხანში გაერთიანდება ორგანიზაციაში და ბრიტანეთს მიგრანტების ახალი ტალღა გადაუვლის. ულტრამემარჯვენე „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერი კი უფრო შორს წავიდა და ივნისის დასაწყისში „შუნდაყ თელეგრაპჰ“-თან ისიც კი განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში, ბრიტანელ ქალებს მიგრანტების მხრიდან სექსუალური ძალადობა ემუქრებათ. ამ განცხადების გამო, კენტერბერის ეპისკოპოსმა ნაიჯელ ფარაჯი რასიზმში დაადანაშაულა.მიუხედავად ამისა, 24 ივნისს ფარაჯის „სიზმარი ახდა“ და ამომრჩევლის 51.9 პროცენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის დატოვებას. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ბრიტანელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრეხიტ-ის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ხმის მიცემის დროს მათ საკმარისად ვერ იაქტიურეს. რეფერენდუმის ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით პეტიციის შედგენა კი, რომელსაც 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, სავარაუდოდ, ვერ იქნება საკმარისი და „ბოლო იმედის ჯარიმას“ უფრო ჰგავს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „გუნდის კაპიტანი“ უკვე თითქმის გადადგა.

დევიდ კამერონის შემცვლელი კი, რომელსაც სექტემბერში აირჩევენ, დიდი ალბათობით, ევროკავშირის გასვლის მომხრეთა ბანაკიდან იქნება. მას უპირველეს ყოვლისა იმ განხეთქილების დაძლევა მოუწევს, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებაში არსებობს და რომელიც რეფერენდუმის დროს გამოჩნდა. დიდ ქალაქებში, ასევე ჩრდილო ირლანდიასა და შოტლანდიაშიც ხმა ევროკავშირში დარჩენას მისცეს. ამის გამო, დუბლინში დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე კვლავ ალაპარაკდნენ. ამას ემატება Bრეხიტ-ის ფონზე გაზრდილი ქსენოფობიური განწყობა და მიგრანტებზე თავდასხმები. ამრიგად, გაერთიანებულ სამეფოს წინ რთული გზა ელის. როდის დაიწყება ევროკავშირიდან გასვლის პროცესი და რა დაუჯდება ეს ქვეყანას, ჯერ გაურკვეველია.

დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმს ევროპის ულტრამემარჯვენე მოძრაობების ლიდერთა მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ფინეთში, სლოვაკეთში მოითხოვენ, რომ შემდეგი რეფერენდუმი მათ სამშობლოში გაიმართოს, თუმცა ყველაზე ახლოს მოვლენების ამ სცენარით განვითარებასთან შესაძლოა, ავსტრია იყოს.

ავსტრიის „სხვა პრეზიდენტი“

ავსტრიაში 22 მაისს გამართულ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად სულ 31 ათასი ხმა დააკლდა. მართალია, „თავისუფლების პარტიის“ კანდიდატი საბოლოო ჯამში დამარცხდა, თუმცა მის წარმატებას ევროპაში, დღეს ისეთი მკაცრი რეაქცია აღარ მოჰყოლია, როგორც ეს 16 წლის წინ იყო. 2000 წელს ამავე პარტიამ, ქარიზმატული და სკანდალურად ცნობილი ლიდერის, ორგჰაიდერის მეთაურობით, არჩევნებში გამარჯვება მოახერხა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ავსტრიის კოალიციურ მთავრობაში ნაციონალისტები მოხვდნენ, რასაც საპროტესტო აქციები და იზოლაცია მოჰყვა. იორგჰაიდერის განცხადებების გამო, რომელშიც ის ვაფენ-სს-ს აქებდა, მიგრანტების წინააღმდეგ გამოდიოდა და ევროკავშირს აკრიტიკებდა, ავსტრიის წინააღმდეგ სანქციები ევროპის 14-მა სახელმწიფომ დააწესა. დღეს ულტრამემარჯვენეების წარმატებაზე ევროპელი პოლიტიკოსების რეაქცია გაცილებით თავშეკავებულია. ავსტრიის „თავისუფლების პარტია“ კი მიღწეულზე არ გაჩერდა და კენჭისყრის შედეგები გაასაჩივრა. 1 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხმის მიცემის პროცედურა დარღვევებით წარიმართა, რის გამოც არჩევნები ხელახლა გაიმართება. ასე რომ, ნორბერტ ჰოფერს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა მეორედ ოქტომბერში მიეცემა. რაც შეეხება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს, ის ავსტრიაში 2018 წელს არის დანიშნული.

ნაციონალისტები საკანონმდებლო ორგანოში უკვე დღეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. კვლევების მიხედვით, ავსტრიის „თავისუფლების პარტია“ პოპულარობით მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შემავალ სოციალ-დემოკრატებს და კონსერვატორებსაც უსწრებს. ამიტომ, სულაც არ არის გამორიცხული, 2 წლის შემდეგ ან შეიძლება უფრო ადრეც, პოპულისტმა ნორბერტ ჰოფერმა პრეზიდენტის სავარძლის ნაცვლად, მთავრობის მეთაურის თანამდებობისთვის იბრძოლოს. ამას გარდა, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰარალდ ვილიმსი კი უკვე გამოვიდა ინიციატივით, გაერთიანებული სამეფოს მსგავსად ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმი ავსტრიაშიც გაიმართოს.

