Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"აამუშავეთ აუშვიცის კამერები"

21 ივლისი 2016

ელფრიდე იელინეკის "მთხოვნელები" ფოთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც გასულ წელს დაარსდა (სამხატვრო ხელმძღვანელი - ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი - თენგიზ ხუხია), წელს გაცილებით მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოირჩევა. მაყურებელმა უკვე იხილა რეჟისორ დავით ანდღულაძის სპექტაკლი "ჩიტები", რომელიც "რკინის თეატრისა" და ფოთის ფესტივალის სპეციალური ერთობლივი პროექტია. 

პიესის ავტორია ალექსანდრე ქოქრაშვილი, რომლის პიესა "მეზუნია ჩიტები" გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწერა. მთავარ როლებს კი ნინელი ჭანკვეტაძე, დავით როინიშვილი და ზაზა თაგოშვილი ასრულებენ.

აღსანიშნავია, აგრეთვე ხულოს თეატრში დადგმული "ჩემო მეჟოლია" (დრამატურგი - მიხო მოსულიშვილი, რეჟისორი - გეგა ქურციკიძე), ცხინვალის თეატრში განხორციელებული "მატარებელი" ( დავით ტურაშვილის პიესის მოტივების მიხედვით, რეჟისორი გოჩა კაპანაძე) და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის საფესტივალო პრემიერა "მსხვერპლი" (დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორი - ბადრი წერედიანი).

ფოთის ფესტივალში საქართველოს რეგიონების გარდა, მონაწილეობენ თეატრალური დასები პოლონეთიდან, ბელორუსიდან და ირანიდან. ათი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 22 სპექტაკლი. ასე რომ, თეატრალური თუ არათეატრალური ვნებათაღელვა ჯერ კიდევ წინაა... და მაინც, ფესტივალის გამორჩეულ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ "მთხოვნელები", რომელსაც საფუძვლად ნობელის პრემიის ლაურეატის,  ელფრიდე იელინეკის ტექსტები დაედო და რომელიც პოლონეთის ქალაქ ზაბჟეს "ახალმა თეატრმა" წარმოადგინა. 

2013 წელს დაწერილი პიესა "მთხოვნელები" ეხმიანება ესქილეს ტრაგედიას "მავედრებლები", ხოლო პოლიტიკურად გაბედული პუბლიცისტური ესეები - "კოდა" და "აპენდიქსი" (რომლებიც ასევე გამოყენებულია სპექტაკლში) მძაფრად ჟღერს. იელინეკის ტექსტი თითქმის ზემგრძნობიარეა, ამავე დროს, ქირურგის სკალპერივით ბასრი და ზუსტი. ის თითქოს საგანგებოდ დაცლილია პოლიტიკური კორექტულობისგან და საზღვრებს, ლიმიტსა თუ წესრიგს ჩვენს თვალწინ უარყოფს. ალბათ იმიტომ, რომ ჰუმანიზმი დაწესებულ წესრიგსა და მოგონილ კანონებზე მაღლა დგას!

ზაბჟეს თეატრის რეჟისორი და ადაპტირებული ტექსტის ავტორი, კატარინა დეშჩი ფიზიკურად და ემოციურად კარგად გამოწვრთნილ ცხრა მსახიობს ამკრძალავი პოლიციური ლენტებით შემოსაზღვრულ სივრცეში მოაქცევს, რათა იქვე, სცენაზე მჯდომ მაყურებელს ევროპის შუაგულში, კონკრეტულად ვენაში დაბანაკებული ლტოლვილების ტრაგედიებზე შემზარავი პირდაპირობით მოუთხროს. 

პიესის დაწერის მიზეზი სწორედ ლტოლვილთა მიერ გამართული აქციები გახდა. ისინი 2013 წელს ვენაში, "ზიგმუნდ ფროიდ-პარკში" კარვებში დაბანაკდნენ და საშინელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და თავშესაფრის მიღების მიზნით აქციებს მართავდნენ. როდესაც აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო, მომიტინგეებმა მიტოვებულ კათოლიკურ ეკლესიაში გადაინაცვლეს,  რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ. ეს მოვლენები ნაწილობრივ ასახულია კიდეც იელინეკის პიესაში, რომელშიც მომიტინგეთა ხმები, ყვირილი, ტექსტები და კანონის დამცველთა გამოსვლების ფრაგმენტები ფაქტობრივად პოლიტიკურ და სოციალურ მანიფესტში გადაიზრდება.

