Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გავაპიარ-პრავოთ 29 მილიონი

27 ივლისი 2016

ხმაურიანი პროექტი Check in Georgia და მიმდებარე არაარტისტული ვნებები

აპრილიდან მოყოლებული, როდესაც კულტურის სამინისტრომ ამბიციური და ლამის უპრეცედენტო მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა სერიის - Check in Georgia-ს შესახებ პირველად ამცნო მედიასა და საზოგადოებას, დღემდე არ წყდება ფინანსური თუ არაარტისტული ვნებათაღელვა ამ პროექტის ირგვლივ.

Check in Georgia მოიცავს კონცერტებს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოს 19 ქალაქში გაიმართება და რომელთა ნაწილი უკვე გაიმართა. ეს ნიშნავს 30-ზე მეტ ფესტივალსა და ღონისძიებას, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს: თეატრალური და კინოფესტივალები, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის, ანიმაციური ფილმების, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები, მოდის კვირეულები, ფოტოფესტივალები და სხვა.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან საკმაოდ დიდი თანხა, 29 მილიონი ლარი გამოყო! რასაც მაშინვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა. ამ თანხის „გაპრავება-გაპიარების“ შესახებ მითების გაქარწყლება თავიდანვე სტრატეგიული ინტერესებით სცადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, რომელმაც პროექტს მართალია ძვირადღირებული, მაგრამ ამბიციური და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი უწოდა:

„დიახ, ეს არის სამთავრობო პროექტი მასშტაბური და მრავალფეროვანი პროგრამით. შეიქმნა როგორც საგარეო, ისე ადგილობრივი ტურისტული ნაკადების გასააქტიურებლად თუ გასამსხვილებლად. გამოცდილებამ და პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ამგვარი კონცერტები ხელს უწყობს ადგილობრივ მეწარმეობას და ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას. ბუნებრივია, რომ ვიზიტორებს ქვეყანაში შემოაქვთ თანხა, რომელსაც აქვე დახარჯავენ“.

ერთი შეხედვითაც კოხტად ჩანს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვრცელი პროგრამა ერთდროულად კომერციულიცაა და სახელმწიფოებრივიც. საერთაშორისო დონის მუსიკოსთა სახელებითა და ვარსკვლავებით გამიზნულად „მოპირკეთებულ“ საღამოებს მაინც თავისი მაგია აქვს - მერე რა, რომ რობი უილიამსი შეიძლება მოულოდნელად მამასთან ერთად გამოჩნდეს „დინამო არენას“ სცენაზე, ხოლო სოფი ლორენი - დირიჟორ შვილთან ერთად ეწვიოს თბილისის საოპერო თეატრს; ისე, გულის ამაჩუყებლად და ყოველგვარი პროექტის გარეშე, რაც გინდა და როგორც გინდა ისე უჩიჩინე, ხალხს მაინც სანახაობა  ურჩევნია პურს.

კონცერტები აპრილიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო წლის ვნებათაღელვა (შედარებით ზრდილობიანი დებატებით დაწყებული, ხელჯოხებითა და ქვის სროლით დამთავრებული) ადგილობრივი და მსოფლიო მნიშვნელობის არტისტების ფონზე ჩაივლის. Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებიდან მაინც უნდა აღინიშნოს რამდენიმე, როგორც კაშკაშა, ისე წვრილი ვარსკვლავების მონაწილეობით.

Check in Georgia-ს „პირველი მერცხალი“ იყო ცნობილი იტალიელი მომღერალი, ეროს რამაზოტი, რომელმაც კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში, 24 აპრილს გამართა.

ფოტო: გურამ მურადოვი

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს არც სარეკლამო მხარდაჭერა აკლდა (ცნობილი იტალიელი მომღერალი პირველად ჩამოვიდა საქართველოში) და არც ბილეთის ფასი იყო მაინცა და მაინც კატასტროფული (25-დან 90 ლარამდე), სპორტის სასახლე მხოლოდ სანახევროდ გაივსო. თანაც კონცერტი ლამის სამი საათის დაგვიანებით დაიწყო, რაც ცუდი ორგანიზებით, სპორტის სასახლეში არსებული ქაოსითა და გამოუცდელობით შეიძლება აიხსნას.

