Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ დავამარცხოთ აზარტი

28 ივლისი 2016

აზარტომანია დაავადებაა. ვალი, ლომბარდში ჩადებული სახლი, მანქანა, ნივთები,  თამაშში დაკარგული წლები, სუიციდი - ეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ყოველდღიურობაა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე ამ დრომდე არ უფიქრია. ქვეყანაში ასევე არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსოციალურ დახმარებას შესთავაზებს.

გიგი 12 წლის იყო, აზარტული თამაშები რომ დაიწყო. ფეხბურთი უყვარდა. მეგობრებისგან გაიგო, რომ შეეძლო ტოტალიზატორში თანხა დაედო და უფრო მეტი მოეგო. დაინტერესდა, დაიწყო 1 ლარით, შემდეგ თანხა ნელ-ნელა გაზარდა - 2 ლარი, 5 ლარი. უთხრეს, რომ ასე უფრო მარტივად მოიგებდა.  შეჰყვა თამაშს და ბოლოს მიხვდა, რომ ამასობაში ძალიან ბევრი წელი გასულა. მიხვდა მაშინ, როდესაც უამრავი ვალის, მეგობრებთან და მშობლებთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

„18 წლის ვიყავი, ონლაინტოტალიზატორები და ონლაინკაზინოები რომ შემოვიდა. ამან უფრო გამიმარტივა საქმე. ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შემეძლო დამედო ფსონი. შემდეგ შემოვიდა რულეტკა, პოკერი და გადავედი ამაზე. ონლაინკაზინოები ბევრად „გიიოლებს“ საქმეს და ტოტალიზატორისგან განსხვავებით ბევრად დამღუპველია. ტოტალიზატორში  თანხას დებ და ელოდები. სულ პროცესში არ ხარ. უყურებ ფეხბურთს და ა.შ. ონლაინკაზინოში კი მომენტალურად იგებ და აგებ. თანხაც მომენტალურად გერიცხება. რულეტკის ბორბალზე თავიდან სათამაშოდ 3 თუ 4 ლარით დავჯექი და უცებ 20 ლარი მოვიგე. ამან უფრო  გამათამამა. ვიფიქრე, სად ფეხბურთის ყურება და შედეგის ლოდინი, რულეტკაზე უცებ მოვიგებდი თანხას. უცებ კი მოვიგე, მაგრამ შემდეგ უცებვე წავაგე, დამჭირდა ნივთების დალომბარდება,  ვიფიქრე, რომ მარტივად ვიგებ და გამიმართლებდა“, - ამბობს გიგი.

როგორც ის ამბობს,  ფული თუ აღარ გაქვს, კაზინოებთან იქვე არის ლომბარდები, ონლაინთამაშებისთვის არსებობს ონლაინსესხი. თანხას მომენტალურად გირიცხავენ ანგარიშზე, რაც, ფაქტობრივად, წაგებულია.

„კაზინოებში არც გასასვლელი ჩანს. ჩაბნელებული ოთახია, ყავა და გამაგრილებელი სასმელები უფასოა. ურჩევნიათ, თუ რამე დაგჭირდა, იქვე მოგიტანონ,  ვიდრე გარეთ გახვიდე. როდესაც „ფიშკებს“ ყიდულობ, უფრო მარტივად დებ ფსონს, იმიტომ რომ ფული არ გიჭირავს ხელში,  100-ლარიანი კი შეიძლება ვერ გაიმეტო“, - ამბობს გოგა, რომელიც ფსიქოსოციალურ ცენტრ „კამარაში“ გიგისთან ერთად დადის.

როდესაც გიგი მიხვდა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია, 25 წლის იყო. სულ კომპიუტერთან იჯდა, სხვა არანაირი ინტერესი არ ჰქონდა - კლუბში წასვლა, მეგობრებთან გართობა, თუნდაც ახალი ტანსაცმლის ყიდვა. რაც ფული ჰქონდა, 50 თეთრიც კი ანგარიშზე შეჰქონდა. ასე გადიოდა მისი ყოველი დღე.