„გერმანული ალტერნატივა“ და პოპულისტები ევროპაში

ულტრამემარჯვენე პარტიები მიგრაციული კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩენილ გერმანიაშიც გაძლიერდნენ. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 3 წლის წინ ერთიანი ევროპული ვალუტის _ ევროს საწინააღმდეგო მოძრაობის წევრებმა დააფუძნეს. 2013 წელს პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, უკვე 2015 წლის მარტში კი შუალედურ რეგიონულ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. საქსონია-ანჰალტში მემარჯვენე პოპულისტებმა 24 პროცენტი მიიღეს და მეორე ადგილზეც კი გავიდნენ.

დღეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამომრჩევლის გულის მოგებას ანტიმუსლიმური პროგრამით ცდილობს. პარტიის ლიდერი, დრეზდენში დაბადებული 40 წლის ფრაუკეპეტრი და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ისლამი გერმანიისთვის მიუღებელია და მინარეთების მშენებლობის აკრძალვას მოითხოვენ. ფრაუკეს ერთ-ერთ ყველაზე სკანდალური იდეა არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად მესაზღვრეებისათვის იარაღის დარიგებაა. პოლიტიკური გაერთიანების პოპულარობა კიოლნში ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების სერიის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ბოროტმოქმედების ნაწილი მუსლიმი მიგრანტი იყო. დღეს გერმანელი მემარჯვენე პოპულისტების რეიტინგი 13 პროცენტს აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ნაციონალისტები შესაძლოა, ბუნდესტაგშიც მოხვდნენ.

ახალი პოლიტიკური ტენდენციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც არანაკლებ თვალშისაცემია. მემარჯვენე პოპულისტები ფინეთის მთავრობის შემადგენლობაში შედიან. ნაციონალისტური პარტია მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას უჭერს მხარს და მოითხოვს, რომ სოციალური შეღავათებით პირველ რიგში წარმოშობით ფინელები უზრუნველყონ. პოლონეთსა და უნგრეთში მემარჯვენეები ხელისუფლების სათავეში დგანან. ორივე ქვეყანაში ლტოლვილთა მიღებაზე სავალდებულო კვოტების დაწესების წინააღმდეგ გამოდიან. საფრანგეთში კი სოციალისტებსა  და ლიბერალებს „ნაციონალური ფრონტი“ ავიწროებს. ულტრამემარჯვენეების ლიდერი მარი ლეპენი მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

მსგავსი ვითარებაა ნიდერლანდებშიც, სადაც მემარჯვენე პოპულისტების ძალისხმევით გამართული რეფერენდუმის დროს მოქალაქეებმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი არ დაუჭირეს.

ერთიანი ევროპა მოიცდის

ევროპელების ასეთი განწყობა პოლიტიკოსებს ცხადია, არ გამოჰპარვიათ, თუ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის მმართველი ელიტა თავდაუზოგავად ლობირებდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უფრო მეტ ინტეგრაციას, დღეს ბრიუსელში განსხვავებული მოსაზრებები სულ უფრო ხშირად ისმის. განსაკუთრებით საინტერესო გაერთიანებულ სამეფოში გამართულ რეფერენდუმამდე რამდენიმე კვირით ადრე, „ევროპის სახალხო პარტიის“ 40 წლის იუბილეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამოსვლა გამოდგა. დონალდ ტუსკმა ისეთი ევროპის იდეას, სადაც სახელმწიფოებს საზღვრები არ ექნებათ, უტოპია უწოდა. მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი იმ პრობლემების დროულად გადაჭრაა, რომლებიც ევროპელებს დღეს და ახლა აწუხებთ. პირველ რიგში მას მხედველობაში მიგრაციული კრიზისი ჰქონდა.

დღეს ბრიუსელში მზად არიან განსხვავებული პოზიციების მოსასმენად. ეს დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ვინც მხარს არ უჭერს შეთავაზებულ საიმიგრაციო პოლიტიკას, ყველა პოპულისტი არ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროკავშირის მიმართ არანაკლებ სკეპტიკურად განწყობილები მრავლად არიან მემარცხენეთა რიგებშიც. ბრიუსელის საწინააღმდეგო განცხადებები საბერძნეთისა და სლოვაკეთის მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრებისგანაც ისმის. იტალიის პარლამენტში კი პოპულისტური „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ მესამე ადგილს იკავებს. კვლევით ცენტრ „PEW”-ს მიერ ევროპის 10 სახელმწიფოში გამართულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირის მიმართ კეთილგანწყობილ მოქალაქეთა რაოდენობა 2015 და 2016 წელს საგრძნობლად შემცირდა. საფრანგეთში 17, ესპანეთში 16, გერმანიაში 8, გაერთიანებულ სამეფოში 7 და იტალიაში 6 პროცენტით. ბრიტანეთში გამართულმა რეფერენდუმმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფინანსური თუ მიგრაციული კრიზისების ფონზე ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მმართველ ელიტას მოქალაქეთა შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა სულ უფრო მეტად უჭირს. ეკონომიკის ექსპერტების არაერთი გაფრთხილების, შოუბიზნესის ვარსკვლავების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოსახლეობამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ბრიუსელში კი ჯერ კიდევ არ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ ბებერ კონტინენტზე პოპულისტების გაძლიერებას. ამას ემატება რუსეთის ფაქტორი, რომელიც ღიად თუ ფარულად, ფინანსური დახმარებით თუ პროპაგანდისტული მედიამხარდაჭერით, ევროპაში ულტრამემარჯვენე მოძრაობების წისქვილზე ასხამს წყალს. საფრანგეთსა და გერმანიაში 2017 წელს დაგეგმილი არჩევნების წინ მმართველი წრეების წარმომადგენლების წინაშე არსებული საფრთხეები სულ უფრო მატულობს. რეფორმების გარეშე ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება რთული იქნება, სწორი ტაქტიკის გარეშე კი ბრიუსელი შესაძლოა, საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^