Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ პირობებში მუშაობენ მუშები ხარაგაულში

13 აგვისტო 2016

მეხუთე დღეა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში „საქართველოს რკინიგზის“ ქვეკონტრაქტორ  ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მუშები შრომის პირობებს აპროტესტებენ. კომპანიაში დასაქმებულია 100-მდე ქართველი და დაახლოებით ამდენივე(მუშების ინფორმაციით) ჩინელი მუშა. ქართველმა დასაქმებულებმა სამშენებლო  სამუშაოებზე დაბრუნებაზე უარი თქვეს, სანამ კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროდან“ წერილობით გარანტიას არ მიიღებდნენ, რომ მათ გაფიცვამდე სამსახურიდან არ გაათავისუფლებდნენ. 12 აგვისტოს კომპანიასთან შეკრებილი მუშები ასევე უსაფრთხოების ნორმების გარანტიას ითხოვდნენ. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მედიატორი, რომლის ინფორმაციითაც, მუშები ხვალიდან სამსახურში დაბრუნდებიან, მიუხედევად იმისა, რომ მათ კომპანიისგან სამსახურის შენარჩუნების წერილობითი გარანტია არ მიუღიათ.

...

„თვენახევარია მძღოლად ვმუშაობ. გვირაბს რომ აფეთქებენ, მე აფეთქებულ მასალას გარეთ სპეციალურ საყრელზე ვყრი. ხელფასს ხელზე მაძლევენ, 550 ლარს. მითხრეს, მეორე თვიდან 700 ლარამდე გაგეზრდებაო. თვალით არ მინახავს ხელშეკრულება. მხოლოდ პირადობის მოწმობა მომთხოვეს. დავთანხმდი, სხვა გზა არ მქონდა. ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ და სამსახურის გარეშე დარჩენის ფუფუნება არ მაქვს. ჩემი ოჯახი ხაშურში ცხოვრობს. ერთი თვეა, სახლში არ ვყოფილვარ. ვმუშაობ ყოველდღე. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ან ღამის მორიგეობაში, ისიც 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით. ისეთი მოძველებული ტექნიკა გვაქვს, თუ არ იმარჯვე და საჭეს კარგად არ ჩაეჭიდე, შეიძლება მანქანა გაგექცეს ან გადმოვარდე. მოუწესრიგებელია მუხრუჭები. გვირაბში აფეთქებისას ისეთი მტვერია, 2 მეტრში შეუძლებელია ადამიანის დანახვა. ამისთვის სამედიცინო, თხელ რესპირატორებს გვაძლევენ, არ გვაქვს სპეცტანსაცმელი. ღამე აქვე ე.წ. ბარაკებში ვრჩებით, საწოლში 2 ლარს ვიხდით. საკვების ფულზე გვითხრეს, ყოველთვე 168 ლარს გამოგიყოფთო, მაგრამ ჯერ არავისთვის მიუციათ. ხელფასის ნაწილს საკვებზე ვხარჯავ. 150 ლარამდე ოჯახს ვუგზავნი  და ჩემი ბიჭი ანაწილებს. ვაპროტესტებთ ასეთ შრომის პირობებს. ახლა რომ დავთმოთ, ჩვენ ისედაც გაგვათავისუფლებენ ყველას სამსახურიდან, ამაში დარწმუნებული ვარ, მერე მოვა მუშების ახალი ტალღა და იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ასე რომ ვაპირებთ, დაწყებული პროტესტი ბოლომდე მივიყვანოთ“, - მიყვება გელა ჩიტიაშვილი, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში“ დასაქმებული მუშა. მასთან ერთად მისივე კოლეგა უსუფ ბახტიძე დგას. უსუფი გვირაბში, შიდა გაყვარნილობაზე უკვე მეორე თვეა მუშაობს:

„ორი თვე სახლში არ ვიყავი ნამყოფი, ზესტაფონიდან ვარ. ოჯახის ნახვა მინდოდა. მივედი ადმინისტრაციაში და ვთხოვე გათავისუფლება. 5 რიცხვში წავედი და 7-ში დავბრუნდი. კალენდარული აღრიცხვის რვეულში ჩემი სახელის გასწვრივ რაღაც ჩინური წარწერა დამხვდა. თარჯიმანს ვკითხე, რა წერია მეთქი. გათავისუფლებული დღეების გასწვრივ ეწერა, რომ სამსახურში არ გამოვცხადდი. ჩამომაკლეს ხელფასი. ისე, ხელზე 600 ლარს ვიღებ, არანაირი საბანკო ბარათები. გვიბარებენ და ხელფასს ასე გვიხდიან. ამ უსამართლობას ყოველდღიურად ადმინისტრაციის და ხელმძღვანელობის მხრიდან დამცირება და შეურაცხყოფა ემატება. ერთხელ სამუშაო ფეხსაცმელში ცხელი ბეტონი ჩამესხა, ფეხი დამეწვა და მუშაობა ვერ გავაგრძელე. მოვიდა უფროსი და ჩხუბი დამიწყო, ახლავე დაუბრუნდი სამუშო პროცესსო“, - იხსენებს უსუფი.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მუშების პროტესტი ერთ-ერთი გეგმიური აფეთქების დროს მომხდარმა ინციდენტმა კიდევ უფრო გაამძაფრა. მუშების ინფორმაციით,  8 აგვისტოს გვირაბის აფეთქების დროს შიგნით დიდი რაოდენობის კვამლი და მტვერი დაგროვდა, რასაც ცვლის უფროსი შეესწრო. მან კი მუშებს ურჩია, რომ გვირაბი დროებით დაეტოვებინათ. 1 საათის შემდეგ  კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუკაშვილსა და მინდია ოკრიბელაშვილს გამოუცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან. გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, რომ 8 აგვისტოს სხვა მუშებიც მათი სოლიდარობის ნიშნად სამუშაოზე აღარ დაბრუნდნენ.

პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მედიატორი ჩაერთო. მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც 21 დღით განისაზღვრება, ზვარეში მომუშავე მუშებს გაფიცვის უფლება აქვთ. მედიატორმა კომპანიას უკვე გაუგზავნა მუშების მოთხოვნები.

მუშებს 9 კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: მოწესრიგდეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით; ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური საათები კვირაში 40 საათზე ზემოთ გაზრდილი ტარიფით; მუშებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით; მუშებს ჰქონდეთ სპეცტანსაცმელი; მოწესრიგდეს სველი წერტილები; მძიმე და მავნე სამუშაოზე დაწესდეს დამატებითი ფასიანი შვებულება; ანაზღაურდეს დღესასწაულებზე შრომის საათები; ანაზღაურდეს დამატებითი სამუშაო საათები; მუშებს საშუალება მიეცეთ, დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან.  

„ლიბერალთან“ საუბრისას გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, რომ 14 აგვისტოდან ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან: „გუშინ ვითხოვდით, კომპანიას წერილობითი გარანტია მოეცა, რომ გაფიცვამდე სამსახურიდან არ გაგვათავისუფლდებდნენ. ასევე, გვინდოდა უსაფრთხოების ნორმების გარანტია. სპეცტანსაცმელზე შეგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაგვირიგებენ. სამსახურის შენარჩუნების წერილობით გარანტიაზე კატეგორიულ უარს ამბობენ, თუმცა ჩვენც არ გვინდა, რომ სამართლებრივი ნორმები დავარღვიოთ. ხვალიდან შევალთ გვირაბში, თუმცა თუ ისევ დარღვევებს შევამჩნევთ, უკიდურეს ზომებს მივმართავთ და მასიურ აქციებს დავიწყებთ“, - ამბობს თაბუკაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, კომპანიამ მას სიტყვიერი განარტია მისცა, რომ მუშებს სამსახურიდან არ გაათავისუფლებს. მისივე თქმით, მეორე კვირაში დაინიშნა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური შეხვედრა, სადაც მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და მუშების მოთხოვნებზე ისაუბრებენ. მოლაპარაკებაზე მუშების უფლებებს რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენლები დაიცავენ.

11 აგვისტოს პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტს ტრეფიკინგის შემთხვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს კანონმდებლობით, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტს შრომის პირობების შესამოწმებლად კომპანიაში ნებართვის გარეშე შესვლა მხოლოდ ტრეფიკინზე შესული განცხადების საფუძველზე შეუძლია. თუმცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაირას ინფორმაციით, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ კომპანიის ადმინისტრაციასთან და ტრეფიკინგის შემთხვევების შესწავლის გარდა მონიტორებმა შრომის პირობებიც შეისწავლეს. დეპარტამენტი სოფელ ზვარეში ერთი დღით, 11 აგვისტოს იმყოფებოდა. ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ შედეგები კონფიდენციალურია და ამაზე დაწვრილებით ვერ ისაუბრებს, თუმცა კომპანიის მიმართ რეკომენდაციები ახლო მომავალში გაიცემა. რაც შეეხება ტრეფიკინგის შემთხვევებს, ჯგერენაირას ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები არც ქართველი და არც ჩინელი მუშების მიმართ არ დაფიქსირებულა, თუმცა დეპარტამენტი ვალდებულია, შედეგები საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნოს, რომელიც უფლებამოსილია გადაწვიტოს, არის თუ არა აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყება აუცილებელი.

სოფელ ზვარეში 12 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც“ იმყოფებოდა. EMC-ის წარმომადგენლები ესაუბრნენ მუშებს და მოგვიანებით განცხადება გაავრცელეს:

„დავის გადაჭრის მიზნით, დასაქმებულებმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართეს და მედიატორის დანიშვნა მოითხოვეს.
სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი ერთხელ შეხვდა მუშებს, თუმცა დასაქმებულთა განცხადებით, მედიაციის პროცესი არ მიმდინარეობს ეფექტურად. დღეის მდგომარეობით კონსულტაციები მედიატორთან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ხორციელდება. შრომითი ექსპლუატაციის შემოწმების მიზნით ადგილზე იმყოფებოდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიც, რომელმაც, გარკვეული დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მოახერხა სამშენებლო ობიექტზე შესვლა.  EMC მომავალშიც დააკვირდება მედიაციის მიმდინარეობის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ თანადგომას გაუწევს დასაქმებულებს“, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც აღვნიშნეთ, 14 აგვისტოდან მუშები სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან, თუმცა მათი განცხადებით, კომპანია თუ არ შეასრულებს 21 დღის განმავლობაში მათ მოთხოვნეს, გაიფიცებიან და ამ რეჟიმში გააგრძელებენ საკუთარი უფლებების დაცვას.

მუშა ხარაგაულიდან: უმძიმეს შრომის პირობებში ვართ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^