„რეალურად, ფული სხვა ყველაფერში გენანება. როდესაც იქ შეგაქვს და თუნდაც აგებ, უკვე აღარ გენანება.  დამოკიდებულება აქვს ასეთი, გითრევს, ფაქტობრივად, გეუბნება, რომ უნდა შემოიტანო ფული, თითქოს ჰიპნოზს გიკეთებს და შენც შეგაქვს. მაგ დროს შეგიძლია, რომ ფეხით გაიარო დიდი მანძილი და ავტობუსის ფულიც კი იქ შეიტანო. არც მოგება აღარ არის საინტერესო და არც წაგება, ნელ-ნელა თანაბრდება ეს შეგრძნებები, როცა  თამაშის პროცესში ხარ, აღარაფერი აღარ გაინტერესებს. რეალობიდან  ხარ გასული. ამ დამოკიდებულებას საბოლოოდ მოჰყვა ამდენი ვალი, მეგობრებთან გაფუჭებული ურთიერთობა, მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა და ბევრი წლის ძილში დაკარგვა. ძილს დავარქმევ ამას“, - ამბობს გიგი.

გიგის თქმით,  მასზე აზარტული თამაშების რეკლამა ძალიან მოქმედებდა. რამდენჯერმე უფიქრია კიდეც, რომ სხვა რამე გაეკეთებინა „მაგრამ ისეთი შემოთავაზებები ჰქონდათ... სხვადასხვა ვებგვერდზე რომ შედიხარ, მთელ ეკრანზე ვარდება ონლაინკაზინოს რეკლამა, ისეთი შემოთავაზება აქვთ, რომ ინტერესდები. ინტერესდები და შემდეგ, რა თქმა უნდა, თამაშობ“.

სუიციდის მცდელობის შემდეგ იფიქრა, რომ მის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა. შემდეგ კი ფსიქოსოციალურ ცენტრ „კამარის“ შესახებ გაიგო. დედამ ურჩია, ეცადა. ფსიქოლოგებს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ რაღაცნაირად დაიყოლიეს.

„ვცადოთ, შენი რა მიდისო და მივედი. ისე მესაუბრნენ, იმედი გამიჩნდა. ძალიან ეფექტიანი გამოდგა ეს მეთოდი. მე თვითონაც არ მჯეროდა, პირველი საუბრისთანავე იმედი რომ ჩამესახა. მერე კიდევ მივედი ცენტრში. ნელ-ნელა დავინახე, რომ იქ ხალხს სხვადასხვა პრობლემა აქვს, მათ შორის - ჩემნაირიც. შევხედე, ხალხი მუშაობს, რაღასაც ქმნიან, შრომობენ. ვიფიქრე, რომ მეც ჩემი აზარტულობა ამ მხრივ უნდა მიმემართა. ნელ-ნელა შევყევი მკურნალობას, თერაპიას. მეც ვერ გავიგე, ისე ჩავერთე ამაში. ნელ-ნელა მოვუკელი თამაშს. შემდეგ უკვე თერაპიამ, წერამ, სიმღერამ, იოგას ვარჯიშმა თამაშის სურვილი დაძლია და საბოლოოდ გააქრო. ახლა საერთოდ გახედვა აღარ მინდა იქით“, - ამბობს გიგი.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

ნინო კომახიძე ფსიქოსოციალურ ცენტრ „კამარის“ ფსიქოლოგია. ცენტრში, სადაც სხვადასხვა დამოკიდებულებას მკურნალობენ, ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების მიმართვიანობამ იმატა.

ფსიქოლოგის თქმით, განსხვავებით ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან, გემბლინგის (აზარტომანიის) მკურნალობა გაცილებით რთული სამართავია, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულება ნივთიერების მიმართ არ აქვს, ის მხოლოდ ფსიქოლოგიურადაა მიჯაჭული.