რამაზოტიმ მსოფლიო ტურის ფარგლებში მსმენელს გასული საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების ჰიტები შესთავაზა. შესაბამისად, კონცერტმა უფრო საშუალო ასაკის პუბლიკა მიიზიდა. ჰიტებს შორის, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ terra promesa, რომლის შესრულებითაც 1984 წელს მომღერალმა, სან-რემოს ფესტივალზე დებიუტანტთა კონკურსში გაიმარჯვა. სხვათა შორის, დაახლოებით ორსაათიანი კონცერტი პოპ-ვარსკვლავმა აპრილში გარდაცვლილი ამერიკელი მუსიკოსის, პრინცის ხსოვნას მიუძღვნა.

თუმცა მსმენელ-მნახველისათვის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი „დაჩეკინება“ მაინც რობი უილიამსის კონცერტი გამოდგა: 27 მაისს „დინამო არენაზე“ 42 წლის ბრიტანელმა ვარსკვლავმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მართლაც, შთამბეჭდავი და ენერგიით დამუხტული საღამო აჩუქა თაყვანისმცემელს.

ფოტო: ხატია ფსუტური

კონცერტს დაახლოებით 40 ათასი მაყურებელი დაესწრო, ხოლო ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა. რობი უილიამსი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა: პირველივე ჰიტი - let me entertain you  საკმარისი აღმოჩნდა პუბლიკასთან მჭიდრო კონტაქტის დასამყარებლად. როგორც ყოველთვის, ის უშუალო, ირონიული და მომხიბლავი იყო და თაყვანისმცემლებს თხოვნით მიმართა, თუ სიმღერა მოეწონებოდათ, არ დაზარებოდათ და აჰყოლოდნენ.

„ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში და ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ, როგორც კი სცენაზე დავდექი, ვიგრძენი ქართველი მსმენელის ენერგია და გახსნილობა, რაც ძალიან დამეხმარა“, - განაცხადა ბრიტანელმა მომღერალმა კონცერტის შემდეგ. ცხადია, მან მსმენელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც მიულოცა და იქვე სიურპრიზი შესთავაზა, როდესაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საყოველთაოდ ცნობილ სიმღერაში - New York,  New York Georgia, Georgia -თი შეცვალა. მსმენელმაც ცხადია, არ დააყოვნა და ცნობილ ვარსკვლავს სიმღერაში აჰყვა.

რაც შეეხება „კლასიკურ ჩეკინგს“, ის ლამის ლეგენდარულ ესპანელ ტენორს, ხოსე კარერასს უკავშირდება, რომელიც უკვე მეორედ ეწვია საქართველოს. მუსიკოსის თაყვანისმცემელს ალბათ ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ მან ბათუმში „პიაცაზე“ იმღერა. ამჯერად კი, ივნისში კონცერტი ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე გამართა. მაესტროს პარტნიორობას დირიჟორი დავით ხიმენეს კარერასი და ახალგაზრდა და უკვე წარმატებული ქართველი სოპრანო, სალომე ჯიქია უწევდნენ.

7 ივნისს ბათუმის „საოცრებათა პარკში“ გამართულმა კონცერტმა, Maroon - 5-ის მონაწილეობით, კიდევ უფრო გაამყარა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული პროექტ Check in Georgia-ის დეტალები. ცნობილი ამერიკული ჯგუფის კონცერტი, რომელსაც დაახლოებით 35 ათასი ადამიანი ესწრებოდა, თავსხმა წვიმაში გაიმართა, თუმცა დასველებული პუბლიკა ფეხს არ იცვლიდა და მოთმინებით ელოდა ჰიტებს - Sugar, PayPhone Moves like jagger.