2014 წელს ჰამბურგის "ტალია თეატრსა" (რეჟისორი ნიკოლას შტემანი) და 2015 წელს ვენის "ბურგთეატრში" გამართული პრემიერების შემდეგ, ზაბჟეს თეატრში წარმოდგენილი "მთხოვნელები" (ეს პიესა პირველად დაიდგა პოლონეთში) იმ დიდ ინტერესზე მეტყველებს, რასაც ევროპული თეატრები იჩენენ პოლიტიკური თეატრის მიმართ. ამდენად, ძველი, სათნო და ბურჟუაზიული თეატრის მითი კარგა ხანია დაიმსხვრა. რადგან, ჩვენ, ყველანი უკიდურესი პოზიციების, შეჯახების, მიგრაციისა და კრიზის ეპოქაში ვცხოვრობთ და თუ "ფეშენით" შემოსილთა ყურთასმენას ჯერ კიდევ ვერ სწვდება კრიზისა და განგაშის ხმა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საბანკო ანგარიშებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ლტოლვილთა ნაკადებს.

ლტოლვილთა შეკრების მთავარი ადგილი სცენაზე დიდი ნაგავსაყრელია, რომელიც გაცოცხლებულია ლუკას ბლაჟევსკის სცენოგრაფიით, ტანსაცმელით, საბუთებით და ცარიელი პლასტმასის ბოთლებით... მსახიობები, ანუ ლტოლვილები სწორედ ამ ნაგავსაყრელზე  დააბიჯებენ, რადგან სივრცე შეზღუდული აქვთ. გულქვა ჩინოვნიკები კი მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტებითა და განცხადებით შემოიფარგლებიან. ლტოლვილები გაუთავებლად ყვირიან რომ შიათ და სწყურიათ; გვიყვებიან იმ ტრავმებისა და დანაშაულების შესახებ, რაც თავს გადახდათ, მაგრამ ბიუროკრატია მათ მხოლოდ მოსაცდელ ოთახებს, ნორმირებულ ბუტერბროდებსა და წყლის ბოთლებს სთავაზობს,

მოკლედ, უსაფრთხო მსოფლიოს არ სურს თავი აიტკივოს და გახსნას ევროპის კარიბჭე, რომელიც ლტოლვილთა შეუბრალებლობას და სიდუხჭირეს რაიმე რაციონალურს დაუპირისპირებს. ამასობაში ეკრანზე ტერორისტების მიერ მოკლულთა შემზარავი კადრები ჩნდება და კომპიუტერულად დამუშავებული ხმა გვაცნობს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ტექსტს.  

პოლიფონიურ და დამთრგუნველ მრავალფეროვნებას (სცენაზე ყველა პერსონაჟი  მუდმივ და ქმედით პროცესშია ჩაბმული) გლობალურ, მაგრამ დამცინავ განზომილებას მატებს სხვადასხვა ენებიც - პოლონური, ინგლისური, რუსული, ფრანგული... და ჩვენ თანავუგრძნობთ ევროპას, რომლის დიდი წარსული და კულტურა უსუსურად ინიღბება ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფინალით, ანუ ევროკავშირის ჰიმნით. 

რეჟისორი კატარინა დეშჩი გვიამბობს  კონკრეტულ, სასტიკ  დროსა და სივრცეში მოქცეულ ლტოლვილებზეც - ადამიანებზე, რომელთა შორის აღარ არსებობს კომუნიკაცია და, შესაბამისად, გაგება, თუ რას წარმოადგენს ცალკე ადამიანის დრამა. ეს ორმხრივ მტაცებლური, დამთრგუნველი, გაბრაზებული, მომხიბლავი, მაგრამ უკვე ავთვისებიანი სამყარო ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ ვიღაცებმა "ყავისფერი ბაცილა" სიამაყით გაიხსენონ. ხოლო შემდეგ ისე გაიმეორონ, როგორც ზაბჟეს თეატრის სპექტაკლშია: "აამუშავეთ აუშვიცის კამერები!"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^