„ძალიან ბევრმა არ იცის, რომ გემბლინგი დაავადებაა, მას უყურებენ, როგორც მავნე ჩვევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებს, თავად ამ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რასთან აქვთ საქმე. თავიდან შეიძლება ეს იწყებოდეს, როგორც უბრალოდ გართობა და განტვირთვა, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება მიგვიყვანოს ძალიან სერიოზულ დაავადებასთან“, - ამბობს კომახიძე.

როგორია ამ დაავადების ტიპოლოგია - ფსიქოლოგი, „კამარის“ ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ლუდომანიის, იმავე აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების შემთხვევაში, არანაირი ნივთიერება, რომელსაც შეიძლება ტვინში ცვლილების გამოწვევა დაბრალდეს, არ არსებობს. დამოკიდებულების პათოლოგია, იქნება ეს ნივთიერებაზე დამოკიდებულება, თამაშზე, თუ სხვა, გამოწვეულია ტვინის ემოციური ცენტრის - ლიმბური სისტემის ცვლილებით. ცვლილებას იწვევს ინტენსიური მონაცვლეობითი განცდა, რაც თამაშის, მოგებისა და წაგების პროცესს ახლავს. შედეგად, ისეთივე დაზიანება ხდება, როგორც წამალდამოკიდებულების დროს. უმეტეს შემთხვევაში, პათოლოგიური მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება კავშირშია სხვა სულიერ პრობლემასთან, რაც მეტად განაწყობს ფსიქიკას, იოლად გახდეს დამოკიდებული აკვიატებულ ქცევაზე და საბოლოოდ ტვინის ლიმბურ სისტემაში მოხდეს სერიოზული ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებები.

მისი თქმით, გარდა უამრავი მსუბუქი თუ მძიმე სულიერი პრობლემისა, სოციალური ფონი, უიმედობა, გაჭირვება დიდი ბიძგია, მეტი ადამიანი მოექცეს დაავადების რისკის ქვეშ. ამავე დროს არასრულწლოვნებს მეტი რისკის ქვეშ აყენებს უკონტროლო ონლაინშესაძლებლობა, რადგან მოზარდობისას ფსიქიკა ფორმირების პროცესშია და იოლად ზიანდება.

"ჯადო". გიგის ნამუშევარი.
მითხრეს, რომ დამეხატა არარსებული ცხოველი. დავხატე და შემდეგ გამოვაქანდაკე. ეს ჯადო მე ვიყავი. ნამუშევარს გვერდით აქვს
რულეტკის ბორბალი, ასევე ობობის ქსელი და საათი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერში გახლართული ვიყავი.

კომახიძის თქმით, როგორც ყველა სხვა დამოკიდებულებას, აზარტომანიასაც სჭირდება მედიკამენტოზური დახმარება. თუმცა განსხვავებით ნარკოდამოკიდებულებისგან, აზარტომანიის მკურნალობისას წამყვანი ფსიქოლოგიური თერაპიაა. რაც შეეხება ფსიქოთერაპიის მეთოდებს, „ეს მეთოდი გულისხმობს ინტენსიურ შეტევას ბენეფიციარზე სხვადასხვა ფსიქოლოგიური მეთოდით, როგორიც არის: არტთერაპია, ინდივიდუალური თერაპია, კოგნიტური თერაპია, ფსიქოანალიზი, მეთოდრამა,  ბიბლიოთერაპია და სხვა. გარდა ფსიქოთერაპიისა, გვყავს ფსიქიატრი და მედიკამენტოზურ დახმარებასაც უზრუნველვყოფთ. უცხოეთში აზარტომანიით დაავადებულ ადამიანებს სტაციონარის პირობებშიც მკურნალობენ, თუმცა ჩვენ სტაციონარი არ გვაქვს“, - ამბობს კომახიძე.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ჯგუფური თერაპია, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მხოლოდ მას არ აქვს ასეთი პრობლემა და, რაც მთავარია, ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია.