ფოტო: ხატია ფსუტური

სამწუხაროდ, ტურისტთა დიდი ნაკადის მისაღებად ბათუმი მოუმზადებელი აღმოჩნდა. ეს ეხება როგორც სასტუმროებსა და რესტორნებს, ისე სასმელი წყლისა და პროდუქტების დეფიციტს. ტრანსპორტი მთელ ქალაქში პარალიზებული აღმოჩნდა, რასაც კონცერტზე მისული მაყურებლის უკმაყოფილება მოჰყვა. ამას დავუმატოთ ლამის წარმოუდგენლად მაღალი ფასი საკვებზე და დაბალი ხარისხის მომსახურება. ერთი სიტყვით, არც კერძო სექტორი და არც ადგილობრივი ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდნენ ამ მნიშვნელოვანი კონცერტის გასამართად.

ასევე ბათუმში, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ფესტივალი „ჰით-ბათუმი“ გაიმართა. ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ქუჩის პიანინოები, რომლებიც ახალგაზრდა მხატვრებმა საკუთარი ფანტაზიით მოხატეს. ასე რომ, ქალაქის ცენტრში, ძველ ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს დღის ნებისმიერ დროს ჰქონდათ შესაძლებლობა ან თავად დაეკრათ, ან მოესმინათ მუსიკისათვის, გადაეღოთ სამახსოვრო ფოტო თუ ვიდეო და თავადვე აეტვირთად სოციალურ ქსელში.

მაგრამ ეს ყველაფერი Check in Georgia-ს, ასე ვთქვათ, მხოლოდ გარეგნული, საფესტივალო და ბრჭყვიალა მხარეა, რომლის მიღმაც კულტურის სამინისტროსა და კულტურის სფეროში მომუშავეების ინტერესთა შეუთავსებლობა და, გარკვეულწილად, კორუფციის რისკი შეიძლება დავინახოთ. „ადამიანურ“ ენაზე ეს შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: კულტურის სამინისტროს მტკიცებით, მისთვის ლამის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ჯაზფესტივალები, რასაც ტურისტების მოზიდვითა და კონცერტებზე დამსწრეთა რაოდენობით ხსნის. თუმცა 29 მილიონი საკმარისზე დიდი თანხაა საიმისოდ, რომ „დაჩეკინებულმა“ ვარსკვლავებმა ჰონორარი მიითვალონ და დანარჩენმა საქართველომ 19 ქალაქში წლის ბოლომდე პატარა არტ-სიხარულები გაინაწილოს.

როდესაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ბიზნესის ფუნქციას (თავად კულტურის მინისტრიც აღნიშნავს, რომ Check in Georgia ბიზნესპროექტია), ცხადია, უკვე ხდება იმ კერძო კომპანიების კონკურენტი, რომლებიც ამავე სფეროში მუშაობენ და ცდილობენ, თავად ჩამოიყვანონ ცნობილი არტისტები, მუსიკოსები თუ მომღერლები. ანუ სახელმწიფო ხდება უპირობო კონკურენტი ამ კომპანიებისთვის; მეორეც, ის მაღალი საფასურითა თუ მაღალი ჰონორარის გადახდით, ნებსით თუ უნებლიეთ, ძირავს კერძო კომპანიებს, რომლებსაც შეეძლოთ ეს არტისტები გაცილებით უფრო იაფად და ხარისხიანად ჩამოეყვანათ.

რაც შეეხება საქართველოს მსოფლიოსთვის გაცნობასა და ტურისტების მოზიდვას, ჯობს, კულტურის სამინისტრომ ყველაფერი პირიქით გააკეთოს - საქართველოს გაცნობისა და პოპულარიზაციისთვის აქვე კი არ დახარჯოს ბიუჯეტის თანხა, არამედ - უცხოეთში. ამ ყბადაღებული 29 მილიონიდან უდიდესი ნაწილი ჩვენი კულტურისა და ხელოვნების უცხოეთში პოპულარიზაციას რომ ხმარდებოდეს, გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ცხადია, კულტურის სამინისტროს კიდევ ბევრი რამ აქვს „სახსოვარი“, რასაც Check in Georgia გულისხმობს. და რადგან პროექტის ძირითადი სამიზნე ერთდროულად მაყურებელი და საარჩევნოდ „განწირული“ ქართველი ამომრჩეველია, სახელმწიფომ მას პური თუ არა სანახაობა მაინც უნდა აჩუქოს. თუნდაც 29 მილიონის გასაპიარ-პრავ-ებლად!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^