„ჯგუფური თერაპიის დროს გვყავს ხოლმე ის ადამიანები, ვინც უკვე გადალახა ეს პრობლემა და ისინი ხედავენ ამას. არსებობს მითი, რომ ყოფილი მომხმარებელი, ყოფილი მოთამაშე არ არსებობს, თუმცა ნამდვილად არსებობს. რემისია შეიძლება იყოს 20-წლიანი, 30-წლიანი, ცხოვრების ბოლომდე. ჩვენ გვყავს ცენტრში ადამიანები, რომლებიც წლობით აღარ ეკარებიან არაფერს. ეს ფაქტორი მათთვის არის ხოლმე ძალიან დიდი სტიმული, რომ ამ ყველაფრიდან გამოსავალი არსებობს“, - ამბობს კომახიძე.

იგი ამბობს, რომ ფსიქოთერაპიის კურსი, საშუალოდ, 6 თვე გრძელდება, თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობა და შედეგი პაციენტის მზადყოფნასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული.

„მკურნალობის დასაწყებად თავდაპირველად მნიშვნელოვანია ადამიანის ნება, რომ მას სურს, თავი დააღწიოს დამოკიდებულებას. საზღვარგარეთ ხდება ხოლმე ტესტირება მოტივაციაზე - ადამიანი სამკურნალოდ რომ მიდის, თუ აღმოჩნდება, რომ მისი მოტივაცია საკმარისი არ არის, საერთოდ არც იღებენ. მოტივაციაზე მუშაობა არის ყველაზე რთული, მაგრამ პაციენტი თუ მივა იქამდე, რომ მას ნამდვილად უნდა მკურნალობა, ეს არის 60-70% გამოჯანმრთელების, შემდეგ ჩვენ, უბრალოდ, ვეხმარებით გადაწყვეტილების ხორცშესხმაში“, - ამბობს კომახიძე.

რეგულირება - რა ალტერნატივა არსებობს

ნინო კომახიძე მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება აუცილებელია. მისი თქმით, სრულად აკრძალვა გამოსავალი ვერ იქნება, მაგრამ ქალაქში თუ საერთოდ აიკრძალება ასეთი დაწესებულებები, ეს ვითარებას უფრო გამოასწორებს და განსაკუთრებით დამწყები მოთამაშეებისთვის იქნება დამატებითი ბარიერი. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ განისაზღვრება მოგება-წაგების ზღვარი და ასევე მკაცრად გაკონტროლდება მოთამაშეთა ასაკი.

„რეკლამა უნდა იყოს აკრძალული. ხომ არავინ აკეთებს ჰეროინის რეკლამას?! თუ არსებობს პოზიცია, რატომ არ უნდა იყოს ჰეროინის რეკლამა, ზუსტად იგივეა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. ყველას კარგად ესმის, როგორი მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკი, ამ დროს კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება რეკლამა, რომ მოდი და აღმოჩნდები ქვეყნიერების ცენტრში. რეკლამები არის სკოლებთან, სასწავლო დაწესებულებებთან. ეს კი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას აქეზებს თამაშისკენ. პატარა ასაკში ბევრად უფრო მარტივია, ჩამოგიყალიბდეს დამოკიდებულება, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. იოლი, უშრომელი ფულის ხელში ჩაგდებით იწამლები. ფიქრობ, რომ ძალიან მარტივია ფულის ამ გზით შოვნა. ეს გითრევს და შემდეგ აღმოჩნდება ისე, რომ სახლიდან ნივთები გაგაქვს. აღმოჩნდება, რომ ვალები გაქვს. მერე აღმოჩნდება, რომ სამი დღე ისე გავიდა, კაზინოდან არ გასულხარ. იქ არც საათია, არც განათება. ქმნიან ისეთ გარემოს, რომ  გამოსვლა არ მოგინდეს“, - ამბობს კომახიძე და დასძენს, რომ რეგულაციების პარალელურად სკოლებში პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

რაც შეეხება სამკურნალო პროგრამებს, ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება მკურნალობის მხრივ. არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გემბლერებს დამოკიდებულების მოხსნაში დაეხმარება.

„სახელმწიფო ამ პრობლემით უნდა დაინტერესდეს. წაახალისოს კერძო სექტორი. მასშტაბი ამ სინდრომის კატასტროფულად დიდია და არაფერი არ კეთდება იმისათვის, რომ  შემცირდეს და მასში ახალგაზრდები არ ჩაერთონ“,- ამბობს კომახიძე.

„ადამიანების ჯანმრთელობის აღდგენა ბევრად ძვირი დაგვიჯდება, როდისმე თუ ნორმალური ქვეყანა გავხდებით, ვიდრე კაზინოებიდან შემოსული ფული უშველის ეკონომიკას“, - აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

რას ამბობს კვლევა

მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული, - ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ „აზარტული თამაშები საქართველოში“ კვლევის ფარგლებში ჩაატარა, - 6%-იდან უმრავლესობა კი უპირატესობას ონლაინტოტალიზატორს ანიჭებს.

მოსახლეობის 2%-მა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო, მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი (92%) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29%).

კვლევის მიხედვით, საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხის შესახებ სტატისტიკაც არ არსებობს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ წარმოებული კვლევა, რაც აზარტული თამაშებიდან მომდინარე რისკებს შეისწავლიდა და გამოავლენდა პრობლემის სიმძიმეს.

„ონლაინთამაშებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია. ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტის შედეგად, აზარტული თამაშების რამდენიმე ვებგვერდზე დარეგისტრირება შესაძლებელია პირადი ნომრის ველში ნებისმიერი თერთმეტნიშნა კომბინაციის შეყვანით, ასევე, რეგისტრაციის მომენტში არ მოითხოვება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ატვირთვა და არ ხდება პერიოდულად მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემების გადამოწმება“, - ნათქვამია კვლევაში.

თI-ის რეკომენდაციით, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის აღსაკვეთად აუცილებელია, აზარტული თამაშების ვებგვერდებზე რეგისტრაციის პროცესი დაიხვეწოს. კერძოდ, უნდა არსებობდეს პირის იდენტიფიკაციის სრულყოფილი მეთოდები. აუცილებელი უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ატვირთვა და თითოეული მონაცემის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში გადამოწმება.

„ლიბერალთან“ საუბრისას კვლევის ხელმძღვანელი, თI-ის თანამშრომელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ საჭიროა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რეგულარულად აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ ამ კუთხით მიმდინარე მოვლენებს, აფასებდნენ რისკებს და ანალიზის საფუძველზე ხდებოდეს მოსახლეობის სწორი ინფორმირება, სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება.

 „ჩვენ კონკრეტული რეკომენდაცია არ მიგვიცია, თუ რა უნდა გაკეთდეს, რადგანაც დიაგნოზი არ არსებობს, რა პრობლემებია ამ მხრივ, რამდენად ღრმაა, სად არის პრობლემა, ეს სანამ არ ეცოდინება სახელმწიფოს, იქ გამოსავალი რთული მოსაძებნია. უპირობოდ აკრძალვაც არ იქნება გამოსავალი, იმიტომ, რომ იატაკქვეშ გადაინაცვლებს ეს პრობლემა. საჭიროა რეგისტრაციის დარეგულირება, წაგების ლიმიტის განსაზღვრა. თუ გავიგებთ, რა და რა მასშტაბის პრობლემები გვაქვს, გამოსავალსაც მოვიფიქრებთ“, - ამბობს ნატროშვილი.

აღსანიშნავია, რომ აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2014 წელს 658 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებელმა 177.5 მლნ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 2.3%-ია.

აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დეპუტატმა კობა დავითაშვილმა  აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მოამზადა. პროექტის მიზანი საინფორმაციო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეკლამის აკრძალვა იყო. კანონპროექტის ავტორის თქმით, აღნიშნული რეგულაციები აზარტული თამაშებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას შეამცირებდა, თუმცა 2013 წელს მერვე მოწვევის პარლამენტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დავითაშვილის კანონპროექტზე განაცხადა, რომ ინიციატივამ ბევრი ინვესტორი გააჩერა. მისი თქმით, ეს ფრთხილი საკითხია, რომელიც კარგ განხილვას მოითხოვს. „ინვესტორებსა და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდებათ“.

„შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებად არ ჰქონდეთ და ახალგაზრდები მაქსიმალურად არ იყვნენ ჩართულნი. ზედმეტი რეკლამაც არ იყოს მასთან დაკავშირებით", - განაცხადა ივანიშვილმა.

2015 წლის დეკემბერში, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იყო, განაცხადა, რომ ინტერნეტკაზინოები, სათანადო რეგულაციების არარსებობის გამო, ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე თქვა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლიდა.

რაც შეეხება კაზინოებს, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა ამ ბიზნესს არაფერი არ უნდა დაემუქროს, რადგან ის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ამ დრომდე მთავრობის მხრიდან სათამაშო ბიზნესის რეგულირების მხრივ არანაირი ინიციატივა არ ყოფილა.

სახელმწიფო რომ აზარტული თამაშების ჩარჩოებისა და შეზღუდვებისგან თავს იკავებს, ამას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყელამაძე ამბობს. მისი თქმით, ბიზნესი, რომელიც განვითარებულია და მუშაობს, არ შეიძლება ისე აკრძალო, რომ ალტერნატივა არ შესთავაზო. „ან უნდა გადაუხადო კომპენსაცია და დახურო, ან გამოუყო ადგილები, მისცე საშუალება, სხვაგან განვითარდეს ა.შ.“.

 „ამ მიმართულებით კიდევ უფრო მოქნილია კანონმდებლობა. იცით, რომ იმ რეგიონებში სადაც ტურისტული ზონაა, დაბალია გადასახადი, მოსაკრებელი, ქალაქში კი საკმაოდ მაღალია და სწორედ იმიტომ, რომ ამან გარკვეულად შეზღუდოს ბიზნესმენი და დააინტერესოს, ბიზნესი ქალაქიდან გაიტანოს. ერთადერთი რეგულაცია, რაც შეიძლება უპრიანი და სწორი იყოს და, რომელიც შეიძლება გაკეთდეს, ის არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეეზღუდოს თამაში. ბევრ ქვეყანაშია ასე - ადგილობრივ მოსახლეობას ეზღუდება, არასრულწლოვნებს კი 21 წლამდე ეკრძალებათ თამაში“, - ამბობს ტყემალაძე.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, თუ როგორ განიხილავს ის ლუდომანიას, უწყებაში აცხადებენ, რომ ვინაიდან ლუდომანია, თავისი არსით, წარმოადგენს ადიქციის (დამოკიდებულება) პრობლემას, მისი მკურნალობა მოითხოვს მულტიდისციპლინურ და  სისტემურ მიდგომას.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ფსიქიკური აშლილობების პრევენციულ პროგრამებში აღნიშნული საკითხი აუცილებლად გაშუქდება. ამ მიზნით აუცილებელი იქნება  აზარტული თამაშების  საკითხებში მოსახლეობის  ცნობიერების დონის ამაღლება, რაც საზოგადოებასთან ფართო დიალოგის წარმოებით და მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივ და პროფესიულ ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაციითა და საჭირო ინფორმაციის მიწოდების გზით იქნება შესაძლებელი. თუმცა უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

აზარტულ თამაშებში ჩართულთა 87%-ს, თამაშების